მთავრობა – „გუდვილში“
დანარჩენები – „ნუგეშისა-კენ“!
ხეირიანად ჯერაც ვერ გამოვსულიყავით იმ შთაბეჭდილებიდან, რაც ჩვენი მთავრობის მღვიმეში ხილვამ მოგვგვარა, რომ ისინი ეუცრად სვანეთის თოვლიან მთებში ვიხილეთ (დაახლოებით, ციციკორესავით არიან: აქა მგონიხარ – იქა ხარ, იქა მგონიხარ – აქა ხარ). მეორე მხრივ, ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან, მედიით გავრცელებული ინფორმაციით, თითქოსდა სვანეთში საბაგირო გზის ბოძები უკუღმა დაამონტაჟეს და პრეზიდენტის სურვილს წლის ბოლომდე ასრულება არ ეწერა. ჰოდა, ამ ბოროტი ხმების გაფანტვის ყველაზე უებარი საშუალება იმ საბაგირო გზაზე ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლების ხილვა იქნებოდა. იქნებოდა და ვნახეთ კიდეც, როგორ სრიალებდნენ ჩვენი ჩინოვნიკები დათოვლილ ტრასებზე (თუმცა ისიცაა, მთლად ისეთი თოვლიც არ ყოფილა, დედა, რა ვნახეო, მაგრამ ისეთი კი იყო, ბოროტთა გულები მოუშუშებლად დაესერა).
ერთი სიტყვით, სვანეთი ტურისტების მოლოდინშია, რაც, ჩვენი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს თუ დავერწმუნებით (არადა, თუ ტურისტების რაოდენობასაც ისე ანგარიშობს, როგორც ლარის კურსს ევროსთან მიმართებაში, ჩაგვვარდნია ტურისტული სეზონი), იგივეა, რაც ციდან „პაჩკა-პაჩკა“ დოლარების ცვენა. თუმცა, ვიდრე ციდან რამე მაინც ჩამოვარდებოდეს, ცასთან ახლოს, ანუ მესტიაში შეკრებილმა საქართველოს მთავრობამ მოსახლეობის სოციალურ პრობლემებზეც ისაუბრა. მეტიც, არათუ ისაუბრა, პრეზიდენტის კითხვას, აბა, რა პროგრამა მოამზადეთ მსოფლიოში ფასების მატებისგან ჩვენი მოსახლეობის დასაცავადო, პრემიერ-მინისტრი მომზადებული შეხვდა. როგორც შევიტყვეთ, ერთკვირიანი პერიოდი ჩვენს მთავრობას ისე ნაყოფიერად გამოუყენებია, რომ საქართველოს მილიონი აბონენტისთვის ერთჯერადად 20 ლარის დარიგება გადაუწყვეტიათ (20-ს, ეტყობა, საკრალური დატვირთვა აქვს, რადგან, თავის დროზეც გლეხებს 20-20 ლიტრ დიზელის საწვავს ურიგებდნენ). ბ-ნი გილაური დაგვპირდა, რომ თებერვლის ბოლომდე საქართველოს აბონენტები 20-20 ლარს „დაირტყამენ“ ელექტროენერგიის საფასურის გადასახდელად (პრემიერ-მინისტრმა განმარტა, 20-ლარს მოიხმარს საშუალოდ ერთი ოჯახიო. ბუნებრივია, საკუთარი თავი და მთავრობის წევრები ამგვარ მომხმარებლებად არ მოუაზრებია). პრემიერ-მინისტრს არც დედაქალაქის მერი ჩამორჩა და პირველ პირს მოახსენა, რომ თბილისის სხვადასხვა უბანში გაიხსნა მაღაზიათა ქსელი „ნუგეში“, რომელიც სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას (ოღონდ მხოლოდ მათ, რომლებსაც შესაბამისი პლასტიკური ბარათები აქვთ, ასეთი კი თბილისში 500 000 ყოფილა) პირველად მოხმარების პროდუქტებს 15-20-პროცენტიანი ფასდაკლებით შესთავზებს. შესაბამისად, ბ-ნმა მერმა დაასკვნა, რომ სიღარიბის დაძლევის პროგრამაში მყოფი მოქალაქეები თითოეული 20 ლარიდან (ეჭვი მაქვს ასეთი 20 ლარი ორი-სამი, ჰა-ჰა, 5 თუ ექნებათ) 3 ლარს დაზოგავენ. ჰოდა, რაკი ჩვენი მთავრობა ასეთი გულუხვია, ვფიქრობ, თბილისელებმა პირველად დაზოგილი 3-3 ლარით საახალწლო საჩუქრები უნდა მიართვან, რა თქმა უნდა, მადლიერების ნიშნად.
ანუ ხელისუფლება – „გუდვილში“, დანარჩენები – „ნუგეშისა-კენ“!