როდის ღალატობს ცოლი ქმარს, რომელიც ძალიან უყვარს
ადამიანის ფსიქიკა შეუცნობელია და რთული. მისი ამოხსნა ჯერაც ვერავინ შეძლო. ხშირად ჩვენ თავადაც არ ვიცნობთ საკუთარი ფსიქიკის სირთულეებს და ვერც მის მოსალოდნელ გამოვლინებებს ვპროგნოზირებთ. წინასწარ არავის შეუძლია თქვას, რას მოიმოქმედებს კონკრეტულ სიტუაციაში, მაშინ, როცა გამოუვალი, სტრესული მდგომარეობა შეექმნება. სწორედ ამიტომაც, ძნელია, განსაჯო ადამიანი ჩადენილი შეცდომისთვის, გაკიცხო ის და ბრალი უზნეობაში დასდო. შესაძლოა, ის კიდევ უფრო მეტად განიცდიდეს საკუთარ საქციელს. ჩვენი სინდისი საუკეთესო მსაჯულია და ყველაზე ძნელად ის გვპატიობს შეცდომებს.
სიყვარულმა ბევრი სისულელე შეიძლება, გაგაკეთებინოს. ჩვენ შეგვიძლია, კიდეც მეტ-ნაკლებად „ცნობილი“ სისულელეების ჩამოთვლა. ფაქტია, რომ ისინი საკმარისად მრავალფეროვანია და თუ, სიყვარული მართლაც ავადმყოფობაა, წინასწარ არავინ იცის, რა ფორმით გამოვლინდება.
ნატუკა (29 წლის): ძალიან რთული სიტუაცია მაქვს. შეიძლება ითქვას, რომ გამოუვალი. არ ვიცი, ვის წინაშე უფრო დამნაშავე ვარ. საკუთარი თავის თუ იმ ადამიანის, ვინც უზომოდ მიყვარს. საუბარი მაქვს ჩემს მეუღლეზე. ქმარი მიყვარდა, მიყვარს და ყოველთვის მეყვარება. თანაც, მიყვარს არანორმალურად, ჭკუის დაკარგვამდე. ისე, როგორც არ უნდა მიყვარდეს. კერპთაყვანისმცემლობამდე მისულ გრძნობას კარგი არაფერი მოაქვს. მე ეს ვიცი, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებ. საშინელებაა იმის გაცნობიერება, რომ ამ გრძნობით დაღდასმული ვივლი ცხოვრების ბოლომდე.
– ქმარი არ უნდა გიყვარდეს?
– უნდა გიყვარდეს, მაგრამ ისე არა, მე რომ მიყვარს. ამ სიყვარულმა წარმოუდგენელი შეცდომა დამაშვებინა. ისეთი რაღაც გამაკეთებინა, რომ შოკში ვარ. საკუთარ თავს ვეკითხები, ნუთუ ეს მე გავაკეთე-მეთქი. გეფიცებით, ვინმეს რომ მოეყოლა, უცხოს, არ დავიჯერებდი მის არც ერთ სიტყვას, თავის გასამართლებლად ნათქვამს. არც მე ვიმართლებ თავს. უბრალოდ, არ ვიცი, ახლა როგორ უნდა ვიცხოვრო ამ ტვირთით. იმიტომ, ვყვები ამ აღსარებას. ვიცი, რომ ბევრი გამკიცხავს. ამას შეგუებული ვარ. საკუთარ თავთანაც რომ არ ვარ მართალი, ეს უფრო მაწუხებს, ვიდრე საზოგადოების აზრი. ცუდად არ გამიგოთ, საზოგადოებრივი აზრიც მნიშვნელოვანია, მაგრამ საბოლოოდ, მაინც საკუთარ თავთან რჩები პირისპირ. ფაქტი, ეს არის. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ იქ, სადაც სიყვარულია, ღალატი გამორიცხულია-მეთქი, მაგრამ რეალურად აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი.
– ანუ, შეიძლება, გიყვარდეს და მაინც უღალატო?
– დიახ. შესაძლებელია. ამისი მაგალითი ვარ მე. მეეჭვება, ქმარი ისე უყვარდეს ვინმეს, როგორც მე მიყვარს, მაგრამ მაინც ვუღალატე. არ მკითხოთ, როგორ. ასე გამოვიდა და იმიტომაც ვარ დღემდე შოკში. მე და ჩემი ქმარი რვა წელია, ერთად ვცხოვრობთ. ის ჩემზე ერთი წლით უმცროსია, მაგრამ პრობლემა ეს არ არის. საქმე მის ხასიათშია. რას ვგულისხმობ? მას რატომღაც მიაჩნია, რომ კაცს ყველაფრის უფლება აქვს. უფრო სწორად, უფლება კი არ აქვს, ყველანაირად თავისუფალია, მაშინაც კი, როცა ცოლი და ოჯახი ჰყავს. ლოგიკა აქვს ასეთი: მე მამაკაცი ვარ და ბევრი რამე მეპატიება. მაგრამ ეს „რამეები“ არავითარ შემთხვევაში არ გეპატიება შენ, იმიტომ რომ ქალი ხარ. სხვათა შორის, ასეთი ლოგიკა ძალიან ბევრ მამაკაცს აქვს. ქართველ მამაკაცებზეა საუბარი, რომლებიც ისეთი დამახინჯებული მენტალიტეტით გაიზარდნენ, რომ კაცის ღალატი, ღალატი არ ჰგონიათ. ჩვენი ყველა პრობლემა სწორედ აქედან მოდის. როგორ, კაცი რისთვის იბადება მამაკაცად, თუ თავისი უპირატესობები არ გამოიყენა. აბა, როგორ უნდა მოიქცეს ნამდვილი მამაკაცი, სახლში იჯდეს, ცოლის კალთას ამოფარებული?! მე და ჩემი ქმარი ბოლო დროს ძალიან ხშირად ვკამათობდით ამ თემაზე და ზოგჯერ სერიოზულად ვჩხუბობდით კიდეც. ცოლად იმიტომ გავყევი, რომ შემიყვარდა. ისეთი ძლიერი გრძნობა იყო, რომ საერთოდ ვეღარაფერზე ვფიქრობდი. მოვკვდებოდი, მასთან რომ არ ვყოფილიყავი. არც თვითონ იყო ჩემ მიმართ გულცივი. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ფანჯრების ქვეშ ათენ-აღამებდა, მაგრამ სულ ერთად ვიყავით. თავისუფალი დრო როცა ჰქონდა, მაშინვე ჩემკენ მორბოდა. ორჯერ წავედი დასასვენებლად მის გარეშე და ორჯერვე ჩამომაკითხა. ვერ გაძლო დიდხანს. ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, სანამ დავქორწინდებოდით, მის გარეშე არსად წავსულვარ. სულ ვფიქრობ, აუცილებელი იყო, დილიდან დაღამებამდე ეძახა, მიყვარხარ, მიყვარხარო, რომ მის სიყვარულში დავრწმუნებულიყავი?
– არ უთქვამს, მიყვარხარო?
– არ მახსენდება. არც მქონია მისი მოსმენის მოთხოვნილება. სიტყვებს რატომ უნდა მიანიჭო ამხელა მნიშვნელობა, როცა თვალნათლად ხედავ, რომ ადამიანი შენი ცხოვრებით ცხოვრობს. მართლა ჩემი ცხოვრებით ცხოვრობდა, სამსახური და მე. ჩვენ „ორნი“ ვიყავით მისი ყოველდღიურობის შემავსებლები. თქვენ ფიქრობთ, რომ ჩემს ქმარს ისე არ ვუყვარვარ, როგორც უნდა ვუყვარდე? შეიძლება, ასეც არის. მეც ვხედავ, რომ ჩემი სიყვარული მის მიმართ გაცილებით ძლიერია. მაგრამ, ის ხომ არ არის მთავარი ცოლ-ქმარს შორის, რომელს უფრო მეტად ეყვარება...
– რომელსაც უყვარს უფრო მეტად, უფრო მეტსაც თმობს და ითმენს...
– გეთანხმებით. მეც ძალიან დიდხანს ვითმენდი ჩემი ქმრის „გამოხტომებს“. ვცდილობდი, საკუთარი თავი ხელში ამეყვანა. შემენარჩუნებინა სიმშვიდე და კეთილგონიერება. ვფიქრობდი, რომ „სიცელქის“ პერიოდი გაუვლიდა და ყველაფერი ძველებურად იქნებოდა, მაგრამ უფრო და უფრო გადაირია. მე სულ უფრო ნაკლებ ყურადღებას მაქცევდა და ბოლოს ურთიერთობაც იშვიათად გვქონდა.
– საყვარელი გაიჩინა?
– ვერ ვიტყვი გადაჭრით, რომ საყვარელი გაიჩინა. მე ამის დამადასტურებელი ფაქტი არ მაქვს. შეიძლება, სერიოზული ურთიერთობა არც არავისთან ჰქონია, მაგრამ ამას უკვე ნაკლებად ჰქონდა მნიშვნელობა, რადგან თავისი საქციელით მე ფსიქიკა გამინადგურა. ისეთი ნაბიჯი გადამადგმევინა, ჩემს თავს ვერასოდეს რომ ვერ ვაპატიებ. ღალატისკენ მიბიძგა. სამაგიეროს გადახდის სურვილი გამიჩინა, რაც ისევ ჩემთვის აღმოჩნდა საზიანო და დამანგრეველი. რაც შენს ხასიათში, შენს ბუნებაში არ ზის, იმას რომ გააკეთებ, ძალიან მძიმე შედეგებამდე მიხვალ. ახლა უკვე ძალიან გვიანია ამაზე ლაპარაკი და სინანული. ვეღარაფერს შევცვლი და ეს ჩემი ჯვარი ცხოვრების ბოლომდე უნდა ვატარო. შეიძლებოდა, ისე ეღალატა ჩემთვის, რომ საერთოდ ვერაფერი გამეგო. ბევრი მამაკაცი ღალატობს ცოლს, მაგრამ თავდაყირა დგება, რომ მან არაფერი გაიგოს, გული არ ეტკინოს, ჩხუბი და უსიამოვნება არ უნდა ოჯახში, ბოლოს და ბოლოს. მაგრამ ჩემი ქმარი პირიქით, თითქოს განგებ იქცეოდა ისე, რომ ჩემი აგრესია გამოეწვია. არ ვიცი, სიამოვნებას იღებდა იმით, მე რომ ვტიროდი და ვნერვიულობდი თუ მსჯიდა ამ ფორმით.
– გსჯიდათ, რისთვის?
– საქმეც ისაა, რომ არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი. ჩემი ერთადერთი დანაშაული ის არის, რომ ძალიან მიყვარს. ერთი წუთი არ შემიძლია მის გარეშე გაძლება. შვილი და ქმარი – ეს არის ჩემი ცხოვრებაც და ცხოვრების მიზანიც. გეუბნებით, ვერ ვხვდები, რატომ მიმიყვანა ისეთ კრიტიკულ ზღვრამდე, რომ საკუთარ თავს გადავაბიჯე. გეფიცებით, სულ ამაზე ვფიქრობ, გამოცდას მიწყობდა თუ მოსწონდა, მე რომ ვტიროდი და ვნერვიულობდი...
– ტიროდით და ნერვიულობდით, იმიტომ რომ...
– იმიტომ, რომ ჩემს ცხვირწინ აბამდა ქალებს. ერთ „ნაშას“ არ ტოვებდა ყურადღების გარეშე და მე რომ ვეჭვიანობდი, ძალიან ერთობოდა. გეუბნებით, ერთობოდა, სიამოვნებას იღებდა, იმიტომ რომ სულ უფრო უარესად და უარესად იქცეოდა. თითქოს მე ქალი არ ვიყავი. თქვენც ხომ ხედავთ, რომ ცუდი გარეგნობა არ მაქვს და ხშირად მიგრძნია მამაკაცების მხრიდან ჩემ მიმართ მკვეთრი ინტერესი, მაგრამ, ბოლო დროს, ქმრისთვის საერთოდ აღარ ვიყავი საინტერესო. ყოველ შემთხვევაში, თავისი საქციელით სწორედ ამის დამტკიცებას ცდილობდა. თითქოს, უნდოდა, რომ გული გამხეთქოდა.
– რატომ? რა დაუშავეთ?
– წარმოდგენა არ მაქვს. ახლა უკვე ვფიქრობ, რომ შეიძლება, რამე ფსიქიკური დარღვევა აქვს ან რამე კომპლექსი. არ ვარ სპეციალისტი, რომ მის ცნობიერებას ჩავწვდე. ასეთ რთულ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდებოდი, ამ კითხვაზე პასუხი რომ მქონდეს. რომ ეთქვა, შენთან ცხოვრება აღარ მინდა, სხვას შევხვდი და ის მიყვარსო, ვერ ვიტყვი, რომ კარგად ვიქნებოდი, მაგრამ გაურკვევლობას ხომ მაინც ავიცილებდი თავიდან. სწორედ გაურკვევლობამ ჩამაგდო დეპრესიაში და გადამრია. შეცდომა დამაშვებინა. თუკი საერთოდ შეიძლება, ღალატს შეცდომა ვუწოდოთ.
– ასეთი ადვილია, ერთ დღეს გადაწყვიტო და უღალატო ქმარს?
– ვინ გითხრათ, რომ ადვილია. პირიქით, საშინელებაა, ნამდვილი კოშმარი. დღეს უკვე აღარ ვიცი, როგორ მივედი ამ კონდიციამდე, როგორ „გავჭედე“ ისე, რომ სხვა კაცს ჩავუწექი. სხვათა შორის, არც ის არის კარგ მდგომარეობაში. ჩემი ძველი ნაცნობია, რომელთანაც ვმეგობრობდი. ჯერ ერთი, რომ გაოგნდა, იმდენად ვერ წარმოედგენა ჩემგან ასეთი თხოვნის რეალურობა.
– მიხვედით და პირდაპირ უთხარით, შენთან ქმარს უნდა ვუღალატოო?
– არა. ასე პირდაპირ არ მითქვამს, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ასე გამოვიდა. ისეთი მივედი, რომ მიხვდა კაცი, რაც მინდოდა. ყველა ხვდება, რაზე ხარ წამსვლელი. შტერი არავინაა და იშვიათად იპოვი მამაკაცს, რომელიც ასეთ ერთჯერად ურთიერთობაზე იტყვის უარს. იმ წუთში მე ეს ძალიან მჭირდებოდა. ცუდად ვიყავი. მეგონა, რომ დავიხრჩობოდი, საკუთარ ქალურობაში შემეპარა ეჭვი. დავითრგუნე და დეპრესიამდე აღარაფერი მაკლდა. იცით, რა საშინელი განცდაა, როცა ფიქრობ, რომ აღარავისთვის საჭირო არ ხარ. საერთოდ არავის უნდიხარ და საყვარელ მამაკაცს არ აინტერესებ. მეგონა, გული ნაჭერ-ნაჭერ მეგლიჯებოდა, მტკიოდა. შეიძლება, უფრო ძლიერი უნდა ვყოფილიყავი, უნდა მეჯობა საკუთარი თავისთვის, მაგრამ ვერ შევძელი. მომსპო ფსიქოლოგიურად. ადამიანი ხარ, რამდენს გაუძლებ.
– ღალატის გარდა, სხვა გამოსავალი არ იყო?
– როგორ შეიძლება, სხვა გამოსავალი არ ყოფილიყო. გამოუვალი სიტუაციები, როგორც ცნობილია, არ არსებობს. მაგრამ თქვენ, უბრალოდ, უნდა წარმოიდგინოთ ასეთი მდგომარეობა, გეუბნებით, მკვდარი ვიყავი. ვეღარც ვჭამდი, ვეღარც მეძინა, ვეღარც ვმუშაობდი... წონაში დავიკელი საგრძნობლად. ავადმყოფურად ვეჭვიანობდი... ვიცი, რომ არაფერი ამართლებს ჩემს საქციელს, მაგრამ იმ წუთში, საკუთარ თავს არ ვეკუთვნოდი. ან შეიძლება, სწორედ საკუთარი თავისთვის მინდოდა, რაღაც დამემტკიცებინა. იქნებ, იმისი იმედიც მქონდა, რომ ღალატის მერე, გული გამიცივდებოდა ჩემი ქმრის მიმართ და ცოტათი მაინც გამინელდებოდა სიყვარული. მოკლედ, არ ვიცი, თავი მისკდება ამდენი ფიქრისგან და ნერვიულობით მკვდარი ვარ. ღალატი – ღალატად, სიყვარულს კი ვერაფერი მოვუხერხე. ჩემი ქმარი უზომოდ და უსაზღვროდ მიყვარს. მზად ვარ, ავიტანო ისეთი, როგორიც არის, მაგრამ ახლა იმის მეშინია, ჩემი საქციელის შესახებ რომ გაიგოს, არ მაპატიებს. რა მეშველება, თავი მაქვს მოსაკლავი.
– იმასთან რა ურთიერთობა გაქვთ, ვისთანაც ქმარს უღალატეთ?
– იმას უნდა, რომ მნახოს. შეწუხებულია, ცუდად მოგექეციო. ვერ ვაგებინებ, რომ არაფრით ვავალდებულებ, არც ნაწყენი ვარ, არც არაფერს ვითხოვ მისგან. ნეტავი, შემეძლოს, საერთოდ აღარ მახსოვდეს. ცუდი ადამიანი კი არ არის, პირიქით, საკმაოდ დადებითი პიროვნებაა. ტყუილ-უბრალოდ გავხვიე შარში.
– იცით, რა მაინტერესებს? ამ საქციელიდან რაღაც პოზიტივი თუ მაინც მიიღეთ?
– შეიძლება, რაღაც პოზიტივი მივიღე. რამდენიმე დღე კარგად ვიყავი. ჯიბრისა და რევანშის განცდა მქონდა. აი, ყურადღება რომ არ მომაქციე, ხომ მიიღე, რისი ღირსიც იყავი-მეთქი, მაგრამ მერე აღმოვაჩინე, რომ საკუთარ თავს ვეჯიბრებოდი. ადამიანი ცუდს რომ აკეთებს და ჰგონია, სხვას უკეთებს, საბოლოოდ, მაინც საკუთარ თავს უკეთებს ამ ცუდს. ასეა, თუ ქმარი გიყვარს და ხვდები, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია, ისეთი უნდა აიტანო, ეს შენი ქმარი, როგორიც არის. მოითმინო, სადამდეც შეიძლება მოთმენა. ძნელია, საშინელია, მტკივნეულია, მტანჯველია, მაგრამ...
– მაგრამ უნდა გაუძლო? თუკი იმას არ უნდა, რომ გაუძლო? რისთვის უნდა დაიტანჯო, თუკი ამ ურთიერთობიდან ვეღარ იღებ სიამოვნებას.
– მე მიყვარს და აქ უკვე აღარ არის სიამოვნებაზე ლაპარაკი. მივხვდი, რომ ქმრის გარეშე უფრო ცუდად ვიქნები, ვერ ვიცოცხლებ, ოღონდ, მართლა. ამ სიყვარულმა მიბიძგა ღალატისკენ. ვიფიქრე, ამ უჰაერობაში ეს ის ცოტა ჟანგბადი იქნებოდა, რომელიც მე ცხოვრების ნორმალურად გაგრძელების საშუალებას მომცემდა, მაგრამ ახლა სინდისი ძალიან მაწუხებს.
– თუ იმის შიში გაქვთ, რომ ქმარმა არ გაგიგოთ?
– შიშიც არის. არ ვამბობ, რომ არ მეშინია, მაგრამ ისევ იმის შიში მაქვს, რომ არ დავკარგო. ჩემი ყველა უბედურება და პრობლემა სწორედ მისი დაკარგვის შიშიდან მოდის.