მამათა შეგონებანი
მიტროპოლიტი ანტონი: ჩემი რჩევა ასეთია: წაიკითხე სახარება, აღნიშნე შენთვის ის ადგილები, რომლებიც გულს გითბობს, გონებას გინათებს, შენი ნებისყოფა ცოცხლდება, ძალა თითქოსდა შემოდის შენში, ის ადგილები, რომელზეც შეგიძლია, თქვა: რა მშვენიერია, როგორი ჭეშმარიტებაა! – და იცოდე, რომ ეს ადგილები გეუბნება შენ, რომ უკვე რაღაცით, შეიძლება ძალიან მცირედით, ჰგავხარ იმ ადამიანს, რომლადაც უნდა იქცე, იმიტომ, რომ შენ უკვე ხედავ ნამდვილი ადამიანის სილამაზეს ქრისტეში.
არქიმანდრიტი რაფაელი: ამაყ ადამიანს თავისი მორალი აქვს: ის, წესით, მეფე უნდა იყოს, მას კი არ ცნობენ, – აქედან გამომდინარე, მისთვის ადამიანები ამბოხებული ქვეშევრდომები არიან. ამაყი თავს ყოველთვის მარტოხელად გრძნობს, მას არ შეუძლია, ჰყავდეს ნამდვილი მეგობრები, უბედურია საკუთარ ოჯახში. იმაში დარწმუნება, რომ ყოველთვის უსამართლოდ ექცევიან, მის გულში ღრმა, გაუნელებელ წყენას ბადებს. ამ წყენას ყველას და ყველაფერზე, ის თავის გულში ატარებს; ეს ყველაზე მძიმე ტვირთია, ეს რაღაც ტყვიაჩასხმული კოჭია, რომელიც მან თავის სულს გამოაბა და მიწისკენ ეწევა.
იაონე ოქროპირი: შენ თვითონ აყენებ ზიანს საკუთარ თავს, როცა შენი შვილი გაუზრდელია. შენ უნდა აღგეზარდა იგი ადრეული ასაკიდან, როცა პატარა იყო, მიგეჩვია წესრიგისთვის, თავისი მოვალეობების ზედმიწევნით შესრულებისთვის, უნდა გემკურნალა მისი სულისთვის მაშინ, როცა ამის გაკეთება გაცილებით იოლი იყო, როცა მისი გულის ველი ადვილად შეგეძლო დაგემუშავებინა; მაშინ უნდა ამოგეძირკვა სარეველები, როცა მათ არც ისე გრძელი ფესვები ჰქონდათ. მაშინ ბავშვების ვნებები ასე არ გაღვივდებოდა და მათი ჩაქრობაც შეუძლებელი არ იქნებოდა.
ეფრემ ასური: ბოროტება არ იარსებებდა, გონიერი ქმნილება თავისუფალი ნებით რომ არ ყოფილიყო შემოსილი.
ეპისკოპოსი ეგნატე: ცხონების მთელი საიდუმლო სინანულშია. რა მარტივია ეს, რა ცხადია! მაგრამ, ჩვენ როგორ ვიქცევით? ღვთისგან ჩვენთვის ნაჩვენებ მაცხოვნებელ სინანულს ვტოვებთ და მოჩვენებით სათნოებებში მოღვაწეობისკენ მივისწრაფით, რადგან ჩვენს გრძნობებს ისინი სიამოვნებს.
იოანე სინელი: მოყვასის ყველაზე მკაცრი და გულმოდგინე მსაჯულები განკითხვის სნეულებით შეპყრობილნი იმიტომ არიან, რომ საკუთარი ცოდვები არ ახსოვთ და არ ზრუნავენ მათ აღსახოცავად. რადგან, თუ ადამიანი ზუსტად, თავმოყვარეობის საბურველის გარეშე, თავის ბოროტ საქმეებს დაინახავს, მაშინ იგი მიწიერზე არ იზრუნებს, რადგან მიხვდება, რომ საკუთარი თავის გამოსატირებლად არ ჰყოფნის დრო, თუნდაც ასი წელი იცხოვროს და მარადჟამს თვალთაგან იორდანის წყალზე უხვად გარდამომდინარე ცრემლს ხედავდეს.
იოსებ ათონელი: განსაცდელები! რამდენადაც მცირეა მოთმინება, იმდენად დიდად გვეჩვენება განსაცდელი და, რამდენადაც ეჩვევა ადამიანი მათ დათმენას, იმდენად მცირდებიან და გარჯის გარეშე სძლევს ის მათ და კლდესავით მყარი ხდება.
ეპიფანე თეოდოროპულოსი: ის მოვლენები, რომლებსაც ახლა ჩვენ დიდ უბედურებად აღვიქვამთ, შემდგომ შეიძლება ღვთის კურთხევა აღმოჩნდეს.
პაისი მთაწმიდელი: დღეს მრავალი ეშმაკეული საქმე არსებობს. ეშმაკი არცთუ სახუმაროდ გათამამდა, რადგან თანამედროვე ადამიანებმა მას დიდი უფლებები მიანიჭეს. ადამიანები საშინელ ეშმაკეულ ქმედებებში არიან დანთქმულნი. ერთმა კაცმა მეტად სწორად ახსნა ეს: „ადრე ეშმაკი ადამიანის ცდუნებით იყო დაკავებული, ახლა კი ასე აღარ არის. მას ხალხი თავის გზაზე გადაჰყავს და გზას ულოცავს: – „აბა, წარმატებას გისურვებ!“ – ადამიანები კი ამ გზაზე თავისით მიეხეტებიან – ეს საშინელებაა“.