რატომ მოითხოვს ცხოველი განსაკუთრებულ ყურადღებას ზამთრის პერიოდში და რა ნიუანსები უნდა გავითვალისწინოთ წელიწადის ამ დროს
ზამთრის დადგომასთან ერთად, ლოგიკურია, რომ ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად ეცემა. ამ პერიოდში კი, არავითარ შემთხვევაში, არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები. იმისთვის, რომ წელიწადის ეს დრო ყოველგვარი გართულებების გარეშე გადავატანინოთ ცხოველს, აუცილებელია, იცოდეთ რამდენიმე დეტალი. ამის შესახებ კი, უფრო დაწვრილებით ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი მოგითხრობთ.
ზაქრო ბაჯიაშვილი: ზამთრის დაადგომასთან ერთად, დაბლა იწევს ტემპერატურაც, რაც თავისებურად აისახება ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე. აღნიშნულ პერიოდში ცხოველები ჩვენგან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვენ. იმავდროულად, საჭიროა მოვლა-შენახვის პირობების სხვადასხვა ნიუანსების გათვალისწინებაც.
– უპირველესად, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
– თავდაპირველად, ყურადღება უნდა მიექცეს ცხოველის კანისა და ბეწვის საფარველის მდგომარეობას, რადგან სწორედ ეს იცავს მათ გარემოს დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებისაგან. დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ შემოდგომის ბეწვის შეცვლის, ანუ ,,ლინკის” პერიოდს, რომელიც უფრო მწვავდება ზამთრის დაწყებასთან ერთად. ამ დროს კარგად უნდა დავარცხნოთ ცხოველები, რათა არ მოხდეს ბეწვის „გათექავება.” მკვდარი და ნახევრად ჩამოცვენილი ბეწვი კი არ ათბობს ორგანიზმს, არამედ არღვევს ცხიმოვან ცვლას. შესაბამისად, ეს უფრო აქტუალურია იმ ცხოველებისთვის, რომლებიც ეზოში დაბმულ პირობებში იმყოფებიან. ყინვების დაწყებამდე აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება ძაღლის ბეწვის გაკრეჭვისა და დაბანის საკითხს. აღნიშნული პროცედურების დროს სტრესს განიცდის არა მარტო კანის საფარველი, არამედ ნერვული სისტემაც. ამიტომ, სასურველია, ეს პროცედურა სპეციალისტმა ისე გააკეთოს, რომ ნაკლები სტრესი მიაყენოს ცხოველს.
– ალბათ, არის ისეთი ჯიშები, განსაკუთრებულ მოვლას რომ საჭიროებენ ზამთარში.
– ისეთი ჯიშებს, რომლებიც არიან თბილი კლიმატის ქვეყნებიდან, სასურველია ზამთრისთვის შევურჩიოთ ტანსაცმელი. იქნება ეს სვიტერი თუ კომბინეზონი. უმჯობესია, თუ ტანსაცმელს სპეციალურად ძაღლისთვის დაამზადებენ. ეს უკანასკნელი იცავს ცხოველს არა მარტო გარემოს დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებისაგან, არამედ ტენიანობისგანაც. ასევე, აადვილებს გასეირნების შემდეგ ძაღლის გასუფთავებას. თუ ცხოველი კარგად იტანს სიცივეს, გასეირნების შემდეგ ის აუცილებლად უნდა გაამშრალოთ მშრალი პირსახოცით.
– კიდევ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
– ასევე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თათების მდგომარეობას. ბეწვი თათებს შუა აუცილებლად რეგულარულად უნდა გამოიკრიჭოს, რადგან ამ ადგილებში ბეწვი იღებს ნესტს და ჭუჭყს. ეს ყველაფერი ცუდად მოქმედებს თათების კანზე, რაც მის ანთებას იწვევს. ასევე, ყოველი გასეირნების შემდეგ ცხოველს კარგად უნდა ჩამოვბანოთ თათები და გავუმშრალოთ.
– თუ ცხოველი ვოლიერშია?
– ვოლიერში აუცილებლად კარგად უნდა დაუთბოთ ის ადგილი, სადაც ცხოველია და დაამუშაოთ პარაზიტების საწინააღმდეგოდ. ოთახის პირობებში კი, ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რომ სადაც ცხოველი წევს, არ იყოს ორპირი ქარი.
– ცხოველის კვების კალორიებიც უნდა შევცვალოთ?
– კი, ასევე მნიშვნელოვანია ცივ პერიოდში ყურადღება მიექცეს რაციონის კალორიულობას, განსაკუთრებით იმ ძაღლებში, რომლებიც ეზოს პირობებში იმყოფებიან, ან ნადირობენ. ამ დროს ორგანიზმის გათბობაზე იხარჯება დიდი ენერგია და სასურველია საკვები მაღალკალორიული და დაბალანსებული იყოს. ასევე, ის უნდა შეიცავდეს საჭირო ვიტამინებსა და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ამაღლებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს კანის ჯანმრთელობის შენარჩუნებას და ხელს უშლის ქრონიკული დაავადების გამწვავებას.
ყურადღებით იყავით ისეთი ცხოველების მიმართ, რომლებიც ქრონიკულ დაავადებებს განიცდიან, რათა არ მოხდეს ქრონიკული პროცესების გამწვავება.
– ქრონიკული დაავადებებიდან რომელია ყველაზე გავრცელებული?
– ქრონიკული დაავადებებიდან ხშირია, ქრონიკული ოტიტების გამწვავების შემთხვევები, რაც გარემოს დაბალი ტემპერატურითა და ტენიანობის მომატებით აიხსნება.
– ძაღლის ფიზიკური დატვირვა თუ არის რეკომენდებული ზამთარში?
– ყინვის დროს არ უნდა დაუშვათ მძიმეწონიანმა ძაღლებმა ირბინონ და გააკეთონ მკვეთრი მოძრაობები, რადგან ამ დროს მაღალია რისკი, იმისა, რომ განვითარდეს დაჭიმულობები, მყესების გაწყვეტა, ართრიტები და ასე შემდეგ.
ასევე ყურადღება უნდა მიექცეს ბრჭყალების მდგომარეობას და მის სიგრძეს, რადგან წელიწადის ამ პერიოდში ნაკლებად ხდება ბრჭყალების მოცვეთა. ამიტომ, რეგულარულად უნდა ვიზრუნოთ მის შესწორებაზე.
– რას უნდა მოვარიდოთ ზამთრის პერიოდში ცხოველი?
– წელიწადის ამ დროს ცხოველი აუცილებლად უნდა მოვარიდოთ დასველებას, რადგან არ არის გამორიცხული მისი გაცივება. ამის გამო კი ხშირად რთულდება რესპირატორული დაავადებები.
თუ ყოველივე ამ ზემოთ ჩამოთვლილს გავითვალისწინებთ, ჩვენ ოთხფეხა მეგობართან ერთად, წელიწადის ცივი პერიოდის გადატანას გართულებების გარეშე მოვახერხებთ.