რატომ არის გარდაუვალი კავკასიური ომის დაწყება და ვის წინააღმდეგ და ვის მხარეს მოუწევთ ქართველებს ბრძოლა
მართალია, რფ-ის ხელისუფლება წრეგადასულადაა აღშფოთებული საქართველოს ხელისუფლების მცდელობით, „გადაშალოს საერთო წარსული“, თუმცა ეს აღშფოთება სულაც არ უშლის ხელს რუს ნაციონალისტებს დღისით და მზისით, რაც მთავარია, რუსეთის დედაქალაქში კავკასიელები დაარბიონ. რა მიზანს ისახავს რუსეთის ფედერაციის რუსი ეროვნების მოქალაქეების მიერ რუსეთის ფედერაციისვე, ოღონდ არარუსი ეროვნების მოქალაქეების დაშინება? – თემაზე კავკასიის ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი გვესაუბრება.
– პირადად მე, რუსეთში კავკასიელების წინააღმდეგ მიმართული კამპანია ხელისუფლების მიერ ინსპირირებული მგონია. თქვენ როგორ ხსნით რუსეთში კავკასიელების რბევას?
– მგონია, რომ საქმე ბევრად უფრო რთულადაა. რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა, რასაც მე და ჩემი თანამოაზრეები ველოდებოდით. ისინი შეეხნენ ყველაზე სათუთ თემას, რომელიც რუსეთის ფედერაციას დაანგრევს უახლოეს ხუთ წელიწადში და თქვენი ჟურნალი იქნება პირველი, რომელიც ამ განცხადებას გამოაქვეყნებს. ჩვენს პოზიციას აუცილებლად დავაფიქსირებთ საერთაშორისო ორგანიზაციებშიც. ჩვენი ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ამ დაპირისპირებაში გაიჭყლიტებოდნენ ჩეჩნები. ჩეჩნები მოსკოვში, განსაკუთრებით, არ უყვართ, რადგან კადიროვის ხალხი ძალიან ბევრის უფლებას აძლევს საკუთარ თავს მოსკოვში და, როგორც იტყვიან, ძალიან „ბეზპარდონნა“ იქცევიან.
– იმის თქმა გინდათ, რომ ამ დაპირისპირებით კადიროვს დაარტყეს?
– რა თქმა უნდა, სწორედ კადიროვის ხალხი ანჯღრევს მოსკოვში ურჩ ბიზნესმენებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ვინ აძლევს მათ ამ ურჩი ბიზნესმენების მისამართებს?! რა თქმა უნდა: პუტინი! ამიტომაც რუსეთის ხელისუფლებას ეგონა, რომ ჩეჩნები მოჰყვებოდნენ ამ მოვლენებში, მაგრამ მოხდა ის, რასაც არ ელოდნენ: ყველაზე მეტი დაღესტნელი გამოვიდა ქუჩებში.
– ეს ხომ ლოგიკური იყო? დაღესტანში ომია ლამის?
– არ არის ლოგიკური, რადგან კრემლს იმედი ჰქონდა, რომ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე დაღესტნელები საერთო ენას ვერ გამონახავდნენ. ისიც დაავიწყდა კრემლს, რომ ახლა ჩრდილოკავკასიელებს ზურგს უკან თავისნაირი დამოუკიდებელი ქვეყანა ეგულება – საქართველო; ეგულებათ დამოუკიდებელი აზერბაიჯანი, რომლებსაც ევროკავშირსა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში სიტყვა ეთქმით და ჩრდილო კავკასიელებსაც შეაწევენ. მეტიც, მოსკოვში სომხებიც კი გამოვიდნენ. რაც მთავარია, მიტინგზე 1 200 კავკასიელი დაფიქსირდა, 10 000 კავკასიელი კი შემოგარენში, სკვერებსა და სადარბაზოებში, იყო გამაგრებული. ომონმა ნახევარი საათით დაიგვიანა იმ იმედით, რომ ნაციონალისტები კავკასიელებს დაჩაგრავდნენ, მაგრამ პირიქით მოხდა: ომონს კავკასიელების მიერ ნაცემი რუსი ნაციონალები დახვდნენ, ამიტომაც დაიწყეს კავკასიელების დაჭერა. საუბრობენ იმაზე, რომ „დუმა“ აპირებს კანონის მიღებას, რომ ცივი იარაღის ტარების უფლება მიეცეთ მოქალაქეებს. საქმე ის არის, რომ სერიოზულ უკუპროცესებს ელოდებიან და თავის დაცვა უნდათ, ამიტომ მიდიან სამოქალაქო დაპირისპირებამდე. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ან პუტინს თავისი თავის გარდა არაფერი აინტერესებს, ან უბრალოდ, გონზე აღარ არის. შესაძლოა, კავკასიის მოშორებაც უნდათ, ოღონდ ისეთი მოშორება, რომ ჩვენ ერთმანეთს დავერიოთ, ცეცხლის ალში გავეხვიოთ და შემდეგ ისევ კრემლის კართან დავდგეთ, გვიშველეთო.
– რატომ გამოიყენეს, თქვენი აზრით, მაინცდამაინც, ასეთი დაპირისპირების სცენარი?
– კრემლში სავარძლისთვის მებრძოლმა ორმა დაჯგუფებამ ერთმანეთის წინააღმდეგ საბრძოლველად ყველაზე მძიმე სცენარი აამოქმედა.
– ანუ თქვენ პუტინ-მედვედევის დაპირისპირებას უკავშირებთ ამ პროცესებს?
– პირდაპირ ვუკავშირებ. ჩემი აზრით, ეს არის პუტინის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი. არ ვიცი, თქვენ რა სტატისტიკა გაქვთ, მაგრამ ჩვენ თვალი გადავავლეთ ბოლო ორი წლის განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვანი ექსპერტების განცხადებებს და საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინეთ. ძალიან ავტორიტეტული ექსპერტები ბოლო ორი წლის განმავლობაში ინტენსიურად ამტკიცებენ, რომ, თუკი პუტინი არ გაპრეზიდენტდება, რუსეთის მმართველობას ხელში ჩაიგდებენ ან ნაციონალისტები, ან ბოლშევიკები, ან ორივენი ერთად.
– პუტინზე მეტი ნაციონალისტი და ბოლშევიკი ვინ არის რუსეთში?
– საქმეც ის არის, რომ ეს კარგად აგორებული ფიარია. როგორც ჩანს, პუტინი არ ზოგავს არც სახსრებსა და არც კავშირებს და თავისი ფიარკამპანია მიმართული აქვს იქითკენ, რომ პუტინი ცუდია. მაგრამ რუსეთში არის ისეთი მდგომარეობა, რომ უფრო ცუდები შეიძლება, მოვიდნენ ხელისუფლებაში და ამას მოჰყვეს უმართავი პროცესები. მეორე მიმართულება, რომელიც გამოიკვეთა ამ ფიარკამპანიაში, არის ის, რომ მედვედევს აქებენ, მაგრამ ამბობენ, რომ ის სუსტია და ვერ შეძლებს რუსეთში მიმდინარე პროცესების მართვას. ამდენად, ეს დაპირისპირება კავკასიელებთან ამ პროცესების პირდაპირი გამოხმაურებაა, მაგრამ ეს არის დარტყმები წელს ქვემოთ და ძალიან ცუდი შედეგით დასრულდება. მე ისედაც ვიცი ჩრდილოკავკასიელების განწყობა, მაგრამ ამ მოვლენებით გამოიწვიეს ის, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მოინდომეს პრორუსული ორიენტაციის კავკასიელების დაჩაგვრა. ამით ხელ-ფეხი გაუხსნეს ანტირუსულად განწყობილ კავკასიელებს: მათ, რომლებიც ტყეებში არიან და იბრძვიან; მათაც, რომლებიც ჩრდილოკავკასიაში ცხოვრობენ, არ იბრძვიან, მაგრამ შინაგანად თანაუგრძნობენ და ეხმარებიან მებრძოლებს და იმ ჩრდილო კავკასიელებსაც, რომლებიც ემიგრაციაში არიან. დღეს ეს სამივე ჯგუფი ნიშნისმოგებით ეუბნება პრორუსული ორიენტაციის კავკასიელებს: ხომ გეუბნებოდითო… ასე რომ, პროცესი დაწყებულია და მას ვერავინ გააჩერებს.
– რატომ აირჩიეს, მაინცდამაინც, კავკასიელები?
– იმიტომ, რომ ეს ერთადერთი ჯიშია, რომლებიც უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში რუსეთში ვერ დაიმორჩილეს და ვერ დაჩაგრეს. სახელმწიფოებრივად ჩვენ ყოველთვის შევიწროებული ვიყავით რუსეთის მხრიდან, მაგრამ პიროვნულად კავკასიელის დამორჩილება შეუძლებელია და ეს იცის ყველამ, ვინც საბჭოთა კავშირის ჯარში მსახურობდა. დღესაც რუსეთში წამყვანი ძალა ბიზნესში – არის კავკასიელი; წამყვანი ძალა ქუჩაში – არის კავკასელი; წამყვანი ძალა კრიმინალურ სამყაროში – არის კავკასიელი. ერთადერთი, რაც მოახერხეს, არის ის, რომ კავკასიელები პოლიტიკას ჩამოაცილეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, როგორც ამ მოვლენებითაც გაირკვა, რუსეთში თავიანთი ენერგიით, მოხერხებულობით, სიმამაცითა და ურთიერთთანადგომის გენეტიკური მიდრეკილებით, მაინც კავკასიელებმა მოახერხეს დაწინაურება. ეს შეიძლება, ბანალური თემაა, მაგრამ ძალიან აღიზიანებთ რუს მამაკაცებს კავკასიელი მამაკაცების წარმატება რუს ქალებში.
– დალია მაგ წარმატებამ ჩაილურის წყალიო?!
– ისევ წარმატებით სარგებლობენ, ისევ ენერგიულად და წარმატებულად აგროვებენ და ხარჯავენ კაპიტალს. ასე რომ არ იყოს, ეს ამბები არ მოხდებოდა. ამ მოვლენებში გადმოანთხია კრემლმა წლების განმავლობაში დაგროვილი აგრესია. საინტერესო ის არის, რომ კრემლის მიერ მართვად ნაციონალისტურ ორგანიზაციებს სათავეში უდგას წარმოშობით ჩეჩენი, რომელიც დედის გვარს ატარებს. ერთი სიტყვით, ეს პროცესები კიდევ უფრო გამწვავდება 2011-2012 წლებში. როგორც ჩანს, თავის საარჩევნო კამპანიას როგორც პუტინი, ისე მედვედევი ააგებს კავკასიურ თემატიკასა და ომებზე. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს იმ ბოლო ძაფებსაც გაწყვეტს, რომლებიც კრემლს კავკასიასთან აკავშირებს და ჩვენ ვემზადებით ამისთვის.
– რამდენად ხელსაყრელია ჩვენთვის კრემლის კონტროლიდან ჩრდილოეთ კავკასიის გამოსვლა? თუმცა, ვერ ვიტყვი, რუსეთის დაშლაზე გული დამწყდება-მეთქი.
– დასავლეთს არ უნდა რუსეთის დაშლა, ისევე, როგორც თავის დროზე არ უნდოდათ საბჭოთა კავშირის დაშლა. მაგრამ ეს მაინც მოხდება. საბჭოთა კავშირიც შიგნიდან დაინგრა და, როგორც ჩანს, რუსეთიც შიგნიდან დაინგრევა. თუ საქართველოს მოსახლეობისთვის სავარაუდო საფრთხეებზეა საუბარი, მე, ზაალ კასრელიშვილი, კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის სახელით, ვაცხადებ, რომ საქართველოს მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. კავკასიელ ხალხთა კონფედერაციას შემუშავებული აქვს მექანიზმები, რომლებიც ამ საფრთხეებს თავიდან აგვაცილებს. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას: მათ, ალბათ, სერიოზული პრობლემები ექნებათ და, სავარაუდოდ, ძალიან მძიმე ორი წელი ელით. ჩემი კეთილი რჩევა იქნება, კარგად მიმოიხედონ და თავიანთ რიგებში აღმოაჩინონ რუსეთის სპეცსამსახურებზე მომუშავე ხალხი. გაწმინდონ თავიანთი რიგები და ჩვენ ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდ მზად ვართ, დიალოგის რეჟიმში, კონკრეტულ საფრთხეებზე თემატური კონსულტაციები გავუწით ხელისუფლებას და დავეხმაროთ.
– ორიოდე წლის წინათ ინგუშებმა მოითხოვეს საქართველოს მოქალაქეობა, ახლა დიდოელებმაც, თან იურისდიქციაში შემოსვლაც…
– ჩვენ მოვიტანეთ ეს თემა საქართველოში. ასევე, ჩვენ ჩამოვიტანეთ ჩრდილოკავკასიელების წერილი, რომელიც მშვიდობიანი კავკასიის ინიციატივას ეხებოდა და პატრიარქს გადავეცით, მაგრამ, როგორც ყოველთვის, მე დამბლოკეს. თუმცა აუცილებლად მომაკითხავენ, რადგან გარდაუვალია სამხედრო შეტაკება.
– სად?
– მოსკოვშიც, სხვა ქალაქებშიც. აქედან გამომდინარე, ჩრდილოკავკასიაშიც.
– ამიტომაც გკითხეთ, არის თუ არა ხელსაყრელი საქართველოსთვის უმართავი ჩრდილოეთ კავკასია-მეთქი? გაუძლებს ჩვენი ჯარი ამ წინააღმდეგობას?
– მე დიდხანს ვამბობდი უარს წინააღმდეგობის ფრონტის სარდლობაზე, როდესაც მთავაზობდნენ. წესით, კავკასიის ხალხთა კონფერაციის თავმჯდომარე ავტომატურად უნდა გავმხდარიყავი სარდალი, მაგრამ ჩემი უარის მოტივი ასეთი იყო: არაკაცური საქციელი იქნებოდა, ის ადამიანები დამქვემდებარებოდნენ, რომლებიც ტყეში ცხოვრობენ და მათზე ვერტმფრენებით ნადირობენ, მაშინ, როდესაც მე სახლში მძინავს, რესტორნებში ვვახშმობ და კარგი მანქანით დავდივარ. ახლა ეს საკითხი ისევ დადგა და ინიციატივაც ჩრდილოეთ კავკასიიდან წამოვიდა. სხვა კავკასიელ ლიდერებთან ერთად იანვრის ბოლომდე ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებ და წინააღმდეგობის ფრონტის ხელმძღვანელობაც ჩვენ დაგვექვემდებარება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, უკვე 6 000 ჩრდილო კავკასიელი გახდა იძულებული, დაბრუნებულიყო რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან სამშობლოში, სულ რაღაც, ექვს კვირაში. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი გაბოროტებულები იქნებიან?! პუტინის გეგმა ასეთია: მას უნდა, რომ კავკასიელები თავიანთი პრობლემებიანად გამოუშვან რუსეთის ფედერაციის ქალაქებიდან ჩვენკენ იმ იმედით, რომ აქ ერთმანეთს დავჭამთ. კავკასია რუსეთს სჭირდება, როგორც გავლენის სფერო, როგორც გეოგრაფიული ტერიტორია; სჭირდება კავკასიაში არსებული სიმდიდრე, მაგრამ არ უნდა ვალდებულება და ამიტომ თავიდან იშორებს. ეს იმ გადაწყვეტილებაშივე გამოჩნდა, როდესაც კავკასიის ფედერალური ოლქი შექმნეს. ასე რომ, მომავალი ორი წლის განმავლობაში ველით გართულებას.
– ყველასთვის აშკარაა, რომ დიდოელებს ვერ ვაღიარებთ და ეს პოლიტიკური სპეკულაციის თემაა. მაგრამ მათ რატომ უჩნდებათ მსგავსი აზრები? რა უნდათ?
– როგორც გითხარით, მათ ეს თავიანთი მოთხოვნა პირველად მე მითხრეს. მეტიც, ჩვენ დაგვიკავშირდა უცხოეთში მყოფი დამოუკიდებელი თათრეთის მთავრობა. თანადგომა გამოგვიცხადა კავკასიელებს და მხარდაჭერა აღგვითქვა, თუ გონს არ მოეგება რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა. რაც შეეხება დიდოელებს: ჩვენ ამ თემაზე გვქონდა საუბარი უცხოეთში მცხოვრებ დაღესტნის ლიდერებთან. ჩვენ შევთავაზეთ ჩვენებური ვარიანტი: დაღესტნის დამოუკიდებლობა რთული თემაა, იმიტომ რომ დაღესტნის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, რაც, საერთო ჯამში, ოთხ-ნახევარ მილიონ ადამიანს შეადგენს. ჩვენ ვიპოვეთ გამოსავალი: შევთავაზეთ დაღესტნის ფედერალური რესპუბლიკა, სადაც ყველა ეთნიკური ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნება წარმომადგენლობითი ორგანოები. ასე რომ, მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ამის შემდეგ დიდოელებს აღარ ექნებათ საქართველოსთან შემოერთების სურვილი.
– ეს ხომ ის დიდოელებია, სულ რომ სისხლს გვიშრობდნენ?
– სხვათა შორის, ძალიან მამალი ხალხია. ჩრდილოკავკასიელებსა და აზერბაიჯანელებს ქართველებისადმი დიდი გენეტიკური პატივისცემა აქვთ. 2009 წლიდან დღემდე ბეწვის ხიდზე ვიარეთ, მაგრამ ისეთი გადაწყვეტილებები მივიღეთ, რომ შემოვაბრუნეთ ჩვენკენ ჩრდილოკავკასიელები. ერთი, რაზეც გული მეთანაღრება, არის, ის, რომ კავკასიელებს უნდა დავუმტკიცოთ, რომ ისევ მამაცი მეომრები ვართ. მე მიხარია, რომ ავღანეთში ვიბრძვით, მაგრამ მაინც მინდა, რომ ეს კავკასიაში დავამტკიცოთ. პროცესები ისე მიდის, რომ ქართველებს მოუწევთ საომარ მოქმედებაში ჩართვა და ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ კარგი მეომრები ვართ; რომ გაქცევა არ ვიცით, რომ გონივრულად ვგეგმავთ ოპერაციებს და მინიმალური მსხვერპლით მაქსიმალურ შედეგს ვაღწევთ. თუ ამას ხელისუფლება ვერ მოახერხებს, ჩვენ გავაკეთებთ. მინდა, მერაბ კოსტავას სიტყვები გავახსენო ყველა ქართველს: თუ ასე გავაგრძელეთ, ისეთი დრო მოვა, ხელის ცეცებით მოგვიწევს ერთმანეთის ძებნაო. ეს დრო მოვიდა უკვე. ხომ ვეძებთ ერთმანეთს ხელის ცეცებით?! არის თემები, რომლებზეც ქართველი ადამიანი ვეღარ ბედავს ხმამაღლა ლაპარაკს, ეშინია, ფრთხილობს ან მეტიჩარაა, მოდასაა აყოლილი და ამაზე ლაპარაკი ძველმოდური ჰგონია. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ მზად ვართ, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში, თუ ეს ვინმეს ესმის ხელისუფლებაში, ვითანამშრომლოთ კონსულტაციების დონეზე.