რომელი სასმელი რომელ კერძს უნდა მიაყოლოთ და რატომ უნდა გადაკრათ „პახმელიაზე“ ორი ჭიქა ღვინო
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, იწყება იმაზე ფიქრი, რა დავლიოთ, რომ ნაბახუსევი ადვილად დავძლიოთ. მოგეხსენებათ, საზეიმო სუფრაზე მთავარი როლი სწორად შერჩეულ ალკოჰოლურ სასმელს ენიჭება. თუ გინდათ, დალევისა და დროსტარების შემდეგ მეორე დღეს თავი არ აგტკივდეთ და „პახმელიამ“ არ შეგაწუხოთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ბატონი გივი ჩაგელიშვილის რჩევა. ასე რომ, სანამ საახალწლო სუფრას მიუჯდებით, კარგად გაიაზრეთ, რა უნდა გააკეთოთ, რომ დალევის მერე, ჯანმრთელობა არ შეგერყეთ. ასევე გახსოვდეთ, სულხან-საბა ორბელიანის შეგონება: „განეკრძალენით ზედასა-ზედა ღვინის სმასა და მარადის სიმთვრალესა, ვინაითგან მთვრალობა არს ყოვლისა ცოდვისა და შემძინებელი უსჯულოებასა ზედა უსჯულოებისა. სტუმარნი ისტუმრენით სიხარულითა, სვით ღვინო ზომიერად და ჭამეთ ტაბლა კეთილად, მოყვასნი შეიყვარენით უცოდველად და კეთილსა უყოფდეთ და ნუ ბოროტსა“.
თანაც, ნებისმიერ საკვებს შესაბამისი სასმელი უხდება და თუ გინდათ, საკვებით მიღებული სიამოვნება გაიასმაგოთ, მას ალკოჰოლიც სწორად უნდა შეურჩიოთ. ამ შეხამებაზე კი გარკვეულ რჩევებს, სწორედ ბატონი გივი მოგაწვდით.
– ბატონო გივი, ამბობენ, მეორე დღეს, დილით, თავი იმას არ სტკივა, ვინც ცოტა კი არ დალია, არამედ – სწორად დალიაო. იქნებ, გვითხრათ, ალკოჰოლი სწორად როგორ შევარჩიოთ, რომ შეგვერგოს?
– მართალია, საზეიმო სუფრაზე ღვინის სმის ხელოვნება ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ამა თუ იმ კატეგორიის ღვინის დასალევად ჭიქის შერჩევას, ღვინის ტემპერატურის დაცვას და კერძთან შესაბამისობას. მაგალითად, ღვინის დასალევად გამოიყენება თხელი, გამჭვირვალე მინის ჭიქა. არ არის მიღებული სქელკედლიანი და ფერადი მინისგან დამზადებული ჭიქის გამოყენება. შესაფერისი ჭიქიდან ადამიანი ღვინის არომატს, გემოსა და ფერს შეიგრძნობს. ღვინის ფერის უკეთ შეგრძნების მიზნით, ოთახში უნდა იყოს ნორმალური განათება. ჭიქა კი უნდა გაირეცხოს თბილი წყლით და გამშრალდეს სუფთა და მშრალი ტილოთი. მოკლედ, საახალწლო მაგიდაზე ღვინოს ამშვენებს გამჭვირვალე თხელი ბროლის, ზომიერი მოცულობის, ფეხიანი ნაზი ჭიქა, რომელიც უნდა შეივსოს 2/3-ით. ასევე, გასათვალისწინებელია ღვინის ტემპერატურა. სასურველ ტემპერატურაზე ღვინო თანდათანობით უნდა მიიყვანოთ. ღვინო უნდა იყოს ჩაცივებული, მაგრამ არა გადაცივებული ან გაყინული. ღვინის სასურველ ტემპერატურაზე მიყვანის მიზნით, დაუშვებელია ძლიერი გაცივება, საყინულეში მოთავსება, შიგ ყინულის ჩაგდება და ასე შემდეგ.
– რამდენ გრადუსზე უნდა ჩავაცივოთ ამა თუ იმ ტიპის ღვინო, სანამ მას მაგიდასთან მივიტანთ?
– მაგალითად, სანამ მაგიდასთან მიიტანთ მშრალი, თეთრი და ვარდისფერი ღვინოები უნდა ჩააცივოთ 8-12 გრადუსზე, თეთრი ნახევრად მშრალი, ნახევრად ტკბილი, ცქრიალა და შუშხუნა ღვინოები 6-8 ცელსიუს ტემპერატურაზე; მშრალი წითელი ღვინოები 18-19 გრადუსზე; წითელი ნახევრად ტკბილი, ნახევრად მშრალი და მსუბუქი წითელი ღვინოები კი – 10-12 ტემპერატურამდე. ასევე, შეგახსენებთ, რომ სუფრაზე ხდება ღვინის თვითგათბობა. 6-8 გრადუსზე ჩაცივებული ღვინო ოთახის ტემპერატურაზე, ათი წუთის შემდეგ, თბება 10-12 გრადუსამდე. სუფრაზე, სხვადასხვა ღვინო, სხვადასხვა ღვინის ჭიქით უნდა დალიოთ და არა ერთი სასმისით. ბოთლის გახსნაც და ჭიქაში ღვინის დასხმაც კი სათანადო ყურადღებას მოითხოვს. ბოთლიდან ამოღებული საცობი მაშინვე უნდა დაყნოსოთ. თუ მას საცობის სუნი აქვს, ბოთლი უნდა შეიცვალოს. ჭიქაში ღვინის ჩასხმის დროს, ბოთლი არ უნდა დაიკავოთ ძალიან მაღლა. ბოთლის ყელი მიიტანეთ ჭიქასთან ისე, რომ მას არ შეახოთ და სითხეც ნელა მოედინებოდეს. ჭიქა არ გაავსოთ ბოლომდე, როგორც ეს სტუმართმოყვარე ქართველებს გვჩვევია (იცინის).
– 2011 წელს, თუ ასტროლოგებს დავუჯერებთ, საახალწლო მაგიდაზე აუცილებლად უნდა იდოს ტკბილი ლიქიორი, რომელიც ამ წლის მბრძანებელს ძალიან უყვარს. ამ მხრივ რას გვირჩევთ?
– საერთოდ, ლიქიორი არის სასმელი, რომელიც განკუთვნილია ნოყიერი, მსუყე სადილის ან ვახშმის მერე დასალევად. ლიქიორით ქეიფი არ გამოვა, რადგან ის ადუნებს ადამიანს. საახალწლო სუფრას ძალიან უხდება შამპანური და წითელი ღვინო, მაგრამ კერძებთან თეთრი ღვინო მიდის და, თუ წელს აუცილებელია ლიქიორიც იდგეს სუფრაზე, რა პრობლემაა? დადგით (იცინის).
– ბატონო გივი, რომელ კერძს, რომელი ალკოჰოლის მიყოლება უხდება, რომ ორივეს გემო კარგად შეეხამოს ერთმანეთს და ადამიანს მაგიდასთან სიამოვნება მიანიჭოს?
– ქართული სუფრა მრავალფეროვანია. საკმაოდ უხვად ვიცით კერძები. ყველა სტუმარს სხვადასხვა კერძთან სხვადასხვა ღვინო რომ შესთავაზოთ, წარმოიდგინეთ, რა თანხა დაგიჯდებათ ის ქეიფი. საერთოდ, საქეიფოდ კარგია თეთრი, მშრალი ღვინო, რომელიც ხალხს ტრადიციულ კერძებთან აქეიფებს და მეორე დღეს ნაბახუსევსაც აგარიდებთ. იმისთვის, რომ ხანგრძლივად ვისიამოვნოთ საახალწლო დღესასწაულით, სასმელი უნდა გვაძლევდეს ამის საშუალებას. ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს დათრობა. უნდა ვიზეიმოთ და ვიხალისოთ. ამისთვის კი წითელი, მშრალი ღვინის ერთბაშად სმა არ გამოგადგებათ. ჭიქაში ჩასხმულ სითხეს, ნელ-ნელა, ყლუპ-ყლუპით უნდა მიეპაროთ და თანდათანობით შეიგრძნოთ, რომ მისი აღქმა ორგანიზმმაც მოახერხოს. ღვინის დალევის შემდეგ იგრძნობთ, როგორ ნელ-ნელა შეგეპარათ თრობა, ასევე ნელ-ნელა გადის და ეს პროცესი ხანგრძლივდება. ანუ, დილამდე სასიამოვნო განწყობაზე იქნებით. თუ ახალ წელს კლუბში ხვდებით, მეგობრებთან ერთად, იქ ღვინის სმა არ გამოგადგებათ. უპირატესობა კოქტეილს მიანიჭეთ და სვით ნელ-ნელა. ასევე მისაღებია, რამდენიმე ჭიქა მაგარი სასმელიც, მაგალითად, ტეკილათი ან ვისკით მომზადებული კონიაკი. როცა თქვენ დოზას მიიღებთ და ამას მიხვდებით, მერე გადადით მსუბუქ ალკოჰოლურ, გაზავებულ სასმელზე. მაგალითად, დალიეთ არყის და „ენერჯეიზერის“ ნაზავი. ასე თუ მოიქცევით, სიმთვრალეს შეინარჩუნებთ, მაგრამ თავს მხნედ იგრძნობთ და ტონუსში იქნებით. რაც შეეხება საჭმლის შეხამებას ალკოჰოლთან, კერძოდ, ღვინოსთან, გეტყვით, რომ თევზეულთან და ზღვის სხვა პროდუქტებთან კარგია მშრალი თეთრი ღვინის მიყოლება. თეთრი ხორცისგან დამზადებულ საჭმელთან, მაგალითად ხბოს, ბატკნის, ღორის და ფრინველის ხორცთან – წითელი, ნაზავი ღვინოები; ძროხის და ცხვრის ხორცისგან მომზადებულ კერძებთან – წითელი ღვინო, ხილთან, დესერტთან, შოკოლადთან და გოზინაყთან მისაყოლებლად კი – თეთრი და წითელი ნახევრად მშრალი, ნახევრად ტკბილი, ცქრიალა და შუშხუნა ღვინოები. საერთოდ, ამა თუ იმ საჭმელთან ღვინის შეხამების წესი ჩამოყალიბებულია მრავალწლიანი პრაქტიკით. ცუდ ტონად არ ჩაგეთვლებათ, საკუთარი სურვილის მიხედვით თუ შეარჩევთ ამა თუ იმ საჭმელთან თქვენი გემოვნებისთვის შესაფერის ღვინოს. მთავარია, ღვინის სმის დროს შეინარჩუნოთ ზომიერება და არ მიირთვათ ზომაზე მეტი. მესმის, რომ ახალ წელს ბევრი სუფრის გამოცვლა გიწევთ და შესაბამისად, სასმლის არევაც, ამიტომ, უნდა გახსოვდეთ, რომ მშრალი ღვინო უნდა დალიოთ ტკბილზე ადრე, თეთრი მშრალი ღვინო – წითელზე ადრე, წითელი ღვინო – ლიქიორული ტიპის ღვინოზე ადრე, ახალგაზრდა ღვინო კი – ყველაზე ადრე. ღვინო არ უნდა მიირთვათ ძმრით შეზავებულ კერძებთან. ამ შემთხვევაში, უმჯობესია, წყლის მიყოლება. ისე, სუფრასთან თქვენი ხელით დაწურული ღვინის სმას არაფერი ჯობია. საახალწლოდ, თუ თქვენი ხელით დაწურული, საქეიფო ტიპის ღვინო გაქვთ, ამაზე უკეთესი რა არის. აქაც, გემოვნებაზე არ დავობენ, ზოგს კახურად დაყენებული ღვინოები მოსწონს, ზოგს – ევროპულად. იმასაც გააჩნია, თქვენი ორგანიზმი რა მდგომარეობაშია, რადგან კახურად დაწურულ-დაყენებული ღვინო ტანინით მდიდარია და ადამიანის კუჭ-ნაწლავი კარგად იტანს. მაგრამ, თუ კუჭის დაბალი მჟავიანობა გაწუხებთ, უმჯობესია, სუფრასთან ევროპულად დაყენებული ღვინო მიირთვათ. კი ვამბობთ, ამ კერძს ამ ტიპის ღვინო უხდებაო, მაგრამ ყველას ხომ არ აქვს საშუალება ის იყიდოს? ამიტომ, რაც გაქვთ, ის ჩააცივეთ შესაბამის ტემპერატურაზე, დადგით მაგიდაზე და დალიეთ სწორად. რადგან წელს გვეუბნებიან, ამ წლის მბრძანებელი თეთრი კურდღელია და შესაბამისად, საახალწლო სუფრაზეც თევზეული მეტი იყოსო, ათგრადუსიანი, თეთრი მშრალი ღვინო უნდა დადგათ მაგიდაზე. თან, ჩააცივეთ 12-14 გრადუსზე, რომ ღვინომ თავისი გემო და ბუკეტი არ დაკარგოს დაგემოვნების პროცესში.
– ზოგი, ქეიფის შემდეგ, დილით „პახმელიასთან“ საბრძოლველად მაგარ ყავას ან ჩაის სვამს. ეს თუა სასარგებლო?
– მართალია, ზოგი „პახმელიის“ მოხსნას მაგარი ჩაის ან ყავის სმით ცდილობს. პირადად მე გირჩევთ, რომ ასე არ მოიქცეთ, რადგან მაგარი ჩაი და ყავა გულს აჩქარებს. ამ დროს არც ცხელი აბაზანა ვარგა. ხომ გაგიგიათ, რამაც დამაავადა, იმანვე განმკურნოსო. ჰოდა, გადაჰკარით ორი ჭიქა ღვინო და მიაყოლეთ ცხელი წვნიანი. ჩაწექით თბილად და გამოიძინეთ. ეს უფრო ადვილად მოგიხსნით „პახმელიის“ მტანჯველ სინდრომს.