კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

გზირიშვილი

ქართულ გვართა ერთი წყება წარმოშობილია ხელობა-თანამდებობისგან. ასეთებია, მაგალითად, ამილახვარი, ამირეჯიბი, ხარაზი, ნაცვალი, გზირი, მოურავი, ერისთავი და სხვა.

გზირი ძველად სოფლის მოხელეს, მამასახლისის ხელქვეითს ნიშნავდა, იყო მის განკარგულებათა შემსრულებელი.

მეთერთმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეების ისტორიულ წყაროებში მოიხსენიებიან „გზირისშვილი-გზირიშვილი განაკერტს მცხოვრები, ფლობს ქონებას, აქვს მამული, გაყოფისას მამულითურთ წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს, ეს მოხდა 1537-1538 წლებში“.

„თეიმურაზ მეფემ განუახლა ენისელთ ნაცვალ ხოსროსა და გზირიშვილის მამულის წყალობა“ (1662 წელი).

„გზირიშვილი გოდერძი, მძოვრეთში, შიდა ქართლში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა ციციშვილების გაყრის დროს, მამულით, ერგო ედიშერს“ (1688-1703 წლები).

კასპში მცხოვრები გზირიშვილი თედოს ოჯახიდან ორ კაცს ევალებოდა თოფით ლაშქრობა (მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში).

სამღერეთის მცხოვრები წიტურა გზირიშვილი წილად ერგო 1640 წელს, ხოსია ბარათაშვილს. აქედანაა გაჩენილი გვარი ხოსიაშვილი.

საქართველოში 1 182 გზირიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 288, კასპში – 246, საგარეჯოში – 181. არიან სხვაგანაც.

იგითხანიშვილი

რთულფუძიანი საკუთარი სახელიდან იგითხან, რომელიც თურქული სიტყვაა და ქართულად გმირს, მამაც ბატონს ნიშნავს, წარმოიშვა გვარი იგითხანიშვილი. იგითხან თურქთა ბატონობის დროს შერქმეული გვარ-სახელია.

იგითხანიშვილის ძველი გვარი ჩუტკერაშვილი იყო.

იგითხანაშვილები დღეს იგითხანოვებად არიან ჩაწერილი.

ქვემო ქართლში 1721 წელს მემამულეებად მოიხსენიებიან იახთუნაშვილები.

საქართველოში 44 იგითხანოვი ანუ იგითხანიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 32, ახალციხეში – 5, ადიგენში – 1. არიან სხვაგანაც.

სალარიძე

გვარის ფუძეა თანამდებობის ტერმინი „სალარ“, რაც სპარსულად უფროსს, მეთაურს, უხუცესს ნიშნავს.

ისტორიულ დოკუმენტებში მოიხსენიებიან ნასყიდა, ხახუტა და გიორგი სალარიძეები.

„სალარიძე გიორგის ჰყავს ძმა – ნასყიდა. როსებ და ზაალ ამირეჯიბებმა მიჰყიდეს ის თათარ ევაზას. გიორგი გაეპარა ევაზას, თან წაიღო სამი თუმანი, ერთი ჯორი და მივიდა თავის ძმასთან. შვიდი წლის შემდეგ ის იპოვა ევაზამ და იჩივლა. სასამართლომ გიორგი მას დაუბრუნა, ხოლო გიორგის ძმა და ძმისწულები ნასყიდობის წესით ეყმნენ სახლთუხუცეს პაპუნა მაღალაძეს და აღებული ფასით დაიხსნეს გიორგი თათარ ევაზასგან (1677 წელი).“

1605-1639 წლებში კი გიორგი მეფემ სალარიძე ხახუტას განუახლა სახელი და გაათავისუფლა ბეგარისგან.

ამავე ფუძისაა გვარები სალარაშვილი და სალარიშვილი.

საქართველოში 196 სალარიძე ცხოვრობს: თბილისში – 61, ზესტაფონში – 56, ბორჯომში – 26. არიან სხვაგანაც.

ქანანაშვილი

ქანანაშვილები ქვემო ქართლში 1721 წლის აღწერით მებატონე-მემამულეები იყვნენ. დაფიქსირებულია აზნაური ქანანაშვილი ფარსადანი ჯიგრაშენში, აზნაური ქანანაშვილი-არანოშვილი – ასევე ჯიგრაშენში.

ისტორიულ მასალებში ქვემო ქართლში მოიხსენიებიან ქანანაშვილი გიუა, გოდერძა, სულხანა, შერმაზანა და ფარსადანა.

საქართველოში 271 ქანანაშვილი ცხოვრობს: გორში – 199, თბილისში – 63, კასპში – 2. არიან სხვაგანაც.

შემაზაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი შემაზა.

ქვემო ქართლში, 1721 წლის აღწერით, შემაზაშვილები იყვნენ აზნაურები. მათ ჰქონდათ სოფლები: კარაქა და ჯავშანიანი; იქვე მოიხსენიებიან აზნაურები: შემაზაული ზაალი, სოსიტა, ათანასე, გივი, ოთარი, გიორგი და კიდევ 4 უყმო აზნაური.

შემაზაშვილები ქვემო ქართლიდან მიგრირებულები არიან მესხეთ-ჯავახეთში.

საქართველოში 99 შემაზაშვილი ცხოვრობს: ასპინძაში – 31, რუსთავში – 26, გორში – 14. არიან სხვაგანაც.

ხოჯაშვილი

გვარის ფუძეა ხოჯა, ხოჯო.

მეგრულად ხოჯი იგივეა, რაც ხარი.

ამავე ძირისაა გვარები: ხოჯავა, ხოჯელანი, ხოჯიშვილი, ხოჯანაშვილი.

ქვემო ქართლში 1721 წლის აღწერით ხოჯაშვილები მებატონეები იყვნენ და მათ ჰქონდათ მამულები და სოფლები.

საქართველოში 110 ხოჯაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 55, თიანეთში – 18, ქუთაისში – 14. არიან სხვაგანაც.

ქაცარავა

გვარის ფუძედაა გამოყენებული საკუთარი სახელი ქაცარი.

ქაცარი მეგრულში იგივეა, რაც თიკანი.

ქაცარი ეწოდებოდა სალიპარტიანოს ერთ-ერთ სოფელს.

„ხუსესა და ქრისტეშია ქაცარავებს მართებთ ხონის საყდრის ბეგარა“ (1600 წელი).

საქართველოში 260 ქაცარავა ცხოვრობს: თბილისში – 126, ხობში – 33, ბათუმში – 25. არიან სხვაგანაც.

სიმონია

გვარის ფუძედაა გამოყენებული ძველი ებრაულიდან ნასესხები სახელი – სიმონი. ის „შესმენილს“, „გამგონეს“ ნიშნავს, სიტყვა-სიტყვით კი – „ღმერთმა გაიგონა“. იგულისხმება, რომ ღმერთმა შეისმინა ლოცვა-ვედრება. სახელის ძველი ფორმაა – სვიმონ.

სვიმონიშვილი თავადური საგვარეულოა.

სასიმონიო არის უბანი ნოსირში, საოდიშარიოში, გათათლებისკარში.

გვარი სიმონიშვილი გავრცელებულია ქართლსა და კახეთში.

საქართველოში, 1995 წლის აღწერით, ვაუჩერი აიღო 734-მა სიმონიამ: აბაშაში – 166-მა, სენაკში – 139-მა, თბილისში – 119-მა. დანარჩენებმა –სხვაგან.

ტყებუჩავა

ტყებუჩა შავკანიანს ნიშნავს. სავარაუდოდ, ეს გვარი შავკანიანი კაცის მეტსახელიდან მოდის.

გვარის მოკლე ისტორია აღწერილი აქვს გვარების მკვლევარს, პაატა ცხადაიას.

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ ათას გვარს შორის ამ გვარს 350-ე ადგილი უჭირავს, სენაკის რაიონში – მეორე, ხოლო ხობის რაიონში – 30-ე.

ტყებუჩავათა ძირითადი სამკვიდროა ზანა, სადაც ამ გვარის 240 ოჯახი ცხოვრობს. ეს გვარი, ასევე, გვხვდება სოფლებში: ფოცხო – 32, ახალსოფელი (სენაკის რაიონი) – 24, საჯიჯაო – 17, ძველი აბაშა – 14, ხობი – 11, გურიკული – 8, უშაფათი – 5, აბაშა – 4 და ასე შემდეგ. გვარის ადგილობრივი ვარიანტია ტებჩა.

სატყებუჩავო სოფელი ზანაძგის ორივე ნაპირას გვხვდება. სატყებუჩავო-სატყებუჩო უბანია შუა სოფელში, ძველ აბაშაში.

1995 წელს ვაუჩერი აიღო 2 310-მა ტყებუჩავამ: სენაკში – 903-მა, თბილისში – 395-მა, ხობში – 276-მა. არიან სხვაგანაც.

სამელია

გვხვდება საკუთარი სახელები: სამე, სამველ, სამოელ, რომელიც, შესაძლოა, გვარის ფუძე იყოს ან, შესაძლოა, გვარის ფუძე სულაც მელა იყოს. აქედანაა გვარები მელია, მელაშვილი, მელაძე.

ლესამლე – ტყეა და საძოვრები მოროჟის (მაროჟის) მარჯვენა მხარეს.

გვარი სამელია დასახელებულია მეთექვსმეტე საუკუნის დამლევს შედგენილ ნაჟანეულის (ოტობაია) საეკლესიო მრევლს შორის. ამავე სოფელში ოცი წლის შემდეგ მოიხსენიება მარსალია სამელია. ამოსავალია პირსახელის ამელი, რაც სამოელის ან სამუელის ვარიანტი უნდა იყოს.

გვარში სა – ართრონი (წინსართი) უნდა იყოს, მელა კი, გარეული ცხოველია და მას ემატება ია სუფიქსი.

ასევე, გვხვდება გვერები: მელია, მელივა.

საქართველოში 102 სამელია ცხოვრობს: წალენჯიხაში – 62, ზუგდიდში – 28, თბილისში – 12.

ფალიანი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ფალია.

„ფალია შირიმიდგას ჭალას მცხოვრებს, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: საპურობო, მეორე-მესამე წელიწადს – ერთი ღორი, ექვსი კოკა ღვინო, ექვსი ლიჯი ღომი, მესამე წელიწადს – ერთი საკლავი“ (1621 წელი).

„ფალიანი გავაშელი, მოწმე სეტისა და ლაღამის ხევთა შორის დადებული საერთპირო დაწერილისა“ (მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეებში); „მოურავი ლენჯერელთა და სეტიელთა შორის სანადირო ადგილებზე დავის შემდეგ შერიგების დაწერილისა“.

„ფალიანი მიქაელი იყო თავმდები ქოჩორიანთა მიერ ივანე სეტიელისთვის მიცემული სათიბის ნასყიდობის დაწერილისა“ (მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეების მიჯნა).

ამავე ძირისაა გვარები: ფალაშვილი, ფალულაშვილი, ფალულიშვილი, ფალიაშვილი.

საქართველოში 417 ფალიანი ცხოვრობს: მესტიაში – 197, თბილისში – 131, გარდაბანში – 19. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით


скачать dle 11.3