კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა რისკზე წავიდა ეკა მჟავანაძე ცხოვრებაში და როდის იღვიძებს მასში „კაცი“

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ეკა მჟავანაძე ძალიან აქტიურად ცხოვრობს – უამრავი როლი აქვს როგორც თეატრში, ისე სერიალებში. ის ასევე, მუშაობს „ფორმულა კრეატივის“ გუნდთან ერთად. ქალბატონი ეკა ამ ყველაფერს სიამოვნებით აკეთებს, რადგან მიაჩნია, რომ ეს მისი საქმეა. უფრო ვრცლად საკუთარ ცხოვრებაზე მსახიობი თავად გვესაუბრება.

ეკა მჟავანაძე: თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, დაახლოებით 1985 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ვარ. ყოველთვის სიამოვნებით ვიხსენებ თეატრალურ უნივერსიტეტს და ჩემს ჯგუფს. ჩვენ დღემდე ვმეგობრობთ. გვყავდა არაჩვეულებრივი ხელმძღვანელი და რეჟისორი, გიგა ლორთქიფანიძე. მახსოვს, როგორც კი მოვედი ამ თეატრში თემურ ჩხეიძემ მაშინვე ამიყვანა შტატში.

– შემდეგ იყო, ალბათ, უამრავი როლი სპექტაკლებში, ფილმებში.

– კი, მას შემდეგ მოვდივარ და მოვდივარ, მაგრამ სულ თეატრში ვმუშაობდი. ფილმებში ნაკლებად. შემდეგ, რაღაც პერიოდი, დავიწყე ტელევიზიაში მუშაობა. მონაწილეობას ვიღებდი ერთ-ერთ სერიალში, რომელსაც ერქვა „საპონი“.

– ცხოვრებაში პასიური პერიოდებიც გქონდათ, თუ ყოველთვის აქტიურად იყავით დაკავებული?

– რა თქმა უნდა, მქონია პასიური პერიოდები. ჩემი აზრით, ჩემს თაობაში ეს ყველამ გამოიარა. თუმცა, მე უფრო აქტიური პიროვნება ვარ, ვიდრე პასიური. ჩემს აქტიურობაზე ლეგენდები დადის (იცინის). ძალიან ბევრ ადგილზე შემიძლია მუშაობა, პარალელურ რეჟიმში. სერიალებში თამაშთან ერთად დავიწყე მუშაობა „ფორმულა კრეატივში“. ეტყობა, ჩემი აქტიურობითა და ორგანიზატორული ნიჭით მოიხიბლნენ. მე და გიორგი ლიფონავა ახლაც ერთად ვმუშაობთ.

– სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“ როგორ მოხვდით?

– მახსოვს, როცა ეს სერიალი იწყებოდა, იყო ძალიან ცხელი ზაფხული. იმ პერიოდში გიორგი ლიფონავასთან ერთად ვმუშაობდი „პროფილის“ პრომოზე. ისე ცხელოდა, სუნთქვა არ შეიძლებოდა. თან, არ ვიცი, რა დამემართა იმ მომენტში, თითქოს, არ მინდოდა, სიახლეს შევჭიდებოდი თუ შიში გამიჩნდა მაყურებლის, ვიფიქრე, რაღაცას ისე ვერ გავაკეთებდი, როგორც საჭირო იყო. მოკლედ რომ დამირეკეს, უარი ვუთხარი. გადაღებები მოვიმიზეზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ისევ დამირეკეს და დავთანხმდი. ვიფიქრე, რაც არის, არის-მეთქი. (იცინის).

– ცხოვრებაში თუ ჰგავხართ თქვენს პერსონაჟს?

– საერთოდ, მე გურული ვარ, მაგრამ სახლი არ მქონია იქ, ამიტომ, იმდენად არ მაქვს შეხება გურიასთან. თავიდან, ცოტა შევწუხდი, როცა გავიგე, რომ კუთხური დიალექტით უნდა მესაუბრა, რადგან არ ვიცოდი. იცით, რაღაცით თითქოს ვგავარ ჩემს პერსონაჟს. ვფიქრობ, ცუდი ადამიანი არ არის. პირიქით, ძალიან დადებითი პიროვნებაა.

– როდესაც პერსონაჟი თქვენს ხასიათთან ახლოსაა, უფრო ადვილია მისი შესრულება, თუ პირიქით, განსხვავებული ტიპაჟი ჯობს?

– ალბათ, უმჯობესია განსხვავებული ხასიათის. უფრო საინტერესო ხდება თამაში. თუმცა, მნიშვნელობა არ აქვს, ახლოს არის ხასიათთან თუ შორს, მთავარია, როლი კარგად გაითავისო. რატომღაც ყოველთვის აქტიურ ქალებს მათამაშებენ. არ ვიცი, ალბათ, იმიტომ რომ, მე თვითონაც ასეთი ვარ.

– კრიტიკას და შენიშვნებს თუ ეგუებით?

– საკუთარი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსი მე ვარ. ამიტომ, კრიტიკას მტკივნეულად არასდროს განვიცდი. შენიშვნის მიცემა კრიტიკოსის პროფესიაა. შეიძლება ის ისე ხედავს ამას და თავის აზრს გამოთქვამს. არ მიყვარს უნიჭობა, თორემ ნიჭიერ ადამიანს როლიც ჩავარდნია, კარგადაც უთამაშია და ასე შემდეგ. მთავარია, ადამიანს ნიჭი ჰქონდეს. როდესაც იმ საქმეს აკეთებ, რისი ნიჭიც არ გაქვს, ეგაა პრობლემა.

– წარმატებისკენ მიმავალი გზა ადვილად გაიარეთ, თუ ბევრი სირთულის გადალახვა მოგიწიათ?

– ვფიქრობ, რომ მარტივად არაფერი მოდის. მახსოვს, ერთხელ მარჯანიშვილის თეატრიდან გამოვდიოდი, მამა ახალი გარდაცვლილი მყავდა და ეტყობა, ძალიან ნაღვლიანი ვიყავი. იმ პერიოდში იყო ცნობილი მსახიობი – გოგი ტატიშვილი, რომელმაც კართან გამაჩერა და მითხრა ასეთი სიტყვები: „ეკა ნუ გეშინია, სანთელ-სარკმეველი თავის გზას არასდროს დაკარგავს“. იმ წუთას თავი დავუქნიე. ალბათ, ვერც მივხვდი, რატომ მითხრა. მაგრამ, რაც წლები გადის, მას შემდეგ ვხვდები ამ სიტყვების არსს. ალბათ, აქამდე იმიტომ მოვედი, რომ ფარ-ხმალი არ დამიყრია. შეიძლება, ცხოვრებაში ყველაფერი არ მქონდა, რაც მინდოდა – მინდოდა რაღაც როლის შესრულება და ვერ შევასრულე, ფილმებით განებივრებული არ ვყოფილვარ. ამ ყველაფრის მიუხედავად, მე მაინც ძალიან ბევრს ვშრომობდი და საკუთარი თავის იმედი მქონდა. ბუნებით ძალიან ოპტიმისტი ვარ. ვცდილობ, ცხოვრებისგან სიამოვნება მივიღო და არა სულ დეპრესიაში ვიყო.

– თქვენთვის ყველაზე დიდი სიამოვნება რა არის?

– უპირველესად, სიამოვნებას მანიჭებს ჩემი ოჯახი, ჩემი საქმე და, ჩემი თეატრი. სადაც კი ვმუშაობ, ყველაფერი სიამოვნებას მანიჭებს. ასე რომ არ იყოს, ალბათ, არ გავაკეთებდი ამ საქმეს. რატომ უნდა გააკეთო რაღაცა ძალით? არ ჯობია, რაც შენს ხასიათთან, სულთან ახლოსაა, ის აკეთო? ჩემთვის თეატრი ყოველთვის პირველ ადგილზე დგას. ყველაზე დიდ სიამოვნებას თამაშისგან ვიღებ.

– საერთოდ, ემოციური ადამიანი ხართ?

– კი, ძალიან ემოციური ვარ. წარმოიდგინეთ, დედა მეგრელი მყავს, მამა – გურული. როგორი სისხლი მაქვს? (იცინის) შესაბამისად, ძალიან ემოციური ვარ. შეიძლება უცბად რაღაც მოვისმინო და შოკში ჩავვარდე. ან უცბად, ავფეთქდე, მაგრამ შემდეგ ისევ ვწყნარდები. წლებთან ერთად, ვცდილობ, ასეთი აღარ ვიყო. უკვე აღარაფერი აღარ მიკვირს (იცინის).

– აფეთქება ახსენეთ და ხშირად ფეთქდებით?

– ალბათ უფრო კი, მაგრამ თავიდან ჩუმი ნერვიულობა ვიცი. კრიჭა შემეკვრება ხოლმე და ვცდილობ, არ შევიმჩნიო. საერთოდ, კონფლიქტი არ მიყვარს. ცხოვრებაში ერთი ან ორი შემთხვევა თუ გამახსენდება, როდესაც ვიღაცასთან კონფლიქტი მომივიდა. ამ დროს კონტროლს ვკარგავ ხოლმე. ამიტომ, მირჩევნია, მე დავრჩე ნაწყენი, ვიდრე ვინმეს ვაწყენინო. ვცდილობ, ასე ვიცხოვრო. არ მიყვარს „იაზვა“ ადამიანები. საერთოდ, ვაჟკაცური ხასიათი უფრო მაქვს, ვიდრე ქალური. როცა რაღაც პრობლემის წინაშე ვდგები, უცბად კაცი ვხდები ხოლმე (იცინის).

– თამამი თუ ხართ? თქვენს პროფესიაში ეს, ალბათ, აუცილებელიცაა.

– 8 წლიდან სცენაზე ვდგავარ, შესაბამისად, მორიდებული ნამდვილად არ ვარ. ყოველთვის ძალიან თამამი ვიყავი. ცოტათი მეტიჩარაც (იცინის). მახსოვს, სულ ქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა ხოლმე და ვიპრანჭებოდი. საერთოდ, ძალიან კარგია ზომიერი ამბიცია. მე ეს არასდროს მქონია და ახლა ვნანობ. ჩვენს პროფესიაში ეს აუცილებელია, ოღონდ ზომიერი, სითავხედეში არ უნდა გადავიდეს. დღევანდელ ახალგაზრდებს უფრო აქვთ ამბიციები, ვიდრე – ჩვენ დროს.

– თამამი ექსპერიმენტების მოყვარული თუ ხართ?

– რა თქმა უნდა. როდესაც მსახიობის პროფესიას ირჩევ, უკვე გაცნობიერებული გაქვს, რა უნდა გააკეთო და რას ნიშნავს ეს პროფესია. მე არ ვიცი, ახლა, ამ ასაკში თუ წავალ თამამ ექსპერიმენტზე, მაგრამ 20-25 წლის რომ ვიყო, ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებდი ჩემი პროფესიისთვის. სხვათა შორის, დღესაც ბევრს აწუხებს კომპლექსები. მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, ოცდამეერთე საუკუნეაო, მაინც ერიდებათ ბევრი რამ, თუნდაც ის, რომ სცენაზე ერთმანეთს აკოცონ. მით უმეტეს, თუ სცენარში გაშიშვლება წერია, უკვე ძალიან დიდი პრობლემაა. ჯერ უნდა მოძებნო მსახიობი, ვინც ამაზე თანახმა იქნება, შემდეგ უნდა დაითანხმო. დაიწყო მტკიცება, რომ იქნება ხარისხიანი და ლამაზად გაკეთებული და ბოლოს შეიძლება, ძლივს დაგთანხმდეს.

– თქვენ რომ იყოთ 20-25 წლის, უპრობლემოდ დათანხმდებოდით მსგავს სცენებში მონაწილეობას?

– რატომაც არა. გააჩნია რეჟისორს, გააჩნია როლს, მაგრამ, რა თქმა უნდა, დავთანხმდებოდი. მახსოვს, „სამგროშიან ოპერაში“ მე და გოჩა კაპანაძე ვთამაშობდით საყვარლებს. ვთამაშობდი აღვირახსნილ ქალს, რომელიც ნარკოტიკსაც ყნოსავს და ასე შემდეგ, ყველაფერს აკეთებს. კალთაშიც ვუჯდებოდი გოჩას და ფეხსაც ვწევდი, მაგრამ ეს რჩებოდა სცენაზე. არასდროს მქონია მორიდების მომენტი. ძალიან ბევრი როლი მახსენდება, სადაც აღვირახსნილი ქალი მითამაშია (იცინის).

– სცენაზე, ალბათ, რეჟისორს უნდა მიენდო ბოლომდე. მისი ინტერესიც ხომ არის სპექტაკლი იქნება თუ ფილმი ლამაზი და ხარისხიანი გამოვიდეს.

– რა თქმა უნდა. რეჟისორს ყველაზე მეტად უნდა მისი ფილმი ხარისხიანი იყოს. ის არ გაგაკეთებინებს ისეთ რაღაცას, რაც ეკრანზე უხეშად და ულამაზოდ გამოჩნდება. მე ყოველთვის ბოლომდე მივყვები რეჟისორს. ის დგამს სპექტაკლს, ის არის მთავარი და უნდა დაუჯერო. უამრავი ფილმია, სადაც საჭიროა, გახდაც და ჩაცმაც. ვფიქრობ, ყველა ახალგაზრდა მსახიობმა უნდა მოიხსნას კომპლექსები. დღეს უკვე სხვა დროა. ლამაზად გადაღებულ სექსუალურ სცენას, რა ჯობია. დღევანდელ დროში ეს აღარ უნდა დამალო. რაც ლამაზი და კარგია, უნდა გამოაჩინო.

– ცხოვრებაში ხშირად რისკავთ?

– საერთოდ, ვაჟკაცური ქალი ვარ. არასდროს ვიბნევი. ყოველთვის საკუთარი გადაწყვეტილებით ვდგამ ყველა ნაბიჯს, არავის ვიხმარ. რა თქმა უნდა, კარგია, როცა სხვა აკეთებს ყველაფერს და შენ ისვენებ, მაგრამ მე არ შემიძლია ტყუილად ყოფნა. სულ ვეძებ რაღაც გასაკეთებელს. თუ არ მაქვს საქმე, სულ რაღაცას ვჩხრიკავ. დილით რომ გავიღვიძო და საქმე არაფერი მქონდეს, ასეთი დღე, მგონი, არასდროს მქონია.

– იღბლიანი ხართ?

– ალბათ, ვარ იღბლიანი, მაგრამ მეც ძალიან შრომისმოყვარე ვარ. უკვე იციან ჩემს შესახებ და მენდობიან. ეტყობა, თვითონვე დავამკვიდრე თავი (იცინის). როდესაც ადამიანს ურეკავ და სთავაზობ ამა თუ იმ საქმეს, ესე იგი ენდობი. მე ძალიან მოხარული ვარ, თუ ვიღაც მაფასებს.




скачать dle 11.3