კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვეღარ ფლობს საკუთარ თავს მარინა კახიანი და არის თუ არა დამნაშავე ის მისი შვილისა და რძლის დაშორებაში

ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მსახიობი მარინა კახიანი ყოველთვის აქტიურად ცხოვრობდა. როგორც ქალბატონი მარინა ამბობს, მსახიობები „გაუმაძღარნი” არიან და რაც მეტი აქვთ, მით მეტი უნდათ. ერთ საფეხურზე ვერასდროს ჩერდებიან და ასეთი იყო მისი ცხოვრებაც – ყოველთვის სიახლეებით დატვირთული. როგორია მარინა კახიანი ეკრანს მიღმა და როგორ ცხოვრობს ის ამ ეტაპზე, ამაზე თავად მსახიობი გვესაუბრება.

– ქალბატონო მარინა, როგორ ხართ, როგორ მიდის ამ ეტაპზე თქვენი ცხოვრება?

– საკმაოდ აქტიურად ვცხოვრობ შემოქმედებითი თვალსაზრისით, რაც მსახიობისთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ცოტა „გაუმაძღრები” ვართ მსახიობები. არაფერი გვაკმაყოფილებს. რაც უფრო მეტი გვაქვს, მით მეტი გვინდა. უარს ვერც ერთ წინადადებაზე ვერ ვამბობთ. არასდროს ვფიქრობ, ჩემი ფიზიკური ძალა გაუძლებს თუ არა ამდენ დატვირთვას. ამ პერიოდში ზუსტად ასეთი მდგომარეობა მაქვს. რუსთაველის თეატრში დაკავებული ვარ საკმაოდ ბევრ სპექტაკლში. გარდა ამისა „ტელეიმედზე“ მიმდინარეობს სერიალი „გოგონა გარეუბნიდან“, სადაც ერთ-ერთ როლს ვასრულებ. ახლახან კიდევ ერთი წინადადება შემომთავაზეს, ჯერჯერობით საიდუმლოა. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ტელევიზიას ეხება. რა თქმა უნდა, ისევ „იმედზე“, რადგან კონტრაქტის მიხედვით, უფლება არ მაქვს სხვა ტელევიზიის პროექტებში მივიღო მონაწილეობა.

– ალბათ, მოგწონთ ასეთი აქტიური ცხოვრება, თუ უბრალოდ შეეჩვიეთ?

– სხვანაირად არ შემიძლია. სახლში ჯდომა და არაფრის კეთება, ჩემთვის ყველაზე დიდი სასჯელი იქნება. მე ყოველთვის რაღაცას უნდა ვაკეთებდე. პასიურად ვერასდროს გავჩერდები.

– თქვენი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ალბათ, სიახლეებიც ხშირია.

– კი, ბევრი სიახლეა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ რომ გითხრათ, ყველა წვეულებას, პრეზენტაციას და ასე შემდეგ, ვესწრები-მეთქი, ტყული იქნება. ძალიან იშვიათად დავდივარ მსგავს ადგილებში. ამის არც დრო მაქვს და არც სურვილი. მირჩევნია, თავისუფალ დროს რაიმე საინტერესო წავიკითხო, ან ვუყურო ტელევიზორს.

– თქვენნაირ აქტიურ ადამიანს პასიურ ხალხთან მეგობრობა თუ შეუძლია?

– კი, რატომაც არა. ჩემი სამეგობრო წრე ძალიან დიდია. ყველანაირი მეგობარი მყავს. ალბათ, არც იქნება საინტერესო, ზუსტად ჩემი ტემპისა და ჩემნაირი ხასიათის ადამიანთან მეგობრობა.

– ყურადღების ცენტრში ყოფნა თუ მოგწონთ, თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, ალბათ, ხშირად გიწევთ.

– რატომაც არა, მაგრამ ყოველთვის ამის ხასიათზე ნამდვილად არ ვარ. ხანდახან ადამიანი ძალიან დატვირთულია საკუთარი გრძნობებით, პრობლემებით. ყოველთვის კარგ განწყობაზე ხომ ვერ იქნები. თუმცა, არავინ თქვას, რომ პოპულარობა არ სიამოვნებს. ეს იქნება სრული ტყუილი. მაშინ ეს პროფესია არ უნდა აირჩიო. როდესაც ირჩევ ასეთი ტიპის ცხოვრებას, მეტ-ნაკლებად, გათვითცნობიერებული უნდა გქონდეს, ამას რა მოჰყვება. რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ცნობილი სახე ხარ, უბრალოდ, ხანდახან, გიჩნდება სურვილი, დაიკარგო მასაში და ლუპით არ გიყურებდნენ.

– ესე იგი, პოპულარობას მეტი დადებითი აქვს, ვიდრე უარყოფითი?

– დადებითი ნამდვილად მეტი აქვს. უარყოფითი, რაც შეიძლება ჰქონდეს ის არის, რომ როდესაც გიცნობენ, შენზე ბევრს ჭორაობენ. უმეტეს შემთხვევაში, ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ ხანდახან ისეთ საშინელ რაღაცას გამოიგონებენ, თან უსაფუძვლოდ, ეს ძალიან გამაღიზიანებელია. რატომღაც ჩემზე ყოველთვის ისეთ ჭორებს ავრცელებდნენ, რისი მსგავსიც ჩემს ცხოვრებაში არ მომხდარა. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, ერთი ძალიან საინტერესო და სასიამოვნო ჭორი გავიგე ჩემ შესახებ. თითქოს, საკუთარი ბანკი მაქვს და კიდევ რაღაც დიდი ქონება. ეს რომ მოვისმინე, ვკითხულობდი, სად არის, მეც მიმასწავლეთ-მეთქი. (იცინის).

– რაც შეეხება სერიალს, „გოგონა გარეუბნიდან”, როგორ მოხვდით, იქ მიგიწვიეს, თუ ქასთინგი გაიარეთ?

– ნამდვილად არანაირი ქასთინგი არ გამივლია. ვფიქრობ, მეტ-ნაკლებად, უკვე მიცნობენ და თუ საჭირო ვარ, თვითონ დამიძახებენ. ამ შემთხვევაში, ასეც მოხდა. დამირეკეს და მიმიწვიეს. დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. მათი ერთი პროექტი უკვე ნანახი მქონდა – „შუა ქალაქში”, რომელიც ძალიან მომწონს. რაც შეეხება ჩემს გმირს, ვფიქრობ, საინტერესო შესასრულებელია.

– საერთოდ, როგორი როლის თამაში გირჩევნიათ, რომელიც თქვენ ხასიათთან ახლოსაა, თუ პირიქით?

– რაც უფრო შორს არის ჩემი ხასიათისგან უფრო სიამოვნებით ვთამაშობ. საკუთარ თავს ცხოვრებაშიც ვთამაშობ. ამიტომ, გადასაღებ მოედანზე მირჩევნია, განსხვავებული ტიპაჟი ვითამაშო. თუნდაც, სუსტი, საწყალი, საცოდავი ქალი, მაგრამ არავინ მთავაზობს (იცინის).

– ალბათ, იმიტომ, რომ გარეგნულად ძალიან ძლიერი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებთ. სინამდვილეშიც ასეა? თუ ეს მხოლოდ შორიდან ჩანს ასე?

– ალბათ, ვარ, რადგან ასე ჩანს. მაგრამ მე ვფიქრობ, ძალიან სუსტი ვარ. ალბათ, გარეგნული იერიდან გამომდინარე, მიაჩნიათ, რომ ძალიან ძლიერი ვარ. თუმცა, იმასაც ვერ ვიტყოდი, რომ საბრალო და უსუსური ქალი ვარ. თუ ჩემს ცხოვრებას გადავხედავთ, საკმაოდ დიდი ტვირთის ზიდვა მომიწია. ცხოვრებამ გამხადა ძლიერი.

– ასეთ ძლიერ ქალს დეპრესიული პერიოდები თუ გაქვთ ხოლმე?

– ვერ ვიტყვი, რომ დეპრესიული პერიოდები არ მქონია. თავიც გადამიპარსია ასეთ სიტუაციაში, ისე რომ, შედეგზე არც მიფიქრია. ძალიან გრძელი და ლამაზი თმა მქონდა და ერთ დღესაც მთლიანად გადავიპარსე. ეტყობა, მომინდა, ასე მარტივად მომეშორებინა ის პრობლემებიც, როგორც თმა მოვიშორე. სხვათა შორის, ძალიან დამეხმარა და გამომიყვანა მდგომარეობიდან.

– საერთოდ, როცა სარკეში იხედებიან და საკუთარი თავი არ მოსწონთ, უფრო მეტად ვარდებიან დეპრესიაში. თქვენ შემთხვევაში, როგორ იყო, როცა გადაპარსულ თავს უყურებდით?

– სხვათა შორის, ძალიან მიხდებოდა. წინასწარ ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბევრს მოსწონდა. ქალბატონ ნანა ჯორჯაძეს ნანახი ვყავდი გადაპარსული თმით და რამდენიმე წლის მერე მთხოვა, ფილმისთვის გადამეპარსა და მეორედაც გადავიპარსე (იცინის). ოღონდ, გაცილებით სასიამოვნოა, როცა ამას ფილმისთვის აკეთებ.

– ფეთქებადი ხასიათი გაქვთ?

– კი, ძალიან ფეთქებადი ვარ. ვფიქრობ ეს ჩემი ერთ-ერთი სერიოზული ნაკლია. შეიძლება, ისეთ უმნიშვნელო რამეზე ავფეთქდე და გამოვიდე მდგომარეობიდან, რომ ის ადამიანი ვერც მიხვდეს.

– წყენას ადვილად ივიწყებთ?

– გააჩნია წყენას. ხანდახან არის, რომ ადვილად ვივიწყებ, ვპატიობ. არ ვიცი ეს ასაკის ბრალია, თუ რისი, მაგრამ ახლა უფრო მეტის პატიება შემიძლია, ვიდრე – ახალგაზრდობაში. იყო პერიოდი, როცა უფრო გაწონასწორებული ვიყავი. თუმცა, ახლა ასე აღარ ვარ. ეტყობა, ცოტა შემერყა ნერვული სისტემა. რისი ბრალია, არ ვიცი, ალბათ, გადავიღალე. საკუთარ თავს ისე ვეღარ ვფლობ.

– როგორია თქვენთვის ყველაზე კარგი დასვენება?

– დასვენება მიყვარს ზღვაზე და მაინც აქტიური გამომდის ხოლმე. პასიურობა დიდხანს არ შემიძლია. ხანდახან მიყვარს, დატვირთული კვირის შემდეგ, ერთი დღე სახლში ყოფნა. ჩავიცვა დიდი ხალათი, წამოვწვე ჩემს ტახტზე ტელევიზორთან და არაფერი ვაკეთო.

– რისკიანი ხართ?

– საერთოდ, მაქვს უცნაური, ერთმანეთისგან გამომრიცხავი ხასიათი. ხანდახან ძალიან დიდხანს ვფიქრობ, სანამ რაღაცას გადავწყვეტ. მაგრამ, ზოგჯერ ისეთ მნიშვნელოვან რაღაცას გადავწყვეტ ხოლმე ერთ წუთში, რომ შემდეგ თვითონვე მიკვირს ჩემი საქციელის. ცვალებადი ხასიათი მაქვს.

– საერთოდ, რთული პიროვნება ხართ?

– მე არ მიმაჩნია, რომ ძალიან რთული პიროვნება ვარ. ალბათ, ნორმალური (იცინის). ზოგი შეიძლება, ფიქრობს, რომ რთული ვარ, ზოგიც – პირიქით. ეს იმიტომ, რომ ყველასთან ერთნაირი არ ვარ. მყავს მეგობრები, ახლობლები, მეზობლები. ყველასთან სხვადასხვანაირი ურთიერთობა მაქვს.

– კომუნიკაბელური თუ ხართ?

– საშუალოდ. ძალიან კომუნიკაბელური ნამდვილად არ ვარ. ადრე უფრო ჩაკეტილი ვიყავი, ახლა შედარებით, გახსნილი ვარ. ყველას აქვს რაღაცის კომპლექსი. ბოლომდე თავისუფალი, მგონი, არავინაა.

– იღბლიანი ხართ?

– ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ უიღბლო ვარ. მყავს ძალიან კარგი შვილი, რაც დედისთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა. მითამაშია უამრავი ისეთი როლი, რომელზეც ბევრი მსახიობი იოცნებებდა. ცხოვრებაში მქონდა დიდი სიყვარული. არიან ადამიანები, ვისაც ვუყვარვარ, ჩემთან ურთიერთობა უნდათ. მყავს ძალიან კარგი დედა, ის დღემდე ჩემი საუკეთესო მეგობარია. მგონი, ეს საკმარისია იმისთვის, რომ თავს იღბლიანი ადამიანი ვუწოდო.

– სხვის ცხოვრებაში ჩარევა თუ გჩვევიათ – თუნდაც, შვილის, მეგობრის.

– არა, იცით, ვცდილობ, არასდროს ჩავერიო სხვის პირად ცხოვრებაში. საკუთარი შვილისაც კი. რა თქმა უნდა, მაინტერესებს, ჩემი ახლობლის ცხოვრება, მაგრამ ზედმეტად არავის საქმეში არ ჩავყოფ ცხვირს. სამწუხაროდ, უმეტესობის სისუსტეა ის, რომ უნდათ სხვა ადამიანის ცხოვრება მართონ, მით უმეტეს, შვილების. მაგრამ, მე ვცდილობ, არ ჩავერიო. ტყუილს ვერ ვიტყვი და მქონია შემთხვევა, როდესაც მინდოდა, რომ ჩემი აზრი შვილისთვის თავს მომეხვია, მაგრამ როცა ვგრძნობ ზედმეტობას, ვჩერდები.

– ცოტა ხნის წინ თქვენი შვილი და რძალი ერთმანეთს დაშორდნენ. თქვენ თუ ჩაერიეთ მათ ურთიერთობაში, ან თუ ეცადეთ, რაიმეს გამოსწორებას?

– იცით, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ჩემს რძალთან. პირადად მე, ვმეგობრობ მის ოჯახთან. რაც მათ შორის მოხდა, ალბათ, პირადულია და მართალი რომ გითხრათ, ზედმეტად არ ჩავრეულვარ. თავად გადაწყვიტეს დაშორება და ალბათ, ასე იყო საჭირო.

– საკუთარ ცხოვრებაში თუ გამოასწორებდით რამეს. საშუალება რომ გქონდეთ, რამეს შეცვლიდით?

– მნიშვნელოვანს, ალბათ, არაფერს შევცვლიდი, მაგრამ პატარა ნიუანსებს გამოვასწორებდი. ცხოვრებაში რამდენჯერ მქონდა საშუალება რაღაც გამეკეთებინა, მაგრამ სიზარმაცის გამო არ გავაკეთე. ეს იყო ძალიან ადრე, ახალგაზრდობაში. ახლა ასეთ შეცდომებს, აღარ დავუშვებ. უფლის ნებით, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ჩემი ცხოვრება, ჯერჯერობით ასეა და მომავალში რა იქნება, ნამდვილად არ ვიცი.


скачать dle 11.3