ბონდო შალიკიანს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა 15 წლის წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის მიუსაჯეს
ოფიციალურად პატიმრის სტატუსის მქონე, რუსეთში თავშესაფარმიცემულ ბონდო შალიკიანის შვილს, შეიძლება, მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯონ. 20 წლის ზურა შალიკიანს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ადანაშაულებენ, მაგრამ, შესაძლოა, მას თანაკლასელის ქუთაისელი თორნიკე კვიცარიძის მკვლელობის მცდელობაშიც დასდონ ბრალი: პოლიცია ამბობს, რომ ის იმ იარაღით დააკავეს, რომლითაც კვიცარიძე დაჭრეს. თუმცა, გამოძიებას ცივი წყალი დაჭრილმა გადაასხა – იგი ამბობს, რომ მას არა შალიკიანმა, არამედ უცნობმა ესროლა, რომელსაც ას კაცში ამოიცნობს. მაგრამ როგორ აღმოჩნდა ეს იარაღი შალიკიანის ხელში, იმედია, ამას გამოძიება დაადგენს. მანამდე კი დაკავებულის მხარე პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე, მამის გამო შვილის დასჯაზე ლაპარაკობს. საქმე ისაა, რომ სტრასბურგის სასამართლომ ბონდო შალიკიანის საქმე მიიღო წარმოებაში, მოგების შემთხვევაში კი საქართველოს ბიუჯეტიდან მას შესაძლოა, დიდი თანხა ერგოს.
ტელევიზიით ჯერ კიდევ 15 ივნისს გაცხადდა, რომ ზურა შალიკიანი იარაღის უკანონოდ ტარების გარდა, კვიცარიძის მკვლელობის მცდელობისთვისაცაა ბრალდებული. ეს ამბავი დაჭრილის ოჯახის წევრებმაც მოისმინეს და გაოცდნენ, რადგან დაჭრილისგან უკვე იცოდნენ, რომ მას ოთხი ტყვია სრულიად უცნობმა ესროლა. ამიტომ, დაჭრილის ბებია ბონდო შალიკიანის სიძეს დაუკავშირდა, რის შემდეგაც ის დაკავებული შალიკიანის ადვოკატს შეხვდა.
კვიცარიძის ბებიამ ადვოკატს ჩვენება მისცა: „13 ივნისს, დაახლოებით 12-ის ნახევარზე სახლში ვიმყოფებოდი. და მეძინა. გამაღვიძა შემზარავმა კივილმა. გამოვვარდი გარეთ და დავინახე ჭიშკართან დაგდებული ჩემი შვილიშვილი, რომელიც სისხლში ცურავდა. ოთხი ტყვია ჰქონდა კიდურებში მოხვედრილი და, აშკარად კვდებოდა. გადავიყვანეთ საავადმყოფოში, სადაც ოპერაცია გაუკეთდა. მესამე დღეს, როდესაც ბავშვთან გასაუბრების ნება დამრთეს ჩავეძიე და ვკითხე ვინ ესროლა. მან მითხრა, რომ ის შემოდიოდა ჭიშკარში, როცა ვიღაცამ სახელი დაუძახა, შემობრუნების დროს მან დაინახა, უცნობი, რომელიც ძალიან კარგად ახსოვს და შეუძლია, ას კაცში ამოიცნოს. თორნიკემ მითხრა, რომ ის იყო უცნობი... ჩემი შვილიშვილი ძალიან კარგად იცნობდა ზურა შალიკიანს და ის რომ ყოფილიყო თავდამსხმელი, აუცილებლად ამოიცნობდა. აღნიშნული ფაქტის შესახებ მე ვუამბე ბონდო შალიკიანის სიძეს, რომელიც თქვენ დაგიკავშირდათ. თქვენთან, ადვოკატ ზაზა ხატიაშვილთან, ჩემი შეხვედრა მოხდა ნებაყოფლობით“.
ასეა თუ ისე, ზურა შალიკიანს ორთვიანი პატიმრობა უკვე შეეფარდა, მაგრამ მხოლოდ იარაღის ტარების გამო. პატიმარი სასამართლოს 50 ათას ლარ გირაოს სთავაზობდა, მაგრამ პროკურატურისგან უარი მიიღო მოტივით: ბრალდებულმა ქუთაისში პიროვნება დაჭრა, რაზეც დაწყებულია წინასწარი გამოძიებაო, ანუ გამოძიება ამბობს, რომ შალიკიანმა კვიცარიძე დაჭრა. მაგრამ, საინტერესო ისაა, რომ მას ბრალი დღემდე არ აქვს წაყენებული, მით უმეტეს, პატიმარმა აღიარებითი ჩვენება დაკავებისთანავე მისცა. რაშია საქმე? ძალიან ძნელი სათქმელია, მაგრამ უცნაურია – „თბილისელებს“ დაკავებულის ადვოკატმა განუცხადა, რომ დაჭრის მომენტში შალიკიანი არა ქუთაისში, არამედ თბილისში იმყოფებოდა.
ზაზა ხატიაშვილი, შალიკიანების ადვოკატი:
„სასტიკად ნაცემ შალიკიანს „მოდულის“ შენობაში ძლივს მივაგენი. ის უკვე დაკითხული აღმოჩნდა, დაჭრა უკვე აღიარებული ჰქონდა. მითხრა, რომ გამოძიებამ აღიარება ურჩია, რის სანაცვლოდაც საპროცესო გარიგებით გაუშვებდნენ. ვუთხარი, რომ უნდა გვეჩივლა, მაგრამ ბავშვმა – მეტს ვეღარ გადავიტან, ისეთ სიტუაციაში ვიყავი, შოთა რუსთაველის მკვლელობასაც ვაღიარებდი, დამპირდნენ, რომ გამიშვებენო. თუმცა, პატიმრობა რომ შეუფარდეს, მიხვდა, არავინ უშვებდა და დედამისმა დამირეკა, საქმეში ჩართვა მთხოვა. ვინაიდან მისი ჩვენება ცემითაა მოპოვებული, მას მტკიცებულების ძალა არ აქვს. ანდა, სადაა ლოგიკა: შალიკიანი კეკელიძეზე სიმამრის მანქანით მოძრაობისას იმ იარაღით დააკავეს, რომლითაც თითქოს კვიცარიძეა დაჭრილი, ანუ, 13-ში მან ქუთაისში კაცი დაჭრა და 15-ში ამ იარაღით თბილისის ქუჩებში დადიოდა?
რაც ამ ბავშვს მოუწყვეს, იმ პროცესის გაგრძელებაა, რაც მამამისის მიმართ ხდება. ჯერ ისიც იარაღზე დააკავეს და ოთხ თვეში 20 ათასი ლარი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაუშვეს. მაგრამ, ეს არ ეყოთ და სამი წლის შემდეგ, 2007 წელს, ტრაგიკომიკური დანაშაულისთვის მასზე ხელახლა აღძრეს საქმე და რატომ: შალიკიანს იმერეთის მაშინდელმა სამხარეო პროკურორმა, ამჟამად გუბერნატორმა მიხეილ ჩოგოვაძემ დაურეკა – ქონება სახელმწიფოს გადაეცი, თუ არადა, პრობლემები შეგექმნებაო. შალიკიანმა ჩოგოვაძეს არათუ უარი უთხრა, მისი სატელეფონი საუბარი ჩაიწერა. ამის გამო ჩოგოვაძე დასაჭერი იყო, მაგრამ გუბერნატორად დანიშნეს. შალიკიანზე კი, თვე-ნახევარში, 2007 წლის 12 დეკემბერს, საქმე აღძრეს და ორ თვეში, 2008 წლის 7 თებერვალს 13 წელი დაუსწრებლად მიუსაჯეს. განაჩენი სტრასბურგში გავასაჩივრე, სადაც საქმეს უკვე თავისი ნომერი მიეცა. ახლახან, 12 ივნისს, სტრასბურგიდან ფაქსით მომივიდა მორიგი შეტყობინება და მეორე დღიდან მთელი „ნაც-ელიტა“, პრეზიდენტის ჩათვლით, გააქტიურდა – შალიკიანი ოპოზიციას აფინანსებსო. 15-ში კი მისი შვილი დააკავეს და წინასწარ დაგეგმილი მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ გამოაცხადეს. ეს მაშინ, როდესაც ზურა დაჭრის დღეს ქუთაისში საერთოდ არ ყოფილა“.
რისთვის მიუსაჯეს
შალიკიანს 13 წელი
ბონდო შალიკიანი, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ტყიბული მონტე-კარლოდ უნდა ექცია, ერთ დროს ქუთაისის საკრებულოს წევრი, ბოლოს კი დეპუტატი იყო. 2004-ში ირაკლი ოქრუაშვილმა ის ტრუსების ამარა დააკავა იარაღის უკანონო შენახვისთვის. ოთხ თვეში, გათავისუფლების შემდეგ შალიკიანმა რუსეთში მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი, თუმცა, 2007 წელს, ადამიანის გატაცებისთვის, გამოძალვისა და ქურდული სამყაროს წევრობის გამო მასზე ხელახლა აღძრეს საქმე ამ სამი ბრალდებისთვის 13 წელი მიუსაჯეს.
საინტერესოა ის გარემოება, რომ ეს სასჯელი შალიკიანს 1992 წელს, ანუ 15 წლის წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის მიუსაჯეს. სწორედ ამიტომაც ჩივის ადვოკატი სტრასბურგში – გარდა იმისა, რომ საქმე ხანდაზმულია, ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდება მთლიანად აბსურდულია.
გამოძიების მასალებით, 1992 წლის 23 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა ვინმე მიხეილ ღვინეფაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ ის 1992 წლის 18 მარტს გაიტაცეს და 5 მილიონ მანეთს სთხოვდნენ. მისი თქმით, თავდამსხმელებმა შუამავლის სტატუსით საქმეში კრიმინალური ავტორიტეტი დათო ორბელაძე ჩართეს, რომლის მეშვეობითაც ღვინეფაძე გამტაცებლებს შეჰპირდა, რომ ერთ მილიონ რუბლს 1 აპრილამდე გადაუხდიდა, რის შემდეგაც ის გაათავისუფლეს. რამდენჯერმე დაკითხული ღვინეფაძე ყველა ჩვენებაში ამბობს, რომ მან მხოლოდ ორბელაძის ვინაობა იცის. ის 12 წლის შემდეგ, 2004 წელსაც დაკითხეს, როდესაც ბონდო შალიკიანი დააკავეს, მაგრამ მაშინაც არაფერი უთქვამს. 15 წლის შემდეგ კი, 2007 წლის აგვისტოში, „გაიხსენა“, რომ მის გატაცებასა და ფულის გამოძალვაში მონაწილეობდა ბონდო შალიკიანი, რომელიც გატაცების დროს ავტომატით ედგა თავზე.
თუმცა, გარდა ამისა, მან გამოძიებას ისიც უამბო, რომ, მას შემდეგ, რაც ის შალიკიანმა გაიტაცა, ამ ამბიდან 8 წლის შემდეგ, ანუ 2000 წელს, მან ბიზნესის დაწყება – მინის საამქროს წარმოება გადაწყვიტა, რაშიც დამფინანსებელი სჭირდებოდა. მეგობარმა გაბრიაძემ უთხრა, რომ ამ ბიზნესით ბონდო შალიკიანიც იყო დაინტერესებული და ისინი შალიკიანის ოფისში შეახვედრა, სადაც ერთობლივი საწარმოს შექმნაზე შეთანხმდნენ. ღვინეფაძე ამბობს, რომ შალიკიანმა მას 10 000 ლარი მშენებლობის პროცესის დაფინანსებისა და დანადგარების დამონტაჟებისთვის მისცა, მაგრამ მოგვიანებით შალიკიანმა საამქროს დაფინანსება შეწყვიტა და ცდილობდა, მისთვის საერთოდ წაერთმია საამქრო, რის გამოც თავისი დანადგარების უკან დაბრუნება მოსთხოვა. მომჩივანის თქმით, შალიკიანის დავალებით, ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე, დღის საათებში, მას შალიკიანის ნდობით აღჭურვილი დავით გაბელაშვილი და მურმან ბერძენაძე შეხვდნენ და აუხსნეს, რომ შალიკიანი ქურდების მეგობარი იყო და თუ იჩივლებდა, ბონდო ამას არ აპატიებდა, ანუ განუცხადეს, რომ თავი დაენებებინა საამქროსთვის. როგორც განაჩენშია აღნიშნული, იმის გამო, რომ მიხეილ ღვინეფაძე განიცდიდა მორალურ და მატერიალურ ზარალს, იძულებული გახდა, პოლიციისთვის მიემართა.
სწორედ ამის გამო აღძრეს შალიკიანზე საქმე – ის 1992 წელს ღვინეფაძის გატაცებაში, მისთვის ქონების გამოძალვასა და ქურდული სამყაროს წევრობაში დაადანაშაულეს. ციხის გზას გაუყენეს გაბელაშვილი და ბერძენაძეც – ისინი ვინც ღვინეფაძეს არწმუნებდნენ, რომ ბონდო ქურდების მეგობარი იყო.
გაბელაშვილი და ბერძენაძე, პირველ ეტაპზე შალიკიანის საწინააღმდეგოდ არაფერს ამბობდნენ, მაგრამ საბოლოოდ დაადასტურეს, რომ შალიკიანი ღვინეფაძეს ქურდებით ემუქრებოდა, რითაც შალიკიანის ქურდულ სამყაროსთან კავშირი დადასტურდა. თუმცა, როგორც ადვოკატი ხატიაშვილი ამბობს, სწორედ მხილების გამო მიიღეს გაბელაშვილმა-ბერძენაძემ მსუბუქი სასჯელები – ორივეს ხუთ-ხუთი წელი პირობითი პატიმრობა ერგო, ხოლო შალიკიანს – 13 წელი.
სტრასბურგის საჩივარში ადვოკატი სასამართლოს საქმის აბსურდულობას აცნობს: რომელი ჭკუათმყოფელი ადამიანი მივა ბიზნესის წარმოების თხოვნით იმ ადამიანთან, რომელიც მის გატაცებასა და ფულის გამოძალვაში მონაწილეობდა? თანაც, თავად ღვინეფაძე ჩვენებაში ამბობს, რომ ბიზნესის ასაწყობად 10 ათასი ლარი შალიკიანმა აქეთ მისცა. მართლაც, ღვინეფაძე თავადვე ამბობს, რომ 1992 წელს შალიკიანმა ის გაიტაცა, მერე კი მისი ბიზნესპარტნიორი გახდა...
რაც შეეხება შალიკიანის ქურდული სამყაროს წევრობას, სასამართლომ იმით დაადგინა, რომ ის ღვინეფაძეს ავტორიტეტებით აშინებდა. გარდა ამისა, განაჩენში ვკითხულობთ, რომ შალიკიანი 1990 წლიდან დღემდე ქურდული სამყაროს წევრია და ახლო ურთიერთობაში იმყოფება კანონიერ ქურდებთან: ვალიკო ლაზაშვილთან, ზაზა ამბროლაძესთან, დავით სეფისკვერაძესთან, ტარიელ ფოცხვერიასთან, მალხაზ მინდაძესთან, ტარიელ ონიანთან, მამუკა კვიჟინაძესთან, თემურ ნემსიწვერიძესთან და ზაალ მახარობლიძესთან. ასევე ახლო ურთიერთობა ჰქონდა აწ გარდაცვლილ კანონიერ ქურდებთან – ელგუჯა კუბლაშვილთან და გურამ ჩიხლაძესთან და, როგორც მათი დაჯგუფების წევრი, მონაწილეობას იღებდა საქმის გარჩევებში...
რა ელით მამა-შვილ შალიკიანებს? თუ შვილ შალიკიანს მხოლოდ იარაღისთვის გაასამართლებენ მაქსიმუმ 5 წლამდე პატიმრობას მიუსჯიან, რაც შეეხება ბონდო შალიკიანს, საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, მისთვის 13-წლიანი პატიმრობის ათვლა დაკავების დღიდან დაიწყება.
ეკა ბარაბაძე