რატომ არ აქვს ალკოჰოლურ სასმელს ვარგისიანობის ვადა და რატომ არის საშიში ორკვირიანი ქართული საახალწლო სმა
„ღვინო, კახურო, ვარ შენი მსმელი“... – წინა საუკუნის გარიჟრაჟიდან მღერიან ქართველები. საქართველოში რომ თავშეყრასა და სმას განსაკუთრებული მიზეზები არ სჭირდება, ყველამ კარგად ვიცით და, მერე რა შედეგი მოჰყვება, ისიც კარგად მოგვეხსენება. ნაბახუსევისთვის თავის დაღწევის გზებსა და ხერხებზე წმიდა მიხეილის სახელობის კლინიკის ექიმი-ტოქსიკოლოგი, სოსო კუტუბიძე გვესაუბრება.
– ბატონო სოსო, საგრძნობლად იზრდება საახალწლოდ ალკოჰოლით მოწამლულთა რიცხვი?
– როგორც წესი, ჩვენში ტრადიციაა, რომ დღესასწაულებზე აუცილებლად ბევრი სპირტიანი სასმელი უნდა მიიღო. ეს მარტო საქართველოში არ ხდება, ზოგადად, კავკასიაშია მიღებული. ყველას წინასწარ მინდა მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი და ვურჩიო, გაითვალისწინონ შემდეგი რჩევა: ზომიერების ფარგლებში მიირთვან ალკოჰოლი. თავისთავად, გარდა იმისა, რომ ყველამ ვიცით ალკოჰოლის მავნე ზემოქმედება ღვიძლსა თუ სხვა ორგანოებზე, აქ გასათვალისწინებელია კიდევ ერთი მომენტი: ძალიან ხშირ შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობა მოიხმარს იაფფასიან, ფალსიფიცირებულ ალკოჰოლურ სასმელს. საგემოვნო თვისებებით, რა თქმა უნდა, თუ კონკრეტულად სპეციალისტი არ ხარ, ვერ გაარჩევ ნამდვილ ქარხნულს და კუსტარული წესით დამზადებულს. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, სასმელი შეიძინოთ მაღაზიებსა და მაღალი დონის სავაჭრო ობიექტებში და არა, ვთქვათ, ბაზრობაზე, ქუჩასა და საწყობში თუ სხვაგან. როცა ადამიანი ხანგრძლივად გაურკვეველი წარმოშობის სასმელს იღებს, ამას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება ხოლმე. შეიძინეთ სასმელი, რომელსაც მითითებული აქვს სოლიდური, სანდო მწარმოებელი. აქვს შესაბამისი ეტიკეტი, აქციზი და სხვა. ფალსიფიცირებულ ალკოჰოლს მაღალი ტოქსიკური შემცველობა აქვს, თუმცა ხარისხიანი ალკოჰოლის რამდენიმე დღის განმავლობაში ჭარბად მიღების შემთხვევაშიც კი, შესაძლოა, მივიღოთ ისეთი სერიოზული გართულება, როგორიც ალკოჰოლური ინტოქსიკაციაა, რაც ცვლის ზოგად სურათს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ღვიძლის პათოლოგიების და ასე შემდეგ მხრივ. აღარ ჩამოვთვლი, ეს მოსახლეობამ კარგად იცის. ყველაზე საშიში კი ისაა, რომ ადამიანი შეიძლება, კომაში ჩავარდეს და ლეტალურადაც კი დამთავრდეს ყველაფერი.
სამწუხაროდ, უსაქმურობისა და ნევროზის ფონზე ალკოჰოლიზმმაც იმატა და ინტოქსიკაციის შემთხვევებმაც.
– ფალსიფიცირებული, ეტიკეტიანი ალკოჰოლური სასმელების გარდა, საახალწლოდ თუ სხვა დღესასწაულებზე ხალხი ხშირად ყიდულობს ღვინოს, არაყს კერძო პირებისგან – შინნახადს ვგულისხმობ.
– იცით, რა არის? სამწუხაროდ, მაგის კონტროლი ვერ ხერხდება. საგემოვნო თვისებებით, ხომ გეუბნებით, შეიძლება, მშვენიერი იყოს, მაგრამ სპირტის ან ტოქსინების შემცველობა იყოს მაღალი. საერთოდ, შინაურ პირობებში დამზადებული ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი სუროგატად ითვლება და, გარკვეულწილად, საშიშია. ქარხნული წესით დამზადებული სასმელი უფრო მაღალი ხარისხისაა. ზოგადად, მამაპაპური წესით, საწნახელში დაწურული ღვინოც სუროგატია. ასევეა არაყიც, რადგან მათში ჭარბი მინარევებია, მაგრამ საეჭვო იაფფასიანი სასმელი უფრო საშიშია.
– შეიძლება, ვადაგასულიც იყოს? ამ მხრივაც არის საშიშროება?
– პირიქით, ალკოჰოლს, საკვები პროდუქტისგან განსხვავებით, ერთი კარგი თვისება აქვს: რაც უფრო ძველია, მით უფრო მეტად ფასობს და მით მეტად სასურველი მისართმევია. შენახვის პირობებსაც აქვს დიდი მნიშვნელობა.
– ალკოჰოლის ჭარბ რაოდენობად რა ითვლება ზოგადად, არის დადგენილი სტანდარტები?
– (იცინის) როგორ გითხრათ, აბა! სტანდარტი არ არსებობს. რა თქმა უნდა, ვისთვის რა არის დიდი და მცირე დოზა, თვითონ მისი ორგანიზმი საზღვრავს. ეს უფრო ინდივიდუალურ ამტანობასთანაა დაკავშირებული. საერთოდ, ზომიერება ყველაფერშია საჭირო. ჩვენთან, მოგეხსენებათ, ორკვირიანი ახალი წელია. ეს საკმაოდ დიდი პერიოდია და, ჯობია, შეისვენოთ ერთი-ორი დღით მაინც. პირველიდან თოთხმეტამდე სმა არ არის ნორმალური, თან – დიდი რაოდენობით.
– კვებითი ინტოქსიკაციაც ხშირია?
– კვებითი ინტოქსიკაცია ჩემი პრეროგატივა არ არის, ეს უფრო ინფექციური პათოლოგიის განყოფილებას ეხება, მაგრამ ჩვენც მოგვმართავენ და ესეც ხშირად ხდება.
– გაზიანი სასმელები არ არის საზიანო? გაზიანი სასმელებით მოწამვლა თუ არის შესაძლებელი?
– ესეც საკმაოდ ხშირად ხდება. უბრალოდ, ალკოჰოლური სასმლით მოწამვლა უფრო ჩანს, თორემ, გაზიანით მოწამვლას, შეიძლება, უარესი შედეგი მოჰყვეს. გაზიანი სასმელების ფალსიფიცირებაც ხშირად ხდება. ასეთმა სასმელმა, შეიძლება, ტოქსიკური ჰეპატიტიც გამოიწვიოს. რიგიან სავაჭრო ობიექტებში ფალსიფიცირებულის შეტანა თითქმის გამორიცხულია, იმიტომ, რომ უშუალოდ მწარმოებელთან ფორმდება ხელშეკრულება. ჯანმრთელობისთვის ღირს უფრო ძვირის გადახდა. საერთოდ, გაზიანი სასმელების დიდი რაოდენობით მიღებაც არ შეიძლება. ჯერ ერთი, სისხლში შაქრის რაოდენობას მაღლა სწევს, მერე კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედებს ცუდად. თუმცა, მოწამვლის მიზეზი ზოგადად სხვა რამ ხდება. საქართველოში ქოლეცისტიტი ბევრს აწუხებს. მოწამვლისას საჭიროა დეზინტოქსიკაცია – ჯერ კუჭის ამორეცხვა, წოლითი მდგომარეობა და მერე სტაციონარული მკურნალობა.
– რაიმე პრევენციული ზომების მიღება თუ შეიძლება ნაბახუსევის შესამსუბუქებლად წინასწარ, ვიდრე ალკოჰოლს მივიღებთ?
– ყველაზე კარგი პრევენციაა, დალიო ცოტა ან ზომიერად. რაიმე პრეპარატი, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედებას ასუსტებს და სიმთვრალეს თავიდან აგვაცილებს, ჯერ არავის გამოუგონია.
– თქვენ თავად როგორ ხართ ალკოჰოლთან, ბატონო სოსო?
– გადასარევად, ტკბილად და გემრიელად (იცინის) ვმეგობრობ, როგორც ყველა ქართველი. თქვენს მეუღლეს არ უყვარს დალევა?
– ისე რა, უფრო ლუდის.
– მერე, ეგ უფრო ცუდია ჭარბი რაოდენობით – ლუდი ბევრ ნახშირწყალს შეიცავს.
– ნაბახუსევიდან გამოსვლის უებარ საშუალებებზე გვიამბეთ. ლუდს სსვამენ ხშირად და რამდენად ეხმარება ალკოჰოლიდან ალკოჰოლით გამოსვლაში?
– ლუდი არის მაღალმოლეკულური სასმელი და მცირედალკოჰოლური – სხვა სპირტიან სასმელებთან შედარებით. ის სპაზმოლიტური საშუალებაა. მოგეხსენებათ, ნაბახუსევზე სისხლძარღვების სპაზმი იწყება, აღინიშნება თავის ტკივილი. გარდა ამისა, ლუდში არის ჭარბი ოდენობით ნახშირწყლები, რომლებიც ორგანიზმში დარჩენილი ეთანოლის ბოლომდე დაშლას უწყობს ხელს. ნაბახუსევი მდგომარეობა ზუსტადაც ეთანოლის ნახევრად დაშლის პროდუქტია. ამ დროს ორგანიზმში წარმოიქმნება ალდეჰიდები, რაც ნაბახუსევს იწვევს. თუმცა, დიდი რაოდენობით არც ლუდის მიღება შეიძლება, დაახლოებით, ნახევარ ლიტრამდეა მიზანშეწონილი. სამედიცინო თვალსაზრისით ნაბახუსევი არ ითვლება არანორმალურ მდგომარეობად, უბრალოდ, ფიზიკური დისკომფორტია – თავის ტკივილი, უხასიათობა, დაღლილობა. ჭარბი რაოდენობით არც საკვების მიღება შეიძლება, არც სასმლის. ამ დროს კარგია მინერალური წყალი. ის ტუტე ხსნარია. ნაბახუსევზე ყოველთვის არის ორგანიზმში ეგრეთ წოდებული „აციდოზი“, ანუ მომატებული მჟავიანობა, რომლის დაბალანსებაც ტუტე მინერალურით შეიძლება. თუმცა, მინერალურსაც გააჩნია, ისინი განსხვავდება შემცველობის მიხედვით. ყველაზე კარგი, ალბათ, მაინც „ბორჯომი“ და „ნაბეღლავია“. არც მისი მიღება შეიძლება დიდი ოდენობით, რადგან ორგანიზმში ისედაც ჰიპერჰიდრატაციაა, ანუ ჭარბსითხიანობა, თან, არტერიულ წნევასაც მაღლა სწევს.
– მჟავეს მიღება რატომ სიამოვნებთ ნაბახუსევზე?
– მჟავე საკვები მადის მომგვრელი საშუალებაა. ნაბახუსევზე მადა დაქვეითებულია. მჟავე საკვები კი – მწნილი, მაწონი და ასე შემდეგ, სანერწყვე ჯირკვლებს ააქტიურებს. ქართული სამზარეულო, როგორც ჩანს, ნაბახუსევისთვის არის გათვალისწინებული (იცინის). ძალიან კარგია ამ დროს წვნიანის მიღება: ბულიონის, ბოსტნეულის ნახარშის, განსაკუთრებით კი – ხაშის. ხაში შეიცავს ენზიმებს, ამშვიდებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, არის კალორიული და ორგანიზმს ენერგიით ავსებს. საერთოდ, ნაბახუსევზე კარგია, ადამიანმა მოაწყოს განტვირთვა. აღარ მიიღოს ალკოჰოლი და მძიმე საკვები. ასევე, არ არის რეკომენდებული ტკბილი სასმლისა და საჭმლის მიღება.