რა დაავალა ჰიტლერმა რუდოლფ ლიკუსს სტალინის წინააღმდეგ
„ბლიცკრიგი“ – მითები საიდუმლო ლაბორატორიიდან
„ბლიცკრიგში“ – ელვისებურ ომში – გამარჯვების მიღწევისთვის გერმანელ სტრატეგებს აუცილებელ პირობად თავდასხმის მოულოდნელობა მიაჩნდათ. ელვისებური ომის თეორია გერმანელმა სამხედრო მეცნიერებმა მეოცე საუკუნის დასაწყისში შეიმუშავეს. მისი ტაქტიკა ომის სწრაფად წარმოებაა, რითაც გამარჯვება რამდენიმე დღეში ან თვეში მიიღწევა – მანამდე, ვიდრე მოწინააღმდეგე ძირითადი სამხედრო ძალების მობილიზებასა და გაშლას შეძლებს. ამ გეგმამ პირველ მსოფლიო ომში გერმანიას კრახი მოუტანა, იგივე ბედი ეწერა მას მეორე მსოფლიო ომშიც. თუმცა, გერმანელმა სტრატეგებმა მეთოდები დახვეწეს – ვერმახტის უმაღლესმა მთავარსარდლობამ 1940 წლის მიყოლებით, სამი ერთი და იმავე შინაარსის დირექტივა გამოსცა – „საბჭოთა ხელმძღვანელობის დეზინფორმაციისთვის აუცილებელი ღონისძიებების შესახებ“. ამ დოკუმენტებს უმაღლესი საიდუმლოების გრიფი დღესაც არ აქვს მოხსნილი. ზოგადი განკარგულებებისგან განსხვავებით, დაწვრილებითი მოქმედებებისთვის გამიზნულ ღონისძიებებს რატომღაც მალავენ. არადა, ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს არქივი, როგორც ჩანს, ინფორმაციის ნაკლებობას არ უჩივის. ირწმუნება, რომ გერმანიის კრახი მეორე მსოფლიო ომში სტალინმა იწინასწარმეტყველა. წარმოგიდგენთ რამდენიმე ამონარიდს მათი არქივიდან:
სრულიად საიდუმლოდ
რუსეთის პოლიტბიუროს 1941 წლის 23 ივნისის სხდომაზე სტალინმა მიიღო გადაწყვეტილება, საბჭოთა საინფორმაციო ბიუროს შექმნის შესახებ. მიღებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია:
1. საერთაშორისო მოვლენების, ქვეყნის საშინაო ცხოვრებისა და აგრეთვე საომარ მოქმედებათა გაშუქების ყველა სამუშაოს ხელმძღვანელობის თავმოყრის მიზნით, შეიქმნას საბჭოთა საინფორმაციო ბიურო.
2. დამტკიცდეს საბჭოთა „ინფორმბიურო“ შემდეგი ამხანაგების შემადგენლობით: შერბაკოვი (უფროსი), ლოზოვსკი, ხავინსონი, პოლიკარპოვი, საკსინი, გოლიკოვი.
დაეკისროს საბჭოთა „ინფორმბიუროს“: ა) საერთაშორისო მოვლენებისა და საბჭოთა კავშირის საშინაო ცხოვრების გაშუქება ბეჭდვით სიტყვასა და რადიოში; ბ) გერმანული და სხვა მტრული პროპაგანდის წინააღმდეგ კონტრპროპაგანდის ორგანიზება; გ) ფრონტული მოვლენებისა და საომარ მოქმედებათა გაშუქება და მთავარსარდლობის მასალების მიხედვით, საომარი ცნობების გამოქვეყნება.
ცნობა: თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის წევრებს შორის მოვალეობათა განაწილება: მოლოტოვი – ტანკები, მალენკოვი – ავიაცია, ბერია – სახელმწიფო უშიშროება, ჭურვები და მომარაგება.
ი. სტალინი
1941 წლის 23 ივნისი
სტალინისთვის წარმოუდგენლად რთული იყო გერმანული დაზვერვის დეზინფორმაციის განეიტრალება. ამ გარემოების გამო მიიჩნევდა ბელადი, რომ ჰიტლერი ორ ფრონტზე საომარ მოქმედებებს არ წამოიწყებდა, ისე, როგორც ეს პირველ მსოფლიო ომში მოხდა. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის არქივის გაშიფრული დოკუმენტები ნათლად მეტყველებს, 1940 წლის შემოდგომიდან, თუ როგორ ოპერატიულ ხრიკებს მიმართავდა ფაშისტური გერმანია, რათა კრემლს დეზინფორმაციები დაეჯერებინა და საბჭოთა ლიდერი შეცდომაში შეეყვანათ. საიდუმლო ლაბორატორიებში შექმნილი მითები ადრე თუ გვიან მაინც ცხადდება.
მატყუარა ჰიტლერი
საბჭოთა პროპაგანდამ, ომში გამარჯვების შემდეგ, ჰიტლერის შეურაცხად პიროვნებად წარმოჩენა დაისახა მიზნად, ისევე, როგორც მთელი გერმანელი ერის. ამ საქმიანობით ევროპისა და ამერიკის საინფორმაციო საშუალებებიც და მსოფლიო ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეებიც კი იყვნენ დაკავებული. ჩარლი ჩაპლინის მიერ განსახიერებულ ადოლფ ჰიტლერს ყველა დასცინოდა, არადა ბევრმა არ იცის, რომ 1941 წლამდე კომუნისტურ რუსეთსა და ნაციონალ-სოციალისტურ გერმანიას შორის მეგობრული ურთიერთობები იყო. ორმა ქვეყანამ კულტურული ურთიერთობები გააღრმავა – გერმანული დღეები მოსკოვში, ერთობლივი ალპინიადა კავკასიაში, საბჭოთა ოფიცრების სპეციალური გრანდიოზული მიღება ბერლინში. დაბოლოს, მეგობრობის ბეჭედი – მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი, რითაც საბჭოთა კავშირმა და გერმანიამ ევროპის ტერიტორიები გაიყვეს. მეგობრობა ხანმოკლე აღმოჩნდა, რაშიც უდავოა სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურების წვლილი. ამიტომ, არ არის გასაკვირი მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის უტყუარობა. მესამე რაიხის საიდუმლო ლაბორატორიაში, ეგრეთ წოდებულ „რიბენტროპის ბიუროში“ აღმოჩენილია ინფორმაცია, საიდანაც ჩანს, რომ „ბლიცკრიგის“ იდეა თავად ჰიტლერს ეკუთვნოდა. მას მიაჩნდა, რომ მოულოდნელი თავდასხმის გარეშე გამარჯვება შეუძლებელი იქნებოდა და ურთულესი შესასრულებელი, რადგან გერმანიის სახელმწიფო სტრუქტურებში სტალინს უამრავი აგენტი ჰყავდა. ამიტომ, თავდაპირველად, დეზინფორმაციული აქციის მონაწილეებს უნდა გაევრცელებინათ ვერსია იმის თაობაზე, რომ რაიხის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი არ აქვს, სად და რომელი მიმართულებით დაიწყოს სამხედრო მოქმედებები – საბერძნეთში, ინგლისსა თუ აფრიკაში. აპრილის შუა რიცხვებიდან ათეულობით გერმანული დივიზიის სამხრეთით გადაადგილება შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა, რაც ბრწყინვალე თვალისამხვევი მანევრი იქნებოდა ინგლისზე თავდასხმისთვის. საგარეო ურთიერთობებში კი გერმანიას თავი ისე უნდა დაეჭირა, თითქოს საბჭოთა კავშირთან დიპლომატიურ ვაჭრობას აპირებდა. შემდეგ კი მოთხოვნები წაეყენებინა, რათა ხანგრძლივი დროით დასავლეთ უკრაინაზე განეხორციელებინა კონტროლი, აზერბაიჯანული ნავთობიდან კი წილი აეღო. ცრუ ინფორმაციების საქმეში გერმანიის საუკეთესო მეცნიერები, პოლიტიკოსები, დაზვერვის თანამშრომლები ჩაერთვნენ. „რიბენტროპის ბიურო“ შემოქმედებით ბიუროდ და სერიოზულ ცენტრად იქცა. საკვანძო ადგილი საგარეო საქმეთა მინისტრის დაახლოებულ პირს, ამავე სამინისტროს ჩინოვნიკს, რუდოლფ ლიკუსს ეკავა, რომელიც უსაფრთხოების მთავარი სამმართველოდან იყო მივლინებული. მას დიპლომატიურ უწყებაში უცნაური წოდება ჰქონდა – მოხსენების უფლების მქონე მრჩეველი, ანუ ნებისმიერ დროს შეეძლო, ფორმალური პროცედურების გარეშე, შეხვედროდა ფიურერს. ვინ იყო ეს ადამიანი? უეჭველია, თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი, ფენომენალური ოსტატი, უნიჭიერესი მზვერავი. მან გესტაპოში მომუშავე კოლეგების დახმარებით მოახერხა საბჭოთა წარმომადგენლობის ყველა თანამშრომელზე ამომწურავი დოსიე ჰქონოდა. შრომა დაუფასდა. ობერ ფიურერის ჩინი მიიღო გერმანელი ერის წინაშე დამსახურებისთვის.
P. S. სასჯელმა დააყოვნა სტალინს სახელმწიფო უშიშროების აგენტურული ქსელის გარდა, რომელიც მთელ მსოფლიოში იყო გაბნეული, სხვა ინფორმატორებიც ჰყავდა. ისინი დაშიფრული შრიფტით „ენკავედეს“ ინფორმაციებს აწვდიდნენ, რომლებსაც პირადად სტალინი ეცნობოდა. ბელადი მათზე მზრუნველობას იჩენდა. ყველანაირად ეხმარებოდა მათ და მათი ოჯახის წევრებს, როგორც ფინანსურად, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით. თუმცა, ღალატის შემთხვევაში, სხვაგვარად იქცეოდა. 1947 წლის 21 მაისს, იმპერიის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ოფიცერი (IV-D) რუდოლფ ლიკუსი საბჭოთა ტყვეობაში ჩავარდა ლატვიელ ჟურნალისტთან ერთად. მათ აღიარეს, რომ რეგულარულად ჩადიოდნენ ჰიტლერთან დეზინფორმაციული თამაშების მოსახსენებლად. გერმანელმა „ჯეიმს ბონდმა“ სასწაულებრივად მოახერხა გაქცევა და თავშესაფარი შეერთებულ შტატებში იპოვა. ლატვიელი კი ბელადის ბრძანებით სიკვდილით დაისაჯა. მას ბოლომდე თავგამოდებით იცავდა საბჭოთა უშიშროების შეფი ლავრენტი ბერია, როგორც უანგარო და პატიოსან თანამებრძოლს, მაგრამ უშედეგოდ. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, სტალინის სიკვდილის შემდეგ, ლავრენტი პავლეს ძე ბერიას სხვადასხვა ბრალდებებთან ერთად, აღნიშნულიც წაუყენეს. არადა, ამერიკული წყაროების თანახმად, მის გარეშე „რიბენტროპის ბიუროსთან“ შერკინება შეუძლებელი იქნებოდა და ვერც სტალინი დახურავდა საიდუმლო ლაბორატორიას.