როგორ იქნა სისრულეში მოყვანილი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების მზაკვრული გეგმა და რამ აიძულა ერეკლე მეორე წაგებული თამაში ბოლომდე ეთამაშა
რუსეთის მფარველობაში შესული ქართლ-კახეთის სამეფო ხსნას რუსეთისგან ელოდა. თუმცა, როგორც ცხადი გახდა, რუსები ძალზე მზაკვრული გეგმით გულდასმით ემზადებოდნენ ქართული სახელმწიფოებრიობის მოსპობისთვის. ამ ტრაგიკული ისტორიის შესახებ გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ისტორიკოსი ვახტანგ გურული.
– ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება რუსეთის საიმპერატორო კარს 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის დადების დროსაც ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ იმხანად შექმნილი საერთაშორისო მდგომარეობა ეკატერინე მეორეს საშუალებას არ აძლევდა აქტიური პოლიტიკა ეწარმოებინა სამხრეთ კავკასიაში.
– კონკრეტულად, რას გულისხმობთ?
– მეთვრამეტე საუკუნის 80-90-იან წლებში რუსეთი, ავსტრია და პრუსია ერთმანეთს ეცილებოდნენ პოლონეთის სახელმწიფოს ტერიტორიის გადანაწილებისთვის. ამ დროისთვის სწორედ პოლონეთის საკითხი იყო რუსეთის საგარეო პოლიტიკისთვის უმთავრესი. რუსეთი ვერ დაუშვებდა ამ რეგიონში პოზიციების შესუსტებას. პოლონეთის გადანაწილება ძალზე გაჭიანურდა. 1793 წელს რუსეთმა, ავსტრიამ და პრუსიამ პოლონეთი მეორედ გადაინაწილეს, რასაც პოლონელთა დიდი ეროვნული აჯანყება მოჰყვა. რუსეთმა პოლონეთში ჯარები შეიყვანა და აჯანყება სისხლში ჩაახშო. 1795 წელს პოლონეთი მესამედ გადაინაწილეს. პოლონეთის საკითხი ნებისმიერ დროს შეიძლებოდა, გართულებულიყო. რუსეთი მუდამ მზად უნდა ყოფილიყო პოლონეთში შესაჭრელად. გარდა ამისა, რუსეთის საიმპერატორო კარს აშინებდა ოსმალეთის პოზიცია. შედარებით ნაკლებად საშიში იყო რუსებისთვის ირანი. თუმცა, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გააქტიურებას, შესაძლოა, ირანთან ომი მოჰყოლოდა. სწორედ ამ მიზეზებმა განაპირობა, გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ, ქართლ-კახეთის სამეფოს დაპყრობის გადავადება.
– გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ, თუ გრძნობდნენ ქართლ-კახეთის სამეფო კარზე მოახლოებულ საშიშროებას?
– თავდაპირველად, საშიშროებას როგორც ჩანს, ვერ გრძნობდნენ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 1784 წელს ქართლ-კახეთის სამეფოში გეორგიევსკის ტრაქტატით გათვალისწინებული რუსეთის ჯარის ორი ბატალიონი შემოვიდა. რუსეთ-ოსმალეთის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა ქართლ-კახეთიდან ჯარი გაიყვანა. გაყვანის მიზეზი კი ერეკლეს ასე აუხსნეს: საქართველოში რუსეთის ჯარის ყოფნა ირანსა და ოსმალეთს აღიზიანებს და ჯარის გაყვანის შემდეგ ქართლ-კახეთის ურთიერთობა ამ ქვეყნებთან უკეთესად მოგვარდებაო. ჯარის გაყვანით რუსეთმა ქართლ-კახეთის სამეფო მარტოდმარტო დატოვა ქართლ-კახეთის პრორუსული ორიენტაციით გაღიზიანებული ირანისა და ოსმალეთის წინაშე.
– როგორ მოექცა ირანი და ოსმალეთი მარტოდმარტო დარჩენილ ქართლ-კახეთის სამეფოს?
– იმხანად, ქართლ-კახეთის სამეფო ირანის ვასალი იყო. ასე რომ, ოსმალეთს ქართლ-კახეთის სამეფოს დასჯა არ შეეძლო. ესეც რომ არ ყოფილიყო, 1787-1791 წლებში ოსმალეთი რუსეთთან ომს აწარმოებდა და ქართლ-კახეთის დასასჯელად არ ეცალა. რაც შეეხება ირანს, ის დაინტერესებული უნდა ყოფილიყო ქართლ-კახეთის სამეფოს დასჯით, თუმცა ირანში მიმდინარე შინააშლილობა დროებით ხსნიდა ამ საშიშროებას. 1788 წელს აღა-მაჰმად ხანმა ირანის დიდი ნაწილი გააერთიანა და ქართლ-კახეთის სამეფოსთვის მოიცალა. ამ საფრთხის შესახებ ერეკლემ რამდენჯერმე დაუყოვნებლივ აცნობა რუსეთის საიმპერატორო კარს. ეკატერინე მეორემ ყურად არ იღო ერეკლე მეორის თხოვნა და წლების განმავლობაში არაფერი გააკეთა ქართლ-კახეთის სამეფოსთვის. უფრო მეტიც, 1795 წელს, საქართველოში აღა-მაჰმად ხანის ლაშქრობა თბილისზე ეკატერინე მეორეს შეეძლო დიპლომატიური საშუალებებითაც შეეჩერებინა. იმხანად აღა-მაჰმად ხანი, არც ისე ძლიერი იყო, რომ ქართლ-კახეთის სამეფოს დალაშქვრის სანაცვლოდ რუსეთთან ურთიერთობა გაემწვავებინა. რუსეთში ყოველივეს კარგად უწყოდნენ, მაგრამ მაინც არაფერი იღონეს, ქართლ-კახეთის სამეფოს დასაცავად.
– ნუთუ, ამის შემდეგაც ვეღარ დარწმუნდა ერეკლე მეორე, რომ რუსეთთან კავშირი დამღუპველი იყო ქართლ-კახეთისთვის?
– რუსეთთან კავშირის დამღუპველობაზე ერეკლე აღა-მაჰმად ხანის ლაშქრობამდეც დარწმუნებული იყო, მაგრამ პრორუსული ორიენტაციის შეცვლა, მას უკვე აღარ შეეძლო. სურდა თუ არა, ერეკლეს, პრორუსული პოლიტიკა უნდა გაეგრძელებინა, ანუ წაგებული თამაში ბოლომდე ეთამაშა. 1795 წლის შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფო კარმა ქვეყნის მართვის სადავეები ხელიდან გაუშვა. მოიშალა ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა. პრაქტიკულად, აღარ არსებობდა ქართული ჯარი. სამეფო სახლის წევრები სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მოხუცებული და ავადმყოფი ერეკლე ვითარებას ვეღარ აკონტროლებდა. კრწანისის ბრძოლის შემდეგ, იგი თბილისშიაც აღარ დაბრუნებულა, თელავში იმყოფებოდა და 1798 წელს იქვე გარდაიცვალა.
– რა მოხდა ერეკლე მეორის გარდაცვალების შემდეგ?
– ერეკლე მეორის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე ავიდა მისი ვაჟი, გიორგი მეთორმეტე. უკვე სერიოზულად ავადმყოფი მეფე, რომელიც ამ ურთულესი პერიოდისთვის სრულიად შეუფერებელი იყო სამეფოს მართვა-გამგეობისთვის, ცხადია, ის ვითარებას სასიკეთოდ ვერ შეცვლიდა. პირიქით, სახელმწიფოებრივი კრიზისი სულ უფრო ძლიერდებოდა. ამით ისარგებლეს სამეფო კარზე მყოფმა რუსმა სამხედროებმა და დიპლომატებმა და სასოწარკვეთილი ავადმყოფი მეფე, თავისი გავლენის ქვეშ მოაქციეს. რუსი დიპლომატები და სამხედროები გიორგი მეთორმეტეს გამუდმებით უჩიჩინებდნენ, რომ ძმები მისი სიკვდილის შემდეგ, გიორგის უფროს ვაჟს – დავითს, სამეფო ტახტს წაართმევდნენ. რუსები გიორგის არწმუნებდნენ, რომ დავითის ტახტზე ასვლა მხოლოდ მათი მხარდაჭერის შემთხვევაში გახდებოდა შესაძლებელი.
– რა შედეგი გამოიღო რუსი სამხედროებისა და დიპლომატების მცდელობამ?
– უიმედო მდგომარეობაში ჩავარდნილმა გიორგი მეთორმეტემ რუსი სამხედროებისა და დიპლომატების თხოვნით, ისე, რომ საქმის კურსში არ ჩაუყენებია ტახტის მემკვიდრე დავითი, 1800 წლის 24 ივნისს ხელი მოაწერა რუსეთის იმპერატორის, პავლე პირველისთვის მისართმევ „სათხოვარ პუნქტებს“. სათხოვარი პუნქტები, თავისი შინაარსით, იყო გეორგიევსკის ტრაქტატის უარესი ვარიანტი. ის კიდევ უფრო ზღუდავდა ქართლ-კახეთის სამეფო სუვერენიტეტს და მეფის ხელისუფლებას. თუმცა, მეფობა ქართლ-კახეთში არ უქმდებოდა და ტახტზე გიორგი მეთორმეტის მემკვიდრეები უნდა ასულიყვნენ. ესე იგი ქართლ-კახეთის სამეფო, როგორც სახელმწიფო, კვლავ განაგრძობდა არსებობას. თავისი სამეფო კარით, ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობით, საკანონმდებლო სისტემითა და ასე შემდეგ.
– როგორ მიიღეს პეტერბურგში გიორგი მეთორმეტის სათხოვარი პუნქტები?
– მართალია, სათხოვარი პუნქტები ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებას არ ითვალისწინებდა, მაგრამ პეტერბურგში ამას ყურადღება არ მიაქციეს და 1800 წლის 18 დეკემბერს მომზადდა იმპერატორის მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და მისი რუსეთთან შეერთების თაობაზე. მანიფესტის ტექსტი საიდუმლოდ გადაუგზავნეს კავკასიის ხაზის უფროსს, გენერალ კარლ კნორინგს. უფრო ადრე, კარლ კნორინგს მიღებული ჰქონდა ასევე საიდუმლო ბრძანება, რომ მძიმედ ავადმყოფი გიორგი მეთორმეტის გარდაცვალების შემდეგ, არ დაეშვა ქართლ-კახეთის სამეფოს ტახტზე დავით გიორგის ძის ასვლა და სამეფო ხელისუფლება გაეუქმებინა. გენერალს პეტერბურგიდან კატეგორიული ტონით მოსთხოვეს, როგორმე გიორგი მეთორმეტისგან სამეფოს გაუქმებაზე თანხმობისთვის მიეღწია. პეტერბურგში შემუშავებული გეგმა ჩაშალა გიორგი მეთორმეტის ნაადრევმა სიკვდილმა. 1800 წლის 28 დეკემბერს მეფე ისე გარდაიცვალა, რომ კნორინგმა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებაზე თანხმობის მიღება ვერ მოასწრო.
– ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ რა მოიმოქმედეს პეტერბურგში?
– ამის შემდეგ რუსებმა ღიად დაიწყეს მოქმედება. გეორგიევსკის ტრაქტატის მიხედვით, დავით გიორგის ძეს ტახტზე ასვლის დასტურად, რუსეთის იმპერატორისგან სამეფო ნიშნები უნდა მიეღო. სამეფო ნიშნების გამოგზავნას პეტერბურგიდან აგვიანებდნენ, რის გამოც, დავითის მეფედ კურთხევა ფერხდებოდა. სამეფო ნიშნების დაგვიანების მიზეზი თბილისში არავინ უწყოდა. 1801 წლის 18 იანვარს პეტერბურგში გამოქვეყნდა პავლე პირველის ბრძანება ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და მისი რუსეთთან შეერთების შესახებ. 6 მარტს დამტკიცდა გაუქმებული ქართლ-კახეთის სამეფოს მმართველობის წესები, ხოლო 11 მარტს ქართლ-კახეთის გუბერნატორად დაინიშნა გენერალი კარლ კნორინგი. ამის შემდეგ, მოულოდნელად, პეტერბურგში ვითარება შეიცვალა. 1801 წლის 11 მარტს ღამით შეთქმულებმა მოკლეს იმპერატორი პავლე პირველი. შედეგად, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების საკითხი დროებით გადაიდო. ამის შემდეგ 1801 წლის 12 სექტემბერს მოსკოვში მყოფმა ალექსანდრე პირველმა ხელი მოაწერა მანიფესტს ქართლს-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და მისი რუსეთთან შეერთების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ მანიფესტს კვლავ საიდუმლოდ ინახავდნენ. ის თბილისში, სიონის ტაძარში იქნა წაკითხული, მხოლოდ 1802 წლის 12 აპრილს.
– ამჯერად, რამ განაპირობა მანიფესტის საიდუმლოდ შენახვა?
– 1799 წელს თბილისში შემოვიდა რუსი ჯარი. ეს ჯარი ქვეყნის გარეშე მტრისგან დასაცავად არ იყო გამიზნული. შემდგომ პერიოდში რუსები ნელ-ნელა ზრდიდნენ ჯარის რაოდენობას ქართლ-კახეთში. რუსმა ჯარმა, თბილისის გარდა, დაიკავა მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტები. 1802 წლის აპრილისთვის ქართლ-კახეთს, პრაქტიკულად, რუსული ჯარი აკონტროლებდა. მანიფესტის გამოცხადება უკვე დიდ საშიშროებას აღარ წარმოადგენდა. მღელვარებისა და ანტირუსული გამოსვლების ჩახშობა რუსული ჯარის სარდლობას არ გაუჭირდებოდა. ასე იქნა მოყვანილი სისრულეში რუსების მიერ შემუშავებული ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების მზაკვრული გეგმა.