კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეშინია ექსპრეზიდენტის რძალს შევარდნაძეების გვარის და ვინ უწყობს მის შვილს კრწანისში სიურპრიზებს

21 წლის თათია შარანგიას ქართული მუსიკალური საზოგადოება კარგად იცნობს – ნიჭიერმა პიანისტმა, თავისი ასაკის მიუხედავად, ძალიან ბევრ პრესტიჟულ კონკურსში გაიმარჯვა და არაერთი გრანპრის მფლობელიც გახდა. ის ერთადერთი ქართველია, ვინც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ კონსერვატორიაში მოხვდა, სადაც ცხოვრების საინტერესო ოთხი წელიწადი გაატარა. ახალგაზრდა პიანისტი ცნობილი ქართული ოჯახის წევრიც გახლავთ – ორი წლის წინ თათიამ ცხოვრება ექსპრეზიდენტის შვილიშვილს, ლაშა შევარდნაძეს დაუკავშირა და შევარდნაძეების გვარს ყველაზე პატარა მემკვიდრეს უზრდის. 21 წლის თათია შარანგიას ქართული მუსიკალური საზოგადოება კარგად იცნობს – ნიჭიერმა პიანისტმა, თავისი ასაკის მიუხედავად, ძალიან ბევრ პრესტიჟულ კონკურსში გაიმარჯვა და არაერთი გრანპრის მფლობელიც გახდა. ის ერთადერთი ქართველია, ვინც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ კონსერვატორიაში მოხვდა, სადაც ცხოვრების საინტერესო ოთხი წელიწადი გაატარა. ახალგაზრდა პიანისტი ცნობილი ქართული ოჯახის წევრიც გახლავთ – ორი წლის წინ თათიამ ცხოვრება ექსპრეზიდენტის შვილიშვილს, ლაშა შევარდნაძეს დაუკავშირა და შევარდნაძეების გვარს ყველაზე პატარა მემკვიდრეს უზრდის.

თათია შარანგია: კლასიკურ მუსიკას ცხოვრება ძალიან ადრეულ ასაკში დავუკავშირე. ჩემთვის არასდროს არავის დაუძალებია, რომ საათობით ვმჯდარიყავი ფორტეპიანოსთან, ფაქტობრივად, ბავშვობა არ მქონია – სულ მეცადინეობა, გამოცდები, კონცერტები... მაგრამ, ეს იმდენად დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, რომ მე სხვა პროფესიის არჩევაზე არც მიფიქრია. ძალიან პატარა ასაკში მივხვდი, რომ ეს ის საქმეა, რაც მთელი ცხოვრება უნდა ვაკეთო. 10 წლის ვიყავი, როცა გავიმარჯვე საბერძნეთში გამართულ კონკურსზე, შემდეგ ლიტვაში მოვიპოვე გრანპრი. იმ კონკურსზე ჟიურის თავმჯდომარე იყო ფრანგი პიანისტი, რომელმაც მიმიწვია პარიზში კონცერტზე „მსოფლიოს საოცრება ბავშვები“. მე დავამთავრე 28-ე სამუსიკო სკოლა, პედაგოგ ირმა რუხაძესთან, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ჩემს მუსიკოსად ჩამოყალიბებაში. 14 წლისამ ჩავაბარე პარიზის რეგიონულ კონსერვატორიაში, ხოლო 16 წლის ასაკში გავხდი პარიზის უმაღლესი ნაციონალური კონსერვატორიის სტუდენტი, სერიოზული კონკურსი გავიარე – 150 აბიტურიენტიდან 16-ნი ჩავირიცხეთ, მათ შორის მე ყველაზე პატარა ვიყავი. ძალიან რთულია სწავლის პროცესიც, განსაკუთრებული მოთხოვნები აქვთ სტუდენტების მიმართ, თუმცა, ხვდები, რომ ეს აუცილებელია მომავალი პიანისტისთვის. კონსერვატორია არ მდებარეობს პარიზის ცენტრში. ფრანსუა მიტერანის ინიციატივით, აშენებულია სპეციალური მუსიკალური ქალაქი, პარკით, კაფეებით, კომფორტული საცხოვრებლებით, ულამაზესი გარემოა შექმნილი.

– როგორ გრძელდება შენი სამუსიკო კარიერა თბილისში, აქ ხშირად მართავ კონცერტებს?

– ახლახან გავიარე მასტერ-კლასი ქალბატონ ელისო ვირსალაძესთან. 23 იანვარს თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება ჩემი სოლო კონცერტი – „რომანტიული მუსიკის საღამო“, სადაც პირველ განყოფილებაში შევასრულებ შოპენის ნაწარმოებებს, შემდეგ კი შუმანის „კარნავალს“. იმავე პროგრამით ვგეგმავ გამოსვლას თებერვალში ლონდონში, აპრილში კი თბილისში ჩამოდის ცნობილი ფრანგი პიანისტი, რომელიც ჩემი პროფესორი იყო პარიზის ნაციონალურ კონსევატორიაში, და ვარ უზომოდ ბედნიერი, რომ მასთან ერთად დავუკრავ მოცარტის ორმაგ კონცერტს ორკესტრთან ერთად. საკმაოდ ბევრი გეგმა მაქვს სამომავლოდ, ძალიან მინდა, ჩავაბარო ასპირანტურაში – ჯულიარდის ან მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიაში.

– თათია, ორი წლის წინ ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილის, ლაშა შევარდნაძის მეუღლე გახდი. როგორ დაიწყო შენი და ლაშას სიყვარულის ისტორია?

– მე და ლაშამ ერთმანეთი თვითმფრინავში გავიცანით და სულ მქონდა ის განცდა, რომ ჩვენი სიყვარული ღმერთთან ახლოს, ზეცაში დაიწყო (იცინის). მე ვიცნობდი ლაშას დედას, უმცროს დას, ნანუს, მაგრამ ლაშა არ მყავდა ნანახი. საერთოდ, ჩვენს ურთიერთობაში ბევრი შემთხვევითობა იყო – 12 წლის ვიყავი, როდესაც პარიზში ვუკრავდი. კონცერტზე მოწვეული გახლდათ ქალბატონი ნინო შევარდნაძე, (ლაშას დედა) რომელსაც თურმე ძალიან მოეწონა ჩემი შესრულება და ასე უთქვამს, ქართველი ყველას ჯობიაო. აბა, რა იცოდა, თავის მომავალ რძალზე რომ ლაპარაკობდა. ასევე, შემთხვევით გავიცანი თვითმფრინავში მგზავრობისას ლაშას მამა და და – პატარა ნანულიკო, რომელსაც, რატომღაც, ძალიან ვესიმპათიურე. ნანუ, მაშინ ძალიან პატარა იყო – ალბათ 6 წლის, ჩემი და ლაშას სიყვარულის ისტორიაც აეროპორტსა და თვითმფრინავს უკავშირდება, მაშინ ლაშა ლონდონში სწავლობდა, მაგრამ, ისე მოხდა, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ გაფრინდა ლონდონში: ჯერ, თურმე, ავად გამხდარა, მერე ფრენა გადაიდო, მოკლედ, გადაწყვიტა, თბილისში გამოფრენილიყო სწორედ იმ რეისით, მე რომ მოვფრინავდი… ჩვენ ერთმანეთს რეგისტრაციის დროს გამოველაპარაკეთ. აბა, სხვა რა იყო, თუ არა ღვთის ნება, რომ თვითმფრინავის სალონჰი მე მის გვერდით სავარძელში აღმოვჩნდი?! გამოგიტყდებით, მისგან სიმპათიები ჩემ მიმართ მაშინვე ვიგრძენი. მეილი და ტელეფონის ნომრები დაფრენის შემდეგ გავცვალეთ, თბილისში კონცერტი მქონდა და მთხოვა: თუ შესაძლებელი იქნება, იქნებ მოსაწვევი გადმომცეთ, რომ კონცერტზე მოვიდეო. ის, რა თქმა უნდა, ჩემს კონცერტს დაესწრო… ჩვენი გაცნობიდან ძალიან მალე დამირეკა, მერე დავიწყეთ შეხვედრები. ლაშა ლონდონში იყო, მე – პარიზში, მაგრამ, ისეთი ყურადღებიანი იყო, ერთი დღეც კი არ მიგრძნია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობდით. მოულოდნელად ჩამოდიოდა ხოლმე პარიზში, ულამაზეს სიურპრიზებს მიწყობდა, მერე ერთი წლით გადმოვიდა პარიზში, ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობებსა და ფინანსებს.

– როგორი განცდა გქონდა, როცა ამ ოჯახის წევრი ხდებოდი?

– ეს განცდა რამდენადაც სასიამოვნო და საინტერესო იყო ჩემთვის, იმდენად დატვირთული ვიყავი ემოციებით, ყველაზე მეტად კი ბაბუს გაცნობისა და შეხვედრის წინ ვღელავდი. ყოველი შეხვედრის დროს ვნერვიულობდი და განსაკუთრებულად ვემზადებოდი ხოლმე. პირველად ლაშამ ბაბუა ოპერაში გამაცნო. მან ისე მიმიღო, როგორც საკუთარი შვილიშვილი. ბაბუმ იოლად მომიხსნა დაძაბულობა და ლაშას ჩვეული ხუმრობით უთხრა: ეს გოგო ხელიდან არ გაუშვა, ძალიან კარგი გოგოა, ოჯახში კი მეგრელ ქალს ქალი არ შეედრებაო (იცინის).

– თბილისში საცხოვრებლად საბოლოოდ „გადმოიბირე“ ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი?

– ლაშას თვითონაც ძალიან უყვარს საქართველო და თბილისი. 7 წლის იყო, როცა მისი ოჯახი საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. პარიზი მისთვის უსაყვარლესი ქალაქია, მაგრამ ძალიან ენატრებოდა თბილისი. ახლა ჩვენ ხან აქ ვართ, ხან – პარიზში. თვითმფრინავში იზრდება ჩვენი შვილიც – ედუ პარიზში დაიბადა, საფრანგეთის რეზიდენტია. ძალიან პატარა იყო, როდესაც პირველად ჩამოვიყვანეთ თბილისში და მას შემდეგ სულ „მოგზაურობს“ (იცინის). ლაშას, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად უწევს სხვადასხვა ქვეყანაში გამგზავრება, როცა მაქვს საშუალება, ყოველთვის მივყვები თან, რადგან ჩემ გარეშე, მარტო სადმე ყოფნა არ უყვარს, თუმცა, ედუ ჯერ ისევ პატარაა და ყოველთვის ვერ ვახერხებ ლაშას გვერდით ყოფნას. თბილისში მე და ლაშა ცალკე ვცხოვრობთ, ლაშა ძალიან არის შეჩვეული დამოუკიდებლობას, ძალიან მეხმარება ბავშვის გაზრდაში, შეუძლია ღამეც გაუთენოს მას.

– თქვენი ოჯახის წევრები სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ. ერთად სად იკრიბებით, ხშირად ხვდებით მულს, სოფო შევარდნაძეს?

– მართალია, ჩვენ სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაგრამ ერთმანეთს ხშირად ვხვდებით დღესასწაულებზე – ეს ჩვენი ოჯახის ტრადიციაა: როცა თბილისში ვართ, ყველა ერთად ბაბუსთან ვიკრიბებით ხოლმე, კვირაში ერთხელ მივდივართ მასთან და ამით დიდ სიამოვნებას ვანიჭებთ. ამისთვის გამოყოფილი გვაქვს კვირა დღე, ჩვენ ერთად ვსადილობთ, ბაბუ ჩვენთან ერთად თვითონაც სვამს ერთ ჭიქა ღვინოს, ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანი მასპინძელია, მის მიერ ჩემთვის მომზადებული ბუტერბროდიც გამისინჯავს (იცინის). განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს მე და სოფოს – დებივით, მეგობრებივით ვართ, ერთმანეთს ყველა საიდუმლოს ვუმხელთ. ხშირად მეუბნება ხოლმე ხუმრობით: მე ახლა მული ვარ?! (იცინის). მულობას უფრო ნანუ მიწევს, ამას წინათ, რაღაც კაბა მეცვა, სოფოს ძალიან მოეწონა ჩემი ჩაცმულობა, რაც ნანუმ გააპროტესტა – ამ კაბით სად იყავიო? სოფოს ხშირად ვეკითხები რჩევებს, ის ძალიან ჭკვიანი და მრავალმხრივ განათლებული ადამიანია, მისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. იდეალური ქალის მაგალითია ჩემთვის ლაშას დედა. ნინო განსაკუთრებული დედაა, პარიზში ისე გადამატანინა ფეხმძიმობის პერიოდი, ისე მივლიდა, როგორც საკუთარ შვილს. მისგან მხოლოდ სიკეთე და სიყვარული მოდის… მეც ძალიან მიყვარს ლაშას მშობლები…

– პატარა ედუარდი ჰგავს შევარდნაძეებს?

– ძალიან, განსაკუთრებით დიდ ბაბუას. გარეგნულადაც ჰგავს და ხასიათითაც, ბაბუს ძალიან უხარია, რომ შვილთაშვილი მისი მოსახელეა, სულ ეუბნება ხოლმე: ედუ, მეც ედუ ვარ... ჩვენ არც კი გვიფიქრია, რომ ბავშვისთვის სხვა სახელი დაგვერქმია. ედუ ჯერ პატარაა, მაგრამ, ზუსტად იცის, რა უნდა. ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული ბავშვია, ყველაფერს აკვირდება და სწავლობს. მინდა, შევარდნაძეებს ჰგავდეს პრინციპულობით, მიზანდასახულობით, მინდა ჰქონდეს იღბალი, რომელიც ბაბუს ჰქონდა. ლაშაც ძალიან იღბლიანია. შევარდანაძეები ძალიან ნიჭიერი ხალხია, თუმცა, ცოტა „მეშინია“ კიდეც ამ გვარის (იცინის). მათ აქვთ ხასიათის განსაკუთრებული თვისებები…. ლაშა ძალიან თბილია, მაგრამ თვითდაჯერებულია. იმდენი ღირსეული თვისება გააჩნია, რომელთა ერთდროულად აღმოჩენა ერთ ადამიანში ძალიან ძნელია… მისი განსაკუთრებულობაა სიურპრიზი ხასიათებში. მინდა, პატარა ედუარდი ჭეშმარიტ ქართველ ვაჟკაცად გაიზარდოს, მასში იმდენი სისხლი ჩქეფს: გურული, მეგრული, სვანური და, წარმოიდგინეთ, აფხაზურიც კი… (იცინის). პედიატრები ამბობენ, რომ ედუ თავის ასაკთან შედარებით ძალიან განვითარებული ბავშვია, როცა ამას ბაბუს ვეუბნებით, – ამაში ეჭვიც არ მეპარებაო – სიამაყით გვიდასტურებს ნათქვამს. ედუ გიჟდება იმ ადამიანებზე, ვინც ბაბუსთან ხვდებიან. მივა ედუ სტუმრად და სავარძელში ბაბუს მოტანილი საჩუქრები ხვდება, ბავშვზე ბევრად დიდი ზომის სათამაშოები – დიდი კუ ან დიდი ძაღლი, რაც ძალიან მოსწონს. იქ ჭამს, სვამს და ბედნიერი ბრუნდება შინ.

– როგორც ვიცი, ექსპრეზიდენტმა შვილთაშვილს ძალიან პომპეზური ნათლობის ცერემონიალიც მოუწყო.

– საოცარი ნათლობა იყო, ცერემონიალი ისე მოულოდნელად დაიგეგმა, რომ ვერ მოვასწარი უახლოესი მეგობრების დაპატიჟებაც კი, არაფერს ვამბობ მათზე, ვინც უცხოეთში ცხოვრობს, რასაც ახლა ძალიან განვიცდი.. ედუს ნათლობა პრინცის ნათლობას ჰგავდა. ბაბუს პატივისცემით ედუარდი მისმა უწმიდესობამ მონათლა დიდ სამებაში, შემდეგ საპატრიარქოში ვიყავით, უწმიდესის სურვილით, სიამოვნებით მოვისმინეთ „ავე მარია“. პატრიაქრმა ნახა თუ არა ბავშვი, მაშინვე უთხრა ბაბუს, ძალიან გგავთო. ისეთი ამაღლებული დღე იყო, რომ ძალიან მწყდება გული, ამ ცერემონიალზე ბევრი ჩვენი ახლობელი რომ ვერ მოხვდა. ედუ მონათლეს ჩვენმა ახლო მეგობრებმა, რომლებიც მთელი ცხოვრება შეასრულებენ ნათლიის ვალს, ატარებენ ბავშვს ტაძარში, ილოცებენ მისთვის და აზიარებენ ჭეშმარიტ ქრისტიანობას…

– შევარდნაძეების ოჯახი შენს პროფესიულ კარიერაშიც არის ჩართული?

– ჩვენს ოჯახში ყველას ძალიან უყვარს კლასიკური მუსიკა. როცა პარიზში ვართ, ხშირად დავდივართ ოპერაში, კლასიკური მუსიკის კონცერტებზე და ამ ტრადიციას არასდროს ვარღვევთ. ჩემს პროფესიულ საქმიანობაში ყველაზე მეტად არის ჩართული ჩემი მეუღლე. ოთხი თვის ფეხმძიმე ვიყავი, როცა გერმანიაში გავმართე კონცერტი, ფიზიკურად ძალიან გამიჭირდა ამ კონცერტისთვის მომზადება, მაგრამ ლაშა ყველანაირად დამიდგა გვერდში და მაძლევდა სტიმულს, რომ ჩემი საყვარელი საქმე დროებითაც კი არ მიმეტოვებინა. ძალიან მგულშემატკივრობს ბაბუ, ჩემს საინფორმაციო პროპაგანდასაც კი უძღვება დროდადრო (იცინის). როცა მასთან ვარ სტუმრად, ხშირად მთხოვს ხოლმე, რომ დავუკრა და მეც ყოველთვის სიამოვნებით ვასრულებ მისთვის შოპენს და ქართულ ნაწარმოებებს. თავად არ ცდილობს როიალთან დაჯდომას, მაგრამ, სიამოვნებით ისმენს ჩემს გაკვეთილებს, სამაგიეროდ, თვითონ მესაუბრება პოლიტიკაზე, რაც ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა. ამ საუბრებში ძალიან ბევრს ვსწავლობ და უფრო მეტად ვაფასებ ადამიანს, რომელიც ჩემთვის ძალიან ახლობელი გახდა (იცინის).




скачать dle 11.3