კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის მოაქვს ახალ წელს ადამიანებისთვის იმედგაცრუება და როგორ უნდა შეცვალონ ქრისტიანებმა მომავალი წელი საკუთარი კეთილდღეობისთვის

ახალი წელი ის დღესასწაულია, რომელსაც განსაკუთრებულად ველოდებით. ბევრი ჩვენგანი ამ დღისთვის მზადებას ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე იწყებს, ბევრი იმასაც ფიქრობს, როგორც გაატარებს 1 და 2 იანვარს, მთელი წელი ისეთი ექნება. როგორია ამ საკითხის მიმართ ეკლესიის დამოკიდებულება, როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).

– ბევრი თანამედროვე ქრისტიანი ბრკოლდება, როდესაც შობის მარხვაში დგება საერო კალენდრით ახალი წელიწადი და ეს მათ გარკვეულ პრობლემებს უქმნის. ამ შემთხვევაში, მინდა, ყველა დავამშვიდო და ავუხსნა, რომ თანამედროვე კალენდარულ ზეიმს არანაირი კავშირი არ აქვს მაცხოვრის შობასა და შობის მარხვასთან. ძალიან ბევრი ადამიანი პატრიარქსაც განიკითხავს და გვეკითხებიან, რატომ ულოცავს ის ადამიანებს ტელევიზიით თანამედროვე კალენდრით ახალ წელიწადსო. პატრიარქი არის ქვეყნის მამამთავარი და მისი პირდაპირი დანიშნულება და მოვალეობაა, ხალხი დალოცოს და საერო კალენდარული ახალი წელი მიულოცოს. კალენდარული ახალი წელი დღეს 1 იანვარს იზეიმება, მაგრამ იყო დრო, როდესაც მას ზეიმობდნენ აგვისტოში, სექტემბერში, მარტში, რასაც განაჩინებდა ესა თუ ის საერო ხელისუფლება და მას ეკლესიურ დღესასწაულებთან არანაირი კავშირი არ აქვს. თუ ჩვენი მოსახლეობის უმეტესობა ზეიმობს ახალ წელს, მოლოდინშია, სიხარულს განიცდის, ბუნებრივია, ამ ყველაფრის საწინააღმდეგო ეკლესიას არაფერი აქვს. ჩვენ შეგვიძლია, თან მარხვა დავიცვათ, თან საერო კალენდრით ვიზეიმოთ ახალი წელი. ადამიანებს სწამთ, რომ ახალი წელი მათ ბედნიერებას მოუტანს, უბრალოდ, ვეტყვი, რომ, თუ გინდა, შენთვის ახალი წელი გასულ წელზე უკეთესი იყოს, მაშინ, უკეთესად იცხოვრე, იშრომე, ილოცე, იმაზე უფრო კარგი ადამიანი იყავი, ვიდრე გასულ წელს იყავი. კარგად გააანალიზე, რა შეცდომები დაუშვი წინა წელს, რა ვერ გამოასწორე, რის გაკეთება ვერ მოასწარი, რა ვერ შექმენი უკეთესად და, თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებ, მომავალი წელი უკეთესი იქნება, ვიდრე გასული წელიწადი. ძალიან ბევრი ადამიანი ჩინურ კალენდარზეა დამოკიდებული. მათ ჰგონიათ, რომ ამა თუ ამ ცხოველის წელი, უფრო კარგი, გამორჩეული იქნება მათთვის. ბუნებრივია, ამას არანაირი კავშირი არ აქვს საეკლესიო სწავლებასთან. თუ წინასწარ გვეცოდინება, როგორი იქნება ეს წელიწადი – დაძაბული, მშვიდი თუ, ნაყოფიერი, დავიკრეფთ გულზე ხელს, აღარ ვილოცებთ, აღარ ვიმუშავებთ და უმოქმედობაში ჩავცვივდებით, როგორც ამას ბუდიზმი ქადაგებს და, მოტყუებული, თვითდაჯერებულები ვიქნებით, რომ ახალი წელი ნაყოფიერების, გამრავლებისა და ბედნიერების მომტანი იქნება. ღმერთმა ასე ქნას, მაგრამ, თუ შეიძლება, რომ ეს წელი ბედნიერების იყოს, რატომ არ შეიძლება, მომდევნო წელმაც ბედნიერება მოგვიტანოს?! როგორ შეიძლება, ერთი წელი ბედნიერების იყოს, მეორე – უბედურების, ერთი – მშვიდობიანობის, მეორე – ომიანობის, ერთი – ნაყოფიერების, მეორე – უნაყოფობის?! დაიმახსოვრეთ ყველამ, რომ ეს ყველაფერი ადამიანებზეა დამოკიდებული: თუ ადამიანები იშრომებენ, ილოცებენ, მაშინ წელი ნაყოფიერი იქნება, მაგრამ, თუ არ ილოცებენ, გულზე ხელს დაიკრეფენ, არ ეყვარებათ ერთმანეთი, არ იქნებიან ღვაწლში, მოსაგრეობაში, მაშინ, რა თქმა უნდა, ის წელი ვერ იქნება კარგი. არ შეიძლება, ჩვენ გარეშე, ავტომატურად, ქვეცნობიერად, რაღაცა ძალების მიერ იყოს ყველაფერი კარგად ან ცუდად – ეს არასწორი სარწმუნოებაა. დღეს ხედავთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არ შრომობს, ან ვერ შრომობს და ისინი ხშირად ფიქრობენ, რომ ახალი წლიდან ახალ ცხოვრებას დაიწყებენ, სამსახურს იშოვიან, საპატიმროში აღარ იქნებიან. ქრისტიანობაში არსებობს სამი მთავარი სათნოება: რწმენა, იმედი, სიყვარული. იმედი არის მეორე და არა პირველი. თუ ადამიანს რწმენა არ აქვს, მისი იმედი იქნება შემარცხვენელი, ადამიანზე დამყარებული. ხოლო იერემია წინასწარმეტყველი ბრძანებს: „წყეულიმც იყოს კაცთა მოიმედე!“ ანუ, თუ ჩვენ გვეგონება, რომ რომელიღაცა ცხოველის „სახელობის“ ახალ წელს ახალი ლიდერი გამოჩნდება, ის გვიშველის და ბედნიერები ვიქნებით, ბუნებრივია, ასეთი ადამიანები იმედგაცრუებული დავრჩებით, იმიტომ რომ, რწმენა, იმედი და სიყვარულია მთავარი, ხოლო რწმენის გარეშე იმედი და, იმედის გარეშე სიყვარული, ბუნებრივია, არაფერს მოგვიტანს და კიდევ ერთი იმედგაცრუება იქნება ჩვენს ცხოვრებაში. დამეთანხმებით, რომ ბევრმა ახალმა წელმა გაგვიცრუა იმედი. ამიტომ, დროა, ვისწავლოთ ჭკუა და შევცვალოთ ახალ წელთან დამოკიდებულება: ისევ ისე ნუ ვიზეიმებთ, როგორც ადრე ვზეიმობდით, როგორც იანუსის კერპის გარშემო ზეიმობდა მთელი რომაული სამყარო. მოგეხსენებათ, რომ იანვრის სახელი იანუსის კერპიდან მოდის, რომელსაც უცნაური გარეგნობა ჰქონდა. ერთი მხრიდან იყო ჭაბუკი, ხოლო მეორედან – ჭარმაგი მამაკაცი; ერთი მხარე იცინოდა, ხოლო მეორე ტიროდა და მის გარშემო მთელი ორგიები იმართებოდა რომის იმპერიაში, სახალხო დღესასწაული იყო. დღესაც, თითქოს არაფერი შეცვლილა – როგორც პირველ საუკუნეებში ზეიმობდა ხალხი, ახლაც ისე ზეიმობს: ისევ ის გართობა, შიშველი ქალბატონების ზეიმი, აღვირახსნილი და ეროტიკული შოუები... ამან კი, როგორც ვხედავთ, კარგი არაფერი მოგვიტანა. იქნებ, დროა, რაღაც შევცვალოთ და ჩვენი ზეიმიც უფრო სულიერი, ხალხური, თავმდაბალი, ნაყოფიერი, შემეცნებითი იყოს?! ამიტომ, სასურველი იქნება, რომ ახალი წლის ღამეს კათოლიკოს-პატრიარქის დალოცვა არა მხოლოდ მოგვეწონოს, არამედ შევასრულოთ. თუ გინდა, რომ წარმატებული იყო, კეთილდღეობა გქონდეს, დაიცავი უფლის სიტყვა, პატრიარქის შეგონება და დამიჯერეთ, ეს ახალი წელიწადი უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე გასული წელიწადი იყო. ჩვენ რომ ვიძახოთ, ახალი წელი კარგს მოგვიტანსო, ასე არ იქნება; იმ ნაყოფიერი მიწის დამუშავება და მოვლაა საჭირო, იმ გონიერების, ნიჭის ამოქმედებაა საჭირო, რომელიც ღმერთმა უხვად მოგვცა. დავიმახსოვროთ პატრიარქის შეგონება და ახალ წელს შევხვდეთ ლოცვით, თავმდაბლობით, მოღვაწეობით და არა ზედმეტი ჭამა-სმითა და უაზრო ზეიმით.

– ადამიანები ამ დღისთვის დიდი ხნით ადრე ემზადებიან, განსაკუთრებულად არჩევენ სამოსს, ადგილს, სადაც უნდა შეხვდნენ.

– არ დამავიწყდება, რომ ბავშვობაში 31 დეკემბრისთვის მთელი კვირით ადრე ვემზადებოდი. მაშინ, ბუნებრივია, ბევრი არაფერი ვიცოდით და გვეგონა, თუ მთელი ღამე ტელევიზორს მივუსხდებოდით, იარაღს გავისროდით და მეკვლედ გადავიდოდით მეზობელთან, ეს იქნებოდა ჩვენი ბედნიერების საწყისი. ახლა ვხვდებით, რომ ეს მხოლოდ მცირედია. რა თქმა უნდა, შეიძლება, ტელევიზორს ვუყუროთ, მაგრამ, გააჩნია, რას ვუყურებთ. თუ მაინცდამაინც გინდათ, ტელევიზორს უყუროთ, უყურეთ საპატრიარქოს გადაცემებს, უსმინეთ სახარების განმარტებას. სახარება ჩვენი სულიერი და ხორციელი ცხოვრების წესია, სახარებაში წერია ისეთი უცვლელი დარიგება, როგორიც არის: „დღევანდელ დღეზე იფიქრე და ხვალინდელმა დღემ იფიქროს თავის თავზეთ“. ეს ნიშნავს, რომ, ჯერ ერთი წელი არ დასრულებულა და ჩვენ უკვე ახალი წლის დადგომაზე ვფიქრობთ, არადა, ახალი წლის დადგომამდე ხომ რამდენიმე დღე რჩება და, ამ ხნის განმავლობაში ხომ შეიძლება, ბევრი ცუდი ან კარგი რამ შეგვემთხვას?! ახალი წლის მოიმედე ადამიანი არაეკლესიურად ცხოვრობს, მან ეს წელი სიზარმაცეში, უსაქმურობაში გაატარა და იმედი აქვს, ახალი წელი რომ დადგება, ყველაფერი კარგად იქნება, ახალ ცხოვრებას დაიწყებს. ჩვენ ხომ ყოველივე სიტყვისგან უღონო ვართ, ამიტომ, ნუ შევპირდებით უფალს, ახალ წელს რას გავაკეთებთ, პირიქით ვთხოვოთ უფალს: ჩვენ უძლურები ვართ, შენ – ძლიერი, ჩვენ არაფერი შეგვიძლია, მოდი, ახალი წელი იყოს არა ჩინური კალენდრით დადგენილი რომელიმე ცხოველის, არამედ, ყველა ადამიანის. ვთხოვოთ უფალს: პატიმარი სახლში დაბრუნებულიყოს, სნეული გამოჯანმრთელებულიყოს, ლოცვა გვესწავლოს, სამსახური გვეშოვოს, მარხვა შეგვენახოს და უფალთან მივსულიყავით. მაშინ ჩვენთვის ახალი წელი უფრო ბედნიერი იქნება, ვიდრე ძველი წელი იყო.

– ახალ წელს კიდევ ერთი ტრადიცია – მეკვლეობა უკავშირდება და, ხშირად, მთელი წლის კარგად ან ცუდად გატარებას ერთი კონკრეტული ადამიანის – მეკვლის ფეხს აბრალებენ ხოლმე.

– წარმოიდგინეთ, რომ მომავალი წელი დამოკიდებული იყოს ჩვენი ახლობლის, მეზობლის ბედნიერ ფეხზე, მაშინ ამ ადამიანს მოვიწვევდით, მხართეძოზე წამოვწვებოდით და ყველაფერი კარგად იქნებოდა. მეკვლე სიმბოლოა იმისა, რომ, როდესაც მაცხოვარი იშვა, მწყემსები გავიდნენ და ქვეყნიერებას ახარეს მისი შობის შესახებ. მეკვლეობა სწორედ მახარებლობას ნიშნავს. როდესაც ჩვენ მივდივართ ოჯახში, ახალი წლის დადგომა კი არა, შობა უნდა ვახაროთ, რადგან ახალი წელი საერო ზეიმია, ხოლო შობა – დღესასწაული, მეკვლეს კი ევალება, რომ ყველას დღესასწაული – უფლის შობა ახაროს. მეკვლეობა, მახარობლობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ ადამიანთან სიხარულით უნდა მიხვიდე, შეაღო მისი კარი და ახარო მაცხოვრის შობა, რაც არის ჩვენი ბედნიერი ცხოვრების საწინდარი და მომავალი.


скачать dle 11.3