ვინ ეძებს მამას ომსკიდან საქართველოში და რისი იმედი აქვს რუსეთში მცხოვრებ შვილს
30 წლის რომენი მზევარის ძე ლოგინოვი ეძებს 54 წლის მზევარი შალვას ძე წულაიას.
ისტორია: ვეძებ მამას, 54 წლის მზევარი შალვას ძე წულაიას. ბოლოს, როცა მამაჩემი ვნახე, სულ პატარა ვიყავი. ამჟამად უკვე 30 წლის ვარ და ძალიან მინდა, ვიპოვო და ვნახო. მარტომ ეს ვერ შევძელი. თუკი ვინმემ რამე იცის მამაჩემის შესახებ, იმედია, გამომეხმაურება. საქართველოში არასდროს ვყოფილვარ და ამჟამად თქვენ ხართ ჩემი ერთადერთი იმედი. შეიძლება, საქართველოში, კერძოდ კი ფოთში, მამას ჰყავდეს ნათესავები, რომლებმაც იციან მისი ადგილსამყოფელი.
– როგორ დაკარგეთ მამა-შვილმა ერთმანეთი? ბოლოს სად და როდის ნახეთ მამა?
– მამაჩემი ქართველია და იგი 1977-1978 წლებში საქართველოდან ვოლგოგრადის მხარეში, დურნოვსკში იყო ჩამოსული, სადაც გაიცნო დედაჩემი – ვალენტინა ივანეს ასული ლოგინოვა. მათ შეუყვარდათ ერთმანეთი და რამდენიმე წელი ერთად იცხოვრეს კიდეც. 1980 წლის 10 სექტემბერს გავჩნდი მე. მამაჩემისთვის პირველი შვილი ვიყავი და როგორც ვიცი, ძალიან ვუყვარდი. მაგრამ, ჩემთვის უცნობი მიზეზის გამო მამამ მეც და დედაჩემიც მიგვატოვა და ჩვენგან წავიდა. სანამ პატარა ვიყავი, მისი მოძებნა არ მიცდია, რადგან სულ ველოდი და ვიმედოვნებდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის დაბრუნდებოდა ან ხმას მოგვაწვდიდა. მაგრამ, ასე არ მოხდა. დღემდე დედაჩემის გვარს ვატარებ. მამის ერთადერთი ფოტო მაქვს, იქნებ, ვინმემ იცნოს და ასე ვიპოვო უკვე იგი.
– პირველად, როგორ ან როდის გადაწყვიტეთ მამის მოძებნა?
– როგორც კი თვრამეტი წლის გავხდი, სწორედ ჩემს დაბადების დღეზე, ძალიან მომინდა მამის მოძებნა. მეგობრებმა მირჩიეს, ჩემი ისტორია „ჟდი მენიას“ საიტზე გამეგზავნა. სწორედ ასე მოვიქეცი, მაგრამ დღემდე არაფერი ვიცი მის შესახებ. 2002 წელს განვაახლე ჩემი განაცხადი. ნამდვილად ვერ გეტყვით, სად შეიძლება იყოს ის ამჟამად. თუმცა, დედაჩემი ფიქრობს, რომ ის თავის სამშობლოში, ფოთში დაბრუნდა, სადაც დედ-მამა ჰყავდა. დაზუსტებით არც ის ვიცი, ჰყავს თუ არა მამას და ან ძმა. რა თქმა უნდა, ვხვდები, რომ მას შემდეგ, რაც მამამ მიგვატოვა, წლებია გასული და შეიძლება, მას უკვე თავისი ოჯახიც აქვს. მე ძალიან გამიხარდებოდა ჩემი ნახევარდების ან ნახევარძმების გაცნობა და მათთან დაახლოება. თუკი, რა თქმა უნდა, ისინიც ისურვებენ ამას.
თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ აღარ ვეძებე იგი, მაგრამ ყველა ცდა უშედეგო აღმოჩნდა. საქართველოში მოძებნა მე არ შემიძლია. ქართული ენაც კი არ ვიცი, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვიცი. სხვადასხვა საიტზე დავრეგისტრირდი, გავიცანი მამაჩემის მოგვარეები, მაგრამ მისი ნათესავი არც ერთი არ აღმოჩნდა.
– დედაშენი რა აზრისაა, მან თუ იცის მამას ასეთი მონდომებით რომ ეძებ?
– დედაჩემი თავიდან მეწინააღმდეგებოდა, რადგან ნაწყენი იყო მამაჩემის საქციელის გამო. მიუხედავად იმისა, რომ მათ ურთიერთობა დაკანონებული არ ჰქონდათ, მისი აზრით, მამას წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მოვეკითხეთ. მაგრამ, შემდგომ ამ წყენამაც გაუარა. როგორც იტყვიან – წლებს თავისი მიაქვს და ამჟამად ის მე მგულშემატკივრობს. მიაჩნია, რომ სრული უფლება მაქვს მამა მოვძებნო და თავი გავაცნო. ნამდვილად არ მინდა, მამაჩემმა იფიქროს, რომ მე მისგან რამე მინდა და ამიტომ ვეძებ. უბრალოდ, მინდა, მას ვიცნობდე, თუნდაც ის მაინც ვიცოდე, ამჟამად სად ცხოვრობს და როგორ არის.
– თუკი მამას იპოვით, როგორ ფიქრობთ, სად შეხვდებით ერთმანეთს და იქნება თუ არა ეს თქვენი შეხვედრა ორივესთვის სასურველი?
– მინდა, რომ მამაჩემსაც ისევე უნდოდეს ჩემი ნახვა, როგორც მე მინდა. ვიცი, თქვენი პირობების შესახებაც – თუკი ერთ-ერთი მხარე წინააღმდეგია, მეორეს შეხვდეს ან ამბავი გააგებინოს, მაშინ თქვენ მათ არ აკავშირებთ და უბრალოდ, ამბობთ, რომ ადამიანი ნაპოვნია, მაგრამ კონტაქტი არ უნდა. ვფიქრობ, მამაჩემისა და ჩემ შემთხვევაში, ეს ასე არ იქნება. მე ასე მჯერა და ამის დიდი იმედი მაქვს. თუკი მას ვიპოვი, აუცილებლად გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ ვნახო. შეიძლება, ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ მამაჩემზე ნაწყენი სულაც არ ვარ. გამოგიტყდებით, რომ ბავშვობაში მწყინდა და ვერც ვამართლებდი, მაგრამ ახლა ვფიქრობ, მთავარი მაინც ჩვენი მამაშვილური კავშირია. ის ჩემი სისხლი და ხორცია და მე არ მაქვს უფლება, არ მივუტევო. მით უმეტეს, რომ მისი წასვლის მიზეზი დღემდე არ ვიცი.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.