ევროპის რომელ კლუბებს ჰქონდათ გამოცხადებული ნადირობა ლუიშ ფიგუზე და რომელი დანიელი ფეხბურთელი ვერ გახდა „არსენალის” ვარსკვლავი
ზაფხულობით, ეროვნული საფეხბურთო პირველობების დასრულების ან, საზამთრო შესვენებების პერიოდში, ყველაზე დიდ ინტერესს გულშემატკივრებში კლუბების სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა იწვევს. ფეხბურთელები კლუბს იცვლიან, გუნდების მეპატრონეები კი, ხშირ შემთხვევაში, დიდძალ ფულს ახარჯავენ საკუთარი კლუბის გაძლიერების პოლიტიკას, რამაც, მათი ვარაუდით, წარმატება უნდა მოუტანოს კლუბს იმ ტურნირებში, რომლებშიც იღებენ მონაწილეობას. „თბილისელების” ამ ნომერში საუბარი ცნობილ ტრანსფერებზე გვექნება, თუმცა, არა ფიგუსა და ზიდანის გადასვლაზე „რეალში”, არამედ მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე გახმაურებულ ათ არშემდგარ ტრანსფერზე, რომლებიც, მართალია, არ განხორციელებულა, მაგრამ დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ დიდი გავლენა მოეხდინათ ფეხბურთის ვარსკვლავების შემდგომ კარიერაზე.
ფრენკ უორტინგტონი: „ჰადერსფილდ თაუნი“ – „ლივერპული“ (1972)
უორტინგტონი ჯორჯ ბესტის ნაკვალევს გაჰყვა და ფეხბურთის მაღალ დონეზე თამაშს ალკოჰოლური სასმელების მიღება შეუთავსა. 1972 წელს პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო მისი გადასვლა „ლივერპულში”, მაგრამ, ბოლო მომენტში ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა, რადგან ტესტმა მაღალი არტერიული წნევა დაუდგინა. „ლივერპულის” ლეგენდარულ მწვრთნელს, ბილ შენკლის სურდა, რომ ფეხბურთელი მისი გუნდის წევრი გამხდარიყო და სამედიცინო ტესტის გავლაზე ხელმეორედ დაიბარა, თუმცა მანამდე უორტინგტონს ალკოჰოლისგან უნდა დაესვენა. ფრენკმა ხელმეორედაც ჩააგდო ტესტი და თავისი საფეხბურთო ნიჭი ალკოჰოლს საბოლოოდ შესწირა. არადა, 70-იან წლების ბრიტანულ ფეხბურთში იგი ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლებოდა.
რონალდინიო: „პარი სენ ჟერმენი“ – მადრიდის „რეალი“ (2003)
2001 წელს თითქმის გადაწყვეტილი იყო რონალდინიოს გადასვლა მოკრძალებულ შოტლანდიურ კლუბ „სენტ-მირენში”, მაგრამ, გაყალბებულ პასპორტთან დაკავშირებული სკანდალის გამო გარიგება არ შედგა. 2003 წელს ბრაზილიელი ფეხბურთელი მადრიდის „რეალში” გადასვლასთან იყო ახლოს, თუმცა ბოლო მომენტში „ბარსელონაში” აღმოჩნდა. ამბობენ, რომ მაშინდელი „რეალის” „გალაქტიკოსებს” შორის ბრაზილიელი მახინჯად გამოჩნდებოდა და ფლორენტინო პერესმა ბოლო მომენტში მის ყიდვას „მანჩესტერ იუნიატედიდან” დევიდ ბექჰემის ყიდვა ამჯობინა.
პრებენ ელკიაერი: „ლოკერენი“ – „არსენალი“ (1984)
1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვარსკვლავი დანიის ნაკრების შემადგენლობაში, პრებენ ელკიაერი, ორი წლით ადრე იყო ახლოს, ლონდონურ კლუბში გადასვლასთან, თუმცა, ბოლო მომენტში მას 31 წლის პოლ მარინერი ამჯობინეს, რომელსაც არაფერი ღირებული არ გაუკეთებია „არსენალის” შემადგენლობაში, ელკიაერი კი იტალიურ „ვერონაში” გადავიდა, სადაც გუნდს 1984-1985 წლების სერია A-ს ჩემპიონის ტიტული მოაგებინა.
ლუიშ ფიგუ: ლისაბონის „სპორტინგი“ – „პარმა“/„იუვენტუსი“ (1995)
1995 წელს, 22 წლის იმედის მომცემი პორტუგალიელი, 22 წლის ლუიშ ფიგუ, ევროპის ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა და მასზე ნადირობა ჰქონდათ გამოცხადებული წამყვან კლუბებს. ყველაზე მეტს იტალიური „პარმა” და „იუვენტუსი” აქტიურობდნენ და ფიგუმ აგენტების „დახმარებით” ორივე გუნდთან გააფორმა ხელშეკრულება. საბოლოოდ, ფიგუს ორი წლით აეკრძალა იტალიურ კლუბებში მოხვედრა და იგი კატალონიურმა „ბარსელონამ” გადაიბირა, საიდანაც შემდეგ მისი ხმაურიანი და სკანდალური გადასვლა შედგა მოსისხლე „რეალში”.
იოჰან კრუიფი: „აიაქსი“ –
„დამბერტონი“ (1982)
სპორტული კარიერის ბოლოს, ლეგენდარული ჰოლანდიელი, იოჰან კრუიფი, რონალდინიოს მსგავსად კინაღამ შოტლანდიის ჩემპიონატის მეორე ლიგის კლუბში აღმოჩნდა. „ბარსელონის” ვარსკვლავი „აიაქსთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს, როდესაც მას მოულოდნელად შოტლანდიური „დამბერტონი” დაუკავშირდა და ხელსაყრელი პირობები წაუყენა. ამბობენ, რომ კრუიფი ორი დღის განმავლობაში განიხილავდა შემოთავაზებას და საბოლოოდ შოტლანდიელები უარით გაისტუმრა.
ალან შირერი: „საუთჰემპტონი“ – „მანჩესტერ იუნაიტედი“ (1992 და 1996)
პრემიერ-ლიგის ისტორია, შესაძლოა, სულ სხვანაირად განვითარებულიყო, 1992 წელს ალან შირერს ხელშეკრულება არა „ბლექბერნ როვერსთან”, არამედ „წითელ ეშმაკებთან” რომ გაეფორმებინა. მაშინ ალექს ფერგიუსონი აღარ იყიდიდა ფრანგ ერიკ კანტონას, ხოლო შირერს გაცილებით მეტი მოგებული ჯილდო ექნებოდა თავის კოლექციაში. 1996 წელს ფერგიუსონმა კიდევ ერთხელ სცადა, ეყიდა შირერი, თუმცა, ამ უკანასკნელმა თავისი ბავშვობის კლუბ „ნიუკასლ იუნაიტედში” ამჯობინა გადასვლა, სადაც დაასრულა კიდეც თავისი ჩინებული კარიერა.
კრიშტიანუ რონალდუ: ლისაბონის „სპორტინგი“ – „იუვენტუსი“ (2003)
რონალდუს ტალანტზე პირველად მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ „იუვენტუსის“ ყოვლისშემძლე მენეჯერი ლუჩანო მოჯი მას „იუვენტუსში” გადმოსვლაზე მოელაპარაკა. მაგრამ, გარიგება არ შედგა, რადგან, კონტრაქტის თანახმად, „სპორტინგში” მარსელო სალასი უნდა გადაეყვანათ, რომელმაც უარი განაცხადა პორტუგალიაში გადასვლაზე და რონალდუს ტრანსფერი „ბებერ ქალბატონში” არ განხორციელდა, რის შემდეგაც რონალდუს ალექს ფერგიუსონი დაუკავშირდა და... დანარჩენზე აღარ შევჩერდებით.
დიეგო მარადონა: „არგენტინოს ხუნიორსი“ – „შეფილდ
იუნაიტედი“ (1978)
ეს არშემდგარი ტრანსფერი, „ყველაზე ლეგენდარულის“ სტატუსს ატარებს. „შეფილდის” მაშინდელ მწვრთნელს, უბრალოდ, თანხა არ ეყო, რომ 18 წლის მარადონა ინგლისში სათამაშოდ გადმოეყვანა. თანხა, რომელიც მაშინ „არგენტინოს ხუნიორსმა” მოითხოვა, ფანტასტიკის ჟანრს განეკუთვნებოდა – 600 ათასი ფუნტი-სტერლინგი. მარადონას ნაცვლად, 160 ათასად „შეფილდმა”, მართალია, არგენტინელი, თუმცა მსოფლიოსთვის უცნობი ალექს სებალიო შეიძინა.
პელე: „სანტოსი“ – „რეალი“/„იუვენტუსი“ (მეოცე საუკუნის 60-იანი წლები)
მარადონასგან განსხვავებით, პელეს არასდროს უთამაშია ევროპულ კლუბებში, თუმცა, თავისი კარიერის პიკზე მყოფ ფეხბურთელს ორჯერ ჰქონდა მცდელობა, ევროპის კონტინენტზე გადმობარგებულიყო. 60-იან წლებში მისი პერსონის მიმართ ყველაზე დიდ ყურადღებას მადრიდის „რეალი” და ტურინის „იუვენტუსი” იჩენდნენ. ერთ-ერთ ინტერვიუში პელე იხსენებდა, რომ კინაღამ ტურინში გადავიდა საცხოვრებლად. „ჩემი გული მხოლოდ „სანტოსს” ეკუთვნის და სხვა კლუბში მე ვერაფრით ვერ ვითამაშებ”, – ამბობდა პელე, რომელიც 1975 წელს, 35 წლის ასაკში, ამერიკულ „ნიუ-იორკ კოსმოსში” გადავიდა სათამაშოდ.
ალფრედო დი სტეფანო:
„მილიონარიოსი“ – „ბარსელონა“ (1954)
„რეალისა” და „ბარსელონის“ სამკვდრო-სასიცოცხლო შუღლის მიზეზების ძიების დროს, ყურადღება მიაქციეთ ალფრედო დი სტეფანოს ტრანსფერს. 50-იანი და 60-იანი წლების ფეხბურთის ვარსკვლავი, ყველა წესის დაცვით, „ბარსელონას” ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, სადაც მან ჩაატარა კიდეც რამდენიმე ამხანაგური მატჩი, თუმცა, მისი ტრანსფერი უკანონოდ ცნო ესპანური ფეხბურთის ლიგამ, რადგან დი სტეფანოს ყოფილ კლუბებს კოლუმბიურ „მილიონარიოსსა” და არგენტინულ „რივერ პლეიტს” არ ჰქონდათ გარკვეული, თუ ვის ეკუთვნოდა ფეხბურთელი და ორივე კლუბს ჰქონდა მიღებული თანხები: „მილიონარიოსს” – „რეალისგან”, ხოლო „რივერს” – „ბარსასგან”. საბოლოოდ, დი სტეფანო „რეალში” აღმოჩნდა, პირველივე ელ-კლასიკოში „ბარსელონას” ოთხი გოლი გაუტანა და, საბოლოოდ, 5:0 მოაგებინა მადრიდულ გრანდს.