რატომ უნდა გავაღოთ ახალი წლის ღამეს ფანჯრები და როგორ შევცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ ამ დროს ელემენტარული წესების გათვალისწინებით
ახალი წლის დადგომა, ყველასთვის იმედებისა და სანუკვარი ოცნებების ასრულებასთან ასოცირდება. ვცდილობთ, ძველი დარდი და ნაღველი გავატანოთ ძველ წელს და ახალი იმედებითა და ოცნებებით დავხვდეთ ახალს. აუცილებელია იცოდეთ, რას მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება ახალი წლის დღეებში, რა უნდა გაითვალისწინოთ თქვენივე ბედნიერებისთვის და პირადი, ოჯახური თუ კარიერული წინსვლისთვის.
ახალ წელს, როგორც პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსი ქალბატონი ტატიანა ამბობს, დიდი მაგიური დატვირთვაც აქვს. ამის შესახებ კი მან უკრაინაში შეიტყო, როცა ბებიის სანახავად ჩავიდა. ასე რომ, თუ გსურთ 2011 წელი თქვენთვის ფეხბედნიერი და წარმატებული იყოს, გულდასმით წაიკითხეთ ქალბატონი ტატიანას რეკომენდაციები და გაითვალისწინეთ ის ელემენტარული რჩევები, რომლებიც თქვენსავე ბედნიერებაზე აგებს პასუხს.
ტატიანა: ყოველ ახალ წელს ადამიანები იმედითა და უკეთესი მომავლის რწმენით ხვდებიან. ამ დღეს განსაკუთრებულად ემზადებიან, ძველ წელს აცილებენ და სამომავლოდ, სურვილების ახდენას ელიან. რასაკვირველია, ყველა ოჯახში იშლება ტრადიციული სუფრა, ოჯახის წევრები ერთმანეთს ულოცავენ ახალი წლის შემობრძანებას, უძღვნიან საჩუქრებს, აგებებენ გოზინაყს, ასე ტკბილად დამიბერდიო და მეკვლესაც დიდი აჟიოტაჟით ელოდებიან. ეს, რაზეც მე ვისაუბრე, ყველა ადამიანისთვის ნათელი და ცხადი მოვლენაა, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ უძველესი დროიდან, ახალ წელს დიდი მაგიური დატვირთვა აქვს. ამ დღეს უნდა გაითვალისწინოთ სწორედ ის რეკომენდაციები, რომლებიც სამომავლოდ თქვენი და თქვენი ახლობლების წარმატებასა თუ ბედნიერებაზეა პასუხისმგებელი.
– ეს ყოველივე, თქვენ ვინ გასწავლათ ან საიდან იცით?
– დედაჩემი უკრაინელი იყო. იქ დაბადებული და გაზრდილი. მამა კი, ქართველი მყავდა. ჯარში მსახურობდა უკრაინაში. შეუყვარდათ ერთმანეთი, დაქორწინდნენ და თბილისში დასახლდნენ. სხვათა შორის, მე დედაჩემის დედის სახელი მქვია. ერთ ახალ წელს უკრაინაში შევხვდით. სწორედ მაშინ გავიგე ბებიისა და მისი დაქალებისგან ბევრი საინტერესო რამ ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, მაგალითად, როგორ დავიბევოთ ბედნიერება და სასურველი მომავალი, რა მოვიმოქმედოთ 12 საათის ჩამოკვრისას, რა გავითვალისწინოთ და ასე შემდეგ. ამხელა ქალი ვარ და დამიჯერეთ, ამ რჩევა-დარიგებებს დღესაც, ყოველ ახალ წელს ვასრულებ. აბა, თავად დააკვირდით, როგორი პრობლემებიც არ უნდა გვქონდეს, რამდენი წლისაც არ უნდა ვიყოთ, შინაგანად და ქვეშეუცნობლად, ახალი წლისგან ყველანი სასწაულს ველით. თანაც, გვავიწყდება დარდი და ტკივილი. ვცდილობთ, ამაღლებული განწყობით შევხვდეთ, რომ მერე მთელი წელი ასეთი განწყობა გვქონდეს.
– იქნებ, ის წესებიც გაგვანდოთ, რომელიც ახალი წლის ღამეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მომავალი 2011 წელი ჩვენთვის ბედნიერების, სიახლისა და წარმატების მომტანი აღმოჩნდეს.
– რასაკვირველია, გეტყვით. მოკლედ, თუ ახალ წელს კარგი განწყობით შეხვდებით, მოგეცემათ შანსი, მთელი მომავალი წელი ასეთი განწყობით გაატაროთ. ახალ წელს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჩაცმულობას, დააკვირდით, რას გირჩევენ ასტროლოგები, რა უნდა გეცვათ, გეკეთოთ და ამის მიხედვით შეარჩიეთ სამოსი თუ აქსესუარი. ასევე, გაითვალისწინეთ, რომელი ცხოველია ამ წლის მბრძანებელი და მის პატივსაცემად, შესაბამისად, გააწყვეთ საზეიმო სუფრა. ახლა ხომ კურდღლის, ანუ იგივე კატის წელია, ჰოდა, მაგიდაზე დაალაგეთ: თევზეული, მწვანე ბოსტნეული და ხილი დიდი რაოდენობით. თან, ამ ცხოველების შესაბამის ფერებში გამოეწყვეთ. ეს მას ძალიან მოეწონება და იღბალსაც დაიბევებთ. საახალწლოდ აუცილებლად შეიძინეთ რაიმე ახალი, როგორც ოჯახისთვის, ასევე თქვენთვის. არ არის აუცილებელი ეს ავეჯი, ფარდები, კაბები ან ჩექმები იყოს. მაგალითად, სახლისთვის შეგიძლიათ ჭიქა, სტატუეტი, სურათი ან რაიმე დეკორატიული ნივთი, ხოლო თქვენთვის, რაიმე აქსესუარი შეარჩიოთ. მოკლედ, ახალ წელს თქვენც და თქვენი საცხოვრებელიც ახალი ნივთით, ან აქსესუარით უნდა შეხვდეთ. აქვე, ერთ წესს გაგანდობთ, რომელიც გასათხოვარ გოგონებს ეხება. თუ ამას გაითვალისწინებენ, ბედი ადვილად გაეხსნებათ, თანაც უახლოეს მომავალში. მოკლედ, ახალ წლამდე, დაახლოებით 15 წუთით ადრე, დედამ უნდა დაატრიალოს გასათხოვარი გოგონა შემოსასვლელ კართან, მიარტყას სამჯერ წელზე ახალი ცოცხი და თან თქვას: „ჩემი გოგო გავიდეს სახლიდან და ისეთი საბედო ნახოს, როგორიც ჩვენ გვსურს; ისეთი მდიდარი და დოვლათიანი, როგორც ჩვენ ვეგებებით ახალ წელს; ისეთი სუფთა გრძნობების, როგორც ეს ცოცხია და ისეთი მხიარული განწყობის, როგორც ჩვენ ვხვდებით ახალ წელს.“ ამის შემდეგ, გოგონა დედამ გარეთ უნდა გაუშვას და სანამ თორმეტი საათი არ გახდება, არ შემოუშვას სახლში. ეს მეთოდი, ბევრმა დასცადა და თქვენ წარმოიდგინეთ, უმეტესობამ ბედი, სწორედ იმ წელს ნახა და გათხოვდა კიდეც. თქვენი რა მიდის, ახალი ცოცხი, დედის ცემა და გარეთ ყურყუტი თუ გაგათხოვებთ, ამაზე უარს ამბობთ?! (იცინის).
– უძველესი დროიდან, ტრადიციულად საახალწლო ნაძვის ხეზე კიდებდნენ ათასგვარ ხილს და ნივთს, რომლებიც ოჯახის ბარაქასა და ბედნიერებაზე იყო გათვლილი. ამაზე რას გვეტყვით?
– მართალია, ახალ წელს აუცილებელია, ყველა ოჯახში დაიდგას ნაძვის ხე და მასზე დაიკიდოს ის სათამაშოები, რაც თქვენს პირად ცხოვრებას თუ ოჯახის წევრების კეთილდღეობას და ოცნებების ასრულებას შეუწყობს ხელს. მაგალითად, ვაშლი ნაყოფიერების სიმბოლოდ ითვლება, ამიტომ, თუ ბედში ცვლილებები გსურთ, ვაშლი აუცილებლად დაკიდეთ ნაძვის ხეზე, კვერცხი ნაყოფიერებისა და ჰარმონიის სიმბოლოა. ამიტომ, თუ გსურთ, თქვენი ცხოვრება ასე ჰარმონიული და ნაყოფიერი იყოს, შეღებეთ ის ნარინჯისფერი ან ვერცხლისფერი საღებავით და დაკიდეთ ნაძვის ხეზე. ასევე, წელს, წლის მბრძანებლის პატივსაცემად აუცილებლად უნდა დაკიდოთ ნაძვის ხეზე სტაფილო, ეს ოჯახურ კეთილდღეობაზე აგებს პასუხს. მთავარია, იმოქმედოთ, გქონდეთ იმედი, რომ მომავალ წელს ყველაფერი რიგზე იქნება. რწმენით შეასრულეთ ყველა რიტუალი და სასიკეთო ცვლილებები უახლოეს მომავალში აუცილებლად იქნება. ასევე, არ დაგავიწყდეთ, როგორც კი დადგება 2011 წელი, გამოაღეთ ფანჯრები, რათა ძველი წელი გავიდეს და ახალი შემობრძანდეს. ეს მთავარი საახალწლო რიტუალია.
– თქვით, ახალი წელი განსაკუთრებული მაგიური თვისებებით ხასიათდებაო. თუ არსებობს იმის შანსი, რომ სწორედ ამ დროს შევძლოთ, რაიმე წესით, მომავლის წინასწარმეტყველება?
– (იცინის). რომ იცოდეთ, ამას რამდენი ადამიანი მთხოვს, ვასწავლო. მოკლედ, მომავლის წინასწარმეტყველებისთვის, ახალი წლის ღამე ზედგამოჭრილია. მაგალითად, თუ რაიმე კითხვაზე გსურთ პასუხის გაგება, მაგრამ ამას ვერ ახერხებთ, თორმეტ საათს რომ ერთი წუთი დააკლდება, აიღეთ ფურცელი და ფანქრით დაწერეთ ის სურვილი, მოუკიდეთ ცეცხლი და თან, გულში იმეორეთ: „თუ 12 საათამდე დაწვა მოასწრო, ამიხდება, თუ ვერ მოასწრო, არ ამიხდება“. დააკვირდით, რა მოხდება. თუ ბოლომდე დაიწვა, დარწმუნებული იყავით, სურვილი, ამ წელს ნამდვილად ახდება. მაგრამ, თუ ვერ მოასწრო დაწვა, მის ახდენას არ ელოდოთ. თუ საბედოს ნახვა გსურთ, ახალი წლის მაგიური ღამე, ამის საშუალებასაც გაძლევთ. თორმეტი საათი რომ ჩამოკრავს, ისე რომ ვერავინ დაგინახოთ, ნაძვის ხიდან მოხსენით ერთი სათამაშო, გადით გარეთ, დაანახვეთ ის ცას და თქვით: „მაღალო ცაო, ახალო წელო, ჩემი ბედი დამასიზმრე“, შემდეგ შედით საძინებელში და ის სათამაშო ბალიშის ქვეშ დაიდეთ. მომავალ საბედოს აუცილებლად ნახავთ. ასევე, საბედოს წინასწარ სანახავად, 2 იანვარი ცნობილი მაგიური დღეა. აიღეთ ღამის თორმეტ საათზე უხმარი გამჭვირვალე ჭიქა, მასში ნახევრამდე ჩაასხით იმ ონკანის წყალი, რომლიდანაც წყალი არ გაქვთ დალეული და ჩააგდეთ შიგ ახლო მეგობრის ქორწინების ბეჭედი. აანთეთ თეთრი ფერის სანთელი, გეჭიროთ ხელში და ხან ჭიქაში იყურეთ, ხან სანთელს დააკვირდით, როგორ იწვის. ნახევრად რომ ჩაიწვება, ჩაუშვით ჭიქაში და ასე ჩააქრეთ წყლით. დააკვირდით იმ ადგილს ჭიქაში, სადაც ბეჭედია და მის შუა სივრცეში აუცილებლად დაინახავთ, როგორ გაჩნდება ფიგურები, ადამიანის სახეები და, თუ მათგან ერთი მკვეთრად გამოისახა, ჭიქაში გაიშალა და დაინახეთ მამაკაცის ან გოგონას სახე, ესე იგი ის თქვენი მომავალი ცხოვრების მეგზურია.
– არ შემიძლია, არ გკითხოთ მეკვლეზეც. გამიგია, მან აუცილებლად უნდა შემოიტანოს ტკბილეული, ბრინჯი და ხურდა ფული. ეს გასაგებია, მაგრამ ბევრი იმასაც ამბობს, თუ მას მშობლები ცოცხალი არ ჰყავს, ბედნიერებას ვერ მოგიტანთო. ეს მართალია?
– მეკვლე, პირადად ჩემთვის, მომავალი წლის ბედნიერების, წარმატებისა და ჰარმონიის მაცნედ მოიაზრება. გეტყვით, რომ მეკვლედ უნდა დაპატიჟოთ ისეთი ადამიანი, რომელიც ღარიბი არ არის, მშობლებიც ცოცხალი ჰყავს და არც გასულ წელს დაღუპვია რომელიმე ოჯახის წევრი. ბრინჯით, ხურდა ფულითა და ტკბილეულით, მას ჩვენს ოჯახში ბარაქა შემოაქვს, სიტკბოსა და ფინანსურ უზრუნველყოფას გვპირდება მთელი წლის განმავლობაში. მაგრამ, თუ დაპატიჟებულ მეკვლეს, სხვამ დაასწრო მოსვლა, ნურც ასეთი დაუპატიჟებელი მეკვლის შეგეშინდებათ. მთავარია, ის წრფელი გულით, ტკბილეულითა და მარჯვენა ფეხით შემოვიდეს ოჯახში და ოჯახის წევრი არ ჰყავდეს დაღუპული ახლო წარსულში. ასე რომ, თუ გეცოდინებათ როგორ დახვდეთ ახალ წელს, როგორ შეიტანოთ მისი წყალობით ცვლილებები ბედში და როგორი მეკვლე მოიპატიჟოთ 12 საათზე, ნურაფრის დარდი ნუღარ გექნებათ მთელი მომავალი წელი. სასურველ შედეგსაც უმოკლეს დროში მიიღებთ და გასათხოვრები დედისგან ახალ წელს „გაცოცხვასაც“ კარგად დაცდიან. (იცინის). კიდევ ვამბობ, არ უნდა შეხვდეთ ახალ წელს ცუდ განწყობაზე, უიმედოდ და პესიმისტურად. როგორც დახვდებით მას, ისიც ისე გემსახურებათ და მერე პრეტენზიების გამოთქმა გვიანი იქნება.