გინდა, გააგიჟო?!
ძალიან ხშირად გვისაუბრია იმაზე, რომ ქალები და მამაკაცები სხვადასხვანაირად აღიქვამენ ფაქტებს და მოვლენებს. ასევე, ფრაზებსაც. მაგალითად, ზოგიერთი ჩვენი შეკითხვა თუ ფრაზა კაცში აღშფოთებას და პანიკის ისეთ „ნაზავს“ ქმნის, რომ... მოკლედ, უმჯობესია, არასოდეს თქვათ:
1. „არ ვიცი, რა ჩავიცვა. შეგიძლია, რამე შემირჩიო?!“ – ხომ იცით, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უკიდურესად გაუჭირდება. შეიძლება, საღამო საერთოდ ჩაგშხამდეთ.
2. „ო, თმა კიდევ უფრო გაგთხელებია“, – ისედაც იცის და ნერვიულობს. ცეცხლზე ნავთს რაღატომ ასხამთ?! თქვენი პირიდან ეს საშინელ ლანძღვად ჟღერს. მოეშვით. თითოეულ დაკარგულ ღერზე უთქვენოდაც ნერვებს იგლეჯს.
3. „წინააღმდეგი ხომ არ იქნები, თუ დედაჩემი ცოტა ხანს ჩვენთან იცხოვრებს“, – მართალია, ზოგიერთი სიძე საერთოდაც სიდედრთან ცხოვრობს, მაგრამ... სწორედაც რომ მაგრამ. ცხოვრობს იმიტომ, რომ აშკარად არ აქვს სხვაგან წასასვლელი. მის სახლში რომ ეპატიჟებით სიდედრს, რაზე ფიქრობთ?
4. „ძვირფასო, რაზე ფიქრობ?!“ – აჰა, ყველაზე სულელური და გაუმართლებელი შეკითხვა. მამაკაცებს ძალიან არ უყვართ იმის თქმა, რითია დაკავებული მათი ფიქრები. ქალებს კი ეს აღიზიანებთ, მაგრამ თუ კონფლიქტი არ გინდათ, ჯობია, საკუთარ ცნობისმოყვარეობას მოუაროთ, თორემ თქვენი შეკითხვით, საყვარელ მეორე ნახევარს სულიერ წონასწორობას დააკარგვინებთ.
5. „გიყვარვარ?!“ – როგორ ფიქრობთ, ეს შეკითხვა საერთოდ უნდა წამოგცდეთ?! რისთვის?! ის ხომ ცხოვრობს თქვენთან. განა, ეს სიყვარულის დადასტურება არ არის?! მოეშვით, მის წვალებას. ჯერ გიპასუხებთ, „დიახ, რა თქმა უნდა“, მერე – „დიახო“, ბოლოს კი, შეიძლება, გეჩხუბოთ კიდეც. აი, ასე დასრულდება ექსტრემალური ახსნა სიყვარულისა...
P. S. ხომ უკეთესი იქნება, არ გააგიჟოთ?! მაშინ მოერიდეთ პროვოკაციულ შეკითხვებს...