კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ვნანობ, რომ ძმაკაცს ვეჩხუბე

მე და ჩემს ძმაკაცს ერთი გოგო მოგვეწონა. მაშინ რამ გადაგვრია ორივე, წარმოდგენა არ მაქვს. ახლა რომ დავინახავ ხოლმე იმ გოგოს ქუჩაში, ვფიქრობ, ჯერ საერთოდ რამ მომაწონა და, მერე, ბავშვობის ძმაკაცი ამის გამო როგორ დავკარგე-მეთქი. საშინლად ვნანობ, რომ ასე მოხდა, უფრო სწორად, ასე რომ მოვიქეცი. ძალიან მინდა, რომ ისევ შემოვირიგო ჩემი მეგობარი, რომლის გარეშეც, უბრალოდ, ცხოვრება მიჭირს. ჩემი საკმაოდ დიდი სამეგობროდან მასზე ახლობელი ნამდვილად არ მყავს. შერიგება ძალიან მინდა, მაგრამ არ ვიცი, როგორ გადავდგა ნაბიჯი პირველმა. ამას წინათ, ერთმა საერთო მეგობარმა მითხრა, რომ ისიც ჩემს დღეში ყოფილა. ამან ცოტა იმედი მომცა.

ყველაფერი კი ასე მოხდა: ერთი ჩვენი თანაკურსელის დაბადების დღეზე გავიცანით მაკო. გარეგნობით კარგი გოგო იყო (ყოველ შემთხვევაში, იმ საღამოს კარგად გამოიყურებოდა), თან, ძალიან აქტიური, ჩვენ კი უკვე საკმაოდ ნასვამები ვიყავით. მაკო ორივესთან რიგრიგობით ცეკვავდა, ორივეს გვეპრანჭებოდა, ცეკვის დროს ზედ გვეკვროდა. მერე ორივეს ცალ-ცალკე გვითხრა, შემიყვარდიო. მაგრამ, არც მე ვიცოდი, რომ ორივეს ერთსა და იმავეს გვეუბნებოდა და არც ჩემმა ძმაკაცმა. ამიტომ, როცა ცეკვისას დავაპირე, მაკოსთვის მეკოცნა, მომვარდა ჩემი მეგობარი და ისეთი მლეწა მუშტი სახეში, ერთ საათს მასულიერებდნენ. გონს რომ მოვედი, დავინახე, მაკოსთან ცეკვავდა და ეხვეოდა. თვალთ დამიბნელდა, ახლა მე ვეცი და გავარტყი. მანაც არ დამითმო და ისეთი ჩხუბი მოგვივიდა, ძლივს გაგვაშველეს. ისეთი დალილავებული ვიყავით, ერთმა მეგობარმა მანქანით წაგვიყვანა სახლში ორივე. იმ საღამოს შემდეგ მე და ჩემს ძმაკაცს ერთმანეთისთვის არ დაგვირეკავს. ჩალილავებული თვალები რომ მომირჩა, ერთ „ტუსოვკაზე“ წავედი. უცბად, ვხედავ, მაკო ვიღაც ბიჭზეა მთელი ტანით აკრული, ისეთი მთვრალია, ფეხზე ვერ დგას, მაგრამ იმას მაინც ახერხებს, რომ იმ ტიპს ტუჩებში აკოცოს. დავუძახე. გამომხედა, კარგა ხანს მიყურა და მერე მკითხა, შენ ვინ ხარ, პირველად გხედავო. იმ ბიჭმსაც ისეთი მტრული თვალით შემომხედა, გაცლა ვამჯობინე. კი არ შემეშინდა, უბრალოდ, მივხვდი, რომ ამ ტუტუცი გოგოსთვის ჩხუბი არ ღირდა. იმ წუთიდან სულ ვცდილობ, რამე მიზეზი მოვძებნო ჩემს ძმაკაცთან მისასვლელად, რომ შევურიგდე, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე. ერთ ჩვენს საერთო მეგობარს გავანდე და შემპირდა, ბედობა დღეს ჩემთან სახლში ვაპირებ წვეულების მოწყობას, ორივეს გპატიჟებთ, მოდით და იქ შეგარიგებთო. ისე გამიხარდა, ვერ აგიწერთ. ახლა ერთი სული მაქვს, როდის დადგება 2 იანვარი. ჩემს მეგობარს რომ შევურიგდები, იქნებ, ამ დღეს ყველაფერი კარგი დამებედოს.

მახო, 20 წლის.



ბებიების წყალობით მე და ჩემმა დამ საქმროები დავკარგეთ

არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ დედაჩემი შედარებით უბრალო ოჯახიდან იყო, მამას მშობლები კი გავლენიანი, მდიდარი და ქალაქში ცნობილი ადამიანები იყვნენ. დედა ძალიან ლამაზი და ნიჭიერი გოგო ყოფილა. მამაჩემს უნივერსიტეტში რომ დაუნახავს, იმ დღიდან მოსვენება აღარ მიუცია. მერე ისე შეჰყვარებიათ ერთმანეთი, დაქორწინებაც გადაუწყვეტიათ. მამას მშობლებს თავიდანვე დაუწუნებიათ სარძლო – ჩვენი დონე არ არისო, მაგრამ მამას თავისი გაუტანია. თუმცა, ბებია მაინც ვერ ინელებდა „დაბალი დონის“ მძახლებს და ჩვენი გაჩენის შემდეგაც, სულ ჩასჩიჩინებდა შვილს, ცოლს ვინ არ გაჰყრია, შენი ტოლი და სწორი ქალი მოძებნეო და ხან ვის ურიგებდა და ხან ვის აცნობდა. ხომ გაგიგიათ, შეძახილმა ხე გაახმოო, ისე დაემართა მამაჩემს – თანდათან გული აიყარა ცოლზე და ქალებში სეირნობა დაიწყო, რასაც დედამისი აშკარა კმაყოფილებით ხვდებოდა. რამდენიმე უსიამოვნების შემდეგ, მამაჩემის აღვირახსნილობა ყველანაირ საზღვარს რომ გადასცდა, მოგვკიდა ხელი დედამ მე და ჩემს დას და თავის მშობლებთან დაბრუნდა. ეს რომ მოხდა, უკვე კარგა მოზრდილები ვიყავით და გვეგონა, ცა ჩამოგვექცა და ცხოვრება დამთავრდაო. მაგრამ, რა ვიცოდით, რომ თურმე ყველაფერი ამის შემდეგ იწყებოდა. რძალსა და სიძეზე განაწყენებულმა მძახლებმა (ანუ, ჩვენმა ბებიებმა), ალბათ, ერთმანეთზე შურისძიების მიზნით, მეორე დღიდან მოაღეს პირი და ერთი სიძეს ლანძღავდა და თათხავდა, მეორე კი რძალს ასწორებდა მიწასთან. ისე იყვნენ როლებში შეჭრილები, აღარაფერს დაეძებდნენ, დიდთან და პატარასთან ყვებოდნენ ათასგვარ სისულელეს და სიბინძურეს და ვერც ერთი ვერ ხვდებოდა, რომ ამით ჩვენ გვცხებდნენ ჩირქს. მე და ჩემმა დამ უკვე დიდები რომ ვიყავით, ორივეს ვუსაყვედურეთ – ასე ხომ ჩვენ ვილანძღებით, წინასწარ რატომ გვინგრევთ მომავალს-მეთქი, მაგრამ არც ერთმა ყურად არ იღო ჩვენი საყვედური. დედის დედა მამაჩემზე ამბობდა ყველასთან – ლოთი, გათახსირებული, უსაქმური, უწესო ქალების მოყვარული და ნარკომანიაო (ამ ბრალდებიდან მხოლოდ ერთი იყო ნამდვილი – მამას ქალები მართლა უყვარდა, დანარჩენი კი ცილისწამება იყო). მამის დედას კი დედაჩემი უკანასკნელ ქუჩის ქალად გამოჰყავდა და ამბობდა: ვერ შეიფერა ამ მათხოვარმა კარგი ოჯახი, ანგელოზი ქმარი, გადაჰყვა კაცებში წანწალს და ამდენს ვინ აპატიებდაო. იცით, რაში დავრწმუნდი? ნურავინ დაგაბრალებს რამეს ტყუილად, თორემ, მერე რამდენიც გინდა, იმართლე თავი ან ყველასთან ხომ ვერ დაიწყებ თავის მართლებას?! ხალხი კი ისეთია, ცუდს უფრო ადვილად და ხალისით იჯერებს. მოკლედ, ამ ყველაფერმა ის შედეგი გამოიღო, რომ მეც და ჩემი დაც ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე მიგვატოვეს საქმროებმა – მათ მშობლებს გაუგიათ ჩვენი ბებიების ნაყრანტალები და უთქვამთ, ასეთი მშობლების შვილი თვითონაც ასეთი იქნებაო. ერთი სიტყვით, დავრჩით ასე, ჯერჯერობით გაუთხოვრები. პატარა გოგოები აღარ ვართ, ჩვენი ბებიები კი ძველებური რიხით განაგრძობენ ყოფილი რძალ-სიძის ლანძღვა-გინებას.

ნანა, 32 წლის.



ახალ წელს მამა გვირიგდება

ჩემი მშობლები სამი წლის წინ გაეყარნენ ერთმანეთს. მაშინ მე 13 წლის ვიყავი და ძალიან განვიცადე, რადგან ყველაფერთან ერთად, თავმოყვარეობაც შელახული მქონდა. ასე მეგონა, ყველამ იცოდა ჩემი ოჯახის ამბავი და გარეთ გამოსვლა აღარ მინდოდა.

ვერც მაშინ ვიგებდი და არც ახლა მესმის, რა იყო მათი გაყრის მიზეზი, რადგან, ისე გავხდი 13 წლის, დედას და მამას ერთხელაც არ უჩხუბიათ, ყოველ შემთხვევაში, ჩემი თანდასწრებით. ჩვენს ოჯახში ყოველთვის სიწყნარე და სიმშვიდე იყო. მამას მეგობრებს ძალიან უყვარდათ ჩვენთან მოსვლა, რადგან დედა ყოველთვის ხაზგასმით კარგად ხვდებოდა ყველას და მათ ცოლებთანაც მეგობრობდა. ერთ დღეს კი, მამა აღელვებული მოვიდა სამსახურიდან და დედას უთხრა, შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვსო. მე რომ დასაძინებლად გამიშვეს, შეიკეტნენ თავიანთ ოთახში და დიდხანს საუბრობდნენ. მე არ მეძინა და მესმოდა მათი ხმები, თუმცა სიტყვებს ვერ ვარჩევდი. მხოლოდ ორჯერ შემომესმა დედაჩემის ტირილის ხმა. თუმცა, ეტყობოდა, ცდილობდა, რომ მე არ გამეგონა. მათი საუბარი გამთენიისას შეწყდა. მივხვდი, რაღაც საშინელი ხდებოდა, მე კი შველა არ შემეძლო. როდის-როდის ჩამეძინა. დილით ძალიან ადრე გამეღვიძა, ლოგინში ვერ გავჩერდი, ჩავიცვი და გარეთ გასვლა გადავწყვიტე. მისაღებ ოთახში რომ გამოვედი, დავინახე, მამას ტახტზე ეძინა ტანსაცმლიანად, თავთან, იატაკზე კი არყის ბოთლი ედგა. სამზარეულოში შევიპარე, არ მინდოდა, ვინმე გამეღვიძებინა, მაგრამ დედა იქ დამხვდა. მაგიდასთან იჯდა ხალათით, ყავას სვამდა და სიგარეტს ეწეოდა. თვალები საშინლად ჰქონდა დაწითლებული და დასიებული. მე რომ დამინახა, თვალი მომარიდა და აწრიალდა. ასე ადრე რამ აგაყენაო, – ვითომ ღიმილით მითხრა, მაგრამ ამ ღიმილში იმდენი ტანჯვა დავინახე, გული მომეწურა. მინდოდა, მეკითხა, რა მოხდა-მეთქი, მაგრამ ბავშვური ალღოთი მივხვდი, რომ დედა პასუხისთვის მზად არ იყო. ამიტომ, ყოველგვარი შეკითხვების გარეშე ვუთხარი, ცოტას გარეთ გავივლი და მოვალ-მეთქი. ეს რომ ვთქვი, მაშინვე დავინახე, როგორ შვებით ამოისუნთქა დედამ, რომ შვილის დაკითხვას გადაურჩა.

სახლში საღამომდე აღარ შევსულვარ. რამდენჯერაც დავაპირე შინ დაბრუნება, იმდენჯერ გულმა არ მომცა უფლება. რომ მოსაღამოვდა, მაინც დავბრუნდი, რადგან არ მინდოდა დედის შეშინება. ყველაზე მეტად კი ის მიკვირდა, რომ მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, შუადღეზე დამირეკა მობილურზე და მერე აღარ შემხმიანებია. მე თვითონ ვცადე ორჯერ მასთან დარეკვა, მაგრამ ნომერი გამორთული ჰქონდა, სახლის ტელეფონზე და მამაჩემის მობილურზე დარეკვა კი არც მიცდია, – რატომღაც მისი ხმის გაგონება არ მინდოდა.

საღამოს, სახლში რომ დავბრუნდი, ყველა ოთახი ჩაბნელებული იყო, მარტო სამზარეულოში ენთო შუქი. შევედი, დედა ისევ იმ მდგომარეობაში დამხვდა, დილით რომ დავტოვე, მამა არსად ჩანდა. მაშინ კი მივხვდი, რაც მოხდა – მამა წავიდა. ჩემი ეჭვის დასაზუსტებლად მათ საწოლ ოთახში შევედი და კარადა გამოვაღე. დავრწმუნდი ჩემს ეჭვებში – მამას ტანსაცმელი იქ აღარ ეკიდა. ცოტა ხანს შევყოვნდი, სანამ პირველი ელვა გამივლიდა, მერე უცებ მივხვდი, რომ ამ ოჯახში მე ვიყავი კაცი, რომელსაც დედა უნდა ენუგეშებინა და დაეცვა. სინდისის ქენჯნა ვიგრძენი, რომ ყველაზე მძიმე წუთებში მე ქუჩებში დავბორიალობდი, დედა კი მარტო დავტოვე. არ ვიცი, საიდან მომეცა ამხელა ძალა, მაგრამ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შევედი სამზარეულოში, დედას ჩავეხუტე და ვუთხარი. ნუ გეშინია, დედა, მე ხომ გყავარ და შენს თავს არავის დავაჩაგვრინებ-მეთქი. დედამ ტირილი დაიწყო. ისე გულამოსკვნით ტიროდა, სულს ძლივს ითქვამდა. მეც ამიჩუყდა გული და ასე ჩახუტებულებმა კარგა ხანს ვიტირეთ. იმ ღამით დედას გვერდით დავწექი და მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს – ვდარაჯობდი, ცუდად არ გახდეს-მეთქი. აშკარად თავს მაჩვენებდა, ვითომ ეძინა.

მეორე დილით რომ ავდექი, უცნაური გრძნობა გამიჩნდა – მივხვდი, რომ დედამ ოჯახის უფროსობა მე გადმომაბარა და უკვე ბავშვად კი არა, სრულუფლებიან, ზრდასრულ მამაკაცად ვგრძნობდი თავს. რამდენიმე თვე გაგვიჭირდა, მაგრამ მერე ნელ-ნელა შევეჩვიეთ ჩვენს მდგომარეობას და ვცხოვრობდით ჩვეულებრივად, ოღონდ, სულ ერთმანეთს შევცქეროდით თვალებში და ასე ვუმსუბუქებდით ტკივილს.

მამამ მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა – უკვე კაცი ხარ და მინდა, ყველაფერი აგიხსნაო, მაგრამ არ შევხვდი. იმის მერე რამდენჯერმე კიდევ სცადა ჩემთან დაკონტაქტება, მაგრამ პასუხს არც კი ვცემდი, ისე ვუთიშავდი ყურმილს და იმანაც თავი დამანება.

დედას რომ გახარებოდა, სწავლას მოვუმატე და მასწავლებლები სულ ჩემს ქებაში იყვნენ. დედა სიხარულით ცაში დაფრინავდა და მეც მეტი რა მინდოდა. მოკლედ, ვცხოვრობდით ასე, შეხმატკბილებულად. ხან გვიჭირდა, ხან გვილხინდა, მაგრამ მუდამ ერთმანეთს ვედექით მხარში და ტკივილი ორივეს ნელ-ნელა მიგვიყუჩდა. მამას არც ერთი არ ვახსენებდით. არც კი მიკითხავს, რატომ გაეყარეთ-მეთქი და, სიმართლე გითხრათ, ახლაც არ ვიცი ნამდვილი მიზეზი, თუმცა ეჭვით რაღაცას ვხვდები.

ასე გავიდა თითქმის სამი წელი. ამ ერთი კვირის წინ კი, სკოლიდან რომ დავბრუნდი, დედა რაღაცნაირად აწრიალებული დამხვდა, თითქოს რაღაცის თქმა უნდა და ვერ მეუბნებაო. რა მოხდა-მეთქი, ვკითხე. ჯერ ისადილე და მერე გეტყვიო. მაგრამ, მერე ჩემი მეგობრები მოვიდნენ ჩემთან და სალაპარაკოდ ვეღარ მოვიცალეთ. სტუმრებს რომ ვაცილებდი, ჩემმა მობილურმა დარეკა. უცნობი ნომერი იყო და ვუპასუხე. მამაჩემის ხმა რომ გავიგე, გათიშვა დავაპირე, მაგრამ შემეხვეწა, ჯერ მომისმინე და მერე გათიშეო. რატომღაც, ამჯერად დავუთმე და გისმენ-მეთქი, ვუთხარი. მამამ რაღაც მიკიბ-მოკიბა, სათქმელს წესიერად ვერც კი მოუყარა თავი, ბოლოს კი, როგორც იქნა, მოახერხა და მითხრა მთავარი სათქმელი: თქვენთან დაბრუნება მინდა და წინააღმდეგი ხომ არ იქნებიო. თითქოს შინაგანად ველოდი ამ სიტყვებს, ამიტომ ძალიან არ ავღელვებულვარ და მშვიდად ვუპასუხე – ნებართვა დედას უნდა სთხოვო, ეს მან უნდა გადაწყვიტოს-მეთქი. დედაშენი თანახმაა, შენ თუ არ იტყვი უარსო, – ჩამქრალი ხმით მითხრა მამამ. მხოლოდ მაშინ მივხვდი, რატომ დამხვდა დედა ასე აფორიაქებული და რისი თქმა უნდოდა. თუ დედა თანახმაა, მე ხელს არ შეგიშლით, მაგრამ დედაჩემისთვის პატიების თხოვნა მოგიწევს, თანაც, თუ კიდევ ერთხელ აწყენინებ და ტკივილს მიაყენებ, იცოდე, სერიოზული დამცველი ჰყავს-მეთქი. სიხარულისგან ჭკუაზე არ იყო, აღარ იცოდა, როგორ გადაეხადა მადლობა. ბოლოს მითხრა, 31-ში მოვალ თქვენთან, ისევ ერთად შევხვდეთ ახალ წელს მთელი ოჯახი და სულ ერთად ვიყოთო. აღარაფერი მითქვამს, რადგან ყელში ბურთი მქონდა მოწოლილი და მეშინოდა, ტირილი არ დამეწყო.

დედას ყველაფერი რომ ვუამბე, შევატყვე, გაუხარდა, რომ მამაჩემს დაბრუნების ნება დავრთე. თვალებში რომ შევხედე, მივხვდი, ისევ უყვარდა და გადავწყვიტე, მის გამო ყველა წყენა დამევიწყებინა.

31 დეკემბრამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. დედა საგანგებოდ ემზადება ყოფილი ქმრის შესახვედრად და მისი მღელვარება მეც გადმომედო. თუმცა, არ ვიცი, როგორი იქნება ჩვენი შეხვედრა.

ზურა, 16 წლის.



ჩემი მშობლები ვერ მიგებენ

მე და ჩემი მშობლები ერთმანეთს ვერ ვუგებთ. რაც უნდა ვთქვა, რაც უნდა გავაკეთო, არაფერი მოსწონთ. დედა სულ მაკრიტიკებს და შენიშვნებითა და საყვედურებით მავსებს, მამა კი, შემიძლია, ვთქვა, ყველაფერზე დამცინის, უფრო სწორად, ისე ცინიკურად შემომხედავს და რამე მწარესა და დამამცირებელს მეტყვის, სახლიდან გაქცევა ან ფანჯრიდან გადახტომა მინდება.

რამდენჯერ მიფიქრია, თავს რამეს ავუტეხ და ამით გავამწარებ, იქნებ მიხვდეს, როგორ უნდა მოექცეს შვილს-მეთქი, მაგრამ ვერ ვბედავ.

არ ვამბობ, რომ ყველაფერში მართალი ვარ, მაგრამ, თვითონაც ხომ ყოფილან ჩემხელები. რატომ არ უნდათ, გამიგონ? რატომ არ ფიქრობენ, რომ ასეთი აგრესიითა და ცინიზმით ჩემში უფრო უკურეაქციას იწვევენ? იქნებ, ცოტა უფრო გაგებით მოეკიდონ ჩემს თუნდაც სულელურ საქციელს, რომ პროტესტის სურვილი აღარ გამიჩნდეს და უარესი სისულელე აღარ ჩავიდინო?!

ყველაზე მეტად კი, იცით, რაზე მწყდება გული? ჩემს ძმაკაცებს ისეთი ურთიერთობა აქვთ მამებთან, რომ ვუყურებ, მშურს ხოლმე. თითქოს ტოლები იყვნენ, ისე ექცევიან ერთმანეთს, კაცურ საიდუმლოებებსაც უმხელენ, ყველგან ერთად დადიან. მამაჩემი კი ერთხელ არ გამომყოლია არსად და არც სადმე წავუყვანივარ, არანაირ თემაზე ჩემთან არ უსაუბრია. თუ დამელაპარაკა რამეზე, ისეთი აგდებული ტონი აქვს, თავი არარაობა მგონია. ხანდახან მეეჭვება, საერთოდ თუ ახსოვს როდისმე, შვილები რომ ჰყავს. თითის განძრევა არ უნდა შვილებისთვის, ისიც კი არ იცის, რომელ სკოლაში და რომელ კლასში ვსწავლობ, მარტო შედეგს ითხოვს, თანაც – საუკეთესოს. დედაჩემსაც ისე ექცევა, თითქოს მადლობელი უნდა იყოს, ცოლად რომ შეირთო. ჯერ მისთვის ერთი ყვავილიც კი არ მიურთმევია, სხვა რომ არაფერი ვთქვა. ეს იმ ტიპის კაცია, ცოლი რომ არ უნდა შეერთო და ოჯახი არ უნდა შეექმნა. თუ მარტო მოსამსახურე უნდოდა, აეყვანა ვინმე ქალი, გადაეხადა ფული და ყოფილიყო მგელივით მარტო. კარგ ხასიათზე მხოლოდ მაშინ არის, როცა მისი ძმაკაცები მოდიან ან სადმე დასალევად ეპატიჟებიან. სხვათა შორის, ჩემი ძმაკაცებიდან არც ერთს არ იცნობს. მისი შემხედვარე, ხშირად ვფიქრობ, რომ ცოლს არასოდეს შევირთავ. მეშინია, მისმა გენებმა სადმე არ იჩინოს თავი და ვინმე რატომ უნდა გავაუბედურო.

ახლაც გამოგვიცხადა, ამ ახალ წელს აქ ლაწირაკების რია-რია არ დამანახვოთ, ეს დღეები ცოტა უნდა დავისვენოო. დედა მეცოდება, თორემ, საერთოდ წავიდოდი სახლიდან.

ისე, თუ ოდესმე მაინც მეყოლა ცოლ-შვილი, მინდა, მამაჩემიც მოესწროს ამას და ვაჩვენო, როგორი ქმარი და მამა უნდა ყოფილიყო თვითონ და რა დაგვაკლო ამდენი წლის განმავლობაში.

ლუკა, 17 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი

წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3