როგორ გახდა ზურა ბეგალიშვილი აგრესიული, ბინძური, უნიჭო ადამიანების „ბელადი“
იშვიათად, მაგრამ, მაინც ხდება ხოლმე, როდესაც მკითხველს ჩემს პირად დამოკიდებულებას ვუზიარებ ამა თუ იმ რესპონდენტის მიმართ. დღესაც ასეა – ვეღარ ვიკავებ ემოციებს და მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ ზურა ბეგალიშვილი უნიჭიერესი მსახიობია. იგი უდიდესი ნიჭით დააჯილდოვა ღმერთმა და, მიუხედავად სხვადასხვა პერიოდში ამ ნიჭის უმიზნოდ გაფანტვისა, კიდევ ძალიან ბევრი აქვს სათქმელი.
ალეკო ცაბაძის ახალ ფილმში ზურა ბეგალიშვილი „ბომჟების” წინამძღოლია.
ზურა ბეგალიშვილი: ალეკო ცაბაძის „რენე მიდის ჰოლივუდში” არის ფილმი ერთი ადამიანის სამყაროზე. მთელი ფილმი არის რენეს სამყარო, მისი ხედვა ამა თუ იმ ცხოვრებისეულ მოვლენებთან, წარსულთან, აწმყოსთან დაკავშირებით. ამ სამყაროში უამრავი გმირი და პერსონაჟი ცოცხლობს და ცხოვრობს. ნაირ-ნაირია ეს ხალხი – როგორც ცუდი, ასევე კარგი.
– „რენე მიდის ჰოლივუდში” ისეთი სათაურია, გიჩნდება აზრი რომ, მოქმედება საქართველოში არ უნდა ხდებოდეს.
– არა, ეს არის ქართველის ისტორია და, სხვათა შორის, რენე დადიანია გვარად. არც არის მინიშნება მაინცდამაინც გეოგრაფიულ ელემენტებზე. ვიღაცამ, შეიძლება, იფიქროს, რომ ესაა კინოზე მეოცნებე ერთი კაცის ცხოვრება. გარდა იმისა, რომ რენე მუშაობს – სახლებში გაზის ბალონები დააქვს, პარალელურად მას მოსწავლეების ჯგუფი ჰყავს და რეჟისურას ასწავლის. თან, თავისთვის სულ იღებს რაღაცეებს. რეჟისორი გვაჩვენებს ყველაფერს, იმასაც კი, რასაც მთავარი გმირი ამა თუ იმ მომენტში ფიქრობს. ესაა რენეს ფიქრების სამყარო, მისი წარმოსახვა. მის ფიქრებს, განცდებს, დანახულს, ამას რეჟისორი პირდაპირ აჩვენებს, ლანგრით მიართმევს მაყურებელს.
– ანუ, წიგნივითაა.
– ნამდვილად.
– ვინაა თქვენი გმირი?
– ძნელია ასე ერთმნიშვნელოვნად თქმა. თავიდან ხდება მკვლელობა – რენე მკლავს და მერე უკვე მის ფიქრებსა და მის სამყაროში ყოველთვის თან ვდევ. არც ერთ ნაბიჯზე არ ვშორდები. ამ ყველაფრითაც ჩანს რენეს სამყარო. არავინ მომიკლავს და არ ვიცი, მაგრამ, წამიკითხავს და გამიგონია, რომ მკვლელებს მოკლულები ყოველთვის თან არ სდევენ. არიან მკვლელები, რომლებიც ნანობენ, ესიზმრებათ, არ ასვენებთ, მაგრამ, არიან პირიქითაც – ცივსისხლიანად აკეთებენ ამას და ამბობენ, მოსაკლავი იყო და მოვკალიო, – ასე სჯერათ და სწამთ.
– თქვენ ძალიან სახასიათო გარეგნობა გაქვთ ამ ფილმში. ქართველს ასახიერებთ?
– ჩემი სახელი და გვარია ვაცა ლერწმისელი. მოდი და გაიგე, სადაური ვარ. ბევრი არ გვისაუბრია ჩემს გარეგნობაზე – მითხრა, ჟღალი უნდა იყოო და, რა თქმა უნდა, დავეთანხმე. არავითარი განხილვა არ ყოფილა. ფილმში არის ასეთი „ტომი“ – „იაჰუები”, რომელთა ბელადიც არის ვაცა. „იაჰუები” – ეს არის აგრესიული, ბინძური, უნიჭო და სასტიკი ადამიანების ერთობლიობა, რომელსაც ვერც დაჯგუფებას დაარქმევ, ვერც კლანს, სექტას ან რაღაც ეგეთს. უბრალოდ, ისინი არსებობენ. ალეკომ დაარქვა „იაჰუები”, თორემ, ისინი ჩვენ ირგვლივ ტრიალებენ და ცხოვრობენ. გაჭირვებულები და დაუნდობლები არიან. ეს ერთგვარი ნალექია საზოგადოების, ნორმალური ადამიანებისა და ლამაზი, კარგი ცხოვრების საწინააღმდეგო მხარეა, რომლებიც ხელს უშლიან სხვა ადამიანების ნორმალურ ყოფას, სიკეთეს, სიყვარულს.
– როგორ ფიქრობთ, როგორ მიიღებს ამ ფილმს ჯერ ქართველი და შემდეგ უცხოელი მაყურებელი? როგორც ვიცი, მისი ფესტივალებზე წაღება იგეგმება.
– დიახ, აპირებენ რაღაც კონკრეტულ ფესტივალებზე გაგზავნას. ვიცი, რომ მონრეალში უკვე იყო ჩვენება, ოღონდ, არა საკონკურსოდ. გაგზავნეს ტალინში და ახლახან იყო ჩვენება თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე. როგორ მიიღებს მაყურებელი, არ ვიცი, ამის გამოცნობა ყოველთვის ძალიან მიჭირს ხოლმე. თუ სწორად მახსოვს, ეს უკვე ჩემი ოცდამეხუთე თუ ოცდამეშვიდე ფილმის პრემიერა იქნება.
– თანამედროვე კინოში ძალიან გაგიმართლათ.
– დიახ, შემოქმედებითად ძალიან გამიმართლა, ამით ნამდვილად ბედნიერი ვარ და ყოველთვის ბედნიერი ვიქნები. შემიქმნია ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სახეები, რომელთა შორის უარყოფითი გმირები ჭარბობს. პარადოქსია, მაგრამ, ორი პრიზი მაქვს აღებული სხვადასხვა ფილმში და ორივე დადებით როლში (იცინის). ახლა ველოდები ამ ფილმის გამოსვლას. სადმე აუცილებლად უნდა ავიღო პრიზი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის. თუმცა, ამხელა სტაჟის მიუხედავად, 2006 წლიდან დღემდე უხელფასოდ ვარ. კინოსტუდიაში შტატები მოხსნეს და, თუ რაიმე ფილმში არ მიღებენ, ზუსტად იმ „იაჰუების” მდგომარეობაში ვვარდები. ვარ „ბომჟი”. სამი შვილი მყავს და საჭმელს ძლივს ვაჭმევ, „სნიკერსსაც” კი ვერ ვყიდულობ – ასეთ დღეში ვარ, რა! რამდენჯერმე მივმართე ადამიანებს, თეატრის წამყვან რეჟისორებს, შემპირდნენ რაღაცეებს, შედეგი კი ნულია – საერთოდ არაფერი შეცვლილა.
– ხომ არ არის ეს ისევ თქვენი წარსულის ბრალი? შესაძლოა, სტაბილურობაში ვერ გენდობიან.
– არ ვიცი, რის გამო მეუბნებიან უარს. სპექტაკლებშიც ვთამაშობდი და ხშირად ვყავარ ამა თუ იმ რეჟისორს სცენაზე ნანახი. ზოგი მსახიობი კინოში კარგია, მაგრამ სცენაზე ვერ არის. ამის პრობლემა არ მაქვს – როგორც თევზი წყალში, ისე ვგრძნობ თავს გადასაღებ მოედანზეც და თეატრშიც. მათ იციან, რომ ჩემთვის არის ეს პრობლემა. თუ სასმელს გულისხმობთ, ეს ყველაზე სუსტი არგუმენტი იქნებოდა მათი მხრიდან, რადგან ყველა მსახიობი სვამს. ეს მიზეზი არ გამოადგებათ. საკუთარ თავზე ყოველთვის მიჭირს საუბარი, მაგრამ, გულახდილად ვიტყვი – ისეთ მსახიობს, როგორიც ზურა ბეგალიშვილია, თეატრში უარი არ უნდა უთხრა. ჩემზე ბევრად ნაკლები და უნიჭო მსახიობები არიან თეატრში, იღებენ ხელფასებს და ვითომ რაღაცას თამაშობენ. მე კი 2006 წლიდან მათხოვარივით დავდივარ. რა ჩემი სმის ბრალია, შტატები თუ გააუქმეს. მარტო ზურა ბეგალიშვილი სვამს საქართველოში?! დღედაღამ ქეიფსა და დროსტარებაშია ყველა, სულ რესტორნებში სხედან, ყველა რესტორანი გადაჭედილია. მე სად მაქვს რესტორნის ფული, დიდი-დიდი, წავიდე და 50-კაპიკიანი არაყი დავლიო. ბევრჯერ ესეც არ მქონია და თხოვნით, ხათრით, პატივისცემით მოუციათ ისე. ხედავს ადამიანი, რომ ცუდად ვარ, მაკანკალებს და, რომ არ მოვკვდე, ერთ ჭიქას დამალევინებს – ასეთი შემთხვევებიც ყოფილა. თუმცა, ახლა ამ მხრივ მშვენივრად ვარ.
– რამდენი ხანია, არ დაგილევიათ?
– კარგა ხანია. ამ ფილმზე რაც დავიწყე მუშაობა, ზუსტად ვიცი, რომ საერთოდ არ დამილევია. რადგან ამ თემას შევეხეთ, მინდა, ფილმის პროდიუსერს, ლევან კორინთელს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა. მას იმდენად უნდოდა, ფილმში მეთამაშა, რომ ყველაფერი გააკეთა ჩემი მდგომარეობიდან გამოსაყვანად, გვერდში დამიდგა და, კიდევ ერთხელ მადლობა ამისთვის. დალევას მოვრჩი. დალევაზე ვგულისხმობ „ზაპოის”, თორემ, ერთი დღე თუ დალიე – ეგ არაფერი. ვგულისხმობ ისეთ დალევას, როდესაც „ლომკამდე” მიდიხარ – ასეთი რამ თითქმის ერთი წელია, არ ყოფილა. საერთოდ, მუშაობა მავიწყებს დალევას. რომ არ დალიო, ამას ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორებიც აქვს: უსამსახურობა, უსაქმურობა, უფულობა და ამის გამო ნერვიულობა, ფიქრი ბავშვებზე, ოჯახურ სიტუაციაზე, რომ მილიონი რაღაც სჭირდებათ: სკოლაა, ისაა, ესაა... თავს კი არ ვიმართლებ და ეს გამართლებაც არ არის, მაგრამ, ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე ეს მოქმედებს.
– რამხელა შვილები გყავთ?
– უფროსი ზვიადი 26 წლისაა, ეგვიპტეში ცხოვრობს. ანიმატორების შეფია ერთ-ერთ სასტუმროში, მათთვის პროგრამას ადგენს. გოგონა მყავს 15 წლის, ირინე, მეცხრე კლასშია და უმცროსი ვაჟი – მეექვსე კლასში – დავითი.
– თქვენი გარეგნობა რაღაც განსაკუთრებულობას სძენს თქვენს გმირებს.
– ალბათ კი. ბედნიერებაა და ეს უკვე ბუნებისგან მოდის, რომ სულ პატარა შტრიხი გარეგნობაში, სულ უმნიშვნელო დეტალიც კი აბსოლუტურად მცვლის – სულ სხვა გმირი, სხვა ხასიათი და სხვა ტიპი მოდის. ეს ნაჩუქარია, სადღაც ზევიდან. „აქ თენდებას” ფოტო რომ აიღოთ და „რენედან” ან „ორფეოსის სიკვდილიდან”, სულ სხვა ტიპაჟები კი არა, სულ სხვადასხვა ადამიანები არიან. იგივეა უარყოფით როლებზეც. მაგრამ, მთავარი იცი რა არის? – ამ დეტალის მიგნება.
– თქვენი კარიერის დასაწყისი არ ვიცით.
– პირველ წელს ქულა დამაკლეს და ვერ მოვხვდი თეატრალურში. ერთი წელი სტაჟისთვის თენგიზ ჩანტლაძესთან ვიყავი, თეატრში, სტაჟიორად. მეორე წელს აღარც მინდოდა, მაგრამ, დედაჩემის ხათრით წავედი გამოცდების ჩასაბარებლად. მამა, პირიქით, მეუბნებოდა, წამოდი, მეღვინეობაზე ჩააბარე, ფული გექნებაო. მსახიობი გახდები და ჩემსავით მშიერი იქნებიო. თურმე სწორია, დაუჯერე, რა! ამიხდა ყველაფერი. მაგრამ, არ ვნანობ პროფესიის არჩევანს, მართლა. მარტო მე ხომ არ ვარ ამ დღეში, ძალიან ბევრი ნიჭიერი მსახიობი და რეჟისორია საქართველოში ჩემსავით, უბრალოდ, ეს საერთო ფონი, დრამატურგებისა და სცენარისტების ნაკლებობა, პლუს ამას, ეს საერთო სიტუაცია, ყველაზე საშინლად მოქმედებს. ერთი სიტყვით, მეორე წელსაც არ მიმიღეს და ჩავაბარე მესამე წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამი წელი ვმუშაობდი ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრში. შემდეგ უკვე ბატონ მიშა თუმანიშვილთან, კინომსახიობთა თეატრში. ბატონ მიშასთან ურთიერთობა – ეს იყო ყველაზე დიდი სკოლა. რომც არ ვმდგარიყავი სცენაზე, შევდიოდი რეპეტიციებზე და ვუსმენდი მას. საოცრებებს აკეთებდა. ამიტომაც იყო, რომ მის სპექტაკლებში ყველა მსახიობი მაგარი იყო. ის გენიოსი იყო. ალეკოც გენიოსია, ზაზა ურუშაძეც, ლევან ანჯაფარიძეც, მაგრამ, ფული არ აქვთ, რომ კინო განვითარდეს. ახლა თითქოს რაღაც დაიწყო, თუმცა, ეს ჯერჯერობით მხოლოდ ფაფხურია.
– ახლა პაუზა გაქვთ?
– ჯერჯერობით ველოდები ზაზა ურუშაძეს – ფილმის კეთებას იწყებს, სადაც, მგონია, რომ გადამიღებს. ვიღაც მოსკოველებს მოსწონებიათ კიდევ ჩემი ფილმი, ფოტოები უნახავთ და 15 იანვარს ქასთინგზე ჩამოდიანო. რუსულად კარგად მოლაპარაკე მსახიობი სჭირდებათო და ამის არ მეშინია. მოკლედ, ვნახოთ რა იქნება. ველოდები.