რუხნივთიერებასამოძრავებლები
განათლების სამინისტროს კვლევის მწამს, შსს-ს სტატისტიკა მაკვირვებს
ის, რომ მანდატურები გამორეფორმირებული და აწი გამოსარეფორმებელი ზოგადი განათლების ქვაკუთხედია (შესაძლოა, ხერხემალიც) გასულ კვირას მანდატურების ამპლუაში ტელეწამყვანების მოვლინებამაც დაადასტურა. უფრო ადრე კი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გვაუწყა, რომ მანდატურის ინსტიტუტმა ისე გაამართლა, რომ (მომყავს ციტატა): „სკოლის მანდატურის საჯარო სკოლებში შესვლის შემდეგ სტატისტიკური მონაცემებით პრაქტიკულად მოისპო სკოლებში თამბაქოს მოხმარების ფაქტები. 8 პროცენტით შემცირებულია მოსწავლეების დაგვიანების ფაქტები. 75 პროცენტით შემცირდა მოსწავლეების სკოლიდან გაპარვის ფაქტები (ეგრეთ წოდებული „შატალო“). 95-პროცენტით აღმოიფხვრა ფულის გამოძალვის ფაქტები. 80 პროცენტით შემცირდა მოსწავლეებს შორის დაპირისპირების ფაქტები. 90 პროცენტით შემცირდა საჯარო სკოლებში ვანდალიზმის (სასკოლო ქონების დაზიანების) ფაქტები“. შესაბამისად, ვერც სამინისტრო ფარავს კმაყოფილებას და ვერც სრულიად ხელისუფლება („რასაც ვაკეთებთ, ლაზათიანად ვაკეთებთო“). მართალია, ჩვენ არ ვიცით (რადგან არავინ გვითხრა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ არც გვეტყვის), რას ეყრდნობა ზემომოყვანილი სტატისტიკური მონაცემები და არც ის მოსაზრება, რომ „მანდატურის ინსტიტუტის შემოღებამ სკოლებში გაამართლა და საზოგადოებაში ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობის ხარისხი თანდათან იზრდება“, სამაგიეროდ, გასულ კვირას შევიტყვეთ (შსს-სგან), რომ არასრულწლოვნებში დანაშაულმა თბილისის მასშტაბით 6,6-პროცენტით მოიმატა. სტატისტიკის მიხედვით, 2010 წლის 9 თვეში საქართველოსგან დარჩენილ ტერიტორიაზე კანონსაწინააღმდეგო ქმედება 502-მა არასრულწლოვანმა ჩაიდინა, მათ შორის, 97 – თბილისელმა. უმეტესობა ქურდობაშია შემჩნეული, თუმცა ამ ჩამონათვალს არც მძიმე დანაშაულები აკლია: ორი მკვლელობა, ორიც გაუპატიურება, ექვსი მკვლელობის მცდელობა, თხუთმეტი ნარკოტიკული დანაშაული. ამას გარდა, იარაღის, საბრძოლო მასალების, ფეთქებადი ნივთიერებების შენახვა-ტარება-დამზადება-გადაზიდვა-გასაღებაში ოთხი არასრულწლოვანი ამხილეს. არასრულწლოვანთა მიერ მოძრაობის წესების დარღვევის 8 შემთხვევიდან კი 2 ლეტალური შედეგით დასრულდა.
ჩვენ არ ვიცით, რატომ მოიმატა დანაშაულმა არასრულწლოვნებში, მას შემდეგ, რაც სკოლებში მანდატურები გამაგრდნენ, თუმცა ისეც შეიძლება, მომხდარიყო, რომ დანაშაულს სკოლებიდან ქუჩებში გადმოენაცვლებინა. აქედან გამომდინარე კი, ჩნდება ეჭვი, რომ სკოლებში არასრულწლოვნებს მანდატურის შიში კი არა სასწავლო პროცესი უნდა აკავებდეს, რაც ცხადია, მანდატურებისთვის ექვსკვირიანი კურსის გატარებაზე რთული და შრომატევადი საქმეა. რაც მთავარია, არა მხოლოდ რაცია-ხელკეტის მარჯვედ ქნევას, რუხი ნივთიერების ინტენსიურ ამოძრავებასაც მოითხოვს.