დაასახელეს ათწლეულის მნიშვნელოვანი მეცნიერული მიღწევები
გავლენიანმა ამერიკულმა ჟურნალმა „სიენსმა“ თავის უკანასკნელ გამოშვებაში, ტრადიციულად, დაასახელა გასული წლის 10 მნიშვნელოვანი მეცნიერული მიღწევა და შეაჯამა ოცდამეერთე საუკუნის პირველი ათწლეულის მნიშვნელოვანი აღმოჩენები.
წლის ყველაზე მნიშვნელოვნად დაასახელეს ხელთქმნილი „კვანტური მექანიკის“ შექმნა – აქამდე ყველა ხელოვნური ობიექტი კლასიკური მექანიკის კანონის თანახმად მუშაობდა. სიაში მომდევნო ადგილზე დგას ისეთი ბაქტერიების შექმნა, რომლებიც მთლიანად, დნმ-ის ჩათვლით, სინთეტიკური გენომითაა შედგენილი და წარმატებით ჩაერთო ცილების სინთეზის მართვაში; გენეტიკოსთა მიღწევები ნეანდერტალელთა გენომის გაშიფვრასა და, „შიდსის“ პროფილაქტიკაში; გენეტიკური მუტაციების განსაზღვრა, რომელიც პასუხისმგებელია რიგი იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებების წარმოშობაზე; მოლეკულური დინამიკის სათვლელი მეთოდები, რომლებიც აუცილებელია ცილათა მოძრაობის მოდელირებისთვის; „კვანტური სიმულატორი“, რომელიც საშუალებას იძლევა, ვიზუალურად დავაკვირდეთ კვანტურ მოვლენებს; პროექტით „ათასი გენომით“ გენების ვარიაციის განსაზღვრა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ადამიანებად რომ გვაქცევს; უჯრედების რეპროგრამირება – ჩვეულებრივი უჯრედების ღეროვანი უჯრედებად გარდაქმნა.
ოცდამეერთე საუკუნის ათწლეულის უმსხვილესი სამეცნიერო მიღწევების რეიტინგი ასეთია:
1. გენომის „ბნელი მატერია“ – საშუალებას იძლევა განისაზღვროს გენომის რომელი ნაწილია პასუხისმგებელი ცილების კოდირებაზე.
2. კოსმოლოგიის, როგორც მეცნიერების ჩამოყალიბება – ახალი წარმოდგენები მსოფლიო მატერიის შემადგენლობის ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიის შესახებ.
3. „უძველესი დნმ“ – ეგრეთ წოდებული „ბიომოლეკულები“ დნმ-ისა და კოლაგენის სახით სიცოცხლისუნარიანობას ათეული ათასობით წლის განმავლობაში ინარჩუნებენ მცენარეების, ცხოველებისა და ადამიანების ნაშთებში, რაც საშუალებას იძლევა ახლებურად შევხედოთ ისტორიამდელ სამყაროს.
4. წყალი მარსზე.
5. უჯრედების რეპროგრამირება – ჩვეულებრივი უჯრედების ღეროვან უჯრედებად გარდაქმნა.
6. „მიკრობიომი“ – ბაქტერიებისა და ვირუსების ერთობლიობა ადამიანთან მჭიდრო სიმბიოზში. ადამიანის სხეულის 10-დან 9 უჯრედი ბაქტერიული წარმოშობისაა. მეგობარი და მტერი ბაქტერიები.
7. ეგზოპლანეტები – 2000 წლისთვის მზის სისტემის გარეთ ცნობილი იყო მხოლოდ 26 ციური სხეული, დღეისათვის 500-ზე მეტია.
8. ანთებითი პროცესები ორგანიზმში – ახლო წარსულში ითვლებოდა, რომ ანთება „ამუშავებს“ ჩვენს იმუნურ სისტემას. აღმოჩნდა პირიქით, შეიძლება, ადამიანის ორგანიზმში მძიმე დაავადებები განავითაროს.
9. მეტამასალები – ლინზები, რომლითაც შეიძლება ზღაპრული „უჩინმაჩინის“ მატერია რეალობად ვაქციოთ.
10. დედამიწის კლიმატის ცვლილება – გლობალური დათბობა.