კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უჩინარი საათი



ელერ ქუინი



თედ ქუინს ძალიან ეზარებოდა იმ საღამოს ოუენებთან მისვლა. საშინლად წვიმდა და მათთან ჩაის სმას მოგუზგუზე ბუხრის წინ ჯდომა ერჩივნა, მაგრამ ოუენებმა მანქანა გაუგზავნეს და მოწიწებით სთხოვეს, საღამო მათთან ერთად გაეტარებინა. თედის მამა, როჯერ ქუინი პოლიციის შეფი იყო და თედის მეგობრებს ძალიან მოსწონდათ, როცა მასთან მამამისის მიერ გახსნილი საქმეების ამბებს ისმენდნენ. თედი დარწმუნებული იყო, რომ ახლაც სწორედ ამისთვის მიიპატიჟეს. მაგრამ ოუენების მძღოლს, მილანს უარი ვეღარ უთხრა. საწვიმარი ჩაიცვა და მანქანაში ჩაჯდა.

ოუენების სასტუმრო ოთახში, გრძელ, თეთრსუფრაგადაფარებულ მაგიდას უკვე უსხდნენ სტუმრები. ჯერალდ ოუენი – მასპინძელი; დენი ოუენი – მათი ცხრა წლის ვაჟი; ემა ოუენი – ოცდაცხრა წლის პირმშვენიერი დიასახლისი; არქიტექტორი გარდნერი, მეუღლით; ოუენის სიდედრი, ჩესტერფილდი; ადგილობრივი მოსამართლის თვრამეტი წლის ქალიშვილი ლაურა ვილოუზი, რომლის მიმართაც თედი ქუინი გარკვეულ სიმპათიას გრძნობდა და ოუენების მეზობელი მადამ შულცი, ქვრივი და პატივსაცემი ქალბატონი. მაგიდაზე შემომდგარი ვეება სამოვარიც უკვე თუხთუხებდა. წვიმა მთელი ძალით ასხამდა და სახლის სახურავიც ყრუდ გუგუნებდა. ოუენები ამ ახალ სახლში ორი თვის წინ გადმოვიდნენ. თედ ქუინის ის მხოლოდ გარედან ჰქონდა ნანახი.

– რა მშვენიერი სახლია! – აღფრთოვანება ვერ დამალა თედმა.

– ჰო. პოლის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბრწყინვალედ გაართვა საქმეს თავი, – ჯერალდ ოუენმა კმაყოფილმა დაარტყა არქიტექტორ გარდნერს მხარზე ხელი, – ყველაფერი თვითონ გააკეთა. მე არ ჩავრეულვარ. გადააკეთ-გადმოაკეთა... მე და ემამ მხოლოდ ავეჯი და აქსესუარები შევიძინეთ.

– კარგი სახლია. მყუდრო და კომფორტული, – თქვა ქუინმა.

– ჩვენი წასვლის დროა, – წამოდგა პოლ გარდნერი, – მე და ქეროლაინი შორს ვართ წასასვლელი. წვიმაში მანქანის მართვა, მით უმეტეს ღამით...

– საერთოდ, რატომ უნდა წახვიდეთ, – გააპროტესტა ემამ, – სტუმრებისთვის განკუთვნილი საძინებელი ოთახები რისთვის გვაქვს, ყველანი ჩვენთან დარჩით. დენის უყვარს, როცა სახლში ბევრი ხალხია. მალე მისი დაბადების დღეა. გადავწყვიტეთ, საბავშვო წვეულება მოვაწყოთ, რადგან მისი საყვარელი წიგნი „ალისა ჯადოსნურ ქვეყანაშია“, მე და ჯერალდიც შესაბამისად გამოვეწყობით. მე კურდღლის ფორმას ჩავიცვამ, ჯერალდი – ჯადოსნური მექუდის კოსტიუმს.

– თედ, შენც ხომ დარჩები? – მიუბრუნდა ჯერალდ ოუენი ქუინს. მან თავი დაუქნია.

– ჰო. საქმე მაინც არაფერი მაქვს. არც მანქანა მყავს.

თედ ქუინმა შეფარვით გახედა ლაურა ვილოუზს და იფიქრა, რომ სასიამოვნო იქნებოდა ასეთ ლამაზმანთან ერთ ჭერქვეშ ძილი, მაგრამ მოტყუვდა. ერთ საათზე მეტხანს იწვა რბილ მატრასზე და ძილი არ მიეკარა. ბოლოს იძულებული გახდა, ამდგარიყო და ხვეული კიბით ბიბლიოთეკაში ჩასულიყო. სიბნელეში კარი შეეშალა. ოთახში, რომელშიც შევიდა ისეთი სიბნელე იყო, რომ გული უსიამოვნოდ შეეკუმშა. თითქოს რაღაც ყრუ ხმაურიც მოესმა, უფრო სწორად, მოეჩვენა, რომ მარტო არ იყო. მოჩვენებების არ სჯეროდა, მაგრამ მაინც შეკრთა და სწრაფად გამოვიდა ოთახიდან. მეორე კარი ბიბლიოთეკის აღმოჩნდა. თედმა სინათლე აანთო, თაროებზე „ალისა ჯადოსნურ ქვეყანაში“ მოძებნა და ბიბლიოთეკიდან გამოვიდა. კიბეზე ვიღაცის ჩრდილი დალანდა და ისევ შეკრთა. მერე მიხვდა, რომ მოჩვენება არ იყო.

– თქვენც არ გეძინებათ? – დაუძახა შუა კიბეზე მდგარ არქიტექტორს.

– არა. ოუენ, შენ ხარ?

– არა. თედ ქუინი ვარ. ქვემოთ, ბიბლიოთეკაში ვიყავი. ვიფიქრე, ცოტას წავიკითხავ-მეთქი.

– მართლა საშინელი ღამეა. წეღან ისე დაიგრუხუნა... თქვენ არაფერი გაგიგიათ?

– არა. ამ სახლში ოთახებს საკმაოდ სქელი კედლები აქვს.

– ჰო. ისეთი სქელი, რომ შიგნით სამალავების გაკეთებაც შეიძლება, – გაიცინა პოლ გარდნერმა და ზემოთ ავიდა. თედმა რამდენიმე ფურცელი წაიკითხა და ღრმად ჩაიძინა. დილით კი სახლში სერიოზული აურზაური ატყდა. ყველანი მისტერ ოუენს ეძებდნენ და ვერ პოულობდნენ. ემა ოუენი ტიროდა და პოლიციის გამოძახებას მოითხოვდა.

– დამშვიდდით, მისის ოუენ. იქნებ, თქვენი მეუღლე სადმე წავიდა, მაგალითად, საყიდლებზე.

– ღამის პიჟამათი და ჩუსტებით? დილის შვიდ საათზე? არა, არა, ჯერალდი ასეთი არ არის. მას რაღაც შეემთხვა. იქნებ მოიტაცეს. გამოსასყიდისთვის, ხომ ხდება ხოლმე.

– მაშინ დაგვირეკავენ. ან წერილს გამოგვიგზავნიან, – თედ ქუინმა კეფა მოიქექა, – მისის ოუენ, შეიძლება, სახლი დავათვალიერო?

ქალმა თავი დაუქნია. როცა თედი იმ ოთახში შევიდა, რომელიც ბიბლიოთეკის გვერდით იყო, ის მოზრდილი გარდერობი აღმოჩნდა. ერთი კედელი მთლიანად სარკეს ეკავა, ხოლო დანარჩენი ორი – თაროებს. იქვე ეწყო ფეხსაცმლის კოლოფები. სარკის მოპირდაპირე კედელზე კი ორიგინალური საათი ეკიდა, ფოსფორის ისრებით და ციფერბლატით. თედი ძალიან დაინტერესდა საათით.

– მისის ოუენ, ეს საათი გუშინაც აქ ეკიდა?

მისის ოუენმა ცრემლები მოიწმინდა და შეკითხვის ავტორს გაოცებულმა შეხედა.

– რა თქმა უნდა. რაც ამ სახლში გადმოვედით, მას შემდეგ მანდ კიდია, ჯერალდმა იყიდა და დაკიდა. ძალიან მოსწონდა, სიბნელეში რომ ანათებდა.

– უცნაურია, უცნაური... – ჩაიბურტყუნა თედმა.

– რა არის უცნაური. ასეთი საათი აქამდე არ გინახავთ?

– იცით, საქმე ისაა, მისის ემა, რომ გუშინ, ღამე მე შეცდომით აღმოვჩნდი ამ ოთახში და ისეთი სიბნელე იყო, თვალთან თითს ვერ მიიტანდი. საათი კი ფოსფორის არის... თანაც სარკის წინ კიდია.

– ვერ მივხვდი, რისი თქმა გინდათ.

– უფრო გასაგებად აგიხსნით: გუშინ რომ ეს საათი ამ კედელზე ყოფილიყო, მისი ნათება აუცილებლად აირეკლებოდა სარკეში და მე მას დავინახავდი. ახლა ხვდებით?!

– თითქმის, მაგრამ საათი არავის ჩამოუხსნია, – ემამ მხრები აიჩეჩა.

– მაშინ სარკე არ ყოფილა თავის ადგილას.

– თქვენ ხომ ხვდებით, რომ ეს აბსურდია, – თქვა ქალმა. თედ ქუინმა თავი დაუქნია. ქალს ბოდიში მოუხადა და გაიქცა. მის ვილოუზმა დაინახა, როგორ ელაპარაკებოდა ტელეფონით ვიღაცას. ახალგაზრდა ქალმა ცნობისმოყვარეობას ვერ სძლია და თედს მიუახლოვდა.

– თქვენ ფიქრობთ, რომ მისტერ ოუენი საყვარელთან ერთად გაიპარა?

– არა. მე ვფიქრობ, რომ მას სერიოზული პრობლემა აქვს. მისტერ ოუენი მკვდარია.

მის ვილოუზმა წამოიყვირა.

– ხვდებით, რას ამბობთ?

– სამწუხაროდ, ვხვდები. არქიტექტორი ხომ არ გინახავთ?

– პოლი? სადღაც აქ იყო. თავის ცოლს ელაპარაკებოდა. მგონი, ჩხუბობდნენ.

– კარგი. მის ვილოუზ შეგიძლიათ, პატარა სამსახური გამიწიოთ? გაართეთ ოუენების სტუმრები. შეკრიბეთ ისინი სასტუმრო ოთახში და ყურადღება მიაქციეთ, არავინ არსად წავიდეს, სანამ პოლიცია მოვა.

მის ვილოუზმა მხრები აიჩეჩა, მაგრამ თედ ქუინის თხოვნის შესასრულებლად მაინც წავიდა.

პოლიციიდან ორი კრიმინალისტი და გამომძიებელი მოვიდა. თედ ქუინმა დარბაზში შეკრებილები მოათვლიერა და პოლ გარდნერს ჩააშტერდა.

– მისტერ გარდნერ, აღიარებთ დანაშაულს თუ მე მოვყვე, რაც გუშინ ღამით ჩაიდინეთ.

პოლ გარდნერი წამოხტა.

– რისი თქმა გინდათ? მისტერ ოუენის გაუჩინარებასთან მე მაქვს კავშირი?

– დიახ. თქვენ ის მოკალით. გვამი კი გარდერობის ოთახში, სარკის უკან მოწყობილ სამალავში დამალეთ. თქვენ ემა ოუენის საყვარელი ხართ. სთხოვდით, ქმარი მიეტოვებინა და თქვენ გამოგყოლოდათ ცოლად. ქალმა ქმრის მიტოვება ვერ გაბედა. მაშინ გადაწყვიტეთ, მეტოქე საერთოდ ჩამოგეცილებინათ გზიდან და მოკალით. გვამი სადაც არის, უკვე გითხარით. მისტერ ოუენმა თქვა, რომ ამ სახლის გადაკეთებაზე თქვენ იზრუნეთ. სამალავზე და სქელ კედლებზე კი – თავად წამოგცდათ სიმართლე. ამ ყველაფერს საათის წყალობით მივხვდი. მისი ნათება იმიტომ არ აირეკლა სარკეში, რომ სწორედ იმ დროს სამალავი ღია იყო... არ გაგიმართლათ, პოლ გარდნერ. მამაჩემისგან რაღაც-რაღაცეები ვისწავლე... გვაჩვენებთ, როგორ მუშაობს მექანიზმი?

ემა ოუენს გული წაუვიდა...



თარგმნა

ნინო წულუკიძემ


скачать dle 11.3