სასამართლომ ობამას ჯანდაცვის რეფორმა არაკონსტიტუციურად ცნო
ამერიკის ჯანდაცვის სისტემის ყველაზე მასშტაბური რეფორმა, რომელიც ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდელო ორგანომ, კონგრესმა 2010 წლის მარტში დაამტკიცა, ქვეყნის უზენაეს კანონს, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, – ასეთ დასკვნამდე მივიდა ამერიკის ვირჯინიის შტატის ქალაქ რიჩმონდის სასამართლო. მოსამართლე ჰენრი ჰადსონს მიაჩნია, რომ სავალდებულო დაზღვევის შემოღების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, კონგრესის მხრიდან მისი უფლებების გადამეტებაა და კომერციის საკითხებში უხეში ჩარევა. თუ სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება, მთავარი დაზარალებული სადაზღვევო კომპანიები აღმოჩნდებიან, რომელთა ხარჯებიც ძალიან გაიზრდება. ამერიკის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ ინიცირებული რეფორმის თანახმად, ამერიკის ყველა მოქალაქე ვალდებულია, შეიძინოს სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პოლისი. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ამას არ გააკეთებს, ჯარიმის გადახდა დაეკისრება. სწორედ გადაწყვეტილების ამ ნაწილს აპროტესტებს მოსამართლე ჰენრი ჰადსონი. მისი აზრით, ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევნის უფლება და თავად გადაწყვიტოს, სურს თუ არა დაზღვევა. რეფორმის სხვა მუხლებში მოსამართლემ კანონის საწინააღმდეგო ვერაფერი აღმოაჩინა. ჰადსონი პირველი მოსამართლეა, რომელმაც ობამას მიერ ინიცირებული ჯანდაცვის რეფორმა სასამართლოში გაასაჩივრა.