მწვანე კუთხე
კითხვა: როგორ მოვუაროთ პუანსეტიას და რა სიხშირით მოვრწყათ ხოლმე ის ზამთარ-ზაფხულ?
პასუხი: პუანსეტიას ზრდის ყველა ეტაპზე უყვარს კაშკაშა, გაბნეული შუქი. თაკარა მზეს კი მოარიდეთ, რადგან ვნებს მცენარეს. მისთვის იდეალურია ოთახის ტემპერატურა 18-24 გრადუსი. აუცილებლად მოარიდეთ ცივ ორპირ ქარს. დაელოდეთ, სანამ ფოთლბი მოიწყენს, შემდეგ კი უხვად მორწყეთ. წყალში ნუ ჩატოვებთ. თუ მის დატოვებას დაყვავილების შემდეგაც აპირებთ, ორ კვირაში ერთხელ გაზავებული ბალანსირებული თხევადი სასუქით მორწყეთ. პუანსეტია ძალიან ძნელად იზრდება: ყვავილები და ყლორტები მხოლოდ გრძელი ღამეების დროს ამოსდის. ამიტომ, უხვი ყვავილობისთვის შუა შემოდგომიდან ორ თვის განმავლობაში, დღეში, სულ ცოტა, 10 საათი მაინც უნდა იყოს სიბნელეში. შეგიძლიათ ქოთანს პლასტმასის ვედრო დააფაროთ. ამ მცენარისთვის სასურველი ადგილი კი ნათელი სასტუმრო ოთახია. პუანსეტია კომპაქტური ფორმისაა და სიმაღლეში მხოლოდ 45 სანტიმეტრი იზრდება.
კითხვა: რა პირობებში ვამყოფოთ ეპიპრემნუმი?
პასუხი: ეს მცენარე იტანს ჩრდილიან გარემოს, მაგრამ კარგი განათების პირობებში, სწრაფად იზრდება. ჰყოფნის ოთახის ტემპერატურა 18-24 გრადუსი, ხოლო ზამთარში დაახლოებით 14 გრადუსი. გაზაფხულსა და ზაფხულში რეგულარულად მორწყეთ, მაგრამ მორწყვიდან მორწყვამდე, მიწას შეშრობა აცადეთ. აქტიური ზრდის პერიოდში მიწა ფოთლოვანი მცენარისთვის განკუთვნილი სასუქით გაანოყიერეთ. ზამთარში შედარებით იშვიათად მორწყეთ. ამ დროს არც დამატებითი კვება სჭირდება. თუ მცენარეს მავთულის ან ბადის საყრდენს ააყოლებთ, ის კედელს მთელ სიგრძეზე დაფარავს. თუ მცენარის გადარგვა ან სხვა ადგილას გადადგმა გსურთ, ტოტები შეკონეთ და საყრდენზე მიამაგრეთ.
კითხვა: რა სიხშირით მოვრწყა დენდრობიუმი?
პასუხი: ზაფხულში დენდრობიუმის ქოთანი კვირაში ერთხელ 5 წუთით ჩადგით რბილწყლიან ჭურჭელში, ხოლო შემდეგ კარგად დაწრიტეთ. ფოთლებს ნუ დაასველებთ, თორემ დაულპება. ზამთრობით მცენარე თითქმის სრულ სიმშრალეში უნდა ამყოფოთ. სიგრილე და სინათლე ხელს უწყობს ყვავილობას. მძიმეთავიან საყვავილე ღეროებს შეიძლება, საყრდენი დასჭირდეს. ყოველი მორწყვისას, ნიადაგი ორქიდეებისთვის განკუთვნილი სასუქით გაუნოყიერეთ.
კითხვა: რა სინათლესა და ტემპერატურაზე ვამყოფოთ ბრუგმანსია?
პასუხი: ამ მცენარეს უყვარს სინათლე. ზაფხულის მცხუნვარე მზე ვერაფერს ავნებს, თუ მიწა ტენიანი აქვს. მთელი წლის განმავლობაში იდეალურია 16-25 გრადუსი, თუმცა ზამთარში 4 გრადუსსაც აიტანს.