ვის და რატომ ჩაარტყა წიგნი კორნელი კეკელიძემ სასულიერო სასწავლებელში სწავლისას
კორნელი კეკელიძე ამბობდა, მე ორი ცხოვრებით ვიცხოვრეო. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ „პირველში“ იგი მის სასულიერო ცხოვრებას გულისხმობდა და რომ ერთი პერიოდი იოსებ სტალინთან ერთადაც სწავლობდა – თბილისის სასულიერო სემინარიაში. როდის დაიწყო კორნელი კეკელიძის „მეორე ცხოვრება“, რა ნათესაური კავშირი ჰქონდა მას კალისტრატე ცინცაძესთან და გალაკტიონთან, რას განიცდიდა მთელი ცხოვრება ცნობილი აკადემიკოსი, ამას ინტერვიუში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერი მიხეილ ქავთარია გვიამბობს:
– ბატონი კორნელი დაიბადა ვანის რაიონის სოფელ ტობანიერში 1879 წელს. მისი ძმა სევერიანე კი, მიიჩნევდა, რომ 1878 წელს იყო დაბადებული. კორნელი კეკელიძე და იოსებ სტალინი ერთად სწავლობდნენ თბილისის სასულიერო სემინარიაში. ბატონი კორნელი რომ გადარჩა და არ დაიხვრიტა 1937 წელს, ამაში ძალიან დიდი წვლილი სწორედ სტალინს მიუძღვის. ბელადს მიხეილ ჭიაურელისთვის ჰქონია ნათქვამი, – ქართველებს ორი დიდი მეცნიერი გყავთ: ივანე ჯავახიშვილი და კორნელი კეკელიძე და მოუფრთხილდითო!
– ამბობენ, კორნელი კეკელიძეს სტალინი გალახული ჰყავდაო... მართალია ვითომ?
– წიგნი ჩავარტყი სტალინს თავშიო, – იტყოდა ხოლმე.
– რატომ?
– რაღაც წიგნი ვთხოვეო, – იხსენებდა, – სტალინმა მითხრა: რად გინდა, მაინც ვერ გაიგებ ამ წიგნის შინაარსს შენო. ამას მოჰყოლია ეს ყველაფერი.
კორნელი კეკელიძემ შეისწავლა და შეადგინა ტობანიერელი კეკელიძეების გენეალოგია. ეს დოკუმენტი ჰქონდა მის ძმისშვილს, მწერალ მიხეილ კეკელიძეს, ახლა არ ვიცი, სად არის. ამ დოკუმენტში კორნელი კეკელიძე წერს, რომ კეკელიძეთა გვარი ტობანიერში უნდა ჩამოსახლებულიყო მეცხრამეტე საუკუნის დამდეგს, ან მეთვრამეტის მიწურულს. სხვათა შორის, ამავე პერიოდში ჩამოსახლდნენ სოფელ ტობანიერში გურიიდან ცინცაძეები. ერთ-ერთი წარმომადგენელი მათ შორის გახლდათ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე. კორნელი კეკელიძე და კალისტრატე ცინცაძე მოყვრები იყვნენ. კორნელი კეკელიძეს და, აკვირინე ცოლად ჰყავდა კალისტრატე ცინცაძის უმცროს ძმას, ამფილოქეს, რომელთა შვილიშვილიც გახლავართ მე.
– ძალიან დიდი და საამაყო წინაპრები გყოლიათ.
– კორნელი კეკელიძე დიდი სიყვარულით იგონებდა დედას, რომელიც ურუშაძის ქალი ყოფილა. მამამისს ფიცხ კაცად ახასიათებდა. კორნელიმ სწავლა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში დაიწყო, რომელიც ფრიადებზე დაამთავრა. შემდეგ კი სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რაც აგრეთვე წარჩინებით დაასრულა. როდესაც სემინარია დაუმთავრებია, კორნელი კეკელიძისთვის რჩევა მიუციათ, რომ სასწავლებლად კიევის სასულიერო აკადემიაში წასულიყო. ამასთან დაკავშირებით, ის იგონებდა: მივედი კალისტრატე ცინცაძესთან, რომელიც იმ დროისთვის დიდუბის ეკლესიის წინამძღვარი იყო და ვუთხარი, რომ კიევში ვაპირებ წასვლასო. კალისტრატეს უთქვამს: წადი და თუ გამოცდებს ვერ დაიჭერ, კიევს მაინც დაათვალიერებო.
– როგორ მოიქცა ბატონი კორნელი?
– კორნელი კეკელიძე მართლაც გაემგზავრა კიევში. ოთახში, სადაც ის ცხოვრობდა, კიდევ ორი აბიტურიენტი იყო. შემოსულა მათთან რექტორი და უკითხავს: ვინ არის მესამეო? – ვიღაც ქართველია, რომელიც მთელი დღეები კიევს ათვალიერებს და როგორც ეტყობა სხვა საქმე არც აქვსო, – უპასუხიათ. თუმცა, როდესაც კორნელის ჩაუბარებია გამოცდები, იგი მესამე სტუდენტად გასულა თავისი შეფასებით და სახელმწიფო ხარჯზე სწავლის უფლება მოუპოვებია. მახსოვს, იტყოდა ხოლმე: მე გადავწყვიტე მღვდლობა, მხოლოდ იმიტომ, რომ არ მქონდა იმ თანხის გადახდის შესაძლებლობა, რომელიც სინოდმა გაიღო ჩემი სწავლისთვისო. თუმცა, იმასაც ხშირად აღნიშნავდა, რომ იყო ღრმადმორწმუნე ქრისტიანი და გულწრფელად შეეძლო, გაეწია სასულიერო სამსახური. კორნელი კეკელიძე გახლდათ დეკანოზი. ამბობდა: ორი ცხოვრებით ვიცხოვრეო. ერთი – სასულიეროთი და გავხდი დეკანოზი, ეს თეთრ სამღვდელოებაში ყველაზე მაღალი წოდებაა, მოგეხსენებათ და მეორე, – როდესაც სასულიერო ცხოვრებიდან წამოვედი და გავხდი აკადემიკოსიო. კიევიდან ჩამოსული კორნელი კეკელიძე ქუთაისში ეკურთხა მღვდლად, მაგრამ იქ არ დარჩენილა, თბილისში ჩამოვიდა და აქ დაიწყო წმიდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში მუშაობა. ამ პერიოდში იგი ღრმად ჩაერთო საქართველოს ეკლესიის ცხოვრებაში. 1906 წელს დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი.
1918 წელს, როდესაც იხსნება უნივერსიტეტი, კორნელი კეკელიძე თავს ანებებს სასულიერო მოღვაწეობას და უნივერსიტეტში სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტის პირველი დეკანი ხდება.
– ეს მისი სურვილით ხდება?
– რა თქმა უნდა. 1923-1924 წლებში იბეჭდება კორნელი კეკელიძის ორი ტომი „ქართული ლიტერატურის ისტორია“. პარალელურად, ის აქტიურად მუშაობდა კიევის სასულიერო აკადემიის გამომცემლობასთან.
– საქართველოს გასაბჭოების შემდეგ როგორ წარიმართა კორნელი კეკელიძის ცხოვრება?
– 1924 წელს, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში ანტიკომუნისტური მოძრაობის ტალღა აგორდა. კორნელი კეკელიძის უფროსი ვაჟი ალექსანდრე, იყო ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ამ მოძრაობისა. ამის გამო ის დახვრიტეს. ამ პერიოდში კორნელი კეკელიძე ისვენებდა ცოლეულში, ცხინვალის რაიონ სოფელ ქემერტში, სადაც დააპატიმრეს, ჩამოიყვანეს თბილისში და დააწერინეს წერილი, რომლითაც იგი გმობდა შვილის საქციელს. ამას განიცდიდა სიკვდილამდე. ამბობდა, რომ ეს არ იყო მისი დაწერილი და ვერ პატიობდა საკუთარ თავს. ამ ფაქტმა შეცვალა და ძალიან მშიშარა გახადა ბატონი კორნელი. ყველაფრის ეშინოდა. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ 1937 წელს ძმა დაუხვრიტეს.
– სემინარიის შემდეგ თუ ჰქონდა კორნელი კეკელიძეს სტალინთან რაიმე კონტაქტი?
– არავითარი. 1951 წელს სტალინი ისვენებდა ბორჯომში. ბატონი კორნელიც იქ ისვენებდა. ამ პერიოდში გამოვიდა განმეორებითი გამოცემა „ძველი ქართული მწერლობის“ პირველი ტომისა. ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომლებმა სთხოვეს მას, რომ მიეტანა ეს წიგნი და მისულიყო სტალინთან. ამის ძალიან წინააღმდეგი იყო ბატონი კორნელი, მაგრამ საბოლოოდ იძულებული გახადეს და დაიყოლიეს. მივიდა, მაგრამ არ მიიღო სტალინმა, შემოუთვალა: წიგნი დატოვოს კანცელარიაში. მე აქ დასასვენებლად ვარ ჩამოსული და არა საქმიანი შეხვედრებისთვისო.
– კალისტრატე ცინცაძისა და კორნელი კეკელიძის ურთიერთობაზეც გვიამბეთ.
– კალისტრატე ცინცაძისა და კორნელი კეკელიძის ურთიერთობის შესახებ მე ვიცი, 1947 წლიდან. კალისტრატე უფროსი იყო მასზე, ის 1866 წელს დაიბადა. მათ მხოლოდ სატელეფონო ურთიერთობა ჰქონდათ. სულ რამდენჯერმე მახსოვს, ღამით მივიდა კორნელი კალისტრატესთან.
– ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობდა აკადემიკოსი კორნელი კეკელიძე?
– ერთ ადგილას ასეთი ფრაზა უწერია: „მე ვარ ღრმადმორწმუნე ქრისტიანი.“ მახსოვს, იტყოდა ხოლმე, დღეს მარხვა იწყებაო, მაგრამ მის რაციონს ექიმები განსაზღვრავდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ამიტომ, არ მარხულობდა. სხვა რა გითხრათ, მე მისი არც ლოცვა მინახავს, არც ეკლესიაში სიარული. მაგრამ, ალბათ ისიც გასათვალისწინებელია, მაშინ როგორი დრო იყო.
– როგორ დაახასიათებდით ბატონ კორნელის?
– არ მახსოვს, ბატონ კორნელისთან მოსულიყო სტუმარი, მას კი კაბინეტში თავისი საქმიანობისთვის თავი არ მიენებებინა და არ გამოსულიყო. არ ჰქონდა მნიშვნელობა ეს სტუმარი იქნებოდა – კოლეგა, მეგობარი, ნათესავი, თუ მეზობელი. საოცრად უყვარდა პურმარილი. სიკვდილის წინ მოითხოვა, ერთი ჭიქა ღვინო დამალევინეთო. მახსოვს, ახალი წელი თენდებოდა. ლიტერატურის ინსტიტუტში იყო შესანიშნავი ჯგუფი, რომელშიც იყვნენ თინა ჯიბლაძე და ნოდარ ალანია. გადაწყვიტეს კორნელისთვის დღესასწაული მიელოცათ. მართლაც ეწვივნენ, გაიშალა სუფრა. ნოდარი, ისე დათვრა, რომ დაეძინა. იგი მასპინძლის კაბინეტში გაიყვანეს. გაიღვიძა, საღამოს 6 საათია, სტუმრები წასულები არიან. სად ვარო? – მკითხა. არადა, ბატონო კორნელის ფანჯრები ნოდარის სახლს უყურებდა. კორნელიმ მას ასეთი ფრაზა უთხრა: შვილო, ვისაც, ღვინო არ დაულევია, იმას ასეთი რამ არ დაემართება, რა მოხდა მერეო. ამის შემდეგ, ისევ გაიშალა სუფრა და გაგრძელდა ქეიფი. გალაკტიონი ეწვეოდა ხოლმე ბატონ კორნელის ყოველ ახალ წელს. გალაკტიონი კორნელის დისშვილის მაზლი იყო. სხვათა შორის, მშვენიერი წერილი აქვს კორნელი კეკელიძეს გალაკტიონზე გამოქვეყნებული. შესანიშნავად იცოდა მისი შემოქმედება. დასხდებოდნენ ხოლმე, საუბრობდნენ. ფენომენალური მეხსიერება ჰქონდა კორნელი კეკელიძეს. თუკი რამეს წაიკითხავდა, ის ახსოვდა ზეპირად. მე ასეთი მეხსიერების ადამიანი არ მინახავს. მახსოვს, ასეთი ფაქტი: ილია აბულაძეს დასჭირდა რაღაც სიტყვა, ჰკითხა ბატონ კორნელის. კორნელიმ თვალების მოჭუტვა იცოდა, ფიქრობდა. მართლაც, მოჭუტა თვალები და ცოტა ხანში დაუსახელა წიგნი, ამ გვერდზე ნახე, ილიკო, ეგ სიტყვაო. ერთი ხანობა ვცხოვრობდი მასთან და ამიტომ ვიცი, ეს დეტალები. როდესაც კორნელი კეკელიძის ასპირანტი გავხდი, შევწყვიტე მასთან ურთიერთობა. ერთ მშვენიერ დღეს მომადგა, ჩამსვა მანქანაში და წამიყვანა თავისთან.
კორნელი კეკელიძემ ანდერძი დატოვა, რომ გარდაცვალების შემდეგ მთელი მისი ბიბლიოთეკა გადაეცათ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის (ყოფილი კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი).