რატომ დაშორდა ერთმანეთს დედა-შვილი და ვინ ეძებს ვაჟიშვილს ამერიკასა და საქართველოში
79 წლის ლუდმილა იაკობის ასული გორდეევა ეძებს 53 წლის ვალერი ვალერიანის ძე ბერიძეს.
ისტორია: ვეძებ შვილს, 1957 წლის 12 თებერვალს დაბადებულ ვალერი ვალერიანის ძე ბერიძეს. მე და ჩემი შვილი ვცხოვრობდით ქალაქ რუსთავში, სადაც მე განქორწინებამდე ვიმყოფებოდი. ვალერი ჩემი ერთადერთი შვილია და ძალიან მინდა მისი პოვნა. არც კი ვიცი, როგორ ან სად ვეძებო. იმედს მაინც ვერ ვკარგავ და ვიმედოვნებ, ამ ახალ წელს მაინც ვნახავ მას.
– როგორ დაიკარგა თქვენი შვილი, რა მოხდა ისეთი, რამაც დედა-შვილი ერთმანეთს დაგაშორათ?
– მე გავთხოვდი და მეუღლესთან, ვალერიან ვლადიმერის ძე ბერიძესთან ერთად ვცხოვრობდი საქართველოში, ქალაქ რუსთავში 1956 წლიდან 1967 წლამდე. საქართველოში გავაჩინე ბიჭი – ვალერი. შემდეგ მე და ვალერიანი დავშორდით ერთმანეთს და მე და ჩემი შვილი საცხოვრებლად შუა აზიაში გადავედით. ვალერი ჯარში მოსკოვში მსახურობდა. ჯარში სამსახურის შემდეგ მე ვალერი აღარ მინახავს. სამისამართო ბიუროს მონაცემებით, ის ბოლოს მოსკოვში, შოკალოვსკის გამზირის 33 ნომერში, მეცამეტე ბინაში ცხოვრობდა. მაგრამ, ამ მისამართზე მე ის ვერ ვნახე. წლების განმავლობაში ვეძებ შვილს. არ ვიცი, რა ვიფიქრო. დაშორების მიზეზი ნამდვილად არ ვიცი, რადგან ერთმანეთთან ჩვენ ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. არც ის არის გამორიცხული, რომ ის უკან, მამასთან, საქართველოში დაბრუნდა. სულ მეუბნებოდა, რომ მამა ძალიან ენატრება. თუმცა, ჩემს მიტოვებაზე არასდროს არაფერი უთქვამს, არც აპირებდა.
– მეუღლესთან თუ გაქვთ კონტაქტი, დაკავშირებიხართ მას შემდეგ, რაც შვილი დაგეკარგათ?
– ყოფილ მეუღლესთან კონტაქტი არ მაქვს მას შემდეგ, რაც 1967 წელს რუსთავიდან წამოვედი. თავიდან ის რეკავდა და გვკითხულობდა, მაგრამ მერე ზარებიც შეწყდა. ვფიქრობ, ვალერი მასთან რომ იყოს, ჩემი ყოფილი მეუღლე აუცილებლად გამაგებინებდა.
– მაინც, სად გგონიათ თქვენი შვილი – საქართველოში თუ სადმე სხვაგან, მაგალითაც უცხოეთში?
– ამჟამად მე როსტოვში ვცხოვრობ და რამდენჯერმე მივმართე სხვადასხვა სამძებრო ბიუროს, მაგრამ უშედეგოდ. ერთადერთი, რისი გაგებაც მე შევძელი, ისაა, რომ ვალერი შეიძლება, რუსეთიდან ამერიკაში წასულიყო, გავარკვიე, რომ 1985 წლის 9 ივლისს მან რუსეთი დატოვა და გაემგზავრა, მაგრამ კონკრეტულად სად და რისთვის, არ ვიცი. სხვადასხვა მოსაზრება მაქვს და ბუნებრივია, როგორც ადამიანს და დედას არც ერთი არ მაკმაყოფილებს. შეიძლება, მან ამერიკაში წასვლა გადაწყვიტა სამუშაოს მოძებნის მიზნით; შეიძლება, საქართველოში დაბრუნდა მამასთან, ყველა შემთხვევაში მე მხოლოდ ის მინდა, გავიგო, რომ კარგად არის და ჯანმრთელად, მეტი არაფერი.
– საცხოვრებელი მისამართი ხომ არ შეგიცვლიათ? შეიძლება, ვალერიც გეძებდათ, მაგრამ ვერ დაგიკავშირდათ.
– მას შემდეგ, რაც ის დაიკარგა, წლები გავიდა. მე უკვე ორჯერ შევიცვალე საცხოვრებელი ადგილი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მოვეძებნე, მიპოვიდა, რადგან, ისევ რუსეთში ვცხოვრობ. უბრალოდ, თავს იმით ვინუგეშებ, რომ ვალერიმ თავისი ცხოვრების გზა ისე აირჩია, დედასთან შეთანხმება არ უნდოდა. იცოდა, რომ მე მისი ამერიკაში წასვლის წინააღმდეგი ვიქნებოდი. ამიტომ, შეიძლება, მან ეს ყველაფერი უჩუმრად გადაწყვიტა. იმედია, მას მაინც ვიპოვი და, უბრალოდ, გავიგებ, რომ კარგადაა. ძალიან მენატრება და სულ ვფიქრობ მასზე. თქვენ წარმოიდგინეთ, გაბრაზებულიც კი არ ვარ (ტირის).
– ბოლოს, როდის ნახეთ შვილი?
– ბოლოს მე ის 1976 წელს ვნახე, 34 წელია უკვე გასული მას შემდეგ, რაც მე ჩემი შვილი არ მინახავს, ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ და მაპოვნინოთ. თუკი მას რამე ვაწყენინე, ვთხოვ, რომ მაპატიოს. არა მგონია, ისეთი გულქვა იყოს, რომ გაიგებს დედა ეძებს, არ გამომეხმაუროს. ახალი წელი დგება და თუკი ვინმეს რაიმე ოცნება აქვს, ჩემი, მგონი, ყველასგან განსხვავდება – შვილის პოვნა მინდა ამ ახალ წელს, მეტი არაფერი.