ღამის საჩუქარი
ვისაც რისკი არ უყვარს, მან შამპანურზეც უარი უნდა თქვას. ეს ფრაზა სხვანაირად ჟღერს, მაგრამ აზრი მაინც იგივეა. ამიტომ, აღარ ვეცდები, სიზუსტე დავიცვა... რა მაგარია, ფიქრისთვის დრო თავზე საყრელად რომ მაქვს. თანაც, „ისეთი“ ფიქრისთვის... საყოფაცხოვრებო საჭიროებებს რომ უკავშირდება. ამ დროს გაცილებით მეტი შანსი გაქვს, აღმოაჩინო რაღაც გენიალური. აბა, სულ იმაზე რომ ხარ გაფაციცებული, ხვალ ოჯახს რა ვაჭამოო, რას მოიფიქრებ ღირებულს?! სიმართლე რომ გითხრათ, ჯერ არც მდიდარი გენიოსები მინახავს, მაგრამ შანსი რომ მეტია, ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება. თურმე, აინშტაინმა თქვა ერთხელ: „ვერასოდეს მოაგვარებ და გადაჭრი პრობლემას, თუ ისევე იფიქრებ, როგორც ის, ვინც ეს პრობლემა შეგიქმნა“... პრინციპში, სრულიად ვეთანხმები დიდ მეცნიერს. პრობლემებს მოერევი, თუ მათ გლობალურ კატასტროფად არ გადააქცევ, ანუ, არავითარი ემოცია, მხოლოდ საღი აზრი. მაგრამ, აბა, წარმოიდგინეთ ცხოვრება ემოციის გარეშე?! – ეს კიდევ სხვა პრობლემაა. მოკლედ, არის სიცოცხლე, – არის პრობლემა. მაგრამ ჩვენ მათ აუცილებლად მოვერევით... მე ხომ მოვერიე... ანუ, მაგალითი სახეზეა. თანაც, თვალსაჩინო მაგალითი. თუმცა, ჯერ თქვენ ყველაფერი არ იცით. თქვენს მოთმინებას არ ვცდი. უბრალოდ, ხასიათი მაქვს ასეთი, ყველაფერი თანმიმდევრული მიყვარს. ძალიან მალე, ბოლომდე გაგიხსნით კარტებს...
***
სოფომ ღიმილით შეათვალიერა დაბნეულობისგან ჭარხალივით გაწითლებული ბიჭი და გვერდზე გადგა.
– შემოდი. ეს ყვავილები მე მომიტანე? რა მომხიბვლელი უბრალოებაა...
– ვარდები გიყვარს, ალბათ... თუმცა, მგონი, მინდვრის ყვავილებსაც არა უშავს.
– რა თქმა უნდა, მით უფრო მაშინ, როცა ვარდების საყიდელი ფული არ გაქვს. შემოდი, კარში ხომ არ ვიდგებით.
სოფომ თაიგული გამოართვა და ისე დახედა, ვახომ მუხლებში სისუსტე იგრძნო და გუნებაში ლაშას რამდენიმესართულიანი გინება გაუგზავნა.
– მე ყავასაც დაგალევინებ... სადმე ხომ არ წავსულიყავით.
– ისა, მე... კარგი იქნებოდა, მაგრამ... – ვახოს ენა დაება.
– კარგი. მივხვდი ყველაფერს. არ არის პრობლემა, სხვა დროს დამპატიჟე, – გაიცინა გოგომ და ბინაში შეუძღვა. ვახომ შვებით ამოისუნთქა.
– რა კარგი ბინა გაქვს. გემოვნება იგრძნობა...
– ჰო, ვეცადე. თუმცა, უკეთესადაც შეიძლებოდა. ცოტა პატარაა. მე საკუთარ სახლზე ვგიჟდები, აუზით და სატრენაჟორო დარბაზით. საერთოდ, ფუფუნება მიყვარს. თუმცა, ამ ეტაპზე ესეც მაკმაყოფილებს.
– ჰო. ფუფუნება რომ გიყვარს, ამას მივხვდი, – ამოიოხრა ვახომ.
სოფომ გადაიკისკისა.
– რა საყვარელი ხარ... ძალიან ვერთობი... შენ ნუ გერიდება, თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში. ყავას კი ახლავე მოგიდუღებ, ძალიან კარგი ყავა მაქვს, უგემრიელესი...
– და... ძვირფასი...
– რა თქმა უნდა, მე ყველაფერი ძვირფასი მიყვარს და მინდა. მაგრამ შენი ყვავილებიც მომეწონა. ოღონდ მართლა.
– გულს მიკეთებ?
– არა. რატომ?! მე ასეთი რაღაცეები არ მჩვევია, პირდაპირ ვამბობ სათქმელს.
– ჰო? – ვახო დაფიქრდა.
– ჰო. რა იყო?
– რა ვიცი, ვიფიქრე, რომ...
– რაღაცის თქმა გინდა. მიდი, მითხარი.
– მითხარი, სახლში რისთვის მომიპატიჟე.
სოფომ გადაიკისკისა.
– აუ, შენ როგორი კომპლექსები გქონია... კარგი, რა...
– კომპლექსები არაფერ შუაშია. უბრალოდ, ცოტა უცნაურად მეჩვენება. შენნაირი გოგო ჩემნაირ ბიჭს... თავისთან რომ ეპატიჟება, რა უნდა იფიქრო.
– არაფერიც არ უნდა იფიქრო. შენ, გეტყობა, ფიქრი გიყვარს ძალიან. იცი, რომ სასარგებლო სულაც არ არის. მე ვცხოვრობ პრინციპით: არ იფიქრო ბევრი და მიიღე ცხოვრებისგან მაქსიმალურად ყველაფერი, რისი მიღებაც შეგიძლია. სხვათა შორის, ძალიან ამართლებს.
– რა მხიარული ადამიანი ხარ. ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო მომწონხარ. მაგრამ, ვაღიარებ, ცოტა დამაბნიე...
– რატომ? – წამწამები დაახამხამა სოფომ.
– ვერ ვხვდები, მე რაში გჭირდები. შენნაირ გოგოებს თავზე საყრელად ჰყავთ თაყვანისმცემლები. მე ისეთი შეუმჩნეველი ვარ...
სოფომ წაუსტვინა.
– ეს რას ნიშნავს, ასეთი დაბალი თვითშეფასების კრიტერიუმი რატომ გაქვს? ბავშვობაში გქონდა პრობლემები? ვერ მიაღწიე იმას, რაც გინდოდა, გოგოები არ გამჩნევდნენ და დაიჩაგრე?.. ჩემო საწყალო...
ვახომ თავი უხერხულად იგრძნო.
– მე წავალ.
– მოიცა, სად წახვალ? გეწყინა? ხომ გითხარი, სათქმელს პირდაპირ ვამბობ-მეთქი. ვიმეგობროთ... ჩემო კარგო, მეგობარი არასოდეს არის ბევრი. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. თან, კარგი ტიპი ჩანხარ.
– რა იცი? ლამის წაგაქციე. კინაღამ დაგამტვრიე... მერე, ერთხელ დაგპატიჟე... სულ ეს იყო.
– და... მაშინ, ფულიც გქონდა... ჰა, ჰა, ჰა... მგონი, მთელი ხელფასი დაგახარჯინე. რა საძაგელი ვარ. როგორ ვერ მივხვდი... რა მითხარი, სად ვმუშაობო?
– ერთ გამომცემლობაში. პროგრამისტი ვარ, მაგრამ იქ ჩემი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი თითქმის არ მაქვს.
– და ალბათ, ცოტასაც გიხდიან. მართლა მთელი ხელფასი დაგახარჯინე? მიბრაზდები?
– არა. არ გიბრაზდები. რას ამბობ? როგორ შემიძლია, შენზე გავბრაზდე? თან, ისეც არ არის საქმე, პრემიებიც გვაქვს ხოლმე.
– აჰა, ესე იგი, პრემია დახარჯე.
– შეიძლება, ასეც ითქვას.
სოფომ გადაიკისკისა და დივანზე მოკალათდა, მისმა თამამად მოშიშვლებულმა მუხლისთავებმა ვახო კიდევ ერთხელ გააწითლა და ააფორიაქა.
– ყავას არ დამალევინებ?
– უი, როგორ დამავიწყდა... ცუდი მასპინძელი ვარ, ძალიან... ახლავე იქნება ყავა.
სოფო დივნიდან ჩამოხტა. მარტო დარჩენილი ვახო ერთხანს მშვიდად იჯდა და ფიქრობდა. მერე ადგა და ბინის დათვალიერება დაიწყო. დადიოდა და ნივთებს დიდი გულისყურით აკვირდებოდა. საყოფაცხოვრებო ნივთების შეფასებაში დიდი გამოცდილება არ ჰქონდა, მაგრამ არაპროფესიონალის თვალებმა და გონებამაც აღიქვა ინტერიერის სისადავე და განსაკუთრებულობა. „ეტყობა, ფული არ უჭირს. ნეტავი, სად მუშაობს. იქნებ ფულიანი მამა ჰყავს, ან... (ვახოს ამის დაჯერება ყველაზე ნაკლებად უნდოდა), ან... მდიდარი საყვარელი...
ვახომ ამოიოხრა, ალბათობა იმისა, რომ სოფოს შეძლებული საყვარელი ჰყოლოდა, საკმაოდ დიდი იყო. მაგრამ, ვახოს ამისი დაჯერება ძალიან არ უნდოდა. ადამიანები ხომ იმას იჯერებენ, რისი დაჯერებაც თავად უნდათ. ჰოდა, ვახომაც დაიჯერა, რომ სოფოსთვის მართლაც პირველი იყო და განსაკუთრებული, ანუ, პირველი განსაკუთრებულთა შორის და ბედნიერებისგან გაიბადრა. სოფომ ფრთხილად შემოიტანა ლანგარი და პატარა მაგიდაზე დადგა. ვახოს ღრმა დეკოლტესკენ „გაექცა“ თვალი და ვეღარც მოაცილა.
– ნახე, რა მაგარი ყავაა? ერთადერთი, რაც კარგად გამომდის, ეს არის.
– მივხვდი.
– რას მიხვდი?
– იმას, რომ ქურასთან, წინსაფარაფარებული ტრიალი შენი სტიქია არ არის.
– მართლა? როგორი მიხვედრილი ყოფილხარ.
– სულაც არა ვარ მიხვედრილი. უბრალოდ, ხომ ვხედავ, როგორ გამოიყურები.
– შენ გგონია, ქალი, რომელიც სახლში კერძებს ამზადებს, თმაგაწეწილი და პირდაუბანელია? ვაიმე, მაგარი სასაცილო ხარ. ისევ პროგრამები აკეთე, საყვარელო. ეტყობა, ეგ საქმე უკეთესად გამოგდის.
– დამცინი?
– არა. რატომ? ბებიაჩემი უმაგრესი დიასახლისი იყო და უგემრიელეს კერძებს ამზადებდა, მაგრამ ქალაქში პირველ „მოდნიცად“ თვლიდნენ. მაგარი უნდა იყო ყველაფერში, მე ჯერ კულინარიას ვერ „ვქაჩავ“.
– არაფერში გჭირდება, ისეთ ყავას ადუღებ, – ვახომ სიამოვნებით მინაბა თვალები, – ისე, სად მუშაობ.
– მე? – სოფომ მრავალმნიშვნელოვნად მიიტანა თითი ტუჩთან და გაუღიმა.
– ეგ როგორ გავიგო, საიდუმლოა?
– უბრალოდ, საინტერესო არ არის. არანაირად. ვმუშაობ ერთ სერიოზულ კომპანიაში, საკმაოდ მოსაწყენ გარემოში და ყოვლად აუტანელი ადამიანების გვერდით. ჩემი საქმე არ მიყვარს და არ მაინტერესებს. ეს გინდოდა, გაგეგო?
– უბრალოდ, მაინტერესებდა.
– მგონი, ვხვდები. მართლა ვხვდები. მიიხედ-მოიხედე და აღმოაჩინე, რომ მე დიდი შემოსავალი მაქვს.
– არა, აბა, რას ამბობ? უბრალოდ, ბინა მართლა კარგი გაქვს. ამას რად უნდა ბევრი ლაპარაკი.
სოფო ისევ სავარძელში მოიკეცა. მუხლისთავები ნიკაპთან მიიტანა და თვალები მინაბა.
– ცნობისმოყვარეობა გკლავს, ისე გაინტერესებს ჩემ შესახებ ყველაფერი: გინდა, ცნობისმოყვარეობა დაგიკმაყოფილო? მიდი, დაიწყე...
ვახომ თავი გააქნია. სოფოს სიახლოვე და მისი ცოტათი გამომწვევი ღიმილი საღად აზროვნების უნარს უკარგავდა. გოგო ერთდროულად გამომწვევიც იყო და ძალიან ბავშვურიც, თავისი გაბუსხული, ოდნავ სველი ტუჩებით. უცებ ისე მოუნდა მისთვის ეკოცნა, რომ გაჭირვებით მოერია სურვილს. არ იცოდა, გოგოს როგორი რეაქცია ექნებოდა ამაზე. იქნებ გარეთაც გაეგდო, ან თავში რამე ჩაერტყა. მაგალითად, ყავის ცარიელი ფინჯანი. უნებლიეთ ამოიოხრა.
– შენ რაღაც გაწუხებს. პრობლემები გაქვს?
– არა, რა პრობლემები... უბრალოდ, აქამდე მოწყენილობისგან ვკვდებოდი და რომ გამახსენდა, რას ვაკეთებდი, სანამ შენ გაგიცნობდი, გულზე შემომეყარა.
– მომიყევი, რა... როგორ ცხოვრობდი... – სოფომ ხელი ხელს შემოჰკრა, – ძალიან მაინტერესებს.
ვახომ მხრები აიწურა.
– არც კი ვიცი, როგორ ვცხოვრობდი. გულახდილად გეუბნები. აი ახლა, შენ რომ მკითხე, ვცდილობ, გავიხსენო და არაფერი გამომდის. ვწვალობ და სულ ეს არის.
– მოიცა, ახლა წვალობ, რომ იხსენებ, თუ საერთოდ წვალობდი?
– იყო ასეც, იყო ისიც... პროგრამისტების ცხოვრება არ არის თვალისმომჭრელი. გეფიცები. მირჩევნია, შენზე ვილაპარაკოთ.
– მეც არ მაქვს თვალისმომჭრელი ცხოვრება.
– არ მჯერა. შენ ხარ თვალისმომჭრელი, – აღფრთოვანება ვერ დამალა ვახომ, – ძალიან თვალისმომჭრელი და ძალიან ეფექტური. მე შენნაირი მეგობარი გოგო არასოდეს მყოლია. გეფიცები.
– გულახდილობის გუნებაზე ხარ თუ თავს მაცოდებ.
– არც ერთი და არც მეორე. ვთქვი ის, რაც გულში მქონდა და არ შევალამაზე. არანორმალურად მომეწონე. არაფრით დავმალავ ამას.
– მოიცა, მოიცა, არ გინდა ეგეთები. ძალიან გთხოვ. ჩვენ უბრალოდ ვიცნობთ ერთმანეთს. ჯერ მხოლოდ ვიცნობთ და მეტი არაფერი.
– მეტი არაფერი... გაიმეორა ვახომ, – იქნებ, მერე რამე შეიცვალოს?
– „მერე“ ჩემს ლექსიკონში არ არსებობს. მე ვცხოვრობ იმით, რაც დღეს მაქვს და კმაყოფილი ვარ ამით.
– და, ასე ცხოვრება უფრო გეადვილება?
– არ ვფიქრობ, მეადვილება თუ არა. შეიძლება, მეადვილება კიდეც. აბა, რა გითხრა. შენგან განსხვავებით, მე ფიქრი არ მიყვარს...
***
... ახლა პატარა „გადახვევა“ იქნება და არ შეგეშინდეთ. ესეც იმიტომ მოხდა, რომ ფიქრს დავეჩვიე, მაგარი რამეა. მით უმეტეს, როცა ფიქრს არავინ გაიძულებს, არც სულიერი და არც უსულო „გარეშე ფაქტორი“... იცით, რა მაინტერესებს? რატომ არიან სუპერპოპულარული ადამიანები ისინი, ვისაც ლეგენდებად აღიქვამენ. სიკეთე ხომ არც ისე პოპულარულია, ამაში ნურავინ შემედავება. მაგალითისთვის ჰიტლერი ავიღოთ. ხორცშესხმულ დემონად არ წარმოგვიდგენია? ვინმეს როდისმე ერთი დადებითი აზრი მაინც გასჩენია ჰიტლერის შესახებ? წარმოდგენაც არ არის საჭირო მისი ფიზიონომიის, რომ უკვე უსიამოვნოდ იღრიჯებით. მთელი არსი ამ ყველაფრისა, ის არის, რომ რატომღაც აღარავის ახსენდება დიდი ვაგნერი, რომელიც თავისი იდეებით არაფრით განსხვავდებოდა ჰიტლერისგან. ახლა მარტინ ლუთერი გაიხსენეთ? ვინ მოაწყო პირველი გერმანული ნაციონალური რევოლუცია 1517 წელს? რა თქმა უნდა, ლუთერმა. მაგრამ დემონი იყო და ურჩხულიო, მარტინ ლუთერზე ან ვაგნერზე ჯერ არავის უთქვამს. რატომ? – არა, ჩემო დაღლილო და გაწამებულო მკითხველო. საკონცენტრაციო ბანაკები არაფერ შუაშია. ეგ საშინელება საერთოდაც არ არის ჰიტლერის, საწყალი, პატარა, დაჩაგრული, კომპლექსებით დახუნძლული ადოლფის აღმოჩენა. არავითარ შემთხვევაში... რა ექნა, ამ ადამიანს, თუკი თავისი წინამორბედების მაგალითებითა და იდეებით იხელმძღვანელა... ვინ უფრო ურჩხულია, მასწავლებელი თუ მოსწავლე? – სანამ ამ კითხვას ჩაუღრმავდებოდეთ, მე გეტყვით: – რა თქმა უნდა, კომპლექსები. დიახ, სწორედ კომპლექსები აკარგვინებს ადამიანებს ჭეშმარიტ სახეს, იმ სახეს, ღმერთმა რომ უბოძა და ურჩხულად გარდაქმნის...
... ჰო, კომპლექსები ცუდი რამეა... თანაც, რა არის, იცით? – ფული მაგ პრობლემას ვერ შველის. ანუ, მდიდარი ხარ თუ ღარიბი, კომპლექსისთვის სულერთია. თუ ერთხელ „ჩაგავლო“, მერე მორჩა!.. თუ ფულს მერე იშოვი, უკვე დაკომპლექსებული, იმის საშუალება გექნება, ცნობილ და პრესტიჟულ ფსიქოთერაპევტთან მიხვიდე, მაგრამ გიშველის თუ ვერა, ეს უკვე სხვა საუბრის თემაა. კომპლექსსაც ხომ გააჩნია?! ერთი სიტყვით, მე იმის თქმა მინდა, მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, თუ უცბად ფულს იშოვით და გამდიდრდებით... კომპლექსებს ბრძოლა მანამდე გამოუცხადეთ, სანამ ღარიბი ხართ, თორემ, ფსიქოთერაპევტებს ძალიან უყვართ პაციენტები სავსე ჯიბეებით. ისინი ბრძოლას თქვენს კომპლექსს კი არა, მაგ ჯიბეებს გამოუცხადებენ და ყველაფერს გააკეთებან, რომ ცოტა შეამსუბუქონ... იმაზე აღარ ვილაპარაკებ, ბევრი ფული რას და რამდენ კომპლექსს აჩენს. მოკლედ, რისი უფრო მეტად უნდა გეშინოდეს – უფულობისა თუ კომპლექსების, ჯერაც ისევ გასარკვევია...
***
ლიკას ისე გაუხარდა სოფოს დანახვა, რომ თავისი ემოციის დამალვა არც უცდია... არც მის მაგიდასთან გამწკრივებული გრძელი რიგისთვის მიუქცევია ყურადღება... მათ გვერდი აუარა და მეგობარს მოეხვია.
– იცი, როგორ მომენატრე? სად ხარ ეს სამი დღე.
– რა ვიცი, ცოტა გაციებული ვიყავი. ხომ იცი, ჩემი ამბავი. არ შემიძლია ცემინებ-ცემინებით და ხველებ-ხველებით სამსახურში სიარული. სახლში ვიყავი და მოწყენილობისგან ვკვდებოდი.
– შენ კვდებოდი მოწყენილობისგან? – გაეცინა ლიკას.
– ჰო. რა იყო. რატომ გგონია, რომ მე სულ კარგ გუნებაზე ვარ და გარშემო ჩემზე გადარეული მამაკაცების გუნდი მახვევია.
კლიენტების უკმაყოფილო ჩოჩქოლმა ლიკას საუბრის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა.
– შესვენებაზე სადმე ხომ არ გადიხარ? დაგელაპარაკები. თან ყავასაც დავლევთ. მაინტერესებს შენი ამბები, – უთხრა სოფომ.
ლიკას თვალები გაუბრწყინდა.
– ჰო. მეც დამიგროვდა სათქმელი, – დაუქნია თავი და შემობრუნდა. სოფომ მობილური გამორთო, უჯრაში ჩადო და კლიენტებს მიუბრუნდა. ერთბაშად ვერც დაინახა, მის „ფანჯარას“ მოახლოებული მამაკაცი და იქამდე არ შეუნიშნავს, სანამ მისი რიგი არ მოვიდა და ლაშას სახე მის თვალწინ არ აღიმართა.
– სოფო, როგორ ხარ?
– ოჰ, ლაშა?! რამ შეგაწუხა? ვალი ხომ გადაიხადე. თუ ლიკასთან ჩემი შუამავლობა გინდა, მე თქვენს საქმეში არ ჩავერევი.
– ლიკას ნახვა და მასთან ლაპარაკი მინდა, მაგრამ ჯერ შენთან ვისაუბრებ, შესვენებამდე დაგელოდები.
– შესვენება უკვე დავგეგმე. ერთ ადამიანს ვხვდები?
– ჰო? დამასწრეს? მაშინ, ხვალ შემოგივლი. არ მინდა, პაემანი ჩაგიშალოთ.
სოფომ გაიცინა.
– რა პაემანი? მე და ლიკა ვაპირებთ სადმე ახლოს, ყავის დალევას.
– მაშინ, მე დაგპატიჟებთ ყავაზე.
სოფომ მხრები აიჩეჩა.
– არ ვიცი, ლიკა მოინდომებს თუ არა შენთან ერთად ყავის დალევას.
ლაშას სახიდან ღიმილი გაუქრა.
– ჰო. ეგ ვერ გავითვალისწინე, ჯიუტად არ უნდა, რომ მომისმინოს. არადა, მინდა, კიდევ ერთხელ ვცადო.
– გიყვარს?
– შეიძლება. სიმართლე გითხრა, აღარც ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ოჯახის გადარჩენა მინდა რომ ვცადო.
– ეგ კარგი გადაწყვეტილებაა. მე ყოველთვის მომხრე ვიყავი, თქვენი შერიგების. ლიკასაც რამდენჯერმე ვუთხარი. გეფიცები... ვურჩიე, მოუსმინე-მეთქი.
– ჰო, მაგრამ არ მისმენს, მგონი, ვიღაც ჰყავს.
სოფომ ხელები გაშალა და რიგზე ანიშნა.
– ნახე, აქ უკვე რამდენი ხალხი დაგროვდა. მიხვდებიან, პირად საკითხებზე რომ გელაპარაკები და ორივეს ცუდად წაგვივა საქმე.
– კარგი. არ მინდა, პრობლემები შეგიქმნა. შესვენების დროს შემოგივლი ან მითხარი, რომელ კაფეში იქნებით და პირდაპირ იქ მოვალ.
– იცი, რა... ჯერ არ ვიცი. არ შევთანხმებულვართ. სადმე, ახლო-მახლოს ვიქნებით.
– კარგი. გიპოვით.
სოფომ ადროვა, სანამ ლაშა დარბაზიდან არ გავიდა. უჯრიდან მობილური ამოიღო და ჩართო. მაშინვე შემოვიდა ინფორმაცია გამოტოვებული ზარების შესახებ. ზუსტად იცოდა, რომ ანდროს ცნობისმოყვარეობა კლავდა, ისე აინტერესებდა, მისი და ვახოს შეხვედრის შედეგი. „მგონი, მაგარ შარში გავეხვიე“, – გაიფიქრა და მობილური ისევ გამორთო... ახლა რომ ტელეფონზე დაერეკა და ანდროსთან საუბარი გაება, კლიენტები საშინელ სკანდალს მოაწყობდნენ. ამიტომ ამჯობინა, ისევ ანდროს საყვედურები ესმინა. მით უმეტეს, რომ მისი გაჩუმების მეთოდი ხელთ ჰქონდა. ვახოზე სერიოზულად ფიქრი კი არ უნდოდა, რაღაცნაირი, ცოტათი უცნაური გრძნობა გაუჩნდა მის მიმართ – სიბრალულისა და სევდის მსგავსი. არადა, ძალიან არ უყვარდა, როცა ვინმეს იცოდებდა, ან პირიქით, მას იცოდებდნენ, მექანიკურად, მომართული რობოტივით მუშაობდა. მართალი იყო, როცა ამბობდა, ფიქრი არ მიყვარსო. ფიქრისას ყოველთვის ითრგუნებოდა და შინაგანად ნერვიულობდა. მერე, ამ ყველაფრით დაღლილს და ემოციებისგან დაცლილს, ტირილი უნდებოდა და საკუთარ თავზე ბრაზი ერეოდა...
ლიკამ ჩანთა აიღო და სოფოს მიადგა.
– არ მოდიხარ?
– სად?
– შესვენება დაიწყო. ხომ გითხარი, სალაპარაკო მაქვს-მეთქი.
– მითხარი, მაგრამ... თუმცა, წამოდი, წავიდეთ. სად გინდა ყავის დალევა?
– სადმე ახლოს.
– ყველაზე ახლოს ერთი პაწაწინა კაფეა. უფრო სწორად, სწრაფი კვების ობიექტი. თანახმა ხარ?
– რატომ არა? ხომ იცი, განსაკუთრებული პრეტენზიებით არ გამოვირჩევი. მთავარია, მშვიდი დალაპარაკების საშუალება მოგვეცეს.
სოფომ გაუღიმა. ჯერ იფიქრა, მოდი, ვეტყვი, ლაშა რომ უნდა წამოგვადგეს თავზეო, მაგრამ მერე ეს იდეა აღარ მოეწონა. რატომ არ უნდა გავერთო და ცოტა რატომ არ უნდა ვიხალისოო... ამიტომ, დუმილი ამჯობინა.
კაფე მართლაც არ იყო „სტანდარტების შესაბამისი“.
სოფო უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა.
– შენ ასეთ კაფეებში სიარულს დაჩვეული არ ხარ. ვიცი, მაგრამ ერთი საათი, ჩემი ხათრით, როგორმე გაძლებ.
– სხვა რა გზა მაქვს. ნეტავი, ყავა მაინც თუ ექნებათ ნორმალური, – ამოიოხრა სოფომ, – როგორი მსხვერპლია ეს ჩემგან, არ იცი. იცი, რა შევამჩნიე? ამ ბოლო დროს ხშირად მივდივარ მსხვერპლზე და ჩემს ცხოვრებაშიც რაღაც-რაღაცეები აშკარად იცვლება. ეს ძალიან არ მომწონს.
– უარესობისკენ თუ არ იცვლება, კიდევ არა უშავს, – ამოიოხრა ლიკამ, – ჩემს ცხოვრებაში კი აშკარად უკან-უკან მიდის ყველაფერი.
– მაგაზე გინდა მელაპარაკო?
– ჰო. რჩევა მინდა გკითხო. ძალიან ავირიე და დავირიე. იცი, რომ ანდროს შევხვდი?
– არა. საიდან უნდა ვიცოდე? – საკმაოდ დამაჯერებლად იცრუა სოფომ, – რისთვის?
– ჰო. სწორედ ეგ შეკითხვა დავუსვი საკუთარ თავს, რისთვის-მეთქი. მგონი, მარტო იმას მივაღწიე, რომ თავი დავიმცირე.
– რას ამბობ. მარტო ერთი შეხვედრით? რა სისულელეა, ანდროს შენ ძალიან მოსწონდი და დარწმუნებული ვარ, გაუხარდებოდა. რამე გადაწყვეტილება მიიღე?
– რასთან დაკავშირებით?
– ანდროსთან დაკავშირებით. როგორ გგონია, ის ტიპია, ვინც შენ გჭირდება?
– არაფერი აღარ მგონია და საერთოდ, უკვე იმას ვფიქრობ, რომ ეს რაღაცით დავიმსახურე. უბრალოდ, ჯერ ვერ ვხვდები, რით. არასოდეს, არავისთვის მდომებია ცუდი და ჩემი ოჯახის იქითაც არასდროს გამიხედავს. თან, რაღაც წარმოუდგენელი მოხდა. შენ ხომ თქვი, ანდროს ძალიან მოსწონდიო. შეხვედრის შემდეგ მე ასეთი შთაბეჭდილება არ დამრჩა. ან რაღაც „გაელვება“ ჰქონდა და იმედი გავუცრუე, ან, მაგას მარტო გათხოვილი ქალები მოსწონს და თავისუფალ ქალებთან ყოველგვარ აზრს კარგავს.
– მაგით რისი თქმა გინდა?
– იმის, რომ ფაქტობრივად, უარი მითხრა.
სოფომ ყავის ფინჯანი გვერდით გაწია და განცვიფრებულმა ჰკითხა.
– მოიცა, უარი გითხრა, რას ნიშნავს. თავი ხომ არ შესთავაზე?
– ვაიმე, არ ვიცი. მგონი, ასე გამოვიდა. ყოველ შემთხვევაში, იმ მომენტში ყველაფერზე თანახმა ვიყავი. გამეჭედა. შენ არ დაგმართნია ასეთი რამე?
სოფომ თავი გადააქნია.
– რაღაც არ მახსენდება. მე უფრო სხვაგან და სხვა რამეებში ვჭედავ. კაცისგან რა მინდა, ზუსტად ვიცი. შენც გირჩევ, „გაჭედვები“ დაივიწყო, თორემ უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდები, ვიდრე ახლა ხარ.
– შენთვის ხომ არ დაურეკავს და რამე ხომ არ უთქვამს?
– ვის, ანდროს?
– ჰო.
– არა. ხომ გითხარი, რამდენიმე დღე ცუდად ვიყავი-მეთქი?! მობილური საერთოდ გამოვრთე და ახლაც გამორთული მაქვს. დასვენება მინდოდა ყველასგან და ყველაფრისგან.
– ანდროსთან შეგეშალა? ისე, ნუ ინერვიულებ. ანდრო არ არის ის ტიპი, ერთი შეხვედრიდან დასკვნები გააკეთოს. დაიკიდე, რა...
– რანაირად...
– არა. შენ თუ ის გაწუხებს, ანდრომ რომ უარი გითხრა...
– არა, არა... მგონი, ეგ კარგიც არის. რას მომცემდა მასთან გაჩაღებული რომანი, მხოლოდ გულის ტკივილსა და ნერვიულობას მომიმატებდა.
– ნერვიულობა ახლაც არ აგცდება. გეხვეწები, სიმშვიდე შეინარჩუნე და აქ სკანდალი არ მოაწყო.
– რა? რა მოხდა არ მითხრა, რომ ანდრო მოვიდა, თორემ გავაფრენ...
– არა... ანდრო კი არა... ლაშა შემოვიდა და... ჩვენკენ მოდის.
– ვაიმე, ესღა მაკლდა. მივდივარ... – ლიკამ ჩანთას სტაცა ხელი და წამოხტა.
– გაჩერდი. რა აზრი აქვს გაქცევას? თუ შენი ნახვა უნდა, მაინც მოგძებნის. სად გაექცევი. გირჩევნია, დაელაპარაკო.
ლაშამ სოფოს გვერდით, სკამი გამოსწია და შინაურივით ჩამოჯდა.
– ყავაზე დაგპატიჟებთ, გოგოებო...
– მე მივდიოდი უკვე, საქმე მაქვს სამსახურში, ბევრი საქმე...
– ჯერ კიდევ ორმოცი წუთია შესვენების დამთავრებამდე. დაჯექი, რა, ნუ გეშინია, ნერვებს არ მოგიშლი.
– უკვე მომიშალე ნერვები, შენი მოსვლით. კარგი, დავჯდები. უნდა გავიგო, რა გინდა, თავს რატომ არ მანებებ?
– ეს ერთხელ კიდევ მომისმინე და მორჩა. აღარ შეგაწუხებ.
– მე წავალ, ხელს არ შეგიშლით, – სოფომ მრავალმნიშვნელოვნად გაიცინა.
– არა. იყავი. სულ ერთი წინადადება უნდა ვთქვა და არ შეგაწუხებთ. შენც შეიძლება, რომ გაიგონო. ისეთი არაფერია.
– გისმენთ ყურადღებით, – ხმაში ირონია გამოერია ლიკას, – საინტერესოა, რა უნდა თქვა ისეთი, რაც აქამდე არ გითქვამს. ეტყობა, მორიგი ტყუილი მოიფიქრე.
ლაშამ ცოლს თვალებში შეხედა.
– იცი, ჩვენი მთავარი პრობლემა რა არის? დაკომპლექსდი ჩემს ტყუილზე.
– აჰა, ესეც ახალი ამბავი. ესე იგი კომპლექსიანიც ვარ. კიდევ, კიდევ, რა ვარ.
– ასე თუ დამელაპარაკები, არაფერი გამოვა. მე კი, ისეთი რაღაც უნდა გითხრა, რაც ჩვენ, ორივეს... თუმცა, არა, სამივეს ცხოვრებას, ბავშვსაც ვგულისხმობ, რადიკალურად შეცვლის და მართლა ძალიან ბედნიერები ვიქნებით.
– მართლა? ამისთვის რა არის საჭირო, მე რა უნდა გავაკეთო, – დაინტერესდა ლიკა და სოფოს სარკასტული ღიმილით გადახედა.
– უკვე ვგრძნობ, რასაც მეტყვი. ლიკა, გთხოვ, სერიოზულად და ყურადღებით მომისმინე.
– ვცდილობ, მაგრამ მეხსიერებას რა ვუყო? – მხრები აიჩეჩა ქალმა. რა ვქნა, რომ ყველაფერი მახსოვს.
– ლიკა, მოუსმინე, რა დაგემართა?! თუ არ მოუსმენ, ვერ გაიგებ, რა უნდა, – გააღიზიანა სოფო ლიკას სიჯიუტემ, – ზრდასრული ადამიანები ხართ, ბოლოს და ბოლოს, იქნებ, მართლა გეშველოთ?
– რა უნდა გვეშველოს?! ზუსტად ვიცი, რა უნდა.
ლაშამ ამოიოხრა და ადგა.
– არაფერი გამოდის. ჯობია, წავიდე. უნდა მცოდნოდა, რომ შენი ჯიუტი ხასიათი ამ შემთხვევაშიც თავისას გაიტანდა. რა სულელი ვარ, რომ ისევ მიყვარხარ... – ლაშა წავიდა.
სოფომ თმაზე მოჰკიდა ხელი ლიკას და მაგრად ჩამოქაჩა.
– სულელი ხარ, რა... თანაც, ძალიან მაგარი სულელი. აღარც კი ვიცი, რა გითხრა. ერთხელ მაინც გამოიჩინე სირბილე და ენდე კაცს.
– სირბილე რომ გამოვიჩინე და ვენდე, იმიტომაც ვარ ახლა ასეთ მდგომარეობაში.
– მგონი, ახლა, გულწრფელი იყო, – დარწმუნებით ჩაილაპარაკა სოფომ.
– მართლა? – ლიკა შეწუხდა, – შენ ფიქრობ, რომ შეცდომა დავუშვი?
სოფომ თავი დაუქნია. ლიკა მაშინვე წამოხტა და ქმარს უკან გამოეკიდა. ლაშა მანქანასთან იდგა. კაპოტზე იდაყვებით დაყრდნობილი და სიგარეტს ეწეოდა. ცოლის დანახვაზე გაოცება არ გამოუხატავს. ლიკა გვერდით დაუდგა.
– კარგი მანქანაა. ახლა იყიდე? – ჰკითხა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.
– ჰო.
– იმიტომ ადვილად დამითმე ის მონჯღრეული ეტლი?
– ლიკა, თუ ამის სათქმელად გამომეკიდე უკან, მაშინ მშვიდობით და ბედნიერებას გისურვებ.
– ისე მემშვიდობები, თითქოს ცხრა მთას იქით ვაპირებდე წასვლას.
– შენი არ ვიცი, მაგრამ მე ვაპირებ სწორედ ცხრა მთას იქით. შენთვისაც ასე აჯობებს. ვეღარასოდეს მნახავ და ნერვებიც აღარ მოგეშლება.
– ეგ გამოსავალი არ არის. ვატუნა დაგავიწყდა? იმას ხომ არაფერი დაუშავებია.
– ვატუნას იქიდან მივხედავ. რა ვქნა, ჩემი ცხოვრება ასე აეწყო... მეც არ მინდა ჩემი საყვარელი ადამიანებისგან შორს ვიყო, მაგრამ სხვანაირად არ გამოვიდა.
– ჩემ გამო ნუ გადაიკარგები... – მოლბა ლიკა, – ერთმანეთს ნერვებს ნუღარ ავუშლით და ყველაფერი კარგად იქნება.
– კარგი. გავითვალისწინებ, თუმცა, წინასწარ ვერაფერს დაგპირდები.
– ნერვების აშლასთან დაკავშირებით თუ წასვლა იგულისხმე.
ლაშამ არ უპასუხა. მხოლოდ სევდიანად ჩაიცინა და მანქანის კარი გამოაღო.
– წავედი, თორემ სამსახურში დაგაგვიანდება.
– არა უშავს. რამდენიმე წუთი კიდევ მაქვს. რისი თქმა გინდოდა?
– არ ვიცი, ღირს კი კიდევ... ვთქვა...
– თუ ეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა, მაშინ უნდა თქვა.
– ხვალ გეტყვი, დილით. მანამდე კი იფიქრე და გადაწყვიტე, შეგიძლია, უბრალოდ, მენდო და გამომყვე?
– რა? – ლიკა დაიბნა.
– აი, ასე, მარტივად: შეგიძლია, კიდევ მენდო და გამომყვე?
– გამოგყვე? სად უნდა გამოგყვე?
– მაგას ხვალ გეტყვი. როცა მოიფიქრებ და პასუხს გეტყვი. შევთანხმდით?
ახლა მართლა წავედი. მეც რაღაც საქმე მაქვს.
– მოიცადე, ასეთ გაურკვევლობაში მტოვებ? ძალიან დამაბნიე.
– გაურკვეველი არაფერია. პირიქით, საკმაოდ მარტივი შეკითხვა დაგისვი, უბრალოდ, შენს გულს და გონებას ერთად ჰკითხე. ყველაფერი აწონ-დაწონე... გაითვალისწინე და პასუხი მშვიდად მითხარი. ახლავე გეუბნები, ნებისმიერ შენს გადაწყვეტილებას პატივისცემითა და გაგებით მოვეკიდები, – ლაშა აღარ დალოდებია, რას ეტყოდა ქალი. მანქანაში ჩაჯდა და ნელი სვლით გავიდა მთავარ გზაზე. მალე თვალსაც მიეფარა. ლიკა კიდევ რამდენიმე წუთი იდგა და უყურებდა მიმავალ ავტომობილს, სანამ მთლიანად არ გაუჩინარდა მხედველობის არედან...
***
... ვიჯექი და ვფიქრობდი... ისე ვფიქრობდი, ჩემთვის... რატომ მომინდა ამ ყველაფრის საჯაროდ მოყოლა-მეთქი. მართლაცდა, რატომ მოვედი თხრობის გუნებაზე. რა მრჯიდა?! ისე კარგად ვარ, ისე მშვიდად... ალბათ, სიმშვიდეც არ ვარგა... საერთოდ ხომ ასეა, ბევრი არაფერი ვარგა, გარდა ფულისაო... თუმცა, ზოგჯერ საპირისპიროს მიმტკიცებს რეალობა. დიახ, მე მიმტკიცებს. თქვენი ცხოვრების მსაჯული და ექსპერტი ვერ ვიქნები. მით უმეტეს, რომ წარმოდგენა არ მაქვს თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებზე... ამიტომ, საკუთარ გამოცდილებაზე ვლაპარაკობ... თანაც, რამდენს ვლაპარაკობ?! – საქმე არ მაქვს და რატომ არ გაგიზიაროთ, ჩემი მოკრძალებული გამოცდილება ცხოვრებისეულ საკითხებში. არა. ამბიციას ნამდვილად არ შევუწუხებივარ... თუმცა, ვფიქრობ, ზოგჯერ რაღაც ჭკვიანურსაც ვამბობ. არა?.. მაგრამ თქვენი ცნობისმოყვარეობა ისე დავღალე, მეეჭვება, დამეთანხმოთ... ფული მაქვს. თანაც ბევრი! – ამას უკვე მიხვდით. რა დიდი მიხვედრა უნდოდა ამას, არა?! – გეღიმებათ და ამბობთ, მოცლილიაო... რატომ ვარ მოცლილი? – იმიტომ, რომ... ფული მაქვს!.. ბევრი ფული...
***
სავარძელში პირაღმა გადაწოლილი ვახო მეოცნებე თვალებით შესცქეროდა ჭერს და იღიმებოდა. ლაშას ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ მისი შესვლა არც გაუგია. ამიტომ მივიდა, მხარზე მოკიდა ხელი და შეანჯღრია.
– მეგონა, გეძინა.
– და ასე „ტკბილად“ გამაღვიძე?
– გეყოფა მაიმუნობა. ამაღამ სერიოზული „ბრძოლა“ გველის...
– აუ, ამას მიმალავდი, – ვახო გახარებული წამოხტა, – ესე იგი, დილით მომატყუე. რა ბოროტი ხარ!
– არა. არ მოგატყუ, სიმართლე არ გითხარი. ეს ერთი და იგივე არ არის. მე არ ვიტყუები.
– კარგი ერთი, ნუ ფილოსოფოსობ... აბა, რა ვნახეთ?! – ვახომ ხელები მოიფშვნიტა.
– მოგიყვე თუ მშრალი და მოკლე ინფორმაციით დაკმაყოფილდები?!
– პრინციპში, ინფორმაციაც მეყოფა ამ ეტაპზე, – გაიბადრა ვახო, – ჰა, ბევრს ვიგებთ?
– საკმაოდ. სწორედ ამაზე მინდოდა დაგლაპარაკებოდი. თანხა ძალიან დიდი იქნება, ამიტომ რაღაც გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ.
– რა გადაწყვეტილება, ტო... შევთანხმდეთ, წინასწარ რაში უნდა დავხარჯოთ თუ რა გინდა ჩემგან? ვიცი, ახლა მეტყვი, რომ ჩემს მშვენიერ არსებას არ უნდა შევხვდე.
– მოიცადე, ნუ ავარდები, ეგ არ მიგულისხმია. მაგრამ გიმეორებ, თანხა ცოტა არ იქნება. ამიტომ, რა შეიძლება ამას მოჰყვეს, წინასწარ უნდა გავითვალისწინოთ.
– არაფერიც არ მოხდება. ფულს ავიღებთ და დავხარჯავთ. ამაზე მაგარი რა შეიძლება იყოს?!
ლაშამ შუბლი მოისრისა.
– არ ვიცი. მე ასეთი დარწმუნებული არ ვარ. ახლა ლიკასთან მივდივარ. გააჩნია, ის რას მიპასუხებს. ამაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული...
– აჰა, მე რას მეუბნებოდი და ჭკუას მარიგებდი, გრძნობას საქმეში ნუ ურევო და თავად როგორ იქცევი? ვერაფრით ვხვდები, ახლა მაინც რა შუაშია ლიკა და რა გადაწყვეტილებაზე მელაპარაკები! – გაცხარდა ვახო.
– მოიცადე. ნელ-ნელა აგიხსნი ყველაფერს. ოღონდ ცოტა აზრი მოიკრიფე. ამით იფიქრე, ამით, – ლაშამ საჩვენებელი თითი შუბლზე მიუკაკუნა.
– ვფიქრობ! – შეუღრინა ვახომ და მისი ხელი უხეშად მოიცილა.
– მაშინ, მისმინე. დღეს ორ ეტაპად ვთამაშობთ...
– ეგ როგორ? – მაშინვე მოინდომა სიტუაციაში ბოლომდე გარკვევა ვახომ.
– დამაცადე, თორემ საერთოდ არაფერს გეტყვი და არც იმ დაწყევლილ კაზინოში წავალთ.
ვახოს ფერი ეცვალა.
– არა. ეგ არ მინდა. მიდი, გისმენ...
– ორ ეტაპად თამაში ნიშნავს იმას, რომ დღეს ჩვენს პრინციპს ვუღალატებთ. პირველ ეტაპზე მოგებულ თანხას არ ავიღებთ და არ წამოვალთ.
– მერე?.. – ვახო აწრიალდა.
– მერე ის, რომ გავაგრძელებთ თამაშს, მთელ თანხას, რასაც მოვიგებთ, ისევ ფსონში ჩავდებთ და... – ლაშა გაჩუმდა.
– და... წავაგებთ? – „დაიშალა“ ვახო, – აუ, შენ გაგიჟდი? იცი, რომ ორას დოლარზე მეტი არ გვაქვს და რაღატომ უნდა გავრისკოთ?
– არ ვრისკავ. ვიცი, რასაც ვაკეთებ, მაგრამ თუ ყველაფერი ისე გამოვა, როგორც მე ვვარაუდობ, ხვალვე „მოვტყდებით“ აქედან, თუნდაც რამდენიმე ხნით. პასპორტი გაქვს? უცხოეთის პასპორტზე გეკითხები.
ვახომ თავზე იტაცა ხელები...
გაგრძელება შემდეგ ნომერში