სად დავდგათ ზამთარში არუმი და როგორ მოვუაროთ ამორფოფალუსს
„ფლორა ინტერნაციონალის”, ბიოლოგიის მეცნიერი მუშაკი, ბატონი ამირან ბიწაძე, ამჯერად, აგვიხსნის, როგორ გამოვაზამთროთ მცენარეები ამ სეზონზე და გვირჩევს, რა იქნება უმჯობესი არუმის და ამორფოფალუსის კარგად გასახარებლად.
– ბატონო ამირან, რას გვეტყვით არუმის შესახებ და რამდენად პრეტენზიული მცენარეა ის?
– არუმი ულამაზესი ტროპიკული მცენარეა. ის უპრეტენზიოა როგორც ნიადაგის, ისე წყლის მიმართაც. თუ მის გაზრდას გადაწყვეტთ, გარწმუნებთ, არ ინანებთ, მას ნამდვილად მინიმალური ყურადღება სჭირდება.
– რით გამოიხატება ამ მცენარის უპრეტენზიო ხასიათი?
– ის არ რეაგირებს ცუდად გამომშრალ ნიადაგზე, არც ბევრ წყალზე. იმ შემთხვევაში, თუ მცენარეს წყალი მოაკლდება, ღეროებში წყლის მარაგის დიდი ტომრები აქვს და წყალსაც აქედან იღებს. თუ მინერალური სასუქებით გაანოყიერებთ მის ნიადაგს, არუმი თავს უკეთესად იგრძნობს.
– რისთვის იყენებენ ამ მცენარეს?
– ამ მცენარის ღეროსგან აკეთებენ ძალიან ნოყიერ და გემრიელ საკვებს, რომელსაც „არუმ-ბარამუნგი” ჰქვია. საქართველოში კი, ამ მცენარეს მხოლოდ ეგზოტიკისთვის იყენებენ.
– როგორი პირობები სჭირდება არუმს ზამთარ-ზაფხულ?
– არუმს ზაფხულში ნესტი უყვარს, ხოლო ზამთარში 20 გრადუსი ტემპერატურა. ზაფხულის სეზონზე შეგიძლიათ, ეზოში დარგოთ, ზამთარში კი კვლავ ქოთანში ჩააბრუნოთ და ოთახის პირობებში გაზარდოთ.
– რამდენია ამ მცენარისთვის ზაფხულში სასურველი ტემპერატურა?
– ზაფხულის სეზონზე არუმი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს ტემპერატურას. მხოლოდ გაითვალისწინეთ, თუ 20 გრადუსზე მაღალია ტემეპერატურა, ამ შემთხვევაში, ნიადაგში დამატებით შეიტანეთ სასუქი და მკვებავი საშუალებები.
– რა ზომის იზრდება არუმი და რით მრავლდება ის?
– მცენარის სიმაღლე საქართველოში ორ მეტრს აღწევს, თავის სამშობლოში კი – 4-6 მეტრს. არუმი მხოლოდ თესლით ამოდის, ამიტომ ძალიან უნდა გაუფრთხილდეთ მის თესლს.
– როგორ ადგილას არ გვირჩევთ არუმის დადგმას და რა შემთხვევაში ვერ ივითარებს ის ფოთლებს?
– მცენარეს არ უყვარს ძალზე დაჩრდილული ადგილები. ასეთ დროს ის ვერ ივითარებს ფოთლებს. ეცადეთ, არუმი ისეთ ადგილას დადგათ, სადაც მზის სხივები კარგად მოხვდება.
– ხშირად უნდა მოვრწყათ?
– არუმს ზაფხულში მაღალ ტემპერატურაზე ინტენსიური მორწყვა სჭირდება, ხოლო ზამთარში, შედარებით – იშვიათად.
– რომელი მავნებელი ერჩის არუმს?
– ეს მცენარე ოდნავ შხამიანია. ამიტომ, მის ლამაზ და კრიალა ფოთლებს მავნებლები არ უჩნდება და შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ ამ მხრივ.
– რაც შეეხება ამორფოფალუსს, რას გვეტყვით მის შესახებ?
– ტროპიკული ტყის მშვენება და დემონი, ასე უწოდებენ ამ არაჩვეულებრივ მცენარეს, რომელიც როგორც სიმაღლით, ასევე სიგანითაც, ძალიან დიდია. მისი სამშობლო ავსტრალიაა და თავისი სილამაზით იტაცებს ყველას და ყველაფერს. ახლოს მისულს კი – გაგაოცებთ.
– რთულია ამ ულამაზესი მცენარის გახარება?
– ამორფოფალუსი ძალიან იოლი გასახარებელია. ხარობს, როგორც თესლით, ასევე ბოლქვით. მისი ბოლქვი დიდი ზომისაა და კარტოფილს წააგავს, ან სულაც მიწის ვაშლს მოგაგონებთ.
– შესაძლებელია თუ არა ამორფოფალუსის ყვავილობა?
– ამ მცენარეს ულამაზესი ყვავილი აქვს, ერთი შეხედვით კალას მოგაგონებთ. თუმცა, მასთან შედარებით, ყვავილი გიგანტური ზომის ხდება და თვალს ჭრის მნახველს თავისი შთამბეჭდავი ვიზუალურობით. რა თქმა უნდა, ამორფოფალუსი თავისით ყვავის, თუმცა მას გაფრთხილებაც სჭირდება.
– როგორ გავუფრთხილდეთ მცენარეს, რომ კარგად იყვავილოს და გაიხაროს?
– გახსოვდეთ, რომ ამორფოფალუსი ყინვის ამტანი არ არის. ამიტომ, რა ქოთანშიც არის, იმ ქოთანში უნდა ამყოფოთ. ზამთარში არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ გარეთ, რადგან შესაძლებელია, მცენარე გაგეყინოთ.
– ზაფხულში შეიძლება მისი გარეთ დადგმა?
– ზაფხულის სეზონზე ტემპერატურა მაღალია, მცენარეს არ ემუქრება ასეთ დროს გაყინვის საშიშროება, ამიტომ შეგიძლიათ, ამყოფოთ გარე პირობებში.
– რამდენ ხანს ცოცხლობს ამორფოფალუსის ყვავილი და რა სიხშირით მოვრწყათ მცენარე?
– ზაფხულში ამორფოფალუსის ყვავილი სამ კვირამდე ძლებს. ცხელ დღეებში ინტენსიურად უნდა მორწყათ, ხოლო ზამთარში 10 დღეში ერთხელ. მის ნიადაგს დამატებითი კვება არ სჭირდება.
– როგორ ტემპერატურაზე ხარობს მცენარე?
– ამორფოფალუსს ზაფხულის ცხელი და მშრალი ჰავა არ აშინებს, ამიტომ შეგიძლიათ ნებისმიერ ტემპერატურაზე ამყოფოთ. რაც შეეხება ზამთარს, ახლა მას 25 გრადუსი სითბო სჭირდება, რომ კარგად გამოიზამთროს.
– რომელი მავნებელი შეიძლება, შეეყაროს მცენარეს და როგორ დავიცვათ ამორფოფალუსი მათგან?
– მავნებლებიდან ამ მცენარეს მხოლოდ ტკიპა და ფარიანა ჰყავს. ამიტომ, შეასხურეთ დურსბანი. ერთი გრამი წამალი გახსენით სამ ლიტრ წყალში. მისი შეწამვლა არ შეიძლება ყვავილობის პროცესში. დაელოდეთ, როდესაც მცენარე დაასრულებს ყვავილობას, ამის შემდეგ შეწამლეთ.
– რისთვის გამოიყენება ამორფოფალუსის ბოლქვი და რა სასარგებლო დანიშნულება აქვს ამ მცენარეს?
– 5-6 წლის ამორფოფალუსს ძალიან დიდი ზომის ბოლქვი აქვს. თავის სამშობლოში მის ბოლქვს იყენებენ, როგორც ხილს და ამბობენ, რომ ეს ბოლქვი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა.
– დაბოლოს, რას გვირჩევთ, როგორ შევხვდეთ ზამთარს და როგორი პირობები შევუქმნათ ჩვენს მცენარეებს?
– ამ სეზონზე ყველაზე მნიშვნელოვანია, მცენარეები კარგად განათებულ ადგილას დადგათ და ძალიან დიდი სიხშირით არ მორწყათ, დაბალ ტემპერატურაზე არ ამყოფოთ. ბინაში 25 გრადუსი ტემპერატურის შექმნა შესაძლებელია გამათბობელით. თუ ამ პირობებს გაითვალისწინებთ, თქვენი მცენარეები იოლიად გამოიზამთრებენ და გაზაფხულს აყვავებული შეხვდებიან.