როგორ გადარია ვახო ბიჭიკაშვილმა თვითმფრინავის მგზავრები და რის გამო სთხოვდა ის სტიუარდესას ფანჯრის გაღებას
იუმორისტული შოუს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, „სვეტსკი დუბლიონკაში“ გამოწყობილი ვახო ბიჭიკაშვილი, ანუ, როგორც მას ეკრანიდან იცნობენ – კასპელი ზაურა, რეალურ ცხოვრებაშიც ისეთივე ენაწყლიანი, მხიარული და გვერდში მდგომი მეგობარია, როგორიც სკეტჩებიდან ჩანს. რაც ცნობილი სახე გახდა, მას მერე გამოუვალ და კურიოზულ სიტუაციებშიც ხშირად ხვდება და, ქუჩაში „დუბლიონკის“ გარეშეც კარგად ცნობენ.
– ვახო, ცნობილი სახე გახდი და შენი „დუბლიონკაც“ ისეთი პოპულარულია და ისე უხდება კასპელ ზაურას, მგონი, მის გარეშე შენც ვეღარ წარმოგიდგენია ცხოვრება.
– სხვათა შორის, „დუბლიონკის“ გარეშეც მცნობენ ქუჩაში და იმდენ კითხვას მისვამენ, ხშირად მეცინება ხოლმე. ტაქსიში თუ ჩავჯექი, მორჩა: შენ ხომ ზაურა ხარ? ასე რატომ თქვა ზაურამ, ისე რატომ მოიქცა, ეს რატომ მოხდა, ის რატომ მოხდაო... მოკლედ, მთელი გზა პასუხების გაცემა მიწევს. ერთხელ ვიფიქრე, მოდი, მოვატყუებ, გავლანძღავ ზაურას და რას მეტყვიან-მეთქი. მოკლედ, გავაჩერე ტაქსი, ჩავჯექი და მძღოლმაც მიცნო. ჯერ სარკიდან დამაკვირდა, მერე მობრუნდა და მითხრა: გიცანი, შენ კასპელი ზაურა არ ხარ? როგორ გამიხარდაო. ვუპასუხე, გეშლებათ, ბატონო, ვინ ზაურა, რა ზაურა, მე ის კაცი არ ვარ-მეთქი და ერთი მაგრადაც შევუკურთხე ვითომ უცნობ ზაურას. უნდა გენახათ, როგორ გადაირია ტაქსის მძღოლი, კინაღამ შუა გზაში ჩამომაგდო (იცინის). გაცოფებული მლანძღავდა: ახალგაზრდავ, რატომ კადრულობთ კასპელი ზაურას ლანძღვას, ის ისეთი საყვარელი და ჯიგარი კაცია, მთელი ჩემი ოჯახი მაგაზე და მაგის „დუბლიონკაზე“ აფანატებსო.
– მერე, არ შეგრცხვა?
– რომ გადმოვედი, მერე კი ვუთხარი, მე ვარ ის კაცი და დიდი მადლობა, ასე თავგამოდებით რომ მიცავდით-მეთქი. სხვა რა უნდა მეთქვა? ხომ ხედავთ, საკუთარი თავის გინების უფლება აღარ მაქვს, რაც „დუბლიონკა“ შემოვიცვი (იცინის). ახლა ამის გარეშე ქორწილშიც ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი. ავდგები და შემოვიცვამ გაპიწკინებულ თეთრ „დუბლიონკას“ და ისე მივალ ხელის მოსაწერად.
– ეგ ადრეც მითხარი და ქორწილშიც დამპატიჟე, ხომ არ დაგავიწყდა?
– არ დამვიწყებია, კაცო, ჯერ მოიცადეთ, თეთრი „დუბლიონკა“ ვიშოვო, მერე ქორწილი დავგეგმო და თან, ქალიც დავითანხმო, ვა!.. მე სულ სხვა სითბოზე გელაპარაკებით (იცინის).
– კარგი, სანამ ამ ყველაფერს თავს მოაბამ, მოდი ის მითხარი, ქალის გამო თუ ჩაგიდენია საგმირო საქმე. მაგალითად, ფანჯარასთან გიმღერია, ან რჩეულის ფანჯრებთან სანთლებით „გული“ დაგინთია?
– ქალის გამო გმირობა როგორ არ ჩამიდენია. ერთ ჩემს მეგობარს უყვარდა ერთი გოგო, მთხოვა, ცნობილი სახე ხარ, წამყევი და ყვავილები აუტანეო. თან მთხოვა, მინდა, „დუბლიონკა“ გეცვასო. წარმოიდგინეთ, ზაფხული იყო, პაპანაქება სიცხე, მაგრამ, რაღას ვიზამდი? ჩავიცვი ჩემი „საფირმო“ ქურქი და წავყევი.
– თავად რატომ არ მიუტანა ყვავილები?
– მითხრა, ცნობილი სახე ხარ და შენგან მიტანილ ყვავილებზე მამამისი არ გაბრაზდებაო. მოკლედ, დამაჭერინა ვარდები და შემსვა ამწეკრანზე. ამწიეს და, აივანს რომ მივუახლოვდი, ხმა ამოვიღე: მარი... მარიკააა... არავინ გამოდის აივანზე. ავდექი და ხმას ავუწიე: მარი!.. მარიკააა!.. თან ყვავილები დიდი სიამაყით მიჭირავს. გავიხედე, ბებო არ გამოვიდა? რომ დამინახა, თვალებიდან გულის ნაპერწკლები გამოყარა. ეტყობა, ახალგაზრდობა გაახსენდა (იცინის). მიცნო და გაიბადრა: როგორ მიყვარხარ, ჩემთან მოხვედი? ეს ვარდები მე მომიტანეო? დავიბენი, ვიფიქრე, ეს არის ჩემი ძმაკაცის რჩეული-მეთქი? (იცინის). ვუთხარი: ბებო, მეც მიყვარხარ, მარიკა შენ ხარ-მეთქი? მიპასუხა: მარიკა კი ვარ, მაგრამ, შენ რომ გინდა, ის მარიკა ჩემს თავზე ცხოვრობსო. ბედი არ გინდა? ამხელა გმირობაზე წავედი და არ გამიმართლა (იცინის).
– მერე, ის ყვავილები ვერ გადაეცი ადრესატს?
– როგორ არა. ბიჭებს დავუძახე: ამწიეთ ბიჭო, ეს სხვა მარიკა ყოფილა, შეგვეშალა, შენი მარიკა მაღლა ცხოვრობს-მეთქი. ამწიეს და... ყვავილებიც გადავეცი და დაპატიჟებაც მივიღე მამამისისგან (იცინის). აი, ასეთი ძმაკაცობა და ძმაკაცების სასიმამროების მოხიბვლა ვიცი.
– ადამიანი რომ შემოგხედავს, ეკრანიდან კარგი „გამქაჩავი“ და ჩხუბისთავი ბიჭის შეხედულება გაქვს. ისე, ხშირად გიჩხუბია?
– ბავშვობაში დიდი ჩხუბისთავი ვინმე ვიყავი. სადაც ჩხუბი იყო, იცოდნენ, რომ იქ მეც ვიქნებოდი გარეული და არც ჩემი საძმაკაცო იყო უკან დამხევი. (იცინის). სკოლის დამთავრებამდე, კარგად შევინარჩუნე მოჩხუბარის სტატუსი.
– როგორც ვიცი, ერთ-ერთი ასეთი ჩხუბის დროს თავიც გაგიტეხეს.
– (იცინის) ეს მაგარი ისტორიაა. მოკლედ, პატარები ჩხუბობდნენ. ვიფიქრე, მივალ გავაშველებ, ჭკუას დავარიგებ-მეთქი და... იმხელა ქვა ჩამარტყეს თავში, რომ გამიტეხეს. გასისხლიანებული წამოვედი სახლში. რა ძალა მადგა, რა მინდოდა? იჩხუბებდნენ და ჩემი თავის შეწირვის გარეშეც დაიშლებოდნენ. ასე იცის არამკითხე მოამბემ (იცინის). ერთი ისტორია გამახსენდა: მაგრად დავთვერი ბარში, მოვაჯექი მოტოციკლს და „დავუბერე“. სანაპიროზე, პატრულის მანქანა წამომეწია, გამისწრო და წინ ჩადგა. ვიფიქრე, ამას მივყვები-მეთქი, მაგრამ, გავიხედე სარკეში და მეორე პატრულის სირენებჩართული მანქანა არ დამედევნა კუდში?! უცებ, მესმის: „გააჩერე“! ვფიქრობ: არ გავაჩერო უარესია, გავაჩერო და – მთვრალი ვარ, რა გავაკეთო-მეთქი და, მოვიფიქრე – გავაჩერე მოტოციკლი (იცინის). მომვარდა ორი სამართალდამცველი, მეცნენ, გადამიგრიხეს ზურგზე ხელები. გავბრაზდი, ვიფიქრე, ამათ თუ თავი დავუხარე, ციხეში ამომაყოფინებენ თავს-მეთქი და, სასმლით გათამამებულმა ვუთხარი: რა იყო, თქვე კაი ხალხო, ნასვამი ვარ, მკვლელი ხომ არა-მეთქი. ერთმა პატრულმა მკაცრი სახით შემომხედა, ცალი წარბი ასწია და ომახიანად მითხრა, ქართლურ კილოზე: „მამაძაღლი, აღარ უნდა ვსჭამოთ პურიი?“ ამოვისუნთქე, ვიფიქრე, გადავრჩი და პური კი არა, ერთი კარგი რესტორანი ჩემზეა-მეთქი. ვაღიარე კიდეც, ნასვამი ვარ, ბიჭებო, უნდა მაპატიოთ და ხვალ ხომ ისვენებთ? ჰოდა დაპატიჟებულები ხართ-მეთქი. სიტყვა შევასრულე, მაშ როგორ! (იცინის).
– ამბობენ, ვახომ, თუ არ „ჩაუფინა“, ისე არ დაფრინავსო. სასმელი ფრენისას გამხნევებს თუ უბრალოდ, ასე უფრო კომფორტულად მგზავრობ?
– უბრალოდ, მსიამოვნებს „ჩაფენილი“ რომ მაქვს სასმელი და ისე ვმგზავრობ. ასე როცა ვარ, ორმაგი ემოცია მიპყრობს და ამ ორმაგი ემოციის სიტყვით გადმოცემას ნუ მომთხოვთ ახლა (იცინის). ერთხელ, კიევში მივფრინავდი. სტიუარდესას ვუთხარი, ვისკი მომიტანე, უნდა დავლიო-მეთქი. წარბი აწია – არ გვაქვსო. გადავირიე, რას ჰქვია არ გაქვთ, ახლა შიში შემიპყრობს, დავპანიკდები და მგზავრებს დავაწიოკებ-მეთქი. ეგონა ვხუმრობდი. წავიდა და პატარა ბოთლით ლუდი მომიტანა. ის მეყოფოდა ახლა მე ორმაგი ემოციის მისაღწევად?! ავდექი, შევიხსენი ღვედი და დავიწყე თვითმფრინავის სალონში სიარული. გავივლი-გამოვივლი, გავივლი-გამოვივლი. თან, დროდადრო რაღაცეებს წამოვიყვირებდი, უცნაურ „როჟებს ვკერავდი“, ვიბღვირებოდი. მგზავრები გიჟებივით მიყურებენ, იფიქრეს, ეს მთლად დალაგებული არ არისო (იცინის). გავიხედე, მორბის ის სტიუარდესა, მეცა და მკითხა, რა დაგემართათო. ვუთხარი, ცუდად ვარ, სასმელი მინდა-მეთქი. წაუყრუა, იფიქრა, ამას თავისას არ გავატანინებო. ისევ დავიყვირე შეურაცხადის ხმით და დავიწყე: გააღეთ, კაცო, ფანჯრები, ჰაერი არ მყოფნის, ვიგუდები, მიშველეთ-მეთქი. მიხვდა, არაფერი გამოუვიდოდა. მომიცუნცულა ვისკი, გადავყლურწე და ისე ჩავფრინდი ადგილზე, ხმა აღარ ამომიღია.
– შენი მეგობრები ხუმრობენ, ვახოს სანადიროდ თოფის მაგივრად კამერა დააქვსო?
– ო, ამასაც მოგიყვები: ერთ დღეს, დავირაზმეთ ბიჭები და წავედით სანადიროდ. მივედით ადგილზე, ავუშვით ძაღლები, ბიჭებმა მოიმარჯვეს თოფები და მე ჩავრთე ვიდეოკამერა. ვიფიქრე, გადავიღებ ნადირობის პროცესს-მეთქი. მოკლედ, გახურდა ნადირობა, მაგრამ, ვიღას ახსოვს – მე გამიტაცა ბუნებამ, დავდივარ და ვიღებ ხედებს, აფრენილ მწყრებს, ხეებს, მინდორს. საბოლოო ჯამში, მე უფრო მეტი მწყერი გადავიღე, ვიდრე ბიჭებმა დახოცეს. ასე დასრულდა ჩვენი ნადირობა და მერე ვხუმრობდი, მე გაგეშვით იმ ძაღლების მაგივრად, მწყერის ასაფრენად, და მათ ნადირობის პროცესი გადაეღოთ, არ ჯობდა-მეთქი?! (იცინის).