კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის გადაიღებს ჭოლა მხატვრულ ფილმს და რა აჩუქა მას ლადო გუდიაშვილმა

პატარაობისას, როგორც თავად ამბობს, უცხოეთიდან ჩამოტანილ მოლბერტებს აფუჭებდა – თავისთვის, ბავშვურად ხატავდა. ერთხელ კი მისი ერთ-ერთი ნამუშევარი ლადო გუდიაშვილმა ნახა, თავისი ნახატი აჩუქა და დააწერა: „მომავალ ნიჭიერ მხატვარს“. ამ ამბავს იგი თავმდაბლობით იხსენებს. ის პატარა ბიჭი დღეს ცნობილი რეჟისორია და თქვენ მის სპექტაკლებს ძალიან კარგად იცნობთ.

ლევან წულაძეს მხატვრული ნიჭი რეჟისურაში გამოადგა.

თეატრი, პიესა, პრემიერამდე ნერვიულობა, დამწყები და გამოცდილი მსახიობები, სტუდენტები და, ალბათ, მაშინდელი ბავშვური მუზაც, დღეს მისი ცხოვრების ნაწილია.

გაიცანით მხატვარი ბავშვი – ჭოლა... თუმცა, ჩვენ სხვა თემებზეც ვისაუბრეთ.

– როგორ მოხვდა ლადო გუდიაშვილის ხელში თქვენი ნახატი?

– ბავშვობაში გუდიაშვილის, განსაკუთრებით მისი გრაფიკის გავლენის ქვეშ ვიყავი და რაღაც სიუჟეტებს ვხატავდი. მეოთხე კლასში ვსწავლობდი, როცა დედამ და მისმა მეგობარმა მასთან მიმიყვანეს და აჩვენეს ჩემი ნახატი. ლადოს უთქვამს, ნუ წაიყვანთ პედაგოგთან, დამოუკიდებლად განაგრძოს ხატვაო, შემდეგ ნახატი მაჩუქა და დააწერა: „მომავალ ნიჭიერ მხატვარს“. მისი ასეთი საქციელი, უბრალოდ, გულისხმიერი დამოკიდებულება იყო ბავშვის მიმართ, სხვა არაფერი.

თავად დედაჩემს ირონიული დამოკიდებულება ჰქონდა ჩემს მხატვრობის ნიჭთან და, ტყუილს არ გეტყვით, მეც არასდროს მქონია ხატვის პრეტენზია. უამრავ საღებავს ვაფუჭებდი, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირდა და საწყალი მშობლები ჩემთვის ყიდულობდნენ. ამ ყველაფერს იმიტომ არ აკეთებდნენ, რომ მხატვარი გამოვსულიყავი, უბრალოდ, მანებივრებდნენ.

– რა მიმდინარეობა მოგწონთ მხატვრობაში?

– ძნელია სათქმელად... საერთოდ მხატვრობა მიყვარს, ეს ჩემი პროფესიის ნაწილია და ვიცნობ მის ისტორიას. დიდი სამხატვრო ალბომების თვალიერება მიყვარდა და ზეპირად ვიცოდი ავტორები. ჩემი აზრით, ყველა განათლებული ადამიანი უნდა იცნობდეს, მინიმუმ, მიქელანჯელოს, თუმცა ის გაუნათლებელმაც იცის.

– როგორ იყენებთ რეჟისურაში მხატვრულ ხედვას?

– სცენაზე, როცა კომპოზიციას ვაგებ, ყველა იმ კანონს ვიყენებ, რომლებსაც ნებისმიერი მხატვარი სწავლობდა. რეჟისორიც მხატვრის მსგავსად აგებს კომპოზიციას, ოღონდ, ცოცხალი ადამიანებით.

ხატვის მთავარი იარაღი არის ფერი. მხატვარი ფერით აზროვნებს, კომპოზიცია კი მეორადია და ჩემნაირი ადამიანიც ისწავლის. სწორედ ფერის შეგრძნებას სჭირდება განსაკუთრებული ნიჭი.

– როგორ განწყობაზე ხართ, რას დახატავდით ახლა?

– მოცეკვავე გოგონას დავხატავდი, რომელიც მირბის, მორბის, ჩნდება და ქრება – ასეთია მუზა ამ წუთას.

– რისი თქმა გსურთ თქვენი ახალი ნამუშევრით, რომელსაც „ჟოლო“ ჰქვია?

– ეს არის ძალიან რთული, ორკაციანი პიესა ცენზორსა და დრამატურგზეა. სპექტაკლში თამაშობენ ნატო მურვანიძე და ნიკოლოზ კუჭავა. თუმცა, ეს მხოლოდ ხელოვანისა და ჩინოვნიკის ურთიერთობას არ მოიცავს. აქ ზოგადად საუბარია სახელმწიფოსა და ადამიანის ურთიერთობაზე, ძალადობისა და თავისუფლების იდეაზე. არსებობს ძალადობა ხელოვნებაზე თუ მასზე ძალადობა პრაქტიკულად შეუძლებელია... და ასე შემდეგ

– ამბობენ, რომ, ვინც მაქსიმალურ შინაგან თავისუფლებას აღწევს, ის იმავე თავისუფლების მონაა...

– რა თქმა უნდა, თავისუფლება ძალიან რთული რამ არის და მხოლოდ ტკივილით, ბევრ რამეზე უარის თქმით მოიპოვება. თავისუფლება არ ნიშნავს ბედნიერებას, მატერიალურ სიკეთეებს. ეს არის ადამიანის შინაგანი მდგომარეობა.

ჩვენი საუბრის მეორე ნაწილი რეჟისორების მომავალ თაობას, მსახიობებსა და გეგმებს ეხება:

– სამწუხაროდ, რეჟისორების რიცხვი იკლებს, ინსტიტუტს ძალიან ბევრი ამთავრებს და ვერ პოულობს თავის ადგილს, რაც უფრო ფინანსურ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ისინი ოჯახის სარჩენად სხვადასხვა სამსახურში მიდიან. დღეს ძნელია, რეჟისორობით თავის რჩენა. მხოლოდ თავგადადებულნი რჩებიან პროფესიაში. ასეთი ადამიანები ცოტანი არიან და მათი დახმარებით იცოცხლებს თეატრი, მაგრამ, მგონია, რომ ამ საკითხს მეტი დაფიქრება სჭირდება, რადგან პროფესია იკარგება.

რაც შეეხება ახალგაზრდა რეჟისორებს, მყავს სტუდენტები, რომლებზეც სახალხოდ კარგს ვერ ვიტყვი, რადგან თავში აუვარდებათ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მარჯანიშვილის თეატრის სხვენი ერთი სეზონით მათ ჩავაბაროთ – იქ წარმოადგენენ ერთაქტიან სპექტაკლებს და მსახიობებს თავად შეარჩევენ. იმედი მაქვს, რომ იმ სეზონის განმავლობაში, ჩვენს სხვენში საინტერესო თეატრალური ცხოვრება იქნება.

– საყვარელი მსახიობი თუ გყავთ?

– ყველა მსახიობი საყვარელია... მსახიობი ცოლი მყავს და მეტი რა უნდა ვთქვა?!. ძალიან მიყვარს ეს არაჩვეულებრივი და დაუცველი ხალხი. მათ მძიმე პროფესია აქვთ, რადგან დამოკიდებულნი არიან რეჟისორზე, ბედისწერაზე, დროსა და იმ ქვეყანაზე, სადაც დაიბადნენ და ასე შემდეგ.

ყველა მსახიობი, რომელიც მთელი არსებით ცხოვრობს ამ საქმისთვის და მზად არის, ძალიან ბევრი რამ დათმოს კარგი ნამუშევრისთვის, ჩემი სულიერი ნათესავია, მიუხედავად იმისა, კარგი ხასიათი აქვს თუ ცუდი, ავია თუ კეთილი.

– გასტროლებს თუ გეგმავთ?

– ოთხი-ხუთი საფესტივალო გასტროლი გვექნება ორი წლის განმავლობაში და, ნახევარიც თუ გამოვა, შარშანდელთან შედარებით მაინც მეტი იქნება. ასევე, ვგეგმავთ ტურნეებს იტალიასა და ამერიკაში.

– ფილმის გადაღებას ხომ არ აპირებთ? არის იდეა?

– იდეა არის. ეს ძალიან საინტერესო სფეროა, უბრალოდ, ცოტა მეშინია, რადგან, ალბათ, არ მაქვს კინოხედვა. ესეც რომ არ იყოს, ისედაც ძალიან ჭირს გადაღება და ახლა მე ვაკლივარ ამ უბედურ კინორეჟისორებს. თუმცა, რამდენიმე წინადადება მქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი ყოფილი სპექტაკლი ფილმად იქცეს, მაგრამ ჯერჯერობით არ დავკონკრეტდები, რადგან გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ეს საქმე თუ გამოვა, ძალიან გამიხარდება და პირველად თქვენ მოგახსენებთ.

– რას ისურვებდით საახალწლოდ?

– ამ წუთებში მთელი გონება დაკავებულია ჩემი ახალი პიესით და საახალწლოდ საკუთარ თავსაც და მსახიობებსაც ვუსურვებ, რომ ძალიან კარგი პრემიერა ჰქონდეთ – ამას შევთხოვ სანტა კლაუსსაც და ბედისწერასაც.


скачать dle 11.3