მკვლელი ფარმაცევტის მიერ დამზადებულ შხამს კრიმინალისტებიც ვერ შიფრავდნენ
„ცეხავიკის“ სიკვდილი
1980 წლის 2 მაისს მოსკოვის მეორე კლინიკურ საავადმყოფოში 35 წლის ანატოლი გუშჩინი გარდაიცვალა. ექიმებმა მას გულის უკმარისობის დიაგნოზი დაუსვეს და ეს ფაქტი გაკვეთამაც დაადასტურა. გარდაცვლილი გუშჩინი მოსკოვის საქმიანი წრეებისთვის კარგად იყო ცნობილი, რადგან ის ეგრეთ წოდებული „ცეხავიკი“, ანუ იატაკქვეშა მეწარმე იყო და ბიჟუტერიას ამზადებდა. ის ყველასთან კარგ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა და თითქმის ყველა ფენაში უამრავი მეგობარი ჰყავდა, მათ შორის ელიტაშიც. მისი მოულოდნელი გარდაცვალება ეჭვს იწვევდა, რადგან ძალიან ჯანმრთელი გახლდათ, არც ეწეოდა, ძალიან იშვიათად სვამდა და სპორტულად ცხოვრობდა. ამიტომ, მისი გულით ავადმყოფობის ვერსია, ძალიან არასაიმედოდ ჩანდა. მისმა ძმამ ოლეგ გუშჩინმა, რომელიც „მურში“ მუშაობდა, გადაწყვიტა, კერძო გამოძიება ეწარმოებინა. მან დიდი პატივით დაკრძალა ძმა, შემდეგ კი თავის უახლოეს მეგობრებსა და კოლეგებს დახმარება სთხოვა და საქმეს შეუდგა.
უსიამოვნებების სერია
ანატოლი გუშჩინი რომ გარდაიცვალა, მისი ძმა, ოლეგი ორთვიან მივლინებაში იმყოფებოდა „მურიდან“ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში და მისი ჩამოსვლა ძმის სიკვდილს დაემთხვა. გარდაცვლილი „ცეხავიკის“ მეუღლე ალა მიხაილოვა 30 წლის იყო. ისინი ექვსი წლის წინათ დაქორწინდნენ, მაგრამ შვილი არ ჰყავდათ. ალა ძალიან განიცდიდა მეუღლის სიკვდილს, მაგრამ მის მაზლს მაძებრის ინტუიცია და თვალი ჰქონდა. მან თავის რძალს შიში შეამჩნია და ძმის დაკრძალვის მეორე დღეს, როდესაც სასაფლაოდან შინ დაბრუნდნენ, დაიმარტოხელა და ჰკითხა:
– მითხარი, ალა, რა ხდება? გატყობ, რომ შეშინებული ხარ და ინტუიცია მკარნახობს, რაღაცაშია საქმე.
ქალი დიდხანს უარობდა, მაგრამ მაზლი არ მოეშვა.
– სანამ შენ გერმანიაში იყავი, ჩვენ აქ ვიღაც გვატერორებდა, – უთხრა ალამ, – ჰოდა, ჩემი აზრით, ტოლია ამ ყველაფერს შეეწირა.
– გატერორებდათ? კი მაგრამ, როგორ? მომიყევი ყველაფერი.
– თვე-ნახევრის წინ ჩვენი „ვოლგის“ წინა შუშა მოიპარეს. ტოლიამ ახალი დააყენა, მაგრამ შუშა იმავე დღეს ისევ მოიპარეს და თან ოთხი ბორბალიც გაიყოლეს. ტოლიამ მანქანა სასწრაფოდ რკინის გარაჟში დააყენა, მაგრამ ის იმავე ღამეს გაიყვანეს. ერთი სიტყვით, აშკარა იყო, ვიღაც შეგნებულად აკეთებდა ამას. თუმცა, ვინ და რატომ, ვერ გავარკვიეთ. ტოლიამ თავის მეგობრებსაც კი მიმართა დასახმარებლად, როგორც „ბლატნოებს“, ასევე შენს კოლეგებსაც. მაგრამ, გაირკვა, რომ ეს ტოლიას საქმიანობასთან არ იყო დაკავშირებული. ანუ, ის ყველას უხდიდა თავის წილს და, მას ამის გამო არ ერჩოდნენ. მანქანის მოპარვის შემდეგ, ერთი კვირა სიმშვიდე იყო. თუმცა, ერთ საღამოს ვიღაცამ დაგვირეკა და დაგვემუქრა, რომ უსიამოვნებები კვლავ გაგრძელდებოდა. მართლაც, ორი დღის შემდეგ, ოთხი ნიღბიანი ბინაში შემოგვეპარა. ჩვენ უკვე ვიწექით. მათ ტოლია გაკოჭეს, მე კი სათითაოდ გამაუპატიურეს და წავიდნენ. ტოლიამ ამის გამო „ბლატნოებს“ მიმართა დასახმარებლად და თვეში ათას-ათას მანეთად მოურიგდა, რომ დავეცავით. ამის პარალელურად, მან ახალი „ვოლგა“ იყიდა და იმ დღიდან მოყოლებული, ორი შეიარაღებული კაცი მე მიცავდა, ორი კი – მას. სიკვდილამდე სამი დღით ადრე მე და ჩემი მცველები „ბერიოზკიდან“ საყიდლებით დავბრუნდით. მანქანიდან რომ გადმოვედი, უეცრად ჩემი მცველები ძირს დაეცნენ და როგორც მოგვიანებით გაირკვა, ისინი მაყუჩიანი პისტოლეტებით დახოცეს. მე კივილი და გაქცევა მინდოდა, მაგრამ ვიღაც ორმა კაცმა პირზე ხელები ამაფარეს და მანქანაში ჩამტენეს. მანქანაშივე ჩაყარეს მოკლულებიც და წავედით. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ წყლის პირას შევჩერდით, მაგრამ რა ადგილი იყო, არ მახსოვს, უფრო სწორად, არ ვიცი. მოძალადეებმა მოკლულები წყალში ჩაყარეს. მე კი ისევ გამაუპატიურეს და თან, უკიდურეს შეურაცხყოფას მაყენებდნენ. ბოლოს ისევ მანქანაში ჩამაგდეს და ერთ-ერთ ბნელ შესახვევში ჩამომაგდეს. სახლში ტანსაცმელშემოხეული და ტრავმირებული დავბრუნდი. ტოლია მალევე მოვიდა და ყველაფერი რომ მოვუყევი, ამ დროს ტელეფონზე დაგვირეკეს და მამაკაცის ხმამ დამცინავად გვითხრა, რომ სულ მალე ტოლია მოკვდებოდა. ზუსტად სამი დღის შემდეგ მისი სიტყვები გამართლდა და ტოლია გულის უკმარისობით გარდაიცვალა.
– ესე იგი, შენ ფიქრობ, რომ ჩემი ძმა მოკლეს?
– ფაქტებით ეს არ დასტურდება, მაგრამ ლოგიკურად ასე გამოდის. თუმცა, არც დამთხვევაა გამორიცხული. მეშინია, ოლეგ, ისინი ისეთი საშინელი ხალხია, არც მე დამინდობენ, – აკანკალდა ქალი და ისტერიკა დაეწყო.
ოლეგმა რძალი დაამშვიდა და დაჰპირდა, რომ მის უსაფრთხოებას დაიცავდა. ამის შემდეგ თავისი ოთხი შეიარაღებული კოლეგა დატოვა ბინაში და თვითონ წავიდა.
ირიბი სამხილი
მიუხედავად იმისა, რომ ანატოლი გუშჩინის სიკვდილი ბუნებრივ სიკვდილს ჰგავდა, მისი ძმა დარწმუნებული იყო, რომ ის მოკლეს. ამიტომ ოლეგი იმ პათანატომს ეწვია, რომელმაც ანატოლი გაკვეთა და უთხრა:
– საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ჩემი ძმა მოკლეს. თუ არსებობს იმის მცირედი შანსი, ეს დადასტურდეს?
ანატოლი პოპოვი მოსკოვის ცნობილი პათანატომი იყო. ანატოლი გუშჩინი მან გაკვეთა და დასკვნაც მისი დაწერილი გახლდათ. ის ოლეგსაც კარგად იცნობდა და უთხრა:
– გაკვეთის შედეგების მიხედვით, ყველაფერი „სუფთადაა“ და თუკი შენი ძმა მართლაც მოკლულია, მაშინ მკვლელზე შეიძლება ითქვას, რომ ის სუპერკლასის სპეციალისტია.
– კონკრეტულად?
– კონკრეტულად ის, რომ შენი ძმის ორგანიზმში ალკოჰოლის გარკვეული დოზა აღმოვაჩინეთ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სიკვდილამდე 2-3 საათით ადრე მან დალია. თუ შენი ძმა მოკლულია, მაშინ ის მოწამლეს და ამის გაკეთება მხოლოდ ალკოჰოლის მეშვეობით იყო შესაძლებელი. თანაც, მკვლელს ისეთი შხამი უნდა შეერია სასმელში, რომელიც მალე იშლება და გაკვეთის დროს არ ჩანს. ყველა დანარჩენი, მოწამვლის შედეგი ორგანიზმში დაფიქსირდებოდა.
– ანუ, თქვენი სიტყვებით, ალკოჰოლი ირიბი სამხილია?
– მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იმ პიროვნებას იპოვით, ვისაც ასეთი შხამი აქვს. ყველა სხვა შემთხვევაში, შენი ძმის სიკვდილი ბუნებრივს ჰგავს.
ოლეგ გუშჩინის კოლეგებმა სამი დღე იმორიგევეს მისი ძმის სახლში. ბოლოს ისინი ალამ დაითხოვა, იმავე საღამოს ქალი გაქრა და ოლეგი მის ძებნას შეუდგა.
ყოფილი ქმარი
თავდაპირველად, ოლეგმა მოსკოველ ნაცნობებს ჩამოუარა და ალა რომ ვერ იპოვა, მაშინ კალუგაში გაემგზავრა. ალა მიხაილოვა წარმოშობით კალუგელი იყო და მისი მშობლები იქ ცხოვრობდნენ.
ოლეგს სახლში ალას დედა, ანა ბორისოვნა დახვდა, რომელმაც უთხრა:
– მე, დიდი ხანია, ქალიშვილი არ მყავს. აქედან გამომდინარე, ის ნაძირალა ჩემთან ვერ მოვა.
ალას დედას მეტი არაფრის თქმა არ უნდოდა, მაგრამ ოლეგის დაჟინების შემდეგ, ანა ბორისოვნამ განაცხადა:
– ალა ნაძირალაა. ის ათი წლის წინათ, სლავა ვოლკოვზე იყო გათხოვილი, მაგრამ ისეთი საზიზღრობა ჩაიდინა, მე ის სახლში აღარ შემოვუშვი და ღმერთს უმადლოდეს, რომ ციხეში არ ჩავასმევინე.
– ციხეში – რისთვის?
– სლავამ მე წერილი მომწერა კოლონიიდან და სიმართლე იქიდან შევიტყვე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას ვერც წარმოვიდგენდი. სლავა მოსკოვის მერვე აფთიაქის გამგე იყო და ალაც მასთან მუშაობდა პროვიზორად. ერთხელ სლავას მილიცია მიადგა სამსახურში და ნარკოტიკული ნივთიერებები გადაუმოწმეს. აღმოჩნდა, რომ ისინი სეიფში აღარ იყო და სლავა დააპატიმრეს. შემდეგ მას ნარკოტიკებით ვაჭრობა დააბრალეს და 8 წლით ციხეში ჩასვეს. როგორც გაირკვა, თურმე, სლავას მილიცია ანონიმური წერილის საფუძველზე მიადგა. ეს წერილი კი ალამ მისწერა მათ. ალამვე მოიპარა თავის ქმრის სეიფის გასაღები და იქიდან მორფინი წაიღო. ერთი სიტყვით, ჩემმა ქალიშვილმა თავისი მეუღლე გაწირა და ეს ყველაფერი ჩემი სიძის წერილიდან შევიტყვე. ალა კი პატიმარ ქმარს გაეყარა და მისივე მოსკოვური ბინიდან ამოწერა. შემდეგ ბინა გაყიდა და კალუგაში ჩამოვიდა. იმ დროისთვის მე უკვე ყველაფერი ვიცოდი. ამიტომ, ალა სახლიდან გავაგდე და დავწყევლე. არ არის გამორიცხული, მას თავისი მეორე ქმარიც გაეწირა.
ოლეგისთვის იმდენად მოულოდნელი იყო ალას დედის მონათხრობი, რომ შოკში ჩავარდა. ის ქალს გამოემშვიდობა და მოსკოვში დაბრუნდა. ოლეგს უკვე ეჭვი ეპარებოდა თავის რძალში და ფიქრობდა, რომ მისი ძმა ალამ მოწამლა. მით უმეტეს, რომ ალა ფარმაცევტი იყო და შეეძლო წამლები დაემზადებინა. თანაც, ანატოლი პოპოვისგან იცოდა, რომ ასეთი რამ დასაშვები იყო. ოლეგი სლავა ვოლკოვის საქმითაც დაინტერესდა და დაადგინა, რომ ის ორი წლის წინათ, 1978 წელს გათავისუფლდა ციხიდან. შემდეგ ქალაქ პერმში დასახლდა და ორი თვის შემდეგ უბედური შემთხვევით გარდაიცვალა. საბუთებში ეწერა, რომ ხე დაეცა და გასრისა.
ოლეგ გუშჩინმა ფაქტები შეაჯერა და დარწმუნდა, რომ მისი ძმა ალამ მოკლა. თუმცა, მოტივს ვერ ხვდებოდა, რადგან მისი ძმის ქონება ხელშეუხებელი იყო და ალა მას ვერანაირად ვერ ჩაიგდებდა ხელში.
– მდა, – ჩაილაპარაკა გამწარებულმა ოლეგმა, – ეს სახიფათო ძუკნა დასასჯელია...
ბარბი
გამწარებულმა ოლეგმა რძლის ძებნა გააძლიერა და ის ქალაქ რიაზანში, ერთ-ერთი ნათესავის ბინაში აღმოაჩინა. ოლეგმა ალა ქუჩაში მოიხელთა. შემდეგ ძალით ჩააგდო მანქანაში და უთხრა:
– კომედია დასრულდა და სიმართლე თქვი, როგორ მოწამლე ჩემი ძმა და შენი ქმარი?
– არა, ოლეგ, რას ამბობ? – აქვითინდა ალა, – მე ის არ მომიკლავს. მე თვითონ მოსაკლავად დამდევენ და ამიტომ გამოვიქეცი.
– ფლიდო! გგონია, არ ვიცი, როგორ გამოამწყვდიე შენი პირველი ქმარი ციხეში და შემდეგ მისი ბინა გაყიდე?
– სწორედ ჩემი პირველი ქმარი დამდევს და მანვე მოკლა შენი ძმა. ის ბრწყინვალე ქიმიკოსია და როგორც ეტყობა, მის მიერ დამზადებული შხამი შეურიეს სასმელში ტოლიას.
– რას როშავ? შენი პირველი ქმარი ორი წლის წინათ მოკვდა უბედური შემთხვევით.
– არა, ოლეგ, არა, დამიჯერე! მე მას შემდეგ გავიპარე მოსკოვიდან, რაც ჩემს ბინასთან თოჯინა ბარბი აღმოვაჩინე, რომელსაც თავი მოჭრილი ჰქონდა. მივხვდი, რომ ჩემი პირველი ქმარი ჩემზე შურისძიებას გეგმავდა. ნიღბიანი ბოროტმოქმედებიც მან მომიგზავნა და მანქანაც მისმა ხალხმა მოგვპარა.
– რა შუაშია ბარბი?
– იმ შუაში, რომ მე სიყვარულით ის ბარბის მეძახდა და ეს მინიშნება იყო.
მომწამვლელთა დაჯგუფება
მიუხედავად იმისა, რომ ოლეგს ალას მონათხრობში ეჭვი შეეპარა, მისი გადამოწმება სცადა და პერმში გაემგზავრა, რათა სლავა ვოლკოვის სიკვდილის გარემოებებს გაცნობოდა. პარალელურად კი, იმ კოლონიის უფროსსაც გაესაუბრა, სადაც ვოლკოვი სასჯელს იხდიდა.
კოლონიის უფროსმა დადებითად დაახასიათა ვოლკოვი, მაგრამ დასძინა, რომ ის კოლონიაში ცნობილ ავტორიტეტთან – „მონსტრთან“ მეგობრობდა. „მონსტრი“, იგივე სევა ორლოვი, ბოროტმოქმედთა სამყაროში საკმაოდ წონიანი გახლდათ და მიუხედავად იმისა, რომ მას მკვლელობებს ვერ უმტკიცებდნენ, დარწმუნებულები იყვნენ მის დამნაშავეობაში. იმჟამად „მონსტრი“ პატიმრობიდან გათავისუფლებული იყო და მოსკოვის მახლობლად ერთ-ერთ აგარაკზე ცხოვრობდა.
ოლეგმა ვოლკოვის სიკვდილის გარემოებები რომ გააანალიზა, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ შესაძლოა, ის მართლაც ცოცხალი ყოფილიყო, რადგან ხის დაცემისგან, გარდაცვლილის სახე დასახიჩრებული იყო, ხოლო ცხედრის ამოცნობის აქტს კი, სულ ორი ადამიანი აწერდა ხელს. ერთ-ერთი მათგანი სწორედ სევა ორლოვი, მეტსახელად „მონსტრი“ გახლდათ. ოლეგი მოსკოვში დაბრუნდა. შემდეგ ხელმძღვანელობას შეუთანხმდა და „მონსტრის“ აგარაკზე ოცდაოთხსაათიანი მორიგეობა დააწესეს. მილიციის ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ორი დღის შემდეგ, პერმში „დაღუპული“ სლავა ვოლკოვი დააპატიმრეს. როდესაც მას მანქანაში სვამდნენ, გულის ჯიბიდან წამლის ბოთლი ამოიღო და ოლეგ გუშჩინის ნებართვით, გულის წვეთები დალია.
„მურში“ ვოლკოვი ოლეგმა დაჰკითხა და მისგან აღიარებითი ჩვენება მიიღო:
– მე თქვენს ძმასთან არანაირი პირადი მტრობა არ მქონია და ის ბარბის გამო მოვწამლე. მინდოდა, ალა გამემწარებინა. მე მის მოკვლას არ ვაპირებდი და ის დღემდე მიყვარს.
შემდეგ ვოლკოვმა აღიარა, რომ ის და „მონსტრი“ კრიმინალურ დაჯგუფებას ედგნენ სათავეში და რომ ორლოვის შეკვეთით საწამლავს ამზადებდა, რომლითაც ადამიანებს წამლავდნენ. შემდეგ მოკლულების ქონებას და ბინებს ეპატრონებოდნენ. ვოლკოვის მიერ დამზადებული წამალი კი სულ მალე იშლებოდა და ორთქლდებოდა. ამიტომ, პათანატომები გულის უკმარისობის დიაგნოზს სვამდნენ.
– მე თქვენ ყველაფერი გითხარით. ახლა კი მშვიდობით, მაიორო. დაპატიმრებისას მე გულის წვეთები კი არა, საწამლავი დავლიე და ნახევარ საათში მოვკვდები, – უთხრა ვოლკოვმა გუშჩინს.
მიუხედავად იმისა, რომ ვოლკოვი კარდიოლოგიურ ცენტრში გადაიყვანეს, მისი გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა. ვოლკოვის საწამლავის საწინააღმდეგო საშუალება არ არსებობდა. გენიოსი ფარმაცევტი უპატრონოთა სასაფლაოზე დაკრძალეს. ხოლო ალა მიხაილოვა კი, იგივე ბარბი, იმავე 1980 წელს ვიღაც ჩეხს გაჰყვა ცოლად და უცხოეთში გაემგზავრა.