„ვირმა რა იცის, ხურმა რა ხილია“
ღორის ჭირშეყრილები
მართალია, გენადი ონიშენკოსთან აღარაფერი გვაკავშირებს, ან კი რა უნდა გვაკავშირებდეს, როდესაც ღვინოც დაგვიწუნა, მინწყლებიც და ზედ მწვანილიც მიაყოლა (რაც შესაძლოა, იმასაც ნიშნავდეს, „ვირმა რა იცის, ხურმა რა ხილია“ და მერე რა, რომ შიგადაშიგ „ხურმაც“ მოიკოჭლებდა, ამით ვირის რაობა არ იცვლება), მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მაინც არ გვეშვება.
გასულ კვირას რფ-ის მთავარმა სანიტარმა მის სამშობლოში „ღორის აფრიკული ჭირის“ გამავრცელებლებადაც გაგვასაღა. კერძოდ, ბ-ნმა ონიშენკომ რუსეთის გულში გამართულ პრესკონფერენციაზე ბრძანა, რომ „შესაძლოა, „ღორის აფრიკული ჭირი“ რუსეთის ტერიტორიაზე ფოთის პორტიდან მოხვედრილიყო“. მეტიც, დასძინა, არ გამოვრიცხავ, ეკონომიკურ დივერსიასო.
საპარლამენტო უმრავლესობა მთავარი რუსი სანიტრის ბრალდებას მხიარულად გამოეხმაურა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ შენიშნა, რომ ფოთსა და სუფსაში სპეციალურ ლაბორატორიებს ვფლობთ, სადაც სხვადასხვა ვირუსებს ვამრავლებთ, შემდეგ კი სხვადასხვა ქვეყანაში ვავრცელებთო. მართალია, ბ-ნმა კანდელაკმა იოხუნჯა, თუმცა ისიც აშკარაა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სანიტარული სამსახურები უბრალოდ არ არსებობს (რადგან რეფორმის ეგიდით ადგნენ და გააუქმეს), რაც იმას ნიშნავს (ონიშენკოს ღორები იქით იყოს), რომ სწორედ ჩვენი საზღვრებია სანიტარულად ბატკანივით დაუცველი (ვერც შემოტანილი მოწმდება და ვერც გატანილი, ამიტომაცაა, ხშირად უკან რომ გვიბრუნებენ და, მაინცდამაინც, არც ევროკავშირის ბაზარზე გვიშვებენ).
თუმცა ისიცაა, თუკი 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ინტერვეცია-ოკუპაცია რფ-სთვის ბუნებრივი მოვლენაა, ვითომ ერთი კარგი „ღორის აფრიკული ჭირი“ ჩვენგან არ ეკუთვნოდათ?!