როგორ ართმევს ბრაიანი თავს მამობას და როგორ მოხვდა ის მოტყუებით საქართველოში
ნიგერიელი ბრაიანი საქართველოში ჩამოსვლისთანავე ძალიან პოპულარული გახდა. მან თავისი გარეგნობითა და გახსნილი ხასიათით, ქართველი ხალხის სიმპათია დაიმსახურა და რამდენიმე შოუში მიიწვიეს კიდეც. ბრაიანმა ცოლად ქართველი გოგონა მოიყვანა და რამდენიმე თვის წინ, პატარაც შეეძინათ. როგორ ართმევს იგი თავს მამობას და როგორია ნიგერიელი ბრაიანის თბილისური ცხოვრება, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– როგორ ხარ, ბრაიან? როგორც ვიცი, შენკენ სიახლეებია. ერთ-ერთი კი ისაა, რომ მუშაობა დაიწყე.
– კი, რაღაც-რაღაც სიახლეები არის. ფეხბურთის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა ევროპულ სკოლაში. ძალიან კმაყოფილი ვარ პირობებითაც და ბავშვებითაც. ისინი ჩემი მეგობრები უფრო არიან, ვიდრე მოსწავლეები. ძალიან მიყვარს ყველა და მგონი, მათაც ვუყვარვარ.
– ესე იგი, ქართველ ბავშვებთან მუშაობა არ გაგიჭირდა.
– არა, ნამდვილად არ გამჭირვებია. ძალიან კარგი ბავშვები არიან. როცა რამე გაუჭირდებათ, მეძახიან – „ბრაიან, ბრაიან”. მეც ყოველთვის მათ გვერდით ვარ. მოკლედ, ძალიან ვმეგობრობთ.
– საქართველოში ცხოვრება მოგწონს?
– კი, ძალიან მომწონს. თავიდან რომ ჩამოვედი, ერთ კვირაში უკან დაბრუნება მინდოდა, მაგრამ კიდევ ერთ-ორ კვირაში, ბევრი ადამიანი გავიცანი და ძალიან შემიყვარდნენ. ქართველი ხალხი ძალიან სტუმართმოყვარე და მოსიყვარულეები ხართ. გეფიცებით ძალიან მიყვარს თქვენი ერი.
– თავიდან რა მიზნით ჩამოხვედი აქ, რა იცოდი ჩვენს ქვეყანაზე?
– პირდაპირ აქ არ ჩამოვსულვარ. ჯერ დუბაიში წავედი. მერე აზერბაიჯანში გადავედი, ცოტა ხანს იქ ვიყავი, მაგრამ რაღაც გაუგებრობა მოხდა, სამწუხაროდ, მოტყუებული გამოვედი. თან იქ შეზღუდული ვიყავი ყველანაირად. ჩემს გემოზე შორტსაც ვერ ვიცვამდი! (იცინის). აქ რასაც გინდა ჩაიცვამ და როგორც გინდა მოიქცევი, თავისუფალი ქვეყანაა. ყველგან არის კარგი და ცუდი ადამიანი, მაგრამ აქ მაინც სულ სხვაა. საქართველო სულ სხვაა (იცინის).
– როგორია შენი თბილისური ცხოვრების სტილი?
– ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს. დილის თორმეტ საათზე სახლიდან რომ გავდივარ, ღამით შევდივარ, ძალიან დაღლილი და მაშინვე ვიძინებ. ხანდახან სამსახურის შემდეგ მეგობრები მირეკავენ და ფეხბურთის სათამაშოდ მივდივართ.
– როგორც ვიცი, პატარა შეგეძინა. როგორი შეგრძნებაა მამობა?
– ჩემი პატარა ლატიფა 3 თვისაა. ძალიან მიხარია, მამა რომ ვარ. ბედნიერი ვარ. მე ძალიან მგავს და უფრო მეტად მიხარია. როცა სახლში მივალ, მასაც ძალიან უხარია ჩემი დანახვა. ამას მისი რეაქციიდან ვგრძნობ.
– პატარას რა ენაზე ელაპარაკებით.
– ქართულადაც და ინგლისურადაც. მე ვცდილობ, ჩემს მშობლიურ ენაზეც ველაპარაკო. მოკლედ, ვერ გაიგებს ბავშვი, რა ენაზე ილაპარაკოს (იცინის).
– როგორც ვიცი, ბევრი ქართველი მეგობარი გყავს.
– კი, ძალიან ბევრი ქართველი მეგობარი მყავს. თავიდან, როცა საქართველოში ჩამოვედი, ჯიბეში მარტო 5 დოლარი მქონდა. ისიც ვიღაცამ მთხოვა და ვაჩუქე. დავრჩი უფულოდ. ქართველებმა მე ხელი გამომიწოდეს და გვერდში დამიდგნენ. ის, რომ მე დღეს ასე თუ ისე ნორმალურად ვცხოვრობ და ჩემი ადგილი ვიპოვე, მხოლოდ და მხოლოდ, ქართველი ძმების დამსახურებაა.
– თავისუფალ დროს სად დადიხარ, როგორ ერთობი?
– ჩემთვის ყველაზე კარგი დასვენებაა სახლში მისვლა და ჩემს შვილთან თამაში. ვასეირნებ ხოლმე. მე და ჩემი შვილი ერთად ვერთობით.
– როგორც ჩანს, ქართველი მანდილოსნების სილამაზემ მოგხიბლა, რადგან ქართველი მეუღლე გყავს.
– კი, ძალიან ლამაზები ხართ ქართველები. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ნიგერიელი ცოლი არ მეყოლებოდა, იმიტომ კი არა რომ იქ ცუდები არიან, უბრალოდ, გული რაღაცას მიგრძნობდა. ეტყობა, ეს იყო ჩემი ბედი და მე ძალიან კმაყოფილი ვარ. გადავიხადეთ ქართული ტრადიციული ქორწილი.
– ესე იგი, ქართულ ტრადიციებს ადვილად მოერგე.
– კი, ძალიან მომწონს ქართული ტრადიციები. ქორწილში ქართული, ტრადიციული ჩოხა მეცვა. ჯვარი ბეთლემში დავიწერეთ. 2 წლის წინ მოვინათლე და მართლმადიდებელი გავხდი. ხო იცი, სადაც ცხოვრობ იქაური ქუდი უნდა დაიხუროო და მეც დავიხურე (იცინის).
– ქართული სამზარეულო როგორ მოგწონს.
– კი, ძალიან მომწონს, მაგრამ ხანდახან ჩემი ქვეყნის კერძებიც მენატრება. თუმცა ჩემს ცოლს ვასწავლე და სულ მიკეთებს ხოლმე. ძალიან მიყვარს საცივი და ბადრიჯანი.
– მომავალზე თუ გიფიქრია, აქ აპირებ სამუდამოდ დარჩენას თუ სამშობლოში დაბრუნდები?
– ჩემი ოცნებაა, აქ მქონდეს ჩემი პატარა სახლი. სამუდამოდ ნიგერიაში როგორ წავალ, ჩემი ცოლი აქაურია. მე თუ იქ მინდა, მას აქ უნდა. ხო არ დავტოვებ და მარტო წავალ (იცინის). ამიტომ, მინდა, აქ სახლი მქონდეს. იქაც ვიყო და აქაც.
– როდისმე წარმოიდგენდი, რომ ასე წარიმართებოდა შენი ცხოვრება და შენი სამშობლოდან ასე შორს მოგიწევდა ცხოვრება?
– არა, ალბათ, ამას ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ რატომღაც არასდროს მინდოდა, ნიგერიაში მომეყვანა ცოლი. ვფიქრობდი, რომ უცხოელი ცოლი მეყოლებოდა. თან, მე ხომ ფეხბურთელი ვარ და ვიცოდი, მომიწევდა სხვა ქვეყნებში წასვლა, ცხოვრება. თუმცა, რაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში, მე ესე არ მინდოდა. მე ტყუილის მსხვერპლი აღმოვჩნდი. აზერბაიჯანში ჩამიყვანეს და 3 დღეში მარტო დამტოვეს. სულ სხვა პირობები შემომთავაზეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის ადამიანი მატყუარა ყოფილა და გაიქცა, მიმატოვა.
– ცხოვრებაში ხშირად რისკავ?
– არა, არ მიყვარს გარისკვა. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში. გავრისკე და მოტყუებული აღმოვჩნდი. ამიტომ, ვცდილობ, არასდროს გავრისკო. არც კაზინოებში და მსგავს ადგილებში ვთამაშობ. არც სიგარეტს ვეწევი, არც ვსვამ. ცოტა ძნელია, ქართველებთან ერთად აღმოჩნდე სუფრაზე და არ დალიო, მაგრამ არ შემიძლია სასმელი და რა ვქნა. თუმცა, ერთხელ დამაძალეს, ძალით დავლიე. თავიდან ძალიან კარგად მიდიოდა ყველაფერი, უგემრიელესია ქართული ღვინო, მაგრამ ბოლოს ისე დავთვერი, ჩემს თავს ვეღარ ვცნობდი სარკეში (იცინის). დილით ძალიან ცუდად ვიყავი. მას შემდეგ არ დამილევია.
– პოპულარობა გსიამოვნებს? კარგია, ალბათ, როცა ხალხი გცნობს, უყვარხარ.
– კი, ამაზე კარგი რა არის, როცა ხალხს უყვარხარ. ხშირად მეუბნებიან ხოლმე, ძალიან მიყვარხარ, შენთან სურათს გადავიღებო. მიხარია და მადლობელი ვარ ყველასი, ვისაც ვუყვარვარ.
– თავს იღბლიან ადამიანად მიიჩნევ?
– კი, ალბათ, ვარ იღბლიანი, მით უმეტეს, ამ ბოლო დროს ყველაფერში მიმართლებს. კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით. არ ვიცი, იქ რომ დავრჩენილიყავი, როგორ წარიმართებოდა, მაგრამ რაც ახლა მაქვს, ამით ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვარ.
– გისმენ, ქართულად როგორ ლაპარაკობ და აღფრთოვანებული ვარ. ნიგერიელმა რომ ასე ისწავლე ჩვენი ენა. ვინმე დაგეხმარა ამაში თუ შენით გაართვი თავი?
– თავიდან, როცა ჩამოვედი, რუსულად ვლაპარაკობდი. მერე ჯერ ერთი სიტყვა ვისწავლე – „გამარჯობა”. ხშირად მჭირდებოდა ამის თქმა. მერე სხვა სიტყვებიც ვისწავლე და ახლა უკვე აღარ მიჭირს საუბარი. რასაც მინდა, ყველაფერს ვამბობ. კითხვაც ვიცი და წერაც, თუმცა, ამ საფეხურზე, რა თქმა უნდა, არ გავჩერდები. მინდა, უფრო მეტი და მეტი გავიგო თქვენს ქვეყანაზე. მოკლედ, „გასაკეთებელი კიდე ბევრი მაქვს” (იცინის).