რატომ უნდა თქვან 2011 წელს პოლიტიკოსებმა უარი აგრესიულ რიტორიკაზე და რა შემთხვევაში შეუქმნის მიხეილ სააკაშვილს პრობლემებს თავისივე წარმატებები
რაკი პოლიტიკოსებიც ადამიანები არიან, იმის მიუხედავადაც, რომ მათი ქცევა-მოქმედებები ლოგიკას ხანდახან არც ექვემდებარება (შესაძლოა, ესეც მათ ადამიანურ ბუნებაზე მიუთითებს), ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს გავესაუბრეთ იმის გასაგებად, თუ როგორ პოლიტიკურ მომავალს უმზადებენ ქართულ პოლიტიკურ სცენაზე მოქმედ პერსონებს 2011 წელს ვარსკვლავები.
– როგორი წელი იქნება პრეზიდენტისთვის 2011 წელი?
– შეიძლება, ითქვას, რომ მისთვის ორი უმნიშვნელოვანესი და უცნაური წელი იწყება. მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ მას აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები 2011 წელს. მიხეილ სააკაშვილი თხის წელიწადშია დაბადებული, 2011 წელი კი თხისთვის იღბლიანი და ნაყოფიერია, ამიტომ ის ბევრ თავის საწადელს აისრულებს, ანაკლიის მშენებლობა იქნება ეს თუ სხვა სფერო. თან, თუ გავითვალისწინებთ, რომ ის „მშვილდოსნის“ ნიშნითაა დაბადებული, რადგან „მშვილდოსნისთვის“ ეს წელი განსაკუთრებით კარგია, მით უმეტეს, მისი მეორე ნახევარი. მაგრამ ყურადღებამისაქცევია წყალქვეშა დინებები. ჩვენს პრეზიდენტს ეიფორიული ხასიათი აქვს და, რადგან 2011 წელს, ბევრ სურვილს აისრულებს, ამ ეიფორიულობამ შესაძლოა, შეცდომები დააშვებინოს. 2011 წელს ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ მის შიდა პარტიულ ჯგუფებში გაჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც მოუნდებათ ძალთა გადანაწილება და, თუ პრეზიდენტი ზედმეტ ეიფორიაში აღმოჩნდება, შეიძლება, ეს მომენტი დროულად ვერ დააფიქსიროს. ანუ 2011 წელს მისი მთავარი პრობლემა იქნება პარტნიორების კონტროლი, რომ არ მოხდეს ძალთა გადანაწილება და პრეზიდენტს ეს მნიშვნელოვანი ცვლილება არ გამორჩეს. მეორე პრობლემა არის ის, რომ ეიფორიულმა მდგომარეობამ და სურვილების ასრულებაში წარმატებებმა, შეიძლება, მოადუნოს მისი ყურადღება. პრეზიდენტი ისედაც სულსწრაფია და შესაძლოა, სწორედ ამ სულსწრაფობამ დააშვებინოს ახალი შეცდომები, მათ შორის, გადაწყვტილებების მიღებისას და გამოთქმებისას როგორც შიდა, ისე გარე სარბიელზე. იმას ვგულისხმობ, რომ იმდენად კარგი წელიწადია მისთვის სურვილების ასრულების კუთხით, რომ ამან შესაძლოა, მოადუნოს და დააშვებინოს მნიშვნელოვანი შეცდომები, რაც მას მოულოდნელ პრობლემებს შეუქმნის. 2011-2012 წლები პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია ცდუნებების კუთხით. ამიტომ ის ძალიან ყურადღებით უნდა იყოს: მოუმრავლდებიან ფარული მტრები ფარული დინებების მეშვეობით და ამიტომ არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, საეჭვო დღესასწაულების ჩატარებისა თუ სხვა ფორმით, რომლებიც მას გაუორმაგებს მტრებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. თუმცა, ვიმეორებ, ეს ყველაფერი მოხდება მისთვის ფრიად სასურველი სურვილების ასრულების ფონზე, მაგრამ ამ წელიწადსაც ექნება პრობლემები იმ კუთხით, რომ გააქტიურდება ჰააგის ტრიბუნალი და მათი მხრიდან პრეზიდენტისადმი ინტერესი გაიზრდება. ამდენად, თუ ის 2011 წელს შეცდომებს დაუშვებს, ეს გააორმაგებს ჰააგის ტრიბუნალის ყურადღებას მისადმი. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეიფორიულ ტალღაზე არ დაუშვას სერიოზული შეცდომები, რაც მას დიდ პრობლემებს შეუქმნის წლის მეორე ნახევრიდან განსაკუთრებით, თუმცა, შესაძლოა, აპრილიც არ იყოს მისთვის მშვიდი.
– ასეთივე იღბლიანი თუ უჩანს მის ოპონენტს 2011 წელი, მაგალითად, ირაკლი ალასანიას, რომელიც მასავით „მშვილდოსანია“?
– ყველაზე ძლიერი პერსპექტივა 2011 წელს, ალბათ, მაინც ირაკლი ალასანიას აქვს, რადგან კატისა და კურდღლის წელი, უპირველესად, აგრესიული რიტორიკის შემცირებას ნიშნავს, თუმცა წლის პირველი ნახევარი კიდევ მეტ-ნაკლებად უწყობს ხელს აგრესიულ რიტორიკას. 2011 წელს მომგებიანი იქნება ურთიერთობის თანამშრომლობით მოგვარება, რაც ირაკლი ალასანიას შინაგანად ახასიათებს. ამიტომაც აქვს მას 2011 წელს ყველაზე დიდი შანსი, ოღონდ, წლის მიხედვით, ის ხარის წელიწადშია დაბადებული და ვერ ვიტყვი, რომ მას პრეზიდენტივით იღბლიანი წელი ექნება. თუმცა მთლიანობაში 2011 წელი ირაკლი ალასანიასთვის კარგია.
– შეძლებს 2011 წელს ბურჯანაძე ძველი დიდების დაბრუნებას?
– ბურჯანაძე და გაჩეჩილაძე ორივე „კირჩხიბია“, ამიტომ მათ წლის პირველი ნახევარი, დაახლოებით, 20 ივნისამდე პერიოდი, ძალიან რთული ექნებათ. ელით უამრავი წყალქვეშა თუ წყალზედა დინება, თანაც ერთმანეთის საწინააღმდეგო.
– მოსალოდნელი იყო, რომ ერთმანეთს დაერეოდნენ?
– აუცილებლად, რადგან საკმაოდ დაძაბული პერიოდი აქვს ორივეს, ამიტომ მნიშვნელოვნაია, არ გათქვან ისეთი საიდუმლო, რაც შემდეგ ორივეს ძვირად დაუჯდება. ანუ ზედმიწევნით უნდა დაიცვან საიდუმლოს დაცვის ტექნოლოგია და მაქსიმალურად ეცადონ, ფრთხილად და წინდახედულად იმოქმედონ, განსაკუთრებით, 20 ივნისამდე პერიოდში მაინც. 20 ივნისიდან ორივესთვის ფრიად ნაყოფიერი და გაცილებით დიდი შესაძლებლობების პერიოდი იწყება, რაც მათ მისცემს დაკარგულის კომპენსაციის საშუალებას ყველა დონეზე. მთავარია, 2011 წლის პირველ ნახევარში ერთმანეთი არ ჩაძირონ.
– ზურაბ ნოღაიდელს ემუქრება ჩაძირვის საფრთხე?
– ის „ქალწულისა“ და „სასწორის“ ნაზავია, ამიტომ მისთვის უფრო სასიკეთო წლის მეორე ნახევარი იქნება, მაგრამ, ზოგადად, 2011 წელი ნოღაიდელისთვის მაინც საშუალოა, ასე რომ, განსაკუთრებულად არაფრით გამორჩეული არ იქნება. ნინო ბურჯანაძეს წარმატების გაცილებით მეტი შანსი აქვს, ვიდრე ნოღაიდელს, თუმცა ნოღაიდელისთვის ძალიან კარგი პერიოდი იქნება 2013 წელი.
– ოქრუაშვილი ისევ იქ დარჩება, სადაც არის თუ?
– როგორც აქამდე გვესაუბრებოდა შორიდან, იგივე გაგრძელდება 2011 წელსაც. შესაძლოა, უფრო გააქტიურდეს ზოგიერთი პოლიტიკოსის მიმოსვლა ოქრუაშვილთან. ზოგადად, 2011 წელს გააუქტიურდება უცხოეთთან მიმოსვლა, ამიტომ წასლვა-წამოსვლები და კონსულტაციები გახშირდება როგორც პრეზიდენტის, ისე ოპოზიციის მხრიდან. 2011 წლიდან იწყება უცხოეთთან აქტიური ურთიერთქმედების მინიმუმ ორწლიანი პერიოდი, ამიტომ ეს ნუ გაგვიკვირდება.
– „მემარჯვენეები“ აღარ აქტიურობენ, ეს მდგომარეობა 2011 წელსაც გაგრძელდება?
– გამყრელიძე „ვერძია“ და მისთვის 2011 წლის პირველი ნახევარი ძალიან კარგია, ამიტომ 20 ივნისამდე უნდა მოასწროს, რის გაკეთებაც უნდა.
– ცხენზე არ უნდა დაჯდეს?
– სხვათა შორის, ზოდიაქოს ცალკეული ნიშნისთვის ზოგიერთი ცხოველი მართლაც საშიშია, მაგრამ დავით გამყრელიძისთვის წლის პირველი ნახევარი ძალიან კარგია და აქვს ძველი პრობლემების კომპენსირების ძალიან მაღალი შანსი, ანუ შეხვედრები და მოლაპარაკებები მაქსიმალურად წლის პირველ ნახევარში უნდა მოაქციოს, რადგან 20 ივნისიდან პერიოდი მისთვის მძიმე იქნება. მოუმრავლდებიან ფარული მტრები, მოშურნეები, გაიზრდება ტრავმულობის ალბათობაც. ასე რომ, ძირითადი საკითხები პირველ ნახევარში უნდა მოაგვაროს, რომ წლის მეორე ნახევარი მშვიდი ჰქონდეს. სხვათა შორის, 2011 წლის მეორე ნახევარში მას ფარულ მტრებად მეგობრებიც შეიძლება, მოევლინონ.
მინდა, გითხრათ, რომ 2011 წელს ფიქრია ჩიხრაძესაც აქვს დიდი შანსი. თუ ის 20 ივნისის შემდეგ გააქტიურდება, შეიძლება, გახდეს გამყრელიძის მარჯვენა ხელი. მე მათ ასე ვურჩევდი: წლის პირველ ნახევარში „ახალ მემარჯვენეებში“ ლიდერი იყოს დავით გამყრელიძე, მეორე ნახევარში კი – ფიქრია ჩიხრაძე, რომელიც იმ პერიოდისთვის რადიკალურად შეიცვლება. მის თითოეულ გამონათქვამს გაცილებით დიდი მუხტი მიეცემა, რაც საზოგადოებაში მისადმი ინტერესს გამოიწვევს. დათომ შეიძლება, სწორად თქვას ყველაფერი, მაგრამ რადგან, 2011 წლის მეორე ნახევარში მისი ვიბრაციული მუხტი ნაკლებია, გამოიწვევს საზოგადოების გაღიზიანებას, არადა, იგივე რომ ფიქრიამ თქვას, შესაძლოა, საზოგადოებამ კარგად და გაგებით მიიღოს. სწორედ ამას ნიშნავს იღბლიანობა: ამა თუ იმ ფრაზის თქმა იმისგანაა მომგებიანი, ვისაც იმ პერიოდში მაღალი ვიბრაციული მუხტი აქვს. ეს ვერ გავაგებინე პოლიტიკოსებს და ხშირად იმ დროს გამოდიან მნიშვნელოვანი განცხადებებით, როდესაც ცუდი პერიოდი აქვთ, ამიტომაც მათ მიერ თქმულს საზოგადოება არ იღებს ან ვერ იგებს, ან ყურიდან-ყურში უშვებს. ეს რომ არ მოხდეს, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პერიოდის შერჩევა განცხადებების გაკეთებისას, როდესაც საზოგადოება ამას ყველაზე კარგად მიიღებს.
– რადგან ენერგიულობა და აგრესიული რიტორიკა არ ეყვარება 2011 წელს, შალვა ნათელაშვილს როგორი წელი ელის?
– ის შესაძლოა, 20 ივნისამდე უფრო წარმატებული იყოს, რადგან ეს პერიოდი ჯერ კიდევ შეუწყობს ხელს აგრესიულ გამოვლენებს, მაგრამ წლის მეორე ნახევარში ასეთი მოქმედება ნაკლებად ეფექტური იქნება. აქ არის მეორე დეტალიც: თუ მთავრობა მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შალვა ნათელაშვილის წისქვილზე დაასხამს წყალს: ეს იქნება უსამართლო კანონები თუ უსამართლო სოციალური გადაწყვეტილებები, მაშინ შალვა ნათელაშვილს ეძლევა მეტი შანსი, წარმატებებს მიაღწიოს. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა, ვთხოვო მას, რომ, თუკი 2011 წლის პირველ ნახევარში მისმა აგრესიამ კიდევ შეიძლება, მოიტანოს შედეგი, კარგი იქნება, თუ იგი მეორე ნახევარში იმავე საკითხებს ნაკლები აგრესიით განიხილავს. ამ შემთხვევაში წარმატების შესაძლებლობა გაცილებით მაღალი ექნება.
– თითქოს პასიურია „რესპუბლიკელების“ ლიდერიც, 2011 წელსაც ასე იქნება?
– დავით უსუფაშვილი „თევზებია“, თუმცა პირად ჰოროსკოპში „თხის რქა“ აქვს გამოხატული. მისთვის 2011 წელი უკეთესი იქნება. მეორე ნახევარში, როდესაც მზე „კირჩხიბის“ ზოდიაქოში გადაინაცვლებს, წარმატების შანსი გაეზრდება. მანამდე კი საშუალო პერიოდი ექნება.
– გიორგი თარგამაძე?
– ის „მორიელია“, ამიტომ, რომ ვთქვა, განსაკუთრებულ სტატუსს შეიძენს-მეთქი 2011 წელს, არ იქნება მართალი: არც წინ წავა, არც – უკან, შეინარჩუნებს სტატუს-კვოს, ამიტომ იმ პოზიციის შენარჩუნებაა მისთვის მთავარი, რაც აქვს.
– კახა შარტავაც „მორიელია“.
– 2011 წელი კახა შარტავასთვისაც საშუალოა, მისთვისაც სტატუს-კვოს შენარჩუნებაა მთავარი. თუმცა გუბაზ სანიკიძისთვის, ის „მერწყულია“, წლის პირველი ნახევარი კარგი იქნება, ამიტომ ვურჩევ, იაქტიუროს 20 ივნისამდე. ამ პერიოდში მას უფრო კარგად გაუგებს საზოგადოება და გვერდით დაუდგება, მაგრამ გაცილებით რთული აქვს წლის მეორე ნახევარი: შემცირდება ურთიერთგაგება, თანადგომაც ნაკლები ექნება.
– კახა კუკავა და ზვიად ძიძიგური?
– ორივე „მორიელია“.
– „მორიელების“ ცვენა გვქონია?
– „მორიელი“ პოლიტიკოსის ნიშანია. კუკავასთვისაც და ძიძიგურისთვისაც სტატუს-კვოს შენარჩუნება იქნება მთავარი. „მორიელები“ 2011 წელს დიდ წარმატებას ვერ მიაღწევენ, თუმცა წლის პირველი ნახევარი მათთვის უფრო იღბლიანი იქნება. სხვათა შორის, კარგი წელი იქნება კობა დავითაშვილისთვის, რადგან ის „ლომია“. ის 2011 წლის პირველ ნახევარში უნდა ეცადოს საზოგადეობის სიმპათიის მოპოვებას, რადგან სწორედ ამ პერიოდში აქვს დიდი შანსი.
– პრეზიდენტთან მიმართებაში ფარული დინებები ახსენეთ. გიგა ბოკერიასთვის როგორი იქნება 2011 წელი?
– მინდა გითხართ, რომ მისთვის ძალიან კარგი პერიოდი იწყება 20 ივნისის შემდგომ. ეს არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ბოკერია „კუროა“ და ის 2011 წლის 20 ივნისიდან ძალიან სერიოზული ძალა გახდება.
– ამაზე სერიოზული?
– დიახ. გიგა ბოკერიასთვის 2011 წლის პირველი ნახევარი უფრო მოზომვითი იქნება. ამ პერიოდში ის გარკვეულწილად, ნიადაგს მოსინჯავს და აქტიურ მოქმედებას 20 ივნისის შემდეგ დაიწყებს. თუმცა შეიძლება, უფრო ადრეც მოინდომოს, რადგან „კურო“ გრძნობს, რომ 2011 წელს ფორტუნა მის მხარესაა, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ სჯობს, 20 ივნისის შემდეგ გააქტიურდეს, როდესაც ფორტუნა ყოველ დონეზე იქნება მის მხარეს.
– ვანო მერაბიშვილი?
– ის „ვერძია“ და მისთვის 2011 წლის პირველი ნახევარი იქნება კარგი, თუმცა მეორე ნახევარი უფრო რთული ელის. მას ელის ფარული ბრძოლები მტრებთან, კონკურენტებთან, ამიტომ უმთავრესის გაკეთება, რაც მის პოზიციებს გაამაგრებს, უმჯობესია, წლის პირველ ნახევარში მოახერხოს. მასაც იგივე საფრთხე ელის, რაც პრეზიდენტს: წარმატებებისგან გამოწვეულმა ეიფორიამ შესაძლოა, ყურადღება მოუდუნოს და, არ აღმოჩნდეს მზად იმ ფარული კონკურენტული ბრძოლისთვის, რაც წლის მეორე ნახევარში ელის.
– როგორც ვხედავ, 2011 წელს დიდად სახიფათო კოსმოსური კატაკლიზმები არ არის მოსალოდნელი?
– სახიფათო უფრო შეიძლება იყოს უცხოეთიდან მომდინარე ტენდენციები, ვიდრე შიგნიდან. როგორც გითხარით, 2011 წელი უცხოეთთან ინტენსიური კონტაქტების პერიოდია და ეს კონტაქტები შესაძლოა, არა მხოლოდ სახიფათო იყოს, არამედ უარყოფითიც. მაგალითად, ჩამოვა უამრავი უცხოელი მასწავლებელი და შესაძლოა, სამსახურებიდან გაყარონ ქართველი მასწავლებლები. მეორე მხრივ, დადებითი არის ის, რომ ინტენსიური გახდება გაცვლითი პროგრამები, მოიმატებს სწავლისადმი მიდრეკილება, ოღონდ ემიგრაციაც მოიმატებს, რაც ნეგატიურია. უცხოეთის საქართველოთი დაინტერესებაში შედის ისიც, რომ შესაძლოა, გააქტიურდეს ზოგიერთი უცხოური არაკეთილგანწყობილი ორგანიზაცია. ასე რომ, ამას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე. სხვათა შორის, 20 ივნისის შემდეგ ძალიან კარგი პერიოდი იწყება ნონა გაფრინდაშვილისთვის, ამიტომ, თუ „სახალხო კრებას“ 20 ივნისის შემდეგ გაააქტიურებს, გაცილებით მეტს მიაღწევს და მისი წარმატების შანსი ერთიორად მოიმატებს.
x