ლაშქრობა
„აქეთ გორას წიხლსა ვკრავ, იქით გორას ძვრას ვუზამ“
შესაძლოა, იმ დარდის გასაქარვებლად, რაკი პარლამენტმა „თავისუფლების ქარტიის“ განხილვა მომავალ წელს გადადო, ბ-ნი თორთლაძე სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრა. თუმცა ეს მხოლოდ ინტრიგისთვის, რადგან, ოფიციალური ინფორმაციით, ხალხის რჩეული სამხრეთ ამერიკის მთათა უმაღლესი სისტემის – ანდების დასალაშქრავად ემზადება. საპარლამენტო ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარე არგენტინაში გასულ კვირას გაემგზავრა და სამშობლოში ოდენ თებერვლის დასაწყისში დაბრუნდება.
როგორც ცნობილი გახდა, უმაღლესი კანონმდებელი (მეტიც, ანტიკრიზისული საბჭოს თავკაციც) ანდების სამ მწვერვალზე აპირებს ასვლას, ოღონდ არა მხოლოდ სპორტული ჟინის დასაცხრომად (გნებავთ, ვარსკვლავების ჩასაქრობად: გვინდა თუ არა, ვარსკვლავიც საბჭოთა სიმბოლიკაა!). გავრცელებულივე ინფორმაციით, ბ-ნი თორთლაძე მწვერვალებზე ასვლას უძღვნის დევიზს: „საქართველო – ოკუპანტების გარეშე“ ან „რუსეთმა საქართველო უნდა დატოვოს“.
ბუნებრივია, ჩვენ სრულად ვიზიარებთ მთამსვლელი დეპუტატის პათოსს (ოკუპანტები, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა მიბრძანდნენ საქართველოდან!) თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ რფ-ის შეიარაღებული ძალები მტკიცედ დგანან საქართველოს ტერიტორიაზე (მეტიც, ახალგორშიც კი დაიწყეს ქართველებისთვის საკუთრების ჩამორთმევა) თავიანთი მძიმე და მსუბუქი შეიარაღებიანად, არ მგონია, მაინცდამაინც, ყური შეიბერტყონ, არათუ ბ-ნი თორთლაძე ეულად ანდებზე, სულაც, რომ თითო-თითოდ გავნაწილდეთ დედამიწაზე არსებულ ყველა მწვერვალზე.