კავკასიელი „ამაზონკები“ ლიკა ალადაშვილის ახალ კოლექციაში
განსხვავებული, საინტერესო, ყოველთვის გამოირჩევა ერთნაირად ჩაცმულ მასაში – ლიკა ალადაშვილმა თავისი ახალი კოლექცია თბილისის მოდის კვირეულზე აჩვენა. მისი კოლექციის აბსოლუტურად სხვადასხვა შეფასებები მოვისმინეთ, თუმცა ის რომ განსხვავებული იყო, ამაზე ყველა ერთხმად შეთანხმდა.
ლიკა ალადაშვილი: თბილისის მოდის კვირეულზე კოლექციის ჩვენება გადავწყვიტე, რადგან აქ უფრო კარგ სიტუაციას ველოდი, ვიდრე მოსკოვშია ხოლმე. მოსკოვის მოდის კვირეულებზე სისტემატურად დავდივარ და ის არ არის ისე ორგანიზებული და ისეთ დონეზე გაკეთებული, როგორც აქ. მარტივად რომ ვთქვა, მიმაჩნია, რომ აქ უფრო „სვეცკი“ სიტუაციაა, ვიდრე მოსკოვში. ეს მოდის კვირეული მეტს გაძლევს. საინტერესო სტუმრები იყვნენ ჩამოსულნი. დავუკავშირდი ორგანიზატორებს, ვაჩვენე ჩემი რაღაცეები და მათგანაც თანხმობა მივიღე. ჩამოვედი აქ და დავიწყე კოლექციის კეთება. სამი თვის განმავლობაში ვმუშაობდი, ნიღბები და ეს მაქმანის ელემენტები ძალიან რთული გასაკეთებელი იყო. თან სულ მარტო ვმუშაობდი, არავინ მეხმარებოდა. მანქანებით არის ყველაფერი თავიდან ბოლომდე აწყობილი, „რუშებიან“ პატარ-პატარა ნაწილაკებს ერთმანეთს ვაწებებდი, მერე სერიოზულად დამუშავდა და ბოლოს შევღებე.
– თემა საიდან მოვიდა? ცოტა მილიტარისტული გადახვევებით იყო?
– ინსპირაცია ჯერ კიდევ ჩემი სადიპლომო ჩვენებიდან მოდის. სამი თუ ოთხი წლის წინ, წავიკითხე წიგნი თანამედროვე ფრანგი ავტორის, ვებერის „ანგელოზების იმპერია“, რომელსაც კიდევ სამი წიგნი მოჰყვება. იქ არის ნათქვამი, რომ პირველი „ამაზონკები“ კავკასიის ტერიტორიაზე იყვნენ. ჩემი სადიპლომო თემა ქართველი ქალი გახლდათ. ამაზე სულ გავგიჟდი-გადავირიე და აქედან წამოვიდა იდეა, რომ გამეკეთებინა ქართველი ქალი, კავკასიელი „ამაზონკების“ სტილში. ახლა უკვე აღარ მინდოდა, ქართული თემის გაკეთება, მაგრამ იქიდან რაღაც დეტალები, თემის სახით მაინც გადმოვიდა.
– ანუ, ესენი იყვნენ „ამაზონკები“, მეომარი ქალები.
– კი. ყველა ქალი ხომ ნაზი და სუსტია, მაგრამ მათ ჰქონდათ საოცარი სიძლიერე და მინდოდა, ეს სიძლიერე ტანსაცმლით გამომეხატა.
– შესაძლოა, ამ ნიღბით თავიანთ სისუსტესაც მალავენ.
– ასეც არის. ორნაირი ქალი იყო წარმოდგენილი – ძალიან ნაზი, ქალური, თხელ, ჰაეროვან ქსოვილებში გამოწყობილი და ამავე დროს ძლიერი. ხორცისფერი – ჰაეროვანი ელემენტები ამ სეზონის ტენდენციაა. ყველა დიზაინერმა უნდა გაითვალისწინოს ეს ტენდენცია, სხვანაირად არაფერი გამოვა. მომწონს დახვეწილი, გრძელი სილუეტები, რომელიც ქალს უფრო ლამაზს და მიმზიდველს ხდის. თუმცა, ტენდენციების უარყოფა არც ერთ შემთხვევაში არ გამოვა, თუ არ ხარ ტენდენციური, არ ხარ აქტუალური.
– როგორი ქალისთვის არის შენი სამოსი?
– უფრო თავდაჯერებული ქალისთვის, რომელმაც იცის, რომ ძლიერია, დამოუკიდებელია და არ აშინებს სიძნელეები. მას შეუძლია ბრძოლა თვითდამკვიდრებისთვის. სხვათა შორის, კოლექციის გაკეთების დროს, პრიორიტეტების განსაზღვრა მაინც გამიჭირდა. არ ვიცი, თბილისში რა აცვიათ, რა მოსწონთ, რას აიტაცებენ მარტივად. ამას ასე მოკლე დროში ვერ გავიგებდი, ამიტომ, გავაკეთე ის, რაც მე მომწონს.
– გემოვნებიანად ჩაცმული ქალი მოსკოვშიც იგივენაირად არის ჩაცმული და თბილისშიც?
– არა. მოსკოვში სულ სხვანაირად ჩაცმული გოგონები არიან. თუ მიიჩნევა, რომ კარგად აცვია გოგოს, ის მოსკოვში სულ სხვანაირად გამოიყურება. არ ვამბობ უფრო ცუდად თუ კარგად, უბრალოდ, სხვანაირად. მოსკოვში უფრო ქალურად, უფრო სექსუალურად აცვიათ, ვიდრე – აქ. განსხვავება ამაშია. მე რომელი უფრო მომწონს, ეს უკვე ჩემი საქმეა.
– ამას შენი კოლექციებიდან მივხვდებით.
– ვერ მიხვდებით, რადგან თბილისში მოდელები არ იცმევენ იმას, რაც მინდა, რომ ჩაიცვან. ჩვეულებრივი ბოდეები მქონდა, სადაც არაფერი ჩანდა. მათ ჩაცმაზე სერიოზული პრობლემები შეიქმნა. არ ჩაიცვეს და მომიწია შავი, გაუმჭვირვალე კოლგოტების ყიდვა, რომ როგორც ელასტიკი, ისე ჩაეცვათ. ფეხი არ უნდა გამოჩენილიყო. ეს რბილად რომ ვთქვათ, არაპროფესიონალიზმია. როდესაც რაღაცაზე პრეტენზია გაქვს, ასეთი პრობლემები დიზაინერს არ უნდა შეუქმნა. ერთი სიტყვით, ჩვენებით მაინც კმაყოფილი ვარ და მიხარია, რომ თბილისში გამიხსენეს. რას ვიზამ მომავალში კონკრეტულად, არ ვიცი. რამდენიმე ადამიანმა უკვე მომმართა, რომ სტილი შევურჩიო, ახალი იმიჯი შევუქმნა. ვნახოთ, იმედია, ეს ურთიერთობები უფრო მჭიდრო გახდება.