კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაუმორჩილებელნი 2



ფარული მბრძანებელი



გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹30-39(457)



ბუნგალოში ქეთი შემოვიდა, იქ მყოფები შეათვალიერა და თქვა:

– კამპანიას გაუმარჯოს! ეს რა ძვირფასი საზოგადოებაა აქ შეკრებილი...

ცოლის დანახვაზე პეტიკო გაშრა, რადგან ასეთ საიდუმლო შეხვედრაზე მის დასწრებას არ გეგმავდა, მაგრამ, არ შეიმჩნია და ქეთის უთხრა:

– რატომ იჩქარე, ძვირფასო. ხომ გითხარი, შემოგივლი და რესტორანში წაგიყვან-მეთქი. თანაც, როგორ მოგვაგენი?

ქეთის გაეცინა და მეუღლეს უთხრა:

– რა პრობლემაა ამდენ შავკანიანში სამი ქართველის პოვნა? თანაც, მარტო ყოფნა მომწყინდა და შამოგიერთდით.

სამი ქართველის ხსენებაზე პეტიკოს ჟრუანტელმა დაუარა, რადგან მათეს პიროვნების გამჟღავნება ქეთისთანაც არ უნდოდა და მეუღლეს უთხრა:

– ქართველები მე და ჰამო ვართ, მისტერ ტომი კი ჩვენი ძველი მეგობარია.

ქეთიმ გულიანად გადაიხარხარა, მათე აათვალიერ-ჩაათვალიერა, ხელი გაუწოდა და უთხრა:

– იყო დრო, როცა თქვენს მეუღლეს ვბაძავდი და მისნაირი მინდოდა ვყოფილიყავი. შემდეგ ის უეცრად გაუჩინარდა და თქვენს ოჯახზე ათასი ისტორია გავიგე, რაც, რა თქმა უნდა, მართალიც იყო და ტყუილიც. რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში ვნახე, რომ თქვენ ნიუ-ორლეანთან, მწვანე მთის სიახლოვეს დაიღუპეთ და არც ეს ამბავი ვირწმუნე ბოლომდე. ნამდვილად არ ვაჭარბებ, მაგრამ, რატომღაც, მეგონა, რომ შეგხვდებოდით და, აი, გამართლებაც ასეთი უნდა. მოხარული ვარ, რომ კაცი-ლეგენდის, რუსეთისა და არა მარტო რუსეთის კრიმინალური სამყაროს მეფის, მათეს პირისპირ ვდგავარ. როგორ ხართ, ზვიად?

მათემ ხელზე აკოცა ქეთის და სუფრასთან დასვა, შემდეგ სასმელით სავსე ჭიქა ასწია და თქვა:

– ამ სასმისით ქეთის გაუმარჯოს! ღმერთმა ტკბილად შეგაბეროთ ერთმანეთს. სიკეთე და სიხარული არ მოგკლებოდეთ და შორს თქვენგან ჭირი, – მათემ ჭიქა ბოლომდე გამოსცალა და დადგა. შემდეგ ისევ ხელზე ეამბორა ქეთის და უთხრა, – მოხარული ვარ, რომ პეტიკოს ასეთი ჭკვიანი და მშვენიერი მეუღლე შეხვდა. ახლა კი უნდა წავიდე, დროა.

მათე ადგა, ყველას გამოემშვიდობა და გასვლის წინ პეტიკოს უთხრა:

– როგორც შევთანხმდით, ისე ვქნათ. აბა, ნახვამდის!

ჰამო და პეტიკო გაქვავებულები ისხდნენ, თითქოს სკამებზე მიეყინენ. ქეთიმ თვალი შეავლო ნირწამხდარ მამაკაცებს, გულიანად გაიცინა და თქვა:

– რამ გაგაქვავათ, კაცებო, არ გრცხვენიათ? ხომ ნახეთ, რომ მათეს არ სწყენია ჩემი გამოჩენა და კეთილგანწყობილად წავიდა.

ახალშერთული ცოლის სიტყვებზე პეტიკოს ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს გული ამოუვარდა საგულედან და მზად იყო, ქეთი შუაზე გაეგლიჯა, რადგან არასდროს აღმოჩენილა ასეთ სიტუაციაში. თუმცა, დროზე მოთოკა ბრაზი, ქეთის შეხედა და უთხრა:

– რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულად მოიქეცი და ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენე მათეს წინაშე. უფრო სწორად, მე და ჰამო ჩაგვაყენე.

– კარგი რა, საყვარელო, – უთხრა პეტიკოს ქეთიმ, რომელიც ცისფერ, ჰაეროვან კაბაში უფრო მეტად მიმზიდველი ჩანდა. ქმარს მხარზე გადახვია ხელი, თან ჰამოს თვალი ჩაუკრა, – რა უხერხულ მდგომარეობაში? მე რა ვიცოდი, თუ აქ მათე დამხვდებოდა? სულელი ხომ არაა, რომ ამას ვერ მიმხვდარიყო. თანაც, მე შენი ცოლი ვარ და მშვენივრად იცის, რომ ჩემგან ხიფათი არ ელოდება.

– მარტო ხიფათში არაა საქმე, – თავი გააქნია პეტიკომ, – რადგან ასე საიდუმლოდ წამოვედით აქ, რასაც შენ აუცილებლად მიხვდებოდი, აქ აღარ უნდა შემოსულიყავი. ჭკვიანი გოგო ხარ და ამის გაგება არ უნდა გაგჭირვებოდა, მაგრამ შენ პროფესიულმა ჟინმა გძლია და ზღურბლს გადააბიჯე.

– კარგი რა, პეტიკო, რა ზღურბლს. მე ნამდვილად არ ვიცოდი, თუ აქ მათე იქნებოდა.

– ეს არ იცოდი, მაგრამ იმას ხომ მიხვდი, რომ შენგან საიდუმლო შეხვედრა გვქონდა და არ უნდა შემოსულიყავი.

– მე ვიფიქრე, ქალებს ხომ არ ხვდებიან-მეთქი, ვიეჭვიანე და იმიტომ შემოვედი, – იცრუა ქეთიმ.

– კარგი რა, რა ქალები... მშვენივრად იცი, რომ არანაირ ქალებთან არ ვიყავით.

ქეთის გაეცინა, მეუღლეს ლოყაზე აკოცა და უთხრა:

– მიბრაზდები, საყვარელო?

– თანაც მათეს ამბავი დამიმალე, – ამოიხვნეშა პეტიკომ, – თურმე გცოდნია, რომ ის და მისი ცოლ-შვილი ნიუ-ორლეანთან დაიღუპნენ.

ქეთიმ კიდევ ერთხელ აკოცა პეტიკოს ლოყაზე და უთხრა:

– ინტუიცია მკარნახობდა, რომ მათეს აუცილებლად შევხვდებოდი და იმიტომ დაგიმალე. რაღაც ხმამ მითხრა, რომ ეს ყველაფერი გათამაშებული სპექტაკლი იყო, ხოლო შენ კი ამ სპექტაკლის ერთ-ერთი მონაწილე და, ხომ ხედავ, გავარტყი.

– აბა, არ ვიცოდი, რომ აქ მათე დამხვდებოდაო?! – თავი გააქნია პეტიკომ.

– ხომ მაგარი ცოლი გყავს, საყვარელო?

პეტიკომ ქეთის თავზე გადაუსვა ხელი და უთხრა:

– ეს ისეთი სახიფათო რამ არის, რომ შენი საქმე არაა და, მოდი, ამაზე საუბარს მოვრჩეთ.

– ხიფათი ჩემი პროფესიაა, საყვარელო.

– არა, ქეთი, ამას ვერ დავუშვებ. ამ საქმეში ქალის მონაწილეობა, მით უმეტეს შენი, გამოირიცხა და ამაზე ფიქრიც კი ამოიგდე თავიდან.

– პეტიკო... – შეიშმუშნა ქეთი.

– არავითარი პეტიკო! – თავი გააქნია პეტიკომ, – მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს და სხვა საქმეს მოჰკიდე ხელი, ჩვენს საქმეში კი ნუ ჩაერევი. ოღონდ ეს არა და, რაც გინდა, მთხოვე. გინდა, ბიზნესს მოჰკიდე ხელი, თუ გინდა, გაზეთი გამოუშვი, გინდა, ტელეარხს გაგიკეთებ, ოღონდ, იცოდე, რომ პოლიტიკა გამორიცხე და ლაითი თემა აირჩიე. სისხლი და საიდუმლოებები ყელში ამოუვიდა ხალხს და ახლა ის უფრო აინტერესებთ, ვის რა ფერის ტრუსიკი აცვია და ვინ ვის სად და როდის ჟიმავს. ამაში უფრო მეტი ფულის შოვნა შეიძლება.

– მე ეს არ მაინტერესებს, – თქვა ქეთიმ.

– მაშინ, ის აირჩიე, რაც გაინტერესებს. კრიმინალი და პოლიტიკა კი სამუდამოდ დაივიწყე.

– გასაგებია, – თქვა ქეთიმ და თავი ჩაღუნა. შემდეგ წამოდგა და კარისკენ გაემართა.

– მოიცადე და ერთად გავიდეთ. რესტორანში ადგილი გვაქვს შეკვეთილი და ფანტასტიკური ღამე გველოდება.

– არ მინდა, დავიღალე და მეძინება, – თავი გააქნია ქეთიმ და ბუნგალოდან გავიდა.

პეტიკო ადგილიდან არ განძრეულა და ქეთის მობრუნება არც კი უცდია. ჰამომ კი თავი გააქნია და ცოლისძმას უთხრა:

– ცოდოა, დაეწიე და მოაბრუნე...

– არაა, საჭირო, – თავი გააქნია პეტიკომ, – წავიდეს, დაიძინოს. მადლობელი იყოს, რომ, რაც ჩაიდინა, იმაზე არ ვთხოვ პასუხს. წარმოიდგინე, რას იფიქრებს მათე. არ იტყვის ჩემზე, რა სირი ყოფილა, ცოლი ვერ მოუთოკავსო?

– ნუ გეშინია, არაფერს იტყვის და არც არაფერს იფიქრებს. მშვენივრად მიხვდა, რომ ეს ყველაფერი სრულიად შემთხვევით მოხდა.

– გასაგებია, მაგრამ ამ საქმეში ყოველგვარი შემთხვევითობა უნდა გამოირიცხოს. მათეს ამბავი დიდი საიდუმლოა და არავინ არ უნდა იცოდეს. თუ გაბაზრდა, რომ ის ცოცხალია, მაშინ ჩაფიქრებული საქმე ჩაგვეშლება.

– იმდენად საიდუმლოა, მეც არ გამანდე, რომ ცრუ ავიაკატასტროფას გეგმავდით, – ნაწყენი ტონით თქვა ჰამომ.

– კარგი, გეყოფა, ნუ სულელობ! ხომ იცი, რომ შენგან დასამალი არაფერი გვაქვს. უბრალოდ, ეს ყველაფერი ძალიან მალე უნდა გაკეთებულიყო და, სიმართლე გითხრა, მომენტიც ვერ ვნახე, რომ შენთვის მეთქვა.

– მაბოლებ, არა? – ჩაეცინა ჰამოს.

სიძის სიტყვებზე პეტიკოსაც გაეცინა და ჰამოს უთხრა:

– სიმართლე გითხრა, ეს ყველაფერი იმიტომ არ გითხარი, რომ შენც არ მოგდომებოდა ამ ოპერაციაში მონაწილეობა. კარგად გიცნობ და ვიცი, შანსს არ უშვებ, რომ ხიფათში არ გაყო თავი.

– მაინც, ვინ და როგორ შეასრულა ეს ბლეფი?

პეტიკომ სიგარა გააბოლა და თქვა:

– მათეს გაუჩინარების იდეაც მე მოვიფიქრე და შემსრულებელიც მე გავუგზავნე. ერთი ძველი პილოტია, ყრუ-მუნჯი და, თვითმფრინავის მართვის მეტი არაფერი იცის. მას იმაზეც კი არ აქვს წარმოდგენა, ვისი ავიაკატასტროფის ინსცენირება მოხდა. ის კაცი ახლა თბილისშია, ასი ათასი დოლარი ტრაკქვეშ აქვს ამოდებული, სიბერე კი – უზრუნველყოფილი. ასე რომ, მისგან არანაირი საფრთხე არ გვემუქრება.

– კიდევ ვინ იცის ეს ამბავი?

– მათემ, მე, შენ და ქეთიმ, ასევე, მათეს ცოლ-შვილმა.

– მათეს გაუჩინარება მანგუსტისგან თავის დასაღწევად მოიფიქრეთ?

– მაგიტომაც და, კიდევ იმიტომ, რომ საჭირო მომენტში გამოჩნდეს, რასაც დიდი ეფექტი მოჰყვება კრიმინალურ სამყაროში და მანგუსტელ ქურდებს საბოლოო დარტყმას მივაყენებთ.

– მერე, დაიჯერებს მანგუსტი მათეს სიკვდილს?

– ყოველ შემთხვევაში, ვერ მიაგნებს და, საბოლოოდ, დაიჯერებს, აბა, რას იზამს.

– სად უნდა დაიმალოს?

– რუსეთში, მოსკოვში. ერთი ძალიან კონსპირაციული ადგილია და იქ იქნება.

– მათეს ცოლ-შვილი?

– აქ იქნებიან. უკვე ყველაფერი მოგვარებულია და თეაც შეეგუა თავის ბედს...

***

ქეთიმ და პეტიკომ მეორე დღესვე გაარკვიეს ურთიერთობები, შერიგდნენ და მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უბედნიერესი დრო გაატარეს. ხოლო თბილისში რომ დაბრუნდნენ, ქეთიმ მეუღლეს უთხრა:

– მიყვარხარ.

– მეც ძალიან მიყვარხარ.

– რაღაც უნდა გითხრა.

– თქვი, გისმენ.

– გახსოვს, ამ ორი კვირის წინ რას შემპირდი?

– აბა, დააკონკრეტე, ძვირფასო.

– თუ გინდა, ტელეარხს შეგიძენო.

– მახოვს. თუმცა, არც ის პირობა დამვიწყებია, რა შემთხვევაში ვარ ამაზე თანახმა.

– არც მე, – გაიღიმა ქეთიმ, – იმ პირობით, თუკი კრიმინალსა და პოლიტიკაზე სიტყვასაც არ დავძრავდი.

– სწორია. ახლა კი დააკონკრეტე, რა გინდა.

– რა მინდა, საყვარელო და... – გაიღიმა ქეთიმ, მეუღლეს თავზე მიეფერა და თქვა, – ტელევიზიის გაკეთება ძალიან ძნელია და ეს მომავლის პერსპექტივაა. საქმე მარტო ფულში არ არის. გამოცდილება, საჭირო კადრები, ორგანიზაციული რუტინა... ერთი სიტყვით, ამ ყველაფერს დრო უნდა. მე კი მძლავრი, პოპულარული თოქ-შოუს გაკეთება მინდა, სადაც სხვადასხვა ასაკის, ეროვნების, ინტელექტისა და ასე შემდეგ ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას და თავიანთ აზრებს გაუზიარებენ საზოგადოებას, მოუყვებიან საინტერესო ისტორიებს, იხუმრებენ, იტირებენ... მოკლედ, სახალხო გადაცემის გაკეთება მინდა, რომელიც არც კონიუნქტურით იქნება დატვირთული, არც სისხლით და მაღალი რეიტინგიც ექნება. ყველაფერი დეტალურად მაქვს მოფიქრებული. გუნდიც შევარჩიე და არხიც და შენგან მხოლოდ ნებართვა და ფინანსებია საჭირო. რას იტყვი, საყვარელო?

პეტიკოს გაეცინა:

– სხვა კუთხით მომიდექი, არა, საყვარელო?

– რა სხვა კუთხით? – მხრები აიჩეჩა ქეთიმ.

– საყვარელო, – უთხრა პეტიკომ, – შოუ ისეთი რამაა, რომ, რაც არ უნდა დაარქვა, ბოლოს მაინც პოლიტიკამდე უნდა მიხვიდე. თემა – რიჟა ბაზარია. დავუშვათ, თემაა „ფრანგული სუნამოების წარმოების ტექნოლოგია“, ერთი შეხედვით, ყოვლად არაპოლიტიკური. მაგრამ, კარგი წამყვანი ან დაინტერესებული კარგი რესპონდენტი ისე წაიყვანს ბაზარს, რომ პოლიტიკაზეც ილაპარაკებს, კრიმინალზეც და ნიანგების ჭერაზეც ანგოლაში.

– ესე იგი, ეს იდეა არ მოგწონს და უარზე ხარ?

– სულაც არა. მშვენიერი იდეაა და ძალიანაც მომწონს. მით უმეტეს, რომ თოქ-შოუს წამყვანობა ძალიან მოგიხდება, მაგრამ ჩვენს შეთანხმებას არ უნდა გადაუხვიო. ფინანსებს კი, რა თქმა უნდა, მოგცემ და ნებისმიერ არხზე, ნებისმიერ დროს დაგითრევ ეთერს.

– რა თქმა უნდა, საყვარელო, – უთხრა ქეთიმ, პეტიკოს კისერზე ჩამოეკიდა და კოცნა დაუწყო, თან იმეორებდა, – საყვარელო, საყვარელო, რა ბედნიერი ვარ, ისევ ჟურნალისტიკაში ვიქნები და ჩემი გადაცემა მექნება!

პეტიკოს ტელეფონმა დარეკა. მან ნაზად მოიშორა ქეთის ხელები კისრიდან, შემდეგ ტელეფონი გაშალა და უპასუხა:

– გისმენთ!

– ბატონო პეტრე, მიხეილი გაწუხებთ!

– ვინ მიხეილი? – ჰკითხა პეტიკომ, რომელმაც მაშინვე იცნო ის გამომძიებელი, ვისაც თავისი პალატა დაატოვებინა საავადმყოფოში და ჩვენების მიცემაზე უარი განუცხადა.

– გამომძიებელი, ბატონო პეტრე, – თქვა მიხეილმა, – ამას წინათ დაგირეკეთ და მითხრეს, რომ საქორწინო მოგზაურობაში ყოფილხართ.

– რა გნებავთ?

– თქვენთან საუბარი.

– ჩვენება გინდათ, ჩამომართვათ?

– არა, ბატონო პეტრე, არა! კერძო საქმე მაქვს თქვენთან და მიმიღებთ?

– ძალიან გეჩქარებათ?

– პრინციპში, კი. რაც უფრო მალე შევხვდებით, მით უკეთესი.

– კეთილი. ხვალ ჩემს ოფისში მობრძანდით, შუადღეს.

– დღეს არ გცალიათ?

– ასეთი საჩქაროა?

– პრინციპში, კი, – გაიმეორა გამომძიებელმა.

– კეთილი. მაშინ, პირდაპირ ჩემთან მოდით სახლში. მისამართი, ალბათ, იცით.

– რა თქმა უნდა, ვიცი.

– მაშინ, ერთ საათში გელოდებით, – თქვა პეტიკომ და ტელეფონი დაკეცა.

გამომძიებელი ზუსტად დათქმულ დროზე ეწვია პეტიკოს, რომელმაც ის თავის კაბინეტში შეიყვანა, სავარძელში ჩასვა და უთხრა:

– გისმენთ, ბატონო მიხეილ. ბრძანეთ, რა გნებავთ, – პეტიკომ სიგარების ყუთი გახსნა და ერთი სიგარა ამოიღო, შემდეგ გამომძიებელსაც გაუწოდა, – იქნებ, სიგარა ინებოთ. ნამდვილი კუბურია და გესიამოვნებათ.

მიხეილმა სიგარას მოუკიდა, გააბოლა და პეტიკოს უთხრა:

– თქვენთან ერთი უჩვეულო თხოვნით ვარ მოსული და გთხოვთ, ბოლომდე მომისმინოთ, არ დამცინოთ და ნურც თანხმობას მეტყვით ნაჩქარევად და ნურც – უარს. პატარა ბიჭი არ ვარ, რომ გაუაზრებელი ნაბიჯი გადავდგა და, რაც არ უნდა იყოს, ორგანოებში აგერ უკვე მეთორმეტე წელია, ვმუშაობ. არც ჭკუა მაკლია და არც გამოცდილება. თანაც, უღალატო კაცი ვარ და კარგად ვიცი ერთგულების ფასი. ასე რომ, საკმაოდ სასარგებლო ადამიანი ვარ. ბოდიშს კი გიხდით, რომ საკუთარ თავს გიქებთ, მაგრამ ისეთი საქმისთვის გეახელით, რომ საკუთარი თავის გაცნობის გარეშე, არაფერი გამოვა.

– ბრძანეთ, ბატონო მიხეილ, რა გნებავთ. მე თქვენ დიდი გულისყურით გისმენთ.

გამომძიებელმა წყალი დალია, პაუზა გააკეთა და პეტიკოს უთხრა:

– ბატონო პეტრე, თქვენს ორგანიზაციაში მინდა მუშაობა. როგორც უკვე გითხარით, კარგად ვიცი ერთგულების ფასი და, გარწმუნებთ, გამოგადგებით.

პეტიკო მშვენივრად მიხვდა, საიდან უბერავდა ქარი და რას მოითხოვდა გამომძიებელი, მაგრამ თავი მოიკატუნა და უთხრა:

– მშვენიერი პროფესია გაქვთ, როგორც ვიცი, კარგი, გამოცდილი გამომძიებელი ბრძანდებით და სამშენებლო კომპანიაში მუშაობა რამ გადაგაწყვეტინათ?

– რა სამშენებლო კომპანიაში?

– თქვენ არ თქვით, რომ ჩემს ორგანიზაციაში გსურთ მუშაობა? მე კი სამშენებლო კომპანიის პრეზიდენტი ვარ.

– არა, ბატონო პეტრე, ამას არ ვგულისხმობდი.

– აბა, რას?

– მე თქვენს მაფიოზურ ორგანიზაციაში მუშაობას ვგულისხმობ.

– რა ბრძანეთ?

– თქვენი მაფიის წევრობა მინდა, ბატონო პეტრე, – გაიმეორა გამომძიებელმა.

პეტიკო ასეთ კონკრეტიკას ნამდვილად არ ელოდა და ხარხარი აუტყდა. როდესაც გული იჯერა, თავი გააქნია და უთხრა:

– რას ბრძანებთ, ბატონო მიხეილ? გეშლებათ, ნამდვილად გეშლებათ და არასწორი მისამართი მოგცეს.

– არ შემშლია, ბატონო პეტრე, გარწმუნებთ.

პეტიკომ კოპები შეიკრა, გამომძიებელს გამჭოლი მზერა შეავლო და უხეშად უთხრა:

– რას როშავთ, რა მაფია, რის მაფია, საიდან მოიტანეთ ეს სისულელე? ჩვენი საუბარი ამოწურულია და შეგიძლიათ, მიბრძანდეთ!

– ნუ ბრაზობთ, დონ, – სრულიად სერიოზული ტონით უთხრა გამომძიებელმა პეტიკოს, – მე რომ თქვენი მეგობარი არ ვიყო, მაშინ აქ არ მოვიდოდი და ყველაფერს თვითდინებაზე მივუშვებდი.

სიტყვა „დონმა“ უკიდურესად გააღიზიანა პეტიკო და მზად იყო, მიხეილი პანღურისკვრით გაეგდო, მაგრამ თავი შეიკავა და გამომძიებელს დააკვირდა, რადგან მის ფსიქიკურ სიჯანსაღეში შეეპარა ეჭვი. თუმცა, მალევე დარწმუნდა, რომ ამ მხრივ ყველაფერი რიგზე იყო და ჩაილაპარაკა:

– უცნაურია და სასაცილო.

გამომძიებელს გაეღიმა:

– ალბათ, გიჟი გგონივართ.

– რა გნებავთ, თქვით!

მიხეილმა ჩაახველა, პეტიკოს გაუღიმა და მოწიწებით უთხრა:

– თქვენზე ფარული გამოძიებაა დაწყებული სამინისტროში და ეს მე შემთხვევით გავიგე. სანქცია პირადად მინისტრმა გასცა და ძირს გითხრიან. თქვენ ქართული მაფიის ერთ-ერთ გავლენიან ბოსად გთვლიან და თქვენი გამოჭერა უნდათ. ამ საქმეზე ძალიან კვალიფიციური ჯგუფი მუშაობს, რომელიც არაფერს, თვით ძალადობასაც კი არ მოერიდება თქვენ წინააღმდეგ. ამიტომ თანამშრომლობას გთავაზობთ და გთხოვთ, თქვენს მონა-მორჩილად მიგულოთ. თქვენი ხმალი, ჩემი კისერი. მზად ვარ, უერთგულესად გემსახუროთ და იმედი მაქვს, რომ ეს ძალისხმევა დამიფასდება.

გამომძიებლის სიტყვების შინაარსმა, ტონმა და სახის გამომეტყველებამ პეტიკო დაარწმუნა, რომ ის სიმართლეს ამბობდა, მაგრამ არ შეიმჩნია და უთხრა:

– საკმაოდ დალაგებულად და ლამაზად ლაპარაკობთ, მაგრამ ეს ზოგადი საუბარია და კონკრეტული არაფერი გითქვამთ.

პეტიკოს სიტყვებმა გამომძიებელი შეაგულიანა, გაუღიმა და უთხრა:

– ვატყობ, რომ ჩემმა სიტყვებმა დაგაინტერესათ.

– მე ფაქტები მაინტერესებს, – მოკლედ მოუჭრა პეტიკომ.

– ახლავე, ბატონო პეტრე, – თქვა გამომძიებელმა და ჯიბიდან კომპიუტერის დისკი ამოაცურა, – აი, ეს ვნახოთ და ყველაფერი ნათელი იქნება.

– ეს რა არის?

– ამ დისკზე ნაზი კუკავას თქვენი გამოაშკარავების გეგმა და ოპერატიული მუშაობის ზოგიერთი შედეგი აქვს ჩაწერილი. აქვეა წარმოდგენილი ფოტო, ვიდეო და აუდიომასალები. ერთი სიტყვით, ეს დისკი თქვენ წინააღმდეგ მიმართულ ყველა ქმედებას მოიცავს და გაეცანით. ბოლოს კი თქვენი აზრი მითხარით და დავალება მომეცით.

პეტიკომ დისკი ჩართო და სამი საათის განმავლობაში თვალი არ მოუწყვეტია კომპიუტერის დისპლეისთვის, რომელზეც მის წინააღმდეგ მიმართული მთელი რიგი ღონისძიებები მკაფიოდ ჩანდა. იქ იყო პეტიკოს რამდენიმე შეხვედრის ვიდეოკადრები, მისი რამდენიმე სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი და ცნობილ და ნაკლებად ცნობილ ადამიანებთან გადაღებული კადრები. ყველაზე საინტერესო კი პეტიკოსთვის ის იყო, რომ მასთან ორი აგენტის, ვინმე „კაქტუსისა“ და „როზას“ შეგზავნას აპირებდნენ, რომლებზეც ამ გეგმის ავტორი დიდ იმედებს ამყარებდა და მათი საშუალებით ცდილობდა პეტიკოს კომპრომეტაციას. ამ მასალის ნახვამ პეტიკო დაარწმუნა, რომ მის წინააღმდეგ საგამოძიებო ორგანოებს თითქმის არანაირი სამხილი არ ჰქონდათ და მისი ჭეშმარიტი სტატუსის შესახებ არაფერი იცოდნენ. თუმცა, ცუდი ის იყო, რომ მისი პერსონით ძალოვანი სტრუქტურა იყო დაინტერესებული და ყველაფერ ამას თვით მინისტრმა მისცა ვიზა. ყველაფერი რომ დაათვალიერა, პეტიკომ კომპიუტერი გამორთო და გამომძიებელს უთხრა:

– აქ დიდი არაფერია. თუმცა, ცუდი ისაა, რომ ჩემ წინააღმდეგ ფარული გამოძიება მიმდინარეობს. სულ რომ კრისტალური იყო, ასეთ ვითარებაში მაინც გაისვრები და სიმართლე გითხრათ, ეს სულაც არ მეპიტნავება.

– სრულიად გეთანხმებით, – თქვა გამომძიებელმა, – სწორედ ამიტომ გეწვიეთ და მზად ვარ, რომ გიერთგულოთ.

– დიდი მადლობელი ვარ, – უთხრა პეტიკომ და მიხეილს გაუღიმა, – მაგრამ, მაინტერესებს, როგორ მოიპოვეთ ეს მასალები? არა მგონია, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს და, ალბათ, საიდუმლოც კია.

– რა ყველასთვის ხელმისაწვდომი, ბატონო პეტრე. ახლა რაც ვნახეთ, ჩვენ გარდა მინისტრს და, შეიძლება, მის პირველ მოადგილეს ჰქონდეს ნანახი, ნაზი კუკავას გარდა, რა თქმა უნდა. მე კი ეს დისკეტა ნაზის კომპიუტერიდან გადმოვწერე.

– როგორ?

– ნაზი ჩემი ნაშაა, ვჟიმავ ხოლმე ზოგჯერ, როცა პახაბნობის ხასიათზე ვარ და ერთხელ, როცა ის აბაზანაში შხაპს იღებდა, კომპიუტერს მივუჯექი და გადავიწერე.

– რას წარმოადგენს ეს ნაზი?

– განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელია, 42 წლისაა. მაგარი შებერტყილი და გამოცდილი ვინმეა, სუპერ-პროფესიონალი. საქმე მაგრად იცის, მაგრამ სექსის გიჟია და ლოგინში ყველაფერს უმაღლეს დონეზე აკეთებს. არც ქმარი ჰყავს, არც შვილი და, სექსისა და გამოძიების მეტი არაფერი აინტერესებს.

– გასაგებია, – თავი დააქნია პეტიკომ, – შენ ის მითხარი, ამ აგენტების ვინაობას ვერ შეიტყობ?

– კაქტუსის და როზასი? ყველანაირად შევეცდები.

– ჰო, შეეცადე. მაინც, ყოველი შემთხვევისთვის. თუმცა, ძალიანაც ნუ გარისკავ, რომ არ დაიწვე, რადგან, ჩემთან ასეთი ვინმეს შემოგზავნა, მით უმეტეს ახლა, ძალიან რთულია.

– ესე იგი, მავალებთ, ხომ, ბატონო პეტრე?

– ჩათვალე, რომ ეს ჩემი მეგობრული თხოვნაა.

– ესე იგი, თქვენს ორგანიზაციაში მიიღებთ, არა?

პეტიკოს გაეცინა, მიხეილს ზურგზე მოუთათუნა ხელი და უთხრა:

– მოდი, ნურაფერს დავაკონკრეტებთ. ჩვენ მეგობრები ვართ და ამით ყველაფერია ნათქვამი. საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, ერთმანეთის მიმართ გულწრფელები ვიყოთ და არ ვუღალატოთ.

– რა თქმა უნდა, ბატონო პეტრე. ვფიცავ, რომ არასოდეს გიღალატებთ! – უთხრა მიხეილმა პეტიკოს და მის წინაშე დაიჩოქა, მარჯვენა ხელზე აკოცა და თავი დახარა მორჩილების ნიშნად.

პეტიკოს არც უცდია მიხეილის შეჩერება და, როდესაც მან ბოლომდე დაასრულა იმპროვიზირებული რიტუალი, გაუღიმა, წამოაყენა, ათი ათასდოლარიანი შეკვრა გაუწოდა და უთხრა:

– ეს თანხა ცოტა ხანს გეყოფა და კიდევ მიიღებ. ახლა კი ნახვამდის. თუ დამჭირდი, მოგნახავ. თუ შენ დაგჭირდი, იცი, როგორ დამიკავშირდე.

უზომოდ ბედნიერმა გამომძიებელმა ფული ჯიბეში ჩაიდო, პეტიკოს თავი დაუკრა და წავიდა.

***

მიხეილის ვიზიტის მერე, პეტიკომ ჰამოს დაუძახა, ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და უთხრა:

– მინისტრის მტრობაღა გვაკლდა. ერთი შარი ძლივს ავიცილეთ თავიდან და ახლა მეორე გამოჩნდა.

– ამასაც მოვიშორებთ. მთავარია, ყურადღებით ვიყოთ და აგენტები არ შემოგვეპარონ.

– თუ არ შემოგვაპარეს უკვე.

– ვინმეზე ეჭვი გაქვს?

– რა ვიცი, – მხრები აიჩეჩა პეტიკომ და ხელი ჩაიქნია.

– მოიცა, მოიცა! შენ რა, ეჭვობ, რომ ის ვიღაც კაქტუსი და როზა უკვე აქ არიან? – ჰკითხა ჰამომ ცოლისძმას და გაკვირვებულმა შეხედა.

– არ ვიცი, ორივე არა მგონია, მაგრამ, შეიძლება, ერთ-ერთი მაინც, – გაურკვევლად, დაბნეული ტონით თქვა პეტიკომ და საკუთარი თავი რომ არ გაეცა, სიგარა გააბოლა.

ჰამო უცებ მიხვდა და გაბრაზებულმა: პეტიკოს უთხრა.

– შენ სრულ ჭკუაზე ხარ?

პეტიკოს არ გაკვირვებია სიძის ასეთი ტონი და ეტყობოდა, რომ მოელოდა კიდეც ასეთ რეაქციას. ამიტომ თავაუწევლად თქვა:

– რა არი, რო?!

– რა და ის, რომ, თუ მე არაფერი მეჩვენება, მაშინ შენ ქეთიზე გაქვს ეჭვი. ასე არაა?

პეტიკომ მხრები აიჩეჩა და უთხრა:

– არ ვიცი.

– რა არ იცი, პეტო? როგორ არ გრცხვენია? ქეთი მშვენიერი გოგოა, შენ ძალიან უყვარხარ და ასეთი რამ როგორ გაიფიქრე?

პეტიკოს შერცხვა და ჰამოს უთხრა:

– რას შემომიჩნდი. მე, უბრალოდ, ერთ-ერთ ვარიანტად დავუშვი.

– რა ვარიანტად, პეტო, რამ გაგაგიჟა? ასე, შეიძლება, მეც ეჭვქვეშ დამაყენო და, დაჟე, სოფიც.

– შენ ხომ არ გაგიჟდი? სოფი ჩემი დაა და კარგად ვიცნობ, შენ კი – ჩემი ძმა და არც შენში მეპარება ეჭვი, –  თქვა პეტიკომ, ჩაფიქრდა და განაგრძო, – პრინციპში, არც ქეთიში შემპარვია დიდი ეჭვი. უბრალოდ, ვიფიქრე, რომ კრიმინალის ჟურნალისტია, გაქექილი და, ხომ შეიძლება, ჩემთვის შემოეგდოთ-მეთქი. ახლა კი ვრწმუნდები, რომ მივქარე. რის ნასედკა, რა აგენტი, უბრალოდ, ეჭვებმა შემიპყრო.

– კარგი, კარგი, – თქვა ჰამომ და პეტრიკოს მხარზე მოუთათუნა ხელი, – არა უშავს. ეს ბაზარი ჩვენ შორის მოკვდეს!

ოთახში ქეთი შემოვიდა და ჯერ ჰამო გადაკოცნა, შემდეგ პეტიკოს მიუალერსა:

– როგორ ხარ, საყვარელო?

– შენ?

– კარგად. შენთან საქმე მაქვს, გცალია?

– მცალია, გისმენ.

ამ სიტყვების გაგონებაზე, ჰამომ ოთახიდან გასვლა დააპირა, რომ ცოლ-ქმარი მარტო დაეტოვებინა, მაგრამ ქეთიმ შეაჩერა:

– სად მიდიხარ, ჰამო, დარჩი, მე არაფერი მაქვს საიდუმლო!

ჰამო სავარძელში ჩაეშვა, ქეთიმ კი მეუღლეს გაუღიმა და უთხრა:

– არხიც შევარჩიე, შემოქმედებითი ჯგუფიც და, ორი მათგანი, ჩემი უახლოესი მეგობრები, მოვიყვანე, რომ გაგაცნო. ჩვენ ერთად გავაკეთებთ თოქ-შოუს და მინდა, რომ იცნობდე, წინააღმდეგი ხომ არ ხარ?

– არა, რას ამბობ!

– მაშინ, შემოვიყვან, – თქვა ქეთიმ, გავიდა და ორ ტანწერწეტა გოგონასთან ერთად დაბრუნდა ოთახში, თან მეუღლეს უთხრა: – იცნობდე, ჩემი მეგობრები არიან – ლიკა ვარდიაშვილი და თეა ეკალაძე. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ და ჩვენი ოჯახის ხშირი სტუმრები იქნებიან.

პეტიკო და ჰამო გოგონებს გაეცნენ, გაუღიმეს და, ის იყო, ჰამო სავარძელში უნდა ჩამჯდარიყო, რომ პეტიკომ გოგონებს გაუღიმა და უთხრა:

– ბოდიში, გოგონებო, უნდა დაგტოვოთ მე და ჩემს სიძეს საქმიანი შეხვედრა გვაქვს და მივდივართ. თქვენ კი არ მოიწყინოთ, ქეთი გაგიწევთ მასპინძლობას.

ახალმოსულებმა თავაზიანად გაუღიმეს პეტიკოს. ქეთის გაუკვირდა ქმრის საქციელი, თუმცა ხმა არ ამოუღია და სტუმრებს მიუბრუნდა, ჰამო კი უხმოდ გაჰყვა პეტიკოს. ოთახიდან რომ გავიდნენ, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ პეტიკომ პირზე ააფარა ხელი, თითქმის ძალით შეათრია თავის კაბინეტში, კარი მიიხურა და უთხრა:

– ასე ჯობია, აქ უფრო უხიფათოა, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით.

ცოლისძმის საქციელით გაოცებულმა ჰამომ ეჭვით აათვალიერ-ჩაათვალიერა პეტიკო და ჰკითხა:

– ხომ არ გაგიჟდი, რა გჭირს?

– ჭკუის კოლოფო, – გაიცინა პეტიკოს, – ზოგჯერ სხვის აზრებს კითხულობ ხოლმე ტელეპათივით და ახლა რამ გაგაშტერა?

– რა იყო? – მხრები აიჩეჩა ჰამომ.

– რა რა იყო? ვერ ხვდები, რატომ გამოგიყვანე?

– ვერა, – თავი გააქნია ჰამომ.

– იმიტომ, რომ როზა და კაქტუსი გვესტუმრნენ.

– ვინ როზა და კაქტუსი? – უცებ ვერ მიხვდა ჰამო. მაგრამ მერე პირი დააღო, პეტიკოს ეჭვის თვალით შეხედა და ჰკითხა: – დარწმუნებული ხარ?

– თითქმის.

– მაინც, რატომ?

– არა მარტო იმიტომ, რომ ლიკა ვარდიაშვილია და ვარდი რუსულად „როზაა“, ხოლო თეა ეკალაძეა და გვარის გამო „კაქტუსთან“ იწვევს ასოციაციას. ინტუიცია მკარნახობს, რომ „ძაღლებმა“ ნასედკები შემოგვიყარეს და რომ ეს ორი შხვართი სწორედ ის აგენტები არიან, რომელთა მეტსახელები მე დისკეტის ყურებისას გავიგონე.

– არაა გამორიცხული, – თავი დააქნია ჰამომ, – თან, ხომ გაიგონე, ქეთიმ რა თქვა? ამიერიდან ისინი ჩვენი ოჯახის ხშირი სტუმრები იქნებიანო.

– მეც სწორედ ამიტომ არ გათქმევინე არაფერი. დარწმუნებული ვარ, რომ სანამ ეგ გოგონები მოსაცდელში იმყოფებოდნენ, იქ მოსასმენი აპარატურა დაამონტაჟეს. აქ კი იმიტომაა უსაფრთხო, რომ ჩემს კაბინეტში ვერ შემოვიდოდნენ. მათი პირდაპირი მოვალეობაც ეს უნდა იყოს. „ძაღლებს“ ხომ ჩემი გამოჭერა უნდათ და ამისთვის ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ. ინფორმაციის მოპოვებას კი ჟუკების დამონტაჟება სჭირდება.

– მართალი ხარ!

– ვიცი, რომ მართალი ვარ. ახლა კი მე და შენ მთელი სახლი შევამოწმოთ და გავიგოთ, სადაა ჟუკები, – თქვა პეტიკომ და უჯრიდან სპეციალური მოწყობილობა ამოიღო, რომელიც ზუსტად უჩვენებდა, სად იყო მიმაგრებული ან ჩამონტაჟებული სპეციალური მოსასმენი აპარატურა.



გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3