როგორ გახდა ლაშა ხოზაშვილი „ბოსტონ-ბალეტის“ ისტორიაში პირველი მამაკაცი, რომელიც პირდაპირ წამყვან სოლისტად აიყვანეს და რატომ ეძახიან მას ამერიკელები „მფრინავს“
მათ, ვისაც ბალეტი უყვარს, თბილისის ოპერის თეატრში, ალბათ, უნახავს ლაშა ხოზაშვილის მიერ საოცარი ტექნიკითა და სილამაზით შესრულებული წამყვანი პარტიები, რომლებიც მაყურებელს ემოციების გარეშე არასდროს ტოვებდა. დღეს ლაშა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო „ბოსტონ-ბალეტის“, წამყვანი სოლისტი და ახალი სახეა. მასზე ხშირად წერენ და საუბრობენ ემოციებით: „ძლიერი, ქარიზმატული, საოცარი, შთამბეჭდავი ტექნიკით, არაჩვეულებრივი, ფენომენალური მოცეკვავე, ვირტუოზი“. ლაშა ამერიკაში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, რომელიც ასევე ბალერინაა და ისიც აგრძელებს კარიერას.
ლაშა ხოზაშვილი: თავიდან მუსიკალურ სკოლაში დავდიოდი, ვუკრავდი ვიოლინოსა და ფორტეპიანოზე. ჩემებს უნდოდათ მუსიკას გავყოლოდი, დირიჟორი გავმხდარიყავი, მაგრამ ბალეტი ვარჩიე. ეს გადაწყვეტილება ჩემი ძმისგან გამომდინარე მივიღე, რომელიც მოცეკვავეა. როდესაც დავინახე, ის სცენაზე როგორ ცეკვავდა, ისე მომეწონა, ვიფიქრე, ძალებს მოვსინჯავ-მეთქი. ვიოლინოსა და ფორტეპიანოზე უარი ვთქვი, ერთდროულად ამდენ რამეს ვერ გავაკეთებდი, არჩევანი ბალეტის სასარგებლოდ გავაკეთე. 10 წლის ვიყავი, როდესაც ბალეტზე დავიწყე სიარული. დავამთავრე ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიული სასწავლებელი, მეორე კურსიდან ამ საქმეს სერიოზულად მოვეკიდე. ბევრი შრომა დამჭირდა, ბევრი წვალება. არა მხოლოდ გაკვეთილებზე, მარტოც ვმუშაობდი საკუთარ თავზე, რომ უფრო მეტი გამეკეთებინა, ვიდრე შემეძლო.
– შენი ძმაც განაგრძობს კარიერას?
– ოჯახში ყველა მოცეკვავეა. მამაჩემი თავის დროზე „სუხიშვილების“ წამყვანი სოლისტი იყო. დედაჩემიც ცოტა ხანს ცეკვავდა, მაგრამ რომ გათხოვდა, თავი დაანება. ჩემი ძმა ამჟამად თურქეთში ცეკვავს, ახალი დასია, ნახევარზე მეტი ახალგაზრდები არიან. საკმაოდ კარგი შესაძლებლობების დასი აღმოჩნდა. მეც ერთი წელი იქ ვმუშაობდი და ძალიან კმაყოფილი ვარ. საბალეტო დასის ქორეოგრაფი არის ნუკრი მაღალაშვილი. თავის დროზე ძალიან მაღალი დონის მოცეკვავე იყო და ასეთივე მაღალი დონის ქორეოგრაფია. ის დასს თავის მეუღლესთან, მედეა მაღალაშვილთან ერთად, ხელმძღვანელობს.
– რა იყო შენი პირველი წარმატება?
– პირველი სერიოზული და რთული საცეკვაო ნომერი მეორე კურსზე მქონდა. საერთოდ, სცენაზე ნერვიულობა არ მახასიათებს. ასეთი შემთხვევა სულ ორჯერ იყო, რადგან ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოვჩნდი და ძალიან განვიცადე. თამაზ ვაშაკიძე იყო მაშინ სკოლის დირექტორი, მე პირველ კურსზე ვიყავი, 15 წლის. მას ჰქონდა დრამატული ერთსაათიანი დადგმა, პრემიერაზე ვიყავით და ერთი კვირის შემდეგ ვხედავ, რომ აფიშაზე ჩემი სახელი და გვარი წერია. მითხრეს, ერთ კვირაში შენ უნდა იცეკვოო. ცოტა შემეშინდა და ვინერვიულე, 15 წლის ასაკში, თან დრამატული ნაწარმოები შეასრულო, აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ორი-სამი ღამე არ მეძინა. კასეტა მქონდა ჩართული, რომ მესწავლა. მხოლოდ იმის მეშინოდა, რამე არ შემშლოდა. თან, 30 წუთი სულ სცენაზე უნდა ვყოფილიყავი. ნორმალურად ჩაიარა, დამწყებისთვის არა უშავდა. ერთ-ერთ გამოსაშვებ საღამოზეც უცბად მომიწია ერთ-ერთი ადაჟიოს სწავლა „ოტელოდან“. ჩემი ასაკისთვის ძალიან რთული საცეკვაო გახლდათ, ჯერ ადრე იყო ასეთი რამის ცეკვა, მაგრამ დირექციამ ასე გადაწყვიტა. თან, მუზეუმიდან ვახტანგ ჭაბუკიანის კოსტიუმი გამოიტანეს, ჩამაცვეს. ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში, თვე არ გავიდოდა, რომ ექსტრემალურად არ მეცეკვა, მაგრამ მერე აღარ მქონია პრობლემა, გამოცდილება შევიძინე.
– რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისის ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტი იყავი...
– 19 წლისამ წელიწად-ნახევრის მისული ვიყავი ოპერის თეატრში, რომ ვიცეკვე დიდ სპექტაკლში – „მაკნატუნა“ და ამის შემდეგ უკვე წამყვანის სტატუსზე დამნიშნეს. მქონდა ახალ-ახალი რეპერტუარი. 7 წელი ვიმუშავე, მერე წავედი თურქეთში და ახლა ვარ ბოსტონში.
– მომიყევი, როგორ აღმოჩნდი „ბოსტონ-ბალეტში“?
– „ბოსტონ-ბალეტში“ მოულოდნელად აღმოვჩნდი. თურქეთში ვიყავი, როდესაც მოწვევა მომივიდა – გაკვეთილებზე ჩამოდით, თუ დაინტერესებული ხართო. მინდოდა წასვლა, მაგრამ მივწერე, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ძალიან დაკავებული ვარ და ვერ ჩამოვალ-მეთქი. ორი პრემიერა მქონდა და ფიზიკურად ვერ ვახერხებდი წასვლას. რამდენჯერმე მთხოვეს ჩასვლა – ხან როგორ, ხან როგორ. როგორც ვიცი, დირექტორმა ნახა ჩემი ჩანაწერები და ამიტომ დაინტერესდა. მე არაფერი გამიგზავნია, დაზუსტებით ვერ გეტყვი, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ რამდენიმე ადამიანმა გამიწია რეკომენდაცია. ბოლოს რომ ვესაუბრე მათ, მითხრეს, ძალიან ვწუხვართ, რომ ვერ ჩამოდიხარ, მაგრამ ჩვენი დირექტორი თანახმაა დაგიდოთ ერთსეზონიანი კონტრაქტიო.
– ანუ, ჩასვლის, შენი ცეკვის ნახვის გარეშე დაგიდეს კონტრაქტი?
– კი. თუმცა, ჩანაწერები ექნებოდათ ნანახი. თეატრში მერე გავიგე, რომ მე ვარ პირველი მამაკაცი მთელ „ბოსტონ-ბალეტში“, რომელიც პირდაპირ წამყვან სოლისტად მიიწვიეს. საერთოდ, ან მეორე სოლისტად იწვევენ, ან კორდებალეტში, ან ყველაზე დიდი – სოლისტად. როგორც ასეთი, წამყვან სოლისტად რომ მიეწვიათ ვინმე პირდაპირ, ასეთი მხოლოდ მე ვარ და კიდევ ერთი გოგონა, რომელიც 2006 წელს მიიწვიეს. ბოსტონში 21 აგვისტოს ჩამოვედი. თავიდან რომ მომივიდა მოწვევა, გაკვეთილებზე ჩამოდიო, ვიფიქრე, რა იქნება, დასში მოვხვდე-მეთქი და წამყვან სოლისტად რომ მიმიწვიეს, ეს უკვე ძალიან დიდი სიხარული იყო. ძალიან კარგი დასია, ხარისხით, პირობებით. კარგად შევეწყვე აქაურობას და რაც მთავარია, ადამიანებთან კარგი, თავისუფალი ურთიერთობა მაქვს.
– როგორც კი ჩახვედი, ალბათ, დაგეწყო რეპეტიციები, პრემიერები.
– მეორე დღიდანვე იმდენი რეპეტიცია, სამუშაო დამხვდა, პირველი ერთი თვე გასავათებული ვიყავი, უცბად მომიწია ბევრი რამის სწავლა. აქაც პირველივე ცეკვის შესწავლა ექსტრემალურ პირობებში მომიხდა, ერთ ბიჭს უნდა ეცეკვა თანამედროვე, ძალიან კარგი ნომერი, მაგრამ ტრავმა მიიღო, არადა გალა-კონცერტის გახსნა გვქონდა 5 დღეში. უცბად მომიწია სწავლა. როდესაც ჩამოვედი, ვიცოდი, რომ უნდა მეცეკვა დიდი სპექტაკლი „ბაიადერკა“, თან პრემიერა გახლდათ. მაგრამ, ჩემთვის მთავარი სიურპრიზი ის იყო, რომ პირველივე პრემიერა მე მაცეკვეს. ამჟამად ძალიან ინტენსიურად ვცეკვავთ „მაკნატუნას“. წამყვან პარტიასაც ვცეკვავ და მეორე სოლოსაც, ვიცვლებით. კვირაში გვაქვს 6-7 სპექტაკლი, ანუ ყოველდღე თითო სპექტაკლი და შაბათ-კვირას – ორი. ჯერ „მაკნატუნას“ სეზონია. თან აქ გიჟდებიან ამ სპექტაკლზე. დარბაზი ყოველდღე სავსეა.
– როგორ შეგაფასა მაყურებელმა?
– მთავარია, როგორ ჩაატარებ პირველ წარმოდგენას. მან ძალიან კარგად ჩაიარა და თბილად მიმიღეს.
– პრესაშიც ბევრს წერენ შენზე, საოცარი ეპითეტებით გამკობენ.
– კვირა არ გავა, რამე არ დაწერონ. კარგ რაღაცეებს წერენ, ზოგმა „ვარსკვლავი“ შემარქვა, ზოგმა – „მფრინავი“. არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი. ჩემ შესახებ თეატრში გააკეთეს ვიდეო-რგოლიც, „ბოსტონ-ბალეტის“ ახალი სახე ვარ და ამიტომ გადაიღეს, საიტებზე დევს. კონტრაქტი მაისის ბოლომდე მაქვს, ერთი სრული სეზონი. მერე ვაპირებ, რომ დავრჩე.
– რა ხდება პრემიერის შემდეგ?
– ყოველი პრემიერის შემდეგ, დიდი წვეულება ტარდება, სტუმრებიც არიან, იმპრესარიოები, მაყურებლები, სპონსორები. მათ ვეცნობით. ხშირად იმართება „ბოსტონ-ბალეტთან“ შესახვედრად სპეციალური წვეულებები. ჩვენ რომ შეგვხვდნენ, ამაში მაყურებელი დიდ თანხას იხდის. ამ დროს არ ვცეკვავთ, ვსაუბრობთ, მათთან ფოტოებს ვიღებთ. ერთ-ერთ ჩვენს წვეულებაზე მოსახვედრად, მსურველს 500 დოლარი უნდა გადაეხადა. უყვართ აქ ასეთი რაღაცეები და თან, საჭიროა თეატრისთვის, ჩვენთვის. რომ გავიცნობთ სპონსორებს, მერე გვაქვს ერთჯერადი გასტროლები. მე უკვე მაქვს ერთი ასეთი შემოთავაზება, ინდიანა პოლისში მივდივარ „მაკნატუნა“ უნდა ვიცეკვო, 4 სპექტაკლი. ასეთი შემოთავაზებები ბევრს აქვს. უბრალოდ, მე ახალი ჩამოსული ვარ და ჩემთვის ეს დიდი პლუსია.
– მეუღლეც გყავს.
– ჩემი მეუღლეც ბალერინაა – ეკატერინე ჩუბინიძე, თურქეთში იცეკვა ორი რთული წამყვანი პარტია. „ბოსტონ-ბალეტში“ წამყვან სტატუსზე არ არის, მაგრამ უკვე ყურადღებას აქცევენ და ნელ-ნელა აძლევენ სერიოზულ როლებს.