მოგება გიბიძგებს დანაშაულისკენ
თარგმნა
ნინო წულუკიძემ
ბილ ჯეკსონი არაფრით იყო გამორჩეული, გარდა იმისა, რომ საკმაოდ მახვილი ჭკუა ჰქონდა. ის გადამზიდ კომპანიაში კლერკად მუშაობდა. ხელფასი ცოტა ჰქონდა, მაგრამ დრო – ბევრი, რაც საშუალებას აძლევდა, თავისი საყვარელი საქმე ეკეთებინა – კროსვორდებს, რებუსებსა და თავსატეხებს ხსნიდა. კარგ პრიზებსაც იგებდა. მორალური სიამოვნების გარდა, გათამაშებაში მოგებული პერანგი, ტკბილეული თუ სხვა საჭირო და არც ისე საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები აზარტს უღვივებდა. ერთხელ კი მართლაც გაუმართლა და 50 ათასი დოლარი მოიგო. მაშინ ბილმა გადაწყვიტა, რომ ცხოვრების ბოლომდე უზრუნველად და ბედნიერად იცხოვრებდა – აღარც მუშაობა დასჭირდებოდა და აღარც თავსატეხების ამოხსნა, მაგრამ მისტერ ჯეკსონმა არ გაითვალისწინა ერთი პატარა გარემოება: პრიზის მოგების შემთხვევაში, ადამიანები ვალდებულები არიან, თანხის ნაწილი სახელმწიფოს „დაუთმონ“, თანაც – ნებაყოფლობით. ასე რომ, ჯეკსონმა თავის 50 ათასს ჯერ 28 ათასი გამოაკლო და გადასახადის სახით „ბიძია სემს“ უწილადა. მერე 4 ათას დოლარსაც შეელია ცრემლმოძალებული, რომელიც მშობლიური შტატის ბიუჯეტში შეიტანა და... ბილი დაფიქრდა: ღირდა კი, კონკურსებისა და პრიზების იმედად ცხოვრება? არა, ეს ნამდვილად არ იყო სარფიანი საქმე. რა საჭიროა ბიზნესი, რომელიც მოგების 40 პროცენტსაც არ გიტოვებსო, თქვა და გადაწყვიტა, გამდიდრების სხვა გზა მოეძებნა. თანხის მოგების შემდეგ ბილს, ხშირად უწევდა ბანკში სიარული ანგარიშიდან ფულის მოსახსნელად და მისი ყურადღება ერთ-ერთი სუპერმარკეტის მეპატრონემ მიიქცია: ეს კაცი ყოველ ორშაბათს მთელი კვირის ნავაჭრიდან დარჩენილ, მონაგებ თანხას ანაბარზე ინახავდა. მიდიოდა ყოველთვის მარტო, დაცვის გარეშე, საკუთარი მანქანით. ცხოვრებაში პირველად, ბილი იმაზე დაფიქრდა, რომ პატარა დანაშაული საკმაო მოგებას მოუტანდა. თუ ყველაფერს ჭკვიანურად დაგეგმავდა (ჭკუა კი ნამდვილად არ აკლდა), ფული ანაბრის მაგივრად მის ჯიბეში აღმოჩნდებოდა. გადაწყვეტილება სწრაფად მიიღო და დანაშაულის მომზადებას შეუდგა – საკუთარი გამჭრიახობის იმედი ჰქონდა. მისი გეგმა მარტივი იყო და, როგორც ყველაფერი მარტივი – გენიალურიც. შეარჩია დღე, როცა ორშაბათს, დღესასწაულის გამო, ბანკი დაკეტილი იყო, და მისი მსხვერპლი ფულის შესატანად სამშაბათს მივიდოდა. წინასწარ 500 დოლარად იყიდა ძველისძველი, ფერგადახუნებული „შევროლე“, ფარანი, კოსმეტიკა გრიმის გასაკეთებლად და ძველი ტანსაცმელი. ასევე, აკვალანგი და წყალგაუმტარი ჩანთა. მანქანას მოპარული ნომრები მიამაგრა და კიდევ ერთხელ გაიაზრა თავისი გეგმის ყველა დეტალი. ერთი შეხედვით, ყველაფერი მის წარმატებაზე მეტყველებდა. სამშაბათ დილით ბილმა თავისი „შევროლე“ ბანკის წინ ისე გააჩერა, რომ გზა კარგად ჩახერგა – როცა სუპერმარკეტის მეპატრონე მოვიდოდა, იძულებული გახდებოდა, მანქანა მოშორებით გაეჩერებინა.
ნახევარი საათის შემდეგ, ზუსტად 10 საათზე, სუპერმარკეტის მეპატრონეც გამოჩნდა, მანქანა ბანკიდან მოშორებით გააჩერა და ჩანთით ხელში ბანკისკენ გაემართა. სწორედ ამ დროს მას კოჭლობით მიუახლოვდა წითურთმიანი, საცოდავი გარეგნობის, გაურკვეველი ასაკის მამაკაცი და ფერდში რაღაც მაგარი მიაბჯინა. ტექსტი მოკლე იყო, მაგრამ შთამბეჭდავი: „ეგ ჩანთა უნდა მომცე, თუ არა, მოგკლავ! ნუ შეეწირები ფულს, რომელიც შენს სიცოცხლედ არ ღირს. მე ის უფრო მეტად მჭირდება“... ჩანთამ მის ხელში გადაინაცვლა. სუპერმარკეტის მეპატრონემ საშველად მაშინღა უხმო პოლიციას, როცა „შევროლე“ თუხთუხით დაიძრა ადგილიდან. ბილს არც უცდია, პოლიციას დამალვოდა, პირიქით, მისი სურვილი მათ თვალსაწიერში ყოფნა იყო. ცალი ხელით მთელი ფული წყალგაუმტარ ჩანთაში გადაიტანა და აკვალანგიც მოამზადა. ქალაქის სიახლოვეს მდინარე იყო და ბილს სწორედ იქით მიჰყავდა მანქანა. ბოლო მომენტში მან სიჩქარეს მოუმატა, ჯებირი გადაანგრია და წყალში გადაეშვა. გეგმის სწორედ ეს ნაწილი იყო ყველაზე რთული, მაგრამ აკვალანგიც სწრაფად მოირგო და მანქანიდანაც შეფერხების გარეშე გამოძვრა. ერთ საათში კი, ისევ ძველი ბილ ჯეკსონი იყო, ავტობუსში იჯდა და სახლში მიდიოდა. ცელოფნის პარკში ჩაწყობილი ძველმანები და ფული წყალგაუმტარ ჩანთაში იდო. ჭკუა ეყო და ტანსაცმელიც მდინარის ახლოს მდებარე სანაგვეზე არ გადაყარა. სახლში მშვიდად დაითვალა ფული – ოცდაერთი ათას ორასი დოლარი გამოვიდა. კმაყოფილმა ხელები მოიფშვნიტა. ხარჯი მინიმალური იყო – სულ რაღაც 700 დოლარი. სამაგიეროდ, შემოსავალმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, თან, არავითარი საგადასახადო ვალდებულება. ჯეკსონმა რადიო ჩართო. ახალ ამბებში უკვე გადმოსცეს ძარცვის ამბავი. თქვეს ის, რომ მძარცველი მანქანიანად გადავარდა მდინარეში, რომ იქ წყალი ღრმაა, ხოლო დინება – ძალიან სწრაფი, ანუ, შანსი იმისა, რომ მძარცველს, მანქანას ან ფულს იპოვიდა, პოლიციას მინიმალური ჰქონდა. მძარცველი რომ დაიხრჩო, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა. ჯეკსონმა იქვე, მახლობელ მაღაზიაში ჩაირბინა და შამპანური იყიდა, გამარჯვება უნდა აღენიშნა. მომდევნო ოთხი დღე სრულ კომფორტში გაატარა – სადილობდა და ვახშმობდა ყველაზე ძვირფას რესტორანში. შაბათს კი, დილიდანვე უცნაური განცდა გაუჩნდა – თითქოს ვიღაც უთვალთვალებდა. ინტუიციამ არ უღალატა. როგორც ჩანს, მაინც შეეშალა გათვლებში. იმ მოხუცს, ვისგანაც „შევროლე“ იყიდა, კარგი მეხსიერება აღმოაჩნდა. პირდაპირ სახლში მიადგა და ყოველგვარი შესავლის გარეშე მოსთხოვა ნაძარცვის წილი: როგორც კი გაზეთებში მანქანის აღწერილობა ამოვიკითხე, მაშინვე მივხვდი, რომ ეს შენ იყავი. მე ხარბი ადამიანი არ ვარ და თანხის ნახევარს დავჯერდები. გირჩევ, არ მომატყუო, რადგან, ზუსტად ვიცი, რამდენიც იშოვე – ოცდაერთი ათასი დოლარი. ათი ათასი მომეცი და ტკბილად დავშორდეთ ერთმანეთსო.
ბილ ჯეკსონმა სიმწრით კბილები გააღრჭიალა. შანტაჟისტების ამბავი გაგონილი ჰქონდა – ისინი არასოდეს ანებებდნენ მსხვერპლს თავს. ანუ, ფული რომც მიეცა, გარანტია არ ჰქონდა, რომ მოხუცი ისევ არ მიადგებოდა და კიდევ არ სთხოვდა თანხას. მაგრამ, ვერც სხვა გამოსავალს ხედავდა. ამიტომ, ათი ათასი კვნესა-ოხვრით მისცა და გაისტუმრა. მოხუცი დაჰპირდა, რომ აღარასოდეს შეაწუხებდა. „ესეც შენი საგადასახადო ინსპექტორი, – გაიფიქრა ბილმა, – რით არის ეს ბებერი მასზე უკეთესი?..“ – და უცებ ბრაზი მოაწვა. მეორე დღეს ჩაჯდა მანქანაში და მდინარის გადაღმა, მეზობელ პატარა ქალაქში ჩავიდა, შევიდა ჭუჭყიან ბარში და სასმელი მოითხოვა. ბარმენმა ვისკი დაუსხა, მეორე ჭიქის მერე ბილი ბარმენს გამოუტყდა, რომ ეძებდა ადამიანს, რომელიც გარკვეული თანხის საფასურად მის საზიზღარ ბიძაშვილს, მთელი ცხოვრება რომ გაუმწარა, კარგად მიბეგვავდა და ჭკუას ასწავლიდა. ბარმენმა ვიღაცას დაუძახა. მალე ბილს კუნთებდაბერილი, ველურის სახიანი მუტრუკი მიუჯდა გვერდით და უთხრა, ხუთას დოლარად შენს ბიძაშვილს ისე ვცემ, ერთი თვე საავადმყოფოდან ვერ გამოვაო. ათას დოლარად ინვალიდად ვაქცევ, ათას ხუთასი კი მისი სამუდამო ხეიბრობა ეღირებაო. უცებ ბილს რაღაც აზრმა გაუელვა: მოკვლა? მოკვლა რამდენი ეღირებაო? – ძალიან იყო გამწარებული იმ საზიზღარ მოხუცზე... მუტრუკი ცოტა დაფიქრდა და – რვა ათასიო – უთხრა. ბილმა ამოიოხრა. ეს საშინელება იყო – მისი ფული თვალსა და ხელს შუა ქრებოდა. მაინც დათანხმდა.
ერთმანეთს მეორე დღესვე შეხვდნენ. ბილს არ უნდოდა, დაქირავებული მკვლელი მერე შანტაჟისტად ქცეულიყო, ამიტომ წუწუნი დაიწყო, ხუთი ათასზე მეტს თავი ვერ მოვუყარე, დანარჩენს მაშინ მოგცემ, როცა საქმე შესრულდებაო. მუტრუკი დათანხმდა ამაზე. ავტობუსში ჩასხდნენ და რამდენიმე კვარტალი გაიარეს. მერე ცოტა ფეხითაც იარეს... მაგრამ მათ იმედგაცრუება ელოდათ – ძველი მანქანით მოვაჭრეთა ბუნაგი გადამწვარი დაუხვდათ. ვიღაც ენაწყლიანმა გამვლელმა არ დაიზარა და უამბო, როგორ გამოთვრა მოხუცი ვისკით, მერე, ეტყობა, პატარა ხანძარიც მოაწყო და თავადაც შიგნით გამოიწვა. ბილს ლამის გული წაუვიდა, ბედი აშკარად დასცინოდა. ახლა დაქირავებული მკვლელის თავიდან მოშორება იყო საჭირო, რაც მარტივი სულაც არ ჩანდა.
– არავითარ შემთხვევაში. ფეხებზე მკიდია, რა მოხდა. მე ჩემი უნდა მივიღო, თორემ პოლიციაში მივდივარო, – განაცხადა მუტრუკმა უტიფარი ღიმილით და ძველისძველი „კოლტი“ ბილს ცხვირწინ აუთამაშა. მერე უცებ ეცა და ფული ჯიბიდან ამოაცალა. ბილი თავადაც ვერ მიხვდა, საიდან გაუჩნდა ამდენი გამბედაობა. როგორც ჩანს, სიბრაზემ ძალა შეჰმატა – ეცა მოძალადეს და ხელიდან რევოლვერი გამოჰგლიჯა. მუტრუკს თავისუფლად შეეძლო მისი ხელახლა წაქცევა, მაგრამ უცებ, შებრუნდა და გაიქცა. ჯეკსონი გამოეკიდა. გადასასვლელზე მოხდა ის, რასაც ბილ ჯეკსონი ვერც კი წარმოიდგენდა. მისმა დაქირავებულმა მკვლელმა ვეღარ მოასწრო გადახტომა და უზარმაზარმა სატვირთო მანქანამ ხოჭოსავით გასრისა. შეძრწუნებულმა ჯეკსონმა დაინახა, როგორ შეიღება წითლად მისი მწვანე დოლარები... ბიზნესი საშინლად წამგებიანი აღმოჩნდა. ჯეკსონმა გადაწყვიტა, აღარასოდეს დაბრუნებოდა მას და ისევ თავისი კროსვორდ-თავსატეხები ამოეხსნა. აშკარად ისევ საგადასახადო ინსპექტორთან ურთიერთობა ჯობდა, მაგრამ ერთი წელი საყვარელი საქმის კეთება ციხეში მოუწევდა. ვიღაც პოლიციელმა შემთხვვით დაინახა, როგორ მოისროლა ბილმა ძველი „კოლტი“ საკანალიზაციო ლუკში და ის იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის დააპატიმრეს... სამაგიეროდ, ახლა დრო ჰქონდა ბევრი...