30 თებერვალი
– საით, უფროსო? – ჰკითხა ტაქსისტმა კახას და თან შორენა შეათვალიერა.
კახამ კოპები შეკრა და ტაქსისტს მისამართი უთხრა, რითაც აგრძნობინა, რომ მისგან ლაყბობას და შორენას მიმართ გადამეტებულ ყურადღებას არ მოითმენდა. შემდეგ ჯერ შორენა ჩასვა მანქანაში, მერე თვითონაც ჩაჯდა და ტაქსისტს მკაცრად უთხრა:
– წავედით!
– კახამ შორენა სახლამდე რომ მიაცილა დილის 5 საათი სრულდებოდა და თითქმის გათენებული იყო.
– დიდი მადლობა, კახა ბაბუა, – უთხრა შორენამ კახას, ლოყაზე აკოცა და მანქანიდან გადავიდა.
– რის მადლობა, შვილო. აბა, შენ იცი, როგორც კი შვებულების ამბავს გაარკვევ, დაგვირეკე, მე და ვიტალი მოუთმენლად დაგელოდებით, – მიუგო გოგონას კახამ და მას მერე, რაც შორენა სადარბაზოში შევიდა, ტაქსი ადგილიდან დაიძრა.
შორენა ძალიან დაღლილი იყო და ზეზეურად ეძინებოდა. მან ჯერ მაღვიძარა დააყენა რვა საათზე, რომ სამსახურში არ დაჰგვიანებოდა, შემდეგ ტანსაცმელი გაიხადა, ლოგინში ჩაწვა და იმწამსვე ჩაეძინა.
***
შორენა, ჩვეულებისამებრ, დილის 9 საათზე გამოცხადდა სამსახურში და, სანამ პალატების შემოვლას შეუდგებოდა, რაჟდენ რაჟდენოვიჩს კაბინეტში ეწვია.
– მიბარებდით, რაჟდენ რაჟდენოვიჩ? – ჰკითხა საგიჟეთის დირექტორს კაბინეტის კართან მორიდებით მდგარმა გოგონამ, რომელსაც კლინიკის დარაჯმა აუწყა, რომ მას კლინიკის შეფი იბარებდა, – ტიხონმა მითხრა, ბატონ პროფესორთან შედიო.
– შემოდი, შემოდი, ჩემო შოკი, – სხაპასხუპით მიუგო შორენას რაჟდენ რაჟდენოვიჩმა და გოგონას ლამაზ ფეხებს შეავლო თვალი, თან დაბალ სავარძელში შესთავაზა ჩაჯდომა, რომ უკეთესად ეცქირა და უთხრა: – დღეს, ჩემო შოკი, შენი გამოსაცდელი პერიოდი მთავრდება და უნდა გადავწყვიტო, დაგტოვებ თუ არა.
– რა მალე გასულა დრო, არც კი მახსოვდა, დღეს თუ მიმთავრდება გამოსაცდელი პერიოდი, – გულწრფელად თქვა შორენამ და რაჟდენ რაჟდენოვიჩს ჰკითხა: – ბატონო პროფესორო, როდის შევიტყობ, თქვენთან ვრჩები თუ მიშვებთ?
– გინდა, რომ ჩემთან დარჩე?
– რა თქმა უნდა, მინდა, რაჟდენ რაჟდენოვიჩ, – მიუგო შორენამ პროფესორს, ფეხი ფეხზე გადაიდო, რითაც მეტი სიშიშვლე გამოაჩინა და მომხიბვლელი ღიმილით იკითხა: – თქვენ თუ გინდათ?
– რა თქმა უნდა, მინდა, ჩემო შოკი. მინდა კი არა ძალიან მინდა, – თქვა რაჟდენ რაჟდენოვიჩმა და სავარძელზე ისე აწრიალდა, რომ ლამის ძირს ჩავარდა, თუმცა დროზე შეიკავა თავი და გრძნობამორეულმა დაამატა: – თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია.
– როდის გამომიტანთ განაჩენს, რაჟდენ რაჟდენოვიჩ? – ნაძალადევი მღელვარებით იკითხა შორენამ, – აქაურობას ძალიან შევეჩვიე და თქვენთან განშორება არ მინდა.
– არც მე მინდა შენთან განშორება, ჩემო შოკი, და, თუკი პატივს დამდებ და ამ საღამოს ჩემთან ერთად ივახშმებ, საბოლოო პასუხსაც მაშინ გეტყვი. თუმცა, მინდა იცოდე, რომ ეს საკითხი ოთხმოცი პროცენტით შენს სასარგებლოდაა გადაწყვეტილი, დანარჩენი ოცი პროცენტი კი მთლიანად შენზეა დამოკიდებული, – უთხრა პროფესორმა შორენას და გულისცემა უკიდურესად გაუხშირდა.
„მომინდომა, რაღა, ამ ჯუჯამ ოც პროცენტად ქალიშვილთან ლოგინში სიამოვნება!“... – გაიფიქრა შორენამ, პროფესორს კი მიუგო:
– რაჟდენ რაჟდენოვიჩ, დღეს ნამდვილად არ მცალია და საერთოდ, თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს. მაგრამ, სანამ არ შევიტყობ, ვრჩები თუ მიშვებთ, ჩემს თხოვნას აზრი არ აქვს.
– თქვი, რა თხოვნა გაქვს, შოკი?
– მოსკოვში უნდა გავემგზავრო და სამკვირიანი შვებულება მინდოდა მეთხოვა თქვენთვის, მაგრამ, თუკი აღარ დამტოვებთ, არც შვებულება დამჭირდება.
– მოსკოვში რა გინდა?
– დეიდაჩემი კვდება და უნდა მოვინახულო, ასე შემომითვალა, სიკვდილის წინ მნახოსო.
– მერე, ამას სამი კვირა რაში სჭირდება?
– სულ რაღაც ორიოდე კვირის სიცოცხლე აქვს დარჩენილი, ხოლო, რომ გარდაცვალება, ერთი კვირაც დაკრძალვასა და უკან დაბრუნებას უნდა და სამი კვირა ამიტომ მჭირდება, თუმცა, თუ არ დამტოვებთ, მაშინ, არც შვებულება დამჭირდება.
– დღეს საღამოს რატომ არ გცალია?
– ჩემი დეიდაშვილია ჩამოსული და, უხერხულია, ღამითაც მარტო დავტოვო, ისედაც მთელი დღე მარტო უნდა იყოს.
შორენას სიტყვები დეიდაშვილის მთელი ღამე მარტო დატოვების შესახებ რაჟდენ რაჟდენოვიჩს სასიამოვნოდ მოხვდა გულზე და იმის დასტურად მიიღო, რომ გოგონა თანახმა იყო მასთან ურთიერთობაზე, რამაც პროფესორს გუნება ათმაგად გაუხალისა და შორენას ჰკითხა:
– როდისთვის გეგმავ მოსკოვში გამგზავრებას?
– მაქსიმუმ – ზეგ.
– და მაინც, იქნებ, როგორმე გამონახო დრო და ჩემთან ერთად ივახშმო? – კიდევ ერთხელ სცადა შორენას დაყოლიება აგზნებულმა პროფესორმა, რომელსაც უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა გოგონას სამსახურში დატოვება და დარწმუნებული იყო, რომ მას აუცილებლად ჩაიგორებდა ლოგინში.
– არა, არა, რაჟდენ რაჟდენოვიჩ, ამაღამ სახლში რომ არ მივიდე, სერიოჟას ძალიან ეწყინება, თან, უხერხულია – არ იტყვის, არაფრად მაგდებსო! ამიტომ ვახშამი სხვა დროისთვის გადავდოთ, თუ, რა თქმა უნდა, ამის სურვილი მომავალშიც გექნებათ, – უთხრა პროფესორს შორენამ და გაუღიმა.
რაჟდენ რაჟდენოვიჩი მეცხრე ცაზე დაფრინავდა, რადგან შორენას სიტყვებმა დაარწმუნა, რომ საწადელის მიღწევამდე სულ რაღაც ნახევარი ნაბიჯიღა ჰქონდა დარჩენილი. ამიტომ, გადაწყვიტა, გოგონა არ გაენაწყენებინა და თითქმის „ბოლომდე მიყვანილი საქმე“ არ ჩაეშალა, თუმცა, თავისი გრძნობები მოთოკა და შორენას უთხრა:
– კეთილი, ჩემო შოკი, რადგან ახლა არ გცალია, მოსკოვიდან რომ ჩამოხვალ, ერთად მაშინ ვივახშმოთ, ხვალიდან კი სამი კვირით თავისუფალი ხარ სამსახურიდან და, რომ ჩამოხვალ, უკვე შტატიანი თანამშრომლის სტატუსით განაგრძობ მუშაობას.
შორენამ ისედაც კარგად იცოდა, რომ პროფესორი მას არსად გაუშვებდა, მაგრამ მის წინაშე აღფრთოვანებული გოგონას როლი გაითამაშა, რაჟდენ რაჟდენოვიჩს კისერზე მოხვია ხელები, სავსე მკერდით სხეულზე მიეკრო და მარჯვენა ლოყაზე აკოცა, შემდეგ მკვეთრად მოშორდა გაბრწყინებულ პროფესორს და უთხრა:
– რა ბედნიერებაა, სამსახურში ვრჩები! თქვენთან მუშაობა ჩემთვის დიდი პატივია, დიდი მადლობა, რაჟდენ რაჟდენოვიჩ!
შორენას სურნელით გაბრუებულმა და აგზნებულმა პროფესორმა ერთი ამოიხვნეშა და უკვე კაბინეტის კართან მისულ შორენას მიაძახა:
– შოკი, გენაცვალე, საღამოს აუცილებლად შემომიარე, რომ დაგემშვიდობო!
შორენამ თავი დაუქნია პროფესორს, ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა, გარეთ გავიდა და კარი მიხურა, შემდეგ კი ზიზღით გადააფურთხა და ჩაილაპარაკა: „ჰმ, ეს აყროლებული ჯუჯა... ვერ მივართვი! სულაბერიძეებს თუ გადაურჩი, მოსკოვიდან რომ ჩამოვალ, მე გიჩვენებ სეირს!“ შორენა ექთნების ოთახში შევიდა და თეთრი ხალათი გადაიცვა, შემდეგ სასადილოში შეიარა, საჭმელების ურიკა დილის კერძებით აავსო, წამლებიც მოიმარაგა და „ბუინი“ პაციენტების განყოფილებისკენ აიღო გეზი. შორენამ ჯერ სხვა პალატები მოიარა და, იქ რომ დაასრულა საუზმისა და წამლების დარიგება, „ლუქსს“ ეწვია.
გოგონამ იმ დროს შეაგორა ვერცხლისფერი ურიკა პალატაში, როდესაც იქ მორიგი „სამთავრობო თათბირი“ იმართებოდა. შორენას დანახვაზე „დროებითი მთავრობის“ წევრებმა ურიკაზე დალაგებულ საჭმელებს მიაპყრეს მზერა, რადგან შიოდათ. ჯაბამ დრო იხელთა და გამოაცხადა:
– შესვენებას ვაცხადებ, კოლეგებო! ახლა კარგად დანაყრდით, შემდეგ კი მუშაობას შეუდექით. დრო არ ითმენს, 30 თებერვალი კარსაა მომდგარი და მის ღირსეულად შესახვედრად ზღვა სამუშაო გვაქვს შესასრულებელი.
შორენამ სწრაფად ჩამოარიგა წამლები და საუზმე, ბოლოს ჯაბას კომოდზე დაალაგა საჭმელები და დანარჩენ „ლუქსელებს“ გადახედა, რომლებიც მადიანად შეექცეოდნენ საუზმეს. მამა გაბრიელი კედლის წინ მუხლმოყრილი იდგა და ჯვარზე შუბლმიდებული ლოცულობდა. შორენა საწოლზე ჩამოჯდა და ჯაბას გადაუჩურჩულა:
– წუხელ სულაბერიძეებთან ვიყავი და ყველაფერი მოვუყევი.
– მერე? – იკითხა ჯაბამ.
– რა მერე, კინაღამ გაგიჟდნენ მისი მშობლები, ინტელიგენტები არიან – მამამისი პროფესორია. მტკიცედ აქვს შვილის გამოხსნა გადაწყვეტილი და მზადაა, ნებისმიერი მსხვერპლი გაიღოს.
– მაინც, როგორ აპირებს ამის გაკეთებას?
– იძულებით.
– როგორ იძულებით?
– რაჟდენ რაჟდენოვიჩი უნდა გაიტაცოს და იარაღის მუქარით აიძულოს დიტოს გათავისუფლება. ეს გზა იმ საცოდავებს ერთმა ჩემმა ახლობელმა ურჩია.
– ვინ ახლობელმა?
– ვინ და, კახა ბაბუამ. ჩემი დაქალის – თაკოს ბაბუაა, თადარიგის პოლკოვნიკი, ადრე „კაგებეში“ მუშაობდა.
– „კაგებეში“? – გაიმეორა ჯაბამ.
– ჰო, მაგრამ, ნუ გეშინია. კარგი კაცია, შენ შესახებ არაფერი იცის. თანაც, მისი მეგობარი დედაჩემის პოვნაში მეხმარება და ვიტალი ბაბუასთან ერთად სამი დღის მერე მაქსიმუმ სამი კვირით მოსკოვში მივემგზავრები.
– ვინ ვიტალი ბაბუა, რა კახა, რის მოსკოვი, თანაც, სამი კვირით სამსახურიდან ვინ გაგიშვებს? – თქვა ჯაბამ, თანაპალატელებს გადახედა და შორენას ჰკითხა: – ერთი კარგად გამარკვიე, რა ხდება?
შორენამ მოკლედ უამბო ჯაბას ყველაფერი და ბოლოს უთხრა:
– მაქსიმუმ სამი კვირა, სულ რაღაც ოცდაერთი დღე არ ვიქნები აქ და, რომ ჩამოვალ, შენს საქმესაც მივხედავთ. უფრო სწორად კი, აქედან გახვალ და ერთად ვიქნებით.
– მთლად ასე იოლად არაა საქმე, ჩემო შორენა, ღმერთმა უწყის, რა მოხდება.
– რა უნდა მოხდეს? მთავარია, შენი ნორმალურობა არ გაამჟღავნო, სამი თვის მერე კი რაჟდენ რაჟდენოვიჩი ისეთ საბუთს მოგცემს, წყალი არ გაუვა და, ხელშეუხებელი და ჩიტივით თავისუფალი იქნები.
– არა, ჩემო შორენა, არა! ხომ გითხარი, ასე იოლად არაა-მეთქი საქმე. ადრე არ მითქვამს და ახლა გეტყვი, რომ რაჟდენ რაჟდენოვიჩმა იცის ჩემი ნორმალურობის ამბავი და ფულიც აღებული აქვს, რომ ყალბი ცნობა დამიწეროს.
– მით უმეტეს, რა განერვიულებს? – გაეცინა შორენას, – თუ ფული აქვს აღებული, მაშინ, ჩათვალე, რომ თავი ქუდში გაქვს და აქედან სამ თვეში გახვალ.
– სულაბერიძეებმა რომ რაჟდენ რაჟდენოვიჩი მოკლან, ან სხვა რამე მოხდეს და პროფესორის ადგილზე სხვა მოვიდეს, მაშინ ხომ ყველაფერი ჩაიშლება?
– თუ მასეა საქმე, მაშინ პროფესორს ანონიმურად გავაფრთხილებ, რომ სულაბერიძეები მასზე თავდასხმას აპირებენ. რაჟდენ რაჟდენოვიჩი ფრთხილად იქნება და არც შენი საქმე გაფუჭდება.
– მაგრამ ეს ხომ სიმდაბლეა?
– შენ გამო ასეთ რამეზეც თანახმა ვარ, – მიუგო შორენამ ჯაბას, – აბა, რა ვქნა, თუ სხვა გზა არაა?
– ჯერ ერთი, ასეთ რამეზე თანახმა არ ვარ და, რომც ვიყო, მაინც არაფერი გამოვა.
– რატომ?
– იმიტომ, შორენა, რომ ამ დამპალ რაჟდენ რაჟდენოვიჩს იმ 200 ათასი ევროს ხელში ჩაგდება უნდა, რომელიც ვითომდა ბაქოელ ბიზნესმენს „ავახიე“. ამიტომ ის ჩემს დამუშავებას გეგმავს და, გამორიცხული არაა, რომ „სამხეცეშიც“ კი მიკრას თავი. ხოლო, იქ თუ მოვხვდი, შენ ჩემზე უკეთ იცი, რაც მელის.
– რატომ ფიქრობ, რომ რაჟდენ რაჟდენოვიჩს შენი დამუშავება და ფულის წართმევა უნდა? მით უმეტეს, თუკი შენ ეს ფული საერთოდ არ გაქვს?
– მთავარი ისაა, რომ პროფესორი ფიქრობს ასე და ეს მე ზუსტად ვიცი. აშკარად ეტყობა, რომ იმ ფულის ხელში ჩასაგდებად ყველაფერს იღონებს.
– გამოდის, რომ საშველი არ ყოფილა და განწირული ხარ?
– გამოსავალი არსებობს.
– რა?
– რა და, აქედან უნდა გავიქცე, შენ კი ამაში უნდა დამეხმარო, თუ, რა თქმა უნდა, თანახმა იქნები.
– რა თქმა უნდა, თანახმა ვარ!
– მაგრამ, იცოდე, რომ შეიძლება, დიდი პრობლემები შეგექმნას. თუ გაშიფრეს, რომ გაქცევაში დამეხმარე, მაშინ ჩემსავით ძებნილი იქნები.
– შენთვის ყველაფერზე თანახმა ვარ, თანაც, ისე გაგაქცევ აქედან, რომ ჩემზე ვერავინ აიღებს ეჭვს.
– ეს ამ სამ დღეში, შენ გამგზავრებამდე უნდა მოხდეს. შეძლებ?
– დარდი ნუ გაქვს, შევძლებ, მაგრამ, შენც უნდა იყოჩაღო და ყველაფერი ზუსტად ისე შეასრულო, როგორც მე გეტყვი, – უთხრა შორენამ ჯაბას და ჰკითხა, – შეძლებ?
– რა თქმა უნდა, შევძლებ, – ღიმილით მიუგო ჯაბამ, – როდის მოხდება ეს ამბავი?
– ხვალ ღამით.
– ასე მალე?
– შენ არ მითხარი წეღან, სამ დღეში უნდა გამაქციოო? ჰოდა გაქცევის დღე ხვალ შუაღამესაა დანიშნული.
– გაქცევის გეგმა გაქვს?
– მაქვს და ყველაფერს საღამოს შეიტყობ. ახლა კი, წავედი და არაფერზე ინერვიულო, ზუსტად 8 საათზე დავბრუნდები და ყველაფერს დაწვრილებით გეტყვი. წავედი, – უთხრა შორენამ ჯაბას, წამოდგა, გორგოლაჭიან მაგიდაზე ჭურჭელი დაალაგა და, სანამ პალატიდან გავიდოდა, ჯაბას ყველას გასაგონად უთხრა:
– ბოდიში, ბატონო ედუარდ, მაგრამ, მეტს ვეღარ დაგელოდებით. როდესაც ისაუზმებთ, მორიგე სანიტარს გამოუძახეთ და ის აალაგებს თეფშებს. მე კი წავედი.
შორენა პალატიდან გავიდა, ჯაბამ კი დანაყრებულ „მინისტრებს“ გადახედა და მათ შევარდნაძის ხმით უთხრა:
– ახლა საქმე, მეგობრებო, ახლა საქმე... მიდით და თქვენ-თქვენს სფეროებს მიხედეთ. დრო არ ითმენს, 30 თებერვალი კარსაა მომდგარი და ღირსეულად უნდა შევხვდეთ ამ თარიღს!
„დროებითი მთავრობის“ „მინისტრები“ პალატიდან გავიდნენ. კარი რომ გაიხურეს, ჯაბა მამა გაბრიელთან მივიდა და უთხრა:
– ხვალ შუაღამისას გავრბივარ.
– როგორ?
– ეს ჯერ არ ვიცი. 8 საათზე შორენა მოვა და ყველაფერში გამარკვევს.
– ესე იგი, თანახმაა, რომ შენთან ერთად ძებნილი გახდეს?
– თანახმაა, მაგრამ, მითხრა, ისე გაგაქცევ, რომ არ გავიშიფრებიო.
– ძალიან კარგი, – ჩაეცინა გაბრიელს, – სიმართლე გითხრა, არ მოველოდი, რომ ასე მალე შეძლებდი აქედან გაქცევას. ამიტომ, ცოტა არ იყოს, მოუმზადებელიც კი ვარ ამისთვის.
– რა მომზადებას გულისხმობთ, მეუფეო?
– რა და, საიდუმლო უნდა გაგიმხილო, შვილო, ის საიდუმლო, რის გამოც მე აქ ვიმყოფები და მთელი ცხოვრება დევნილი ვარ – მე შენ გადამალული განძის ადგილსამყოფელი უნდა გაგიმხილო და, ასე ვთქვათ, გადმოგაბარო.
– რა ბრძანეთ, მეუფეო?! – გაოცდა ჯაბა, რომელმაც საკუთარ ყურებს არ დაუჯერა.
– რა და, ეროვნული საგანძურის ადგილსამყოფელი უნდა გაგიმხილო. როგორც ამას წინათ გითხარი, მე აქედან ცოცხალი ვერ გავალ. განძის ადგილსამყოფლის შესახებ მხოლოდ მე ვიცი, ახლა კი შენც გეცოდინება. კარგად მომისმინე, ყველაფერი ზუსტად დაიმახსოვრე და არანაირი ჩანაწერი არასოდეს არ გააკეთო! ახლა კი ყურადღება, – უთხრა ჯაბას მეუფე გაბრიელმა და თხრობის დაწყება დააპირა, მაგრამ ჯაბამ მას სიტყვა გააწყვეტინა:
– მოიცადეთ, მეუფეო, ნუ ჩქარობთ. თქვენ მე ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებთ და უდიდეს ტვირთს მკიდებთ მხრებზე, მე კი ძალიან ახალგაზრდა ვარ და, შევძლებ კი ასეთი ტვირთის ზიდვას?
– შენზე ახალგაზრდებსაც უზიდიათ არანაკლები ტვირთი.
– თქვენ, ალბათ, მეფეებს გულისხმობთ.
– ადამიანებს, შვილო. მეფეც ხომ ჩვეულებრივი ადამიანია მანამ, სანამ რაიმე მისიას არ დააკისრებს ღმერთი და მხოლოდ ამის მერე ხდება ის არაჩვეულებრივი. ასე რომ, მთავარი მისიაა და არა ტიტული. ამიტომ, ყურადღებით მომისმინე. გარწმუნებ, შენც ღვთიური მისია გეკისრება დღეიდან და მოემზადე!
– მეუფეო, – გაპროტესტება სცადა ჯაბამ, მაგრამ მღვდელმა მას ხელით ანიშნა, გაჩუმდიო და ხმადაბლა დაიწყო საუბარი.
მეუფე გაბრიელი თხუთმეტი წუთის განმავლობაში ლაპარაკობდა და, ბოლოს თქვა:
– ამ წამიდან შენ განდობილი ხარ, ღვთიური მისიის მატარებელი და ღმერთი გმფარველობს, თუმცა, შეცდომა თუ დაუშვი და უღირსობა ჩაიდინე, იცოდე, რომ ღმერთი უმკაცრესად მოგკითხავს. თანაც კარგად დაიმახსოვრე, რომ თვითონ უფალი გიჩვენებს სწორ გზას და ის მიგანიშნებს, როგორ უნდა განკარგო შენდამი მინდობილი საგანძური. გახსოვდეს, შვილო, რომ შენ ამიერიდან უდიდესზე უდიდესი პასუხისმგებლობა გაქვს დაკისრებული და პირდაპირ ღმერთთან გაქვს კავშირი. თავად წმიდა გიორგის ბედაურის ნალი გაბარია და, თუ უფალმა ინება, სწორედ შენ უნდა გადასცე ის ჩვენი ქვეყნის მომავალ ღირსეულ მმართველს მძიმე ტვირთად და მეუფების სიმბოლოდ. მე ასეთი პატივი არ მხვდა წილად და, იმედია, შენ გიწყალობებს ღმერთი ამ ჯილდოს. ისიც დაიმახსოვრე, შვილო: აქედან რომ გახვალ, განძეული მოინახულე, მაგრამ, ძალიან ფრთხილად, ძე-ხორციელმა არ უნდა შეიტყოს მისი ადგილსამყოფელი. აი, სულ ეს არის. ახლა კი სიტყვაც არ დაძრა ამ თემაზე, – მეუფე გაბრიელმა ლაპარაკი რომ დაასრულა, დაიჩოქა, კედელზე მიხატულ ჯვარს შუბლი მიადო, გულმხურვალე ლოცვას შეუდგა და ჯაბასთვის ყურადღება აღარ მიუქცევია.
ჯაბა თავის ლოგინზე, წამოწვა და მეუფე გაბრიელის მონათხრობის გაანალიზებას შეუდგა. მიუხედავად იმისა, რომ მეუფე გაბრიელი ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ახალგაზრდა ყმაწვილს მაინც ძალიან უჭირდა მისი სიტყვების დაჯერება და ბოლოს ეს ყველაფერი მოხუცის ფანტაზიასა და გონებრივ აშლილობას დააბრალა. ჯაბას ამ ფიქრებში ჩაეძინა და მიუვალი კლდეები დაესიზმრა, რომლებზეც ჩანჩქერი მოედინებოდა. ჯაბამ კლდეები დიდი გაჭირვებით დაძლია და ერთ-ერთ ნაპრალში შეძვრა, რომელიც შორიდან არ ჩანდა. ჯაბამაც მხოლოდ იმიტომ შეამჩნია, რომ მისი არსებობის შესახებ წინასწარ იცოდა. ყმაწვილმა გვირაბი გაიარა და განათებულ ადგილას აღმოჩნდა, სადაც ერთი თეთრწვერა მოხუცი, ერთი მასზე ახალგაზრდა, წვერიანი მამაკაცი და ერთიც ხუჭუჭთმიანი უწვერულვაშო ახალგაზრდა იმყოფებოდნენ. ჯაბას სამივე კეთილგანწყობით შეხვდა და გამოქვაბულის მარჯვნივ მიახედეს, სადაც ნიშაში სხვადასხვა ძვირფასეულობა იყო მოთავსებული. ჯაბა ხან განძს უყურებდა და ხან გამოქვაბულში მყოფებს, რომელთა შორის მან შედარებით ახალგაზრდა წვეროსანში დავით აღმაშენებელი შეიცნო და მის წინ მუხლის მოყრა დააპირა. მაგრამ დავითმა შეაჩერა და უთხრა:
– ჩემ წინაშე ნუ იყრი მუხლს, უფლის წინაშე დაიჩოქე! – და ჯაბა მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ უფლის წინაშე იდგა...
ჯაბა მუხლებზე დაეცა და ღმერთს სამოსლის კალთაზე ეამბორა, თან თავაუწევლად იმეორებდა: „მაპატიე, უფალო, რომ ვერ შეგიცანი და მომიტევე ჩემი ცოდვები...“
ღმერთმა ჯაბას უსიტყვოდ გადაუსვა თავზე ხელი და ახალგაზრდა, უწვერულვაშო ყმაწვილთან ერთად გაუჩინარდა. გამოქვაბულში მხოლოდ დავით აღმაშენებელი და მუხლმოდრეკილი ჯაბა დარჩნენ, რომელიც თავის აწევას ვერ ბედავდა.
– ადექი, ჯაბა! ღმერთი ზეცაში დაბრუნდა და წმიდა გიორგიც თან წაიყვანა. ნუ გეშინია, არაფერი დაგიშავდება, ფეხზე წამოდექი! – უთხრა დავითმა ყმაწვილს.
– ის ახალგაზრდა კაცი წმიდა გიორგი იყო, ხომ, მეფეთ-მეფეო? – ჰკითხა ჯაბამ დავითს.
– მართალი ხარ, წმიდა რაინდი და ქართველთა მფარველი ახლდა, თან მაცხოვარს და, რომ იცოდე, ისინი შენ გამო ჩამოვიდნენ დედამიწაზე.
– ჩემ გამო?
– დიახ, შენ გამო. დღეიდან შენ უდიდესი მისია გაკისრია, თვით ღმერთისგან ხარ ხელდასხმული და დაიხსომე, რომ ეს ტვირთი შენ ღირსეულად უნდა ზიდო!
დავითის სიტყვების გაგონებაზე ჯაბა მუხლებზე დაეცა, მიწას თავი დაადო და ღმერთს პატიება სთხოვა, თან მადლობა შესწირა. თავი რომ ასწია, დავით აღმაშენებელი იქ აღარ დახვდა და, ის იყო, ფეხზე წამოჭრა დააპირა, რომ მარჯვენა მკლავზე ვიღაცის ხელი იგრძნო...
– ბატონო ედუარდ! – ჩაესმა ჯაბას ძილში და ოდნავ თვალგახელილმა ჯემალ ჯიოშვილი დაინახა, რომელსაც მის მარჯვენა მკლავზე ხელი ჰქონდა ჩავლებული და აღვიძებდა.
– რა იყო, ჯემალ, რა მოხდა? – თქვა ჯაბამ და პოლკოვნიკს გაოცებული მზერა მიაპყრო.
– ხომ კარგად ხართ, ბატონო ედუარდ? – შიშნარევი ხმით ჰკითხა ჯემალმა და ყმაწვილი ყურადღებით შეათვალიერა.
– ცუდად რატომ უნდა ვიყო?
– არ ვიცი, ბატონო ედუარდ, მაგრამ, ძილში ისეთ რამეებს ლაპარაკობდით, ცოტა არ იყოს, შეგვაშინეთ.
– მაინც რას ვლაპარაკობდი ისეთს?
– რას და, ამბობდით: მეფეთ-მეფეო დავით, მაცხოვარი და წმიდა გიორგი სად წავიდნენ, რამე ხომ არ ვაწყენინე და ცოდვას ცოდვა ხომ არ დავუმატეო. ერთი სიტყვით, ძალიან შევშინდით და იმიტომ გაგაღვიძეთ. ხომ კარგად ხართ, ბატონო ედუარდ?
– კარგად ვარ, ჯემალ, კარგად, – მიუგო ჯაბამ პოლკოვნიკს, საწოლზე წამოჯდა და „დროებითი მთავრობის“ წევრებს ჰკითხა: – თქვენ რა ქენით, როგორ ჩაიარა დღევანდელმა სამუშაო დღემ?
– ისევ ისეთი მდგომარეობაა, ბატონო ედუარდ, – უთხრა ჯაბას ჯემალმა, – ხალხის მასებში უკმაყოფილებაა და, თუ ასე გაგრძელდა, ბუნტი არ აგვცდება. ამიტომ, სასწრაფო ზომები უნდა მივიღოთ, რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ.
– კეთილი, ჩემო ჯემალ, სხვა რა ხდება, ბრძანეთ, ბატონო სპირიდონ, – უთხრა ჯაბამ გენერალს, რომელიც თავაწეული უყურებდა ჯაბას და მოთმინებით ელოდა თავის რიგს.
– ჩემთანაც იგივე მდგომარეობაა, ბატონო ედუარდ, – დინჯად თქვა მოხუცმა გენერალმა, – არანაირი რესურსი აქ არაა. ღმერთმა არ ქნას და, მტერმა მცირე ძალებითაც რომ შემოგვიტიოს, ვერ გავუმკლავდებით. იქნებ, სთხოვოთ ჩვენი უწყების ხელმძღვანელობას, რომ ყოველდღიურად ორ-ორი საათით მაინც დამითმონ დერეფანი სამწყობრო მომზადების ჩასატარებლად?
– კარგი, კარგი, ბატონო გენერალო, ამ პრობლემას აუცილებლად გადავწყვეტთ და, თანაც, დადებითად. ბატონო პანტე, რა ხდება ჯანდაცვაში?
პროფესორმა ჯაშმა ხელები გაშალა და ჯაბას უთხრა:
– სამწუხაროდ, ბატონო ედუარდ, ჩემთანაც იგივე მდგომარეობაა, რაც სხვაგან და სანუგეშოს ვერაფერს გეტყვით. ანტისანიტარია და დეპრესია ჩვენი უპირველესი მტრები არიან და, თუ ეს პრობლემები არ მოგვარდა, ნერვები და, ტარაკნები ერთდროულად შეგვჭამენ და ბოლოს მოგვიღებენ.
– კარგი, ბატონო პანტე, – თქვა ჯაბამ, – ხვალ მე საქმიან შეხვედრას ვგეგმავ ჩვენი უწყების ხელმძღვანელობასთან და ყველა საჭირბოროტო საკითხს მოვახსენებ და პრინციპულ გადაწყვეტას მოვთხოვ. ასე რომ, ბატონებო, მერწმუნეთ, ყველაფერი კარგად იქნება.
– აგაშენათ ღმერთმა, ბატონო ედუარდ! – ერთხმად უთხრეს ჯაბას „ლუქსელებმა“ და სახეგაბადრულები მიაჩერდნენ.
ჯაბამ თანაპალატელებს გაუღიმა. მას გულწრფელად უნდოდა, რომ დახმარებოდა და ცოტათი მაინც შეემსუბუქებინა მათი მძიმე ყოფა, რადგან ძალიან ეცოდებოდა ეს სულით ავადმყოფი ადამიანები, რომლებსაც დარჩენილი სიცოცხლე საგიჟეთში უნდა გაეტარებინათ, თავად კი სულ რაღაც 30 საათში დატოვებდა იქაურობას...
მალე პალატის კარი გაიღო და „ლუქსში“ შორენა შემოვიდა, რომელმაც ვერცხლისფერი ურიკით ვახშამი და საღამოს წამლები შემოიტანა. მან ჯერ „დროებითი მთავრობის“ წევრებსა და მეუფეს დაულაგა კომოდზე ვახშამი, ბოლოს კი ჯაბასთან მივიდა, თეფშები მოაწოდა და, როცა დარწმუნდა, რომ არავინ აქცევდა ყურადღებას, ყმაწვილის გვერდით ჩამოჯდა და უთხრა:
– ხვალიდან სამკვირიან შვებულებაში ვარ და სამსახურში აღარ მოვალ. აი, ამ ტყავის საფულეში ოთხი გასაღებია და ორი ცალი გაზის ბალონი. გასაღებს თავისი ნომრები აქვს და, შესაბამისად, პირველი პირველ კარს – ჩვენი განყოფილების კარს აღებს, მეორე – შემდგომ კარს – დერეფანში გასასვლელს, მესამე და მეოთხე კი, ეზოში გასასვლელ ორმაგ კარებს ერგება. ბალონები დარაჯების და, თუკი შემთხვევით შემოგეყარნენ, სანიტრების დასაძინებლად გამოგადგება. ხვალ, ზუსტად შუაღამეს, პალატიდან გადი. ჩვენი განყოფილების დარაჯს რომ მიაძინებ, მისი ხალათი გადაიცვი და შემდეგ დანარჩენი სამი დარაჯიც მიაძინე. ყველაზე რთული ბოლო დაბრკოლებაა, რადგან იქ ერთდროულად ორი დარაჯი მორიგეობს და უნდა იყოჩაღო. გახსოვდეს, ხვალ რომ აქედან გასვლა ვერ მოახერხო და შეგიპყრონ, მაშინვე „სამხეცეში“ გიკრავენ თავს, იქ კი რაც გელოდება, კარგად იცი. ეს საფულე კარგად დამალე და შენ იცი. საფულეში ორმოცდაათი ლარია და, როგორც კი გაიქცევი, ჩემთან მოდი – მისამართი იცი და აღარ დაგიწერე. ახლა კი ნახვამდის და წარმატებას გისურვებ...
შორენა მალევე გაბრუნდა უკან. ჯაბამ კი ტყავის საფულე შარვალში შეინახა, საწოლზე წამოწვა და გაქცევაზე დაიწყო ფიქრი. ასე გავიდა ორი საათი და როგორც კი პალატის განათება შესუსტდა, ჯაბა მიხვდა, რომ საღამოს ათი საათი შესრულდა, ერთი საათის შემდეგ კი, შუქს საერთოდ თიშავდნენ პალატებში და მხოლოდ დერეფანი რჩებოდა განათებული.
„ერთ საათში წამალი იმოქმედებს, ყველას დაეძინება და მეუფე გაბრიელს დაველაპარაკები“, – გაიფიქრა ჯაბამ და თანაპალატელებს გადახედა, რომლებიც წამლებისგან გაბრუებულები იწვნენ და ნელ-ნელა ძილ-ბურანში ეხვეოდნენ. უცებ „ლუქსის“ კარი გაიღო და პალატაში შორენა შემოვიდა, რომელსაც ორი სანიტარი მოჰყვებოდა. სანიტრები გორგოლაჭიან საკაცეს მოაგორებდნენ, რომელზეც ორმოციოდე წლის მამაკაცი იწვა და ეძინა. შორენა დიტო სულაბერიძის საწოლთან მივიდა და გაშალა, შემდეგ სანიტრებმა მძინარე მამაკაცი საწოლში ჩააწვინეს და წავიდნენ. შორენამ კი გამოფხიზლებულ „ლუქსელებს“ გაუღიმა და უთხრა:
– ნუ აღელდებით, მეგობრებო, ეს კაცი თქვენი ახალი მეზობელია. ახლა მას სძინავს, მაგრამ ხვალ დილით გაიღვიძებს და გაეცნობით. დაიძინეთ, მეგობრებო, ყველაფერი კარგადაა და ნუ აღელდებით.
„ლუქსელებს“ კვლავ ძილი მოერიათ და თვალები მილულეს, ჯაბამ კი შორენა მიიხმო და ჰკითხა:
– ვინაა?
– ციხიდან მოიყვანეს. როგორც ეტყობა, ეგ საცოდავი პატიმრებმა გააგიჟეს. ძველი მფრინავია და ამბობს, იური გაგარინი და ჭიჭიკო ბენდელიანი ვარო. ერთი სიტყვით, უწყინარი ვინმეა. წავედი და შენ იცი, იცოდე, ძალიან ფრთხილად იყავი, მოუთმენლად გელოდები.
შორენა წავიდა. ჯაბა კვლავ ჩაფიქრდა. ერთი საათი რომ გავიდა და პალატაში შუქი ჩააქრეს, ჯაბა მეუფე გაბრიელთან მივიდა, მის საწოლზე ჩამოჯდა და ჯერ ახალმოყვანილ პაციენტს გახედა. როცა დარწმუნდა, რომ მასაც ღრმად ეძინა, მეუფეს უთხრა:
– გაქცევისთვის ყველაფერი მზადაა და ხვალ ამ დროს უკვე გარეთ ვიქნები.
– კარგი, შვილო, – მიუგო ჯაბას მეუფემ, – მეტი არაფერი თქვა, ღმერთმა ხელი მოგიმართოს და ძალიან ფრთხილად იყავი, რომ ყველაფერმა ნორმალურად ჩაიაროს.
– დარდი ნუ გაქვთ, მეუფეო, ყველაფერი კარგად იქნება, – მიუგო ჯაბამ მეუფეს და კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ მეუფე გაბრიელმა მას სიტყვა გააწყვეტინა და ჰკითხა:
– ეს კაცი ვინაა?
– ციხიდან მოიყვანეს. თურმე, ამბობს, გაგარინი და ჭიჭიკო ბენდელიანი ვარო. ძველი მფრინავი ყოფილა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში