ექიმის რჩევები
კითხვა: მაქვს სწორი ნაწლავის ნახეთქი, რომელიც სისხლმდენია. ამასთან ერთად, მაქვს საშინელი კოლიტი. შეიძლება თუ არა ასეთ შემთხვევაში საფაღარათო საშუალებების მიღება. შესაძლებელია, რომ ნახეთქი კიბოდ გადაგვარდეს?
პასუხი: სწორი ნაწლავის ნახეთქი ანალურ არხში არსებული ხანგრძლივად შეუხორცებელი ტროპიკული წყლულია. ის კიბოდ იშვიათად გადაგვარდება, მაგრამ როდესაც ნახეთქს არ მკურნალობენ, ჩნდება სწორი ნაწლავის ფისტულები. ეს კი ნამდვილად არის სიმსივნისწინა მდგომარეობა, რადგან სწორ ნაწლავში განუწყვეტლივ მიმდინარეობს ანთებითი პროცესი. საფაღარათო საშუალების თვითნებურად მიღება მიზანშეწონილი არ არის. მიმართეთ ექიმ-პროქტოლოგს, რათა მან დიაგნოზი დააზუსტოს და სათანადო დიეტა და სამკურნალო პრეპარატები დაგინიშნოთ.
კითხვა: ბრონქებში მაქვს ნახველი, რომელიც ფიზიკური დატვირთვისას, ღამით და სიცილის დროს იმატებს და ჰაერის უკმარისობას იწვევს. დღისით არ მახველებს. ამოსახველებელმა საშუალებებმა არ მიშველა. შეიძლება თუ არა, ეს შეძენილი ასთმა იყოს? რა გამოკვლევები მჭირდება დიაგნოზის დასადგენად?
პასუხი: თქვენი მონათხრობიდან ჩანს, რომ ფილტვის ქრონიკული პათოლოგია გაქვთ. ეს ფილტვის სასუნთქი ზედაპირის შემცირების მიზეზი გამხდარა, რის გამოც ჰაერის უკმარისობა გივითარდებათ. გამორიცხული არ არის, დაავადებას ასთმური ფონიც ახლდეს თან. დიაგნოზის დასაზუსტებლად უნდა მიმართოთ პულმონოლოგს.
კითხვა: შეიძლება თუ არა, ნერვიულობამ მენსტრუალური ციკლის დარღვევა გამოიწვიოს?
პასუხი: ნერვულ სტრესს ორგანიზმში საკმაოდ სერიოზული ძვრების გამოწვევა შეუძლია, განსაკუთრებით ჰორმონულ ცვლასთან დაკავშირებული დარღვევებისა. მენსტრუაციული ციკლი სწორედ ჰორმონული ცვლის თვიური ციკლის გამოვლინებაა. ციკლის დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს სათანადო გამოკვლევის ჩასატარებლად.
კითხვა: ჩემს მეუღლეს გამუდმებით აწუხებს წელის ტკივილი. ექიმმა ოსტეოქონდროზის დიაგნოზი დაუსვა. ბოლო დროს დამეწყო თავის ტკივილები და ყურში ხმაური. მეც ოსტეოქონდროზი მითხრეს. გთხოვთ ამიხსნათ, რა კავშირშია ერთმანეთთან წელის ტკივილი და თავის ტკივილი, რომ ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე დიაგნოზი დაგვისვეს?
პასუხი: ოსტეოქონდროზი ხერხემლის მალთაშუა სახსრების ანთებით-დისტროფიული გადაგვარება გახლავთ. იმისდა მიხედვით, თუ სად არის ლოკალიზებული ეს ცვლილებები, დაავადების კლინიკური გამოვლინებები სხვადასხვაგვარია, თუმცა ყველა შემთხვევაში, ერთნაირია დაავადების განვითარების ძირითადი მექანიზმი. თუ პათოლოგიური პროცესი გავრცელებულია ძირითადად კისრის მალების არეში, მაშინ ადამიანს შეაწუხებს კისრის ან თავის ტკივილი, შუილი ყურებში, თავბრუსხვევა. თქვენ სწორედ ეს ნიშნები ჩამოთვალეთ. ასე რომ, უნდა ვივარაუდოთ, სწორედ კისრის ოსტეოქონდროზი გაქვთ.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი