დონ კინგი იარაღზე დაიჭირეს
ძნელად მოიძებნება კრივის სამყაროში დონ კინგზე გავლენიანი, ცნობილი და სკანდალური პრომოუტერი, რომლის პროტეჟეები სხვადასხვა დროს იყვნენ – მაიკ ტაისონი, ლენოქს ლუისი, ევანდერ ჰოლიფილდი და როი ჯონსი. თუმცა, მისი უკანასკნელი სკანდალი კრივის სამყაროსგან შორსაა. რამდენიმე ხნის წინ, პატივცემული დონის ბარგში კლივლენდის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა საბრძოლო ტყვიები აღმოაჩინეს. კინგი აეროპორტშივე დააკავეს, თუმცა ტყვიების ჩამორთმევის შემდეგ, მას გზის გაგრძელების უფლება მიეცა. საინტერესოა, რომ კლივლენდიდან, სადაც იგი მეუღლის დაკრძალვის გამო იმყოფებოდა, კინგი ფლორიდაში გაემგზავრა. ის კი, თუ რა მიზნით ჰქონდა მას დამალული ბარგში საბრძოლო ტყვიების კომპლექტი, უცნობია.