როგორ გარია სასტიკ მკვლელობაში ლევან ჯიქურაშვილმა მეზობელი და ვისი გაუპატიურება არ აპატია მან ბავშვობის მეგობარს
28 წლის თემურ ცერცვაძის ცხედარი სოფელ ქვემოთელის მცხოვრებლებმა სოფლის განაპირას, ხეზე მიბმული აღმოაჩინეს. მას სხეულზე მრავლობითი დაზიანება, თავის არეში კი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული სასიკვდილო ჭრილობა აღენიშნებოდა. სოფლის მოსახლეობამ მომხდარი მკვლელობის შესახებ პოლიციას შეატყობინა. შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ადგილზევე დაკითხეს ის ადამიანი, რომელმაც თემურ ცერცვაძის გვამი აღმოაჩინა.
ამონაწერი თენგიზ ბოღლოცაშვილის ჩვენებიდან: „დილით ნახირი გავრეკე მინდვრისკენ. ჩემი სახლი სოფლის განაპირას დგას, ტყესა და ჩემს სახლს შორის მინდორი და პატარა რუა. როგორც კი რუს გავცდი, ძაღლების უცნაური ხმაური შემომესმა, გზიდან გადავუხვიე და ხმას გავყევი, ძაღლები ტყის პირას ირეოდნენ. ახლოს მივედი და დავინახე, რომ ხეზე თოკით წელზემოთ შიშველი ახალგაზრდა ბიჭი იყო მიბმული. ძალიან შემეშინდა, უკანვე გამოვიქეცი და ხალხს დავუძახე, ცხედარი ყველამ ერთად ჩამოვხსენით ხიდან და პოლიციას შევატყობინეთ“.
როგორც სამართალდამცველებისთვის გახდა ცნობილი, თემურ ცერცვაძე სოფელში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ის მშრომელი ბიჭი იყო და ყველგან კარგი რეპუტაციით სარგებლობდა. სამი წლის წინ თემურმა ბიძასთან ერთად ბიზნესი წამოიწყო – ხის საამქრო გახსნა და ავეჯის დამზადება დაიწყო. მისი საამქრო მეზობელი სოფლების მცხოვრებლებშიც პოპულარული გახდა. თემურს შეკვეთა შეკვეთაზე ჰქონდა, მისი ფინანსური მდგომარეობაც საკმაოდ გაუმჯობესდა. თემური თანასოფლელებსაც უმართავდა ხელს გაჭირვების დროს, მას არც მტრები ჰყავდა, არც მომდურავები და ამიტომაც იყო მისი მკვლელობა ყველასთვის გამაოგნებელი, ვერავის წარმოედგინა, ასე სასტიკად ვინ უნდა მოჰქცეოდა ახალგაზრდა ბიჭს.
ამონაწერი თემურ ცერცვაძის მამის, თენგიზ ცერცვაძის ჩვენებიდან: „იმ დღეს, როცა მკვლელობა მოხდა, თემური ადრე მოვიდა სახლში. საღამოს მეგობრები მოვიდნენ მასთან და ცოტა იქეიფეს, სტუმრები გააცილა და თვითონ სახლში დარჩა. 10 საათი იქნებოდა, როცა ტელეფონზე დაურეკეს და ოთახიდან გავიდა. ვერ გავიგე, ვის ელაპარაკებოდა, მაგრამ, როცა უკან შემობრუნდა, ანერვიულებული მომეჩვენა. ქურთუკი ჩაიცვა და – ცოტა ხნით გავალ და მალე მოვალო, – დაიბარა. სახლიდან მანქანით წავიდა, რამდენიმე საათი რომ არ გამოჩნდა, მე და ჩემი მეუღლე ძალიან გავნერვიულდით, მობილური ტელეფონიც გამორთული ჰქონდა. დილით მეზობელმა გვითხრა, თემურის მანქანა სოფლის ცენტრში იდგა მიტოვებულიო. თემური ასე არასდროს იქცეოდა. შემეშინდა, მაგრამ, სად უნდა მომეძებნა? რამდენიმე საათიც არ იყო გასული, რომ მეზობლებმა გაგვაგებინეს თემურის ამბავი“.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა, სამართალდამცველებმა შეისწავლეს ყველა საეჭვო გარემოება, მოკლულის საქმიანი კავშირები, რაც მკვლელობის მოტივი არ შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან, გარდაცვლილის ბიძის განცხადებით, მათ ფინანსური პრობლემები არავისთან ჰქონიათ. სამართალდამცველებმა დაკითხეს ის ადამიანები, ვინც თემურ ცერცვაძე გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ნახა, თუმცა მათ შორის არ აღმოჩნდა მის მეზობლად მცხოვრები კახა კურდღელაშვილი, რომელიც იმ სატელეფონო ზარის ავტორი იყო, რომელიც გარდაცვლილის ტელეფონზე ბოლოს განხორციელდა. კახა კურდღელაშვილი მეზობლის გარდაცვალების მეორე დღეს საეჭვოდ გაუჩინარებულიყო სოფლიდან. რამდენიმე დღეში ის პოლიციაში თავად გამოცხადდა და ჩვენებაც მისცა, რამაც წინასწარი გამოძიება სწორ კვალზე დააყენა. ამონაწერი კახა კურდღელაშვილის ჩვენებიდან: „თემურს ბავშვობიდან ვიცნობ, თანატოლები ვართ და ერთმანეთთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. იმ დღეს, როდესაც თემური მოკლეს, საღამოს დავურეკე, – რაიონულ ცენტრში მინდოდა წაყვანა. თემური ნასვამი იყო, მაგრამ, უარი არ მითხრა. მე მეგობარ ქალთან დამტოვა, თვითონ კი სოფელში წამოვიდა. არ ვიცი, ვის შეხვდა ჩემთან დაშორების შემდეგ ან რატომ დატოვა მანქანა სოფლის ცენტრში; წარმოდგენა არ მაქვს ვის შეეძლო ასეთი სასტიკი მკვლელობის ჩადენა“. იმის მიუხედავად, რომ კახა კურდღელაშვილის ჩვენებაში ერთი შეხედვით საეჭვო არაფერი იყო, გამოძიებას მასთან საკმაოდ ბევრი შეკითხვა გაუჩნდა – კახა კურდღელაშვილმა სამართალდამცველებთან არ გაამხილა, რომ მათთან ერთად მათი თანასოფლელი, ლევან ჯიქურაშვილიც იყო, რასაც ამტკიცებდა ის თვითმხილველი, რომელმაც სამივე თანასოფლელი გვიან ღამით თემურ ცერცვაძის ავტომობილში ერთად ნახა. როგორც მან განაცხადა, მანქანასთან ახლოს იმიტომ მივიდა, რომ მეზობლებისთვის მობილურ ტელეფონზე დარეკვა ეთხოვა.
ამონაწერი მოწმის ჩვენებიდან: „თემურის მანქანა ვიცანი და ახლოს იმიტომ მივედი. მანქანაში თემურთან ერთად ლევან ჯიქურაშვილი და კახა კურდღელაშვილიც ისხდნენ, ბიჭები ერთმანეთს ხმამაღლა ესაუბრებოდნენ, თითქმის ჩხუბობდნენ. ისეთი სიტუაცია იყო, რომ ტელეფონი აღარ ვითხოვე და ჩემი გზით წავედი“.
კახა კურდღელაშვილმა ინციდენტის საღამოს ლევან ჯიქურაშვილის ნახვა კატეგორიულად უარყო. სამართალდამცველები ლევან ჯიქურაშვილისა და გარდაცვლილის ურთიერთობითაც დაინტერესდნენ, ისინი თანაკლასელები აღმოჩნდნენ, ლევან ჯიქურაშვილი სოფლიდან დიდი ხნის წასული იყო, მაგრამ თანაკლასელთან მაინც კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ლევან ჯიქურაშვილი წარსულში ყაჩაღობისთვის იყო ნასამართლევი, მას ყველა იცნობდა, როგორც აგრესიულ და აფექტური ხასიათის ადამიანს, თუმცა, თემურთან კონფლიქტურ ურთიერთობაში არასდროს ყოფილა შემჩნეული. რა უნდა ჰქონოდა გასაყოფი ორ მეგობარს, სამართალდამცველებისთვის გაურკვეველი იყო. გამოძიება, ალბათ, დიდხანს ვერ დაადგებოდა სწორ გზას, რომ არა ერთი გარემოება: სამართალდამცველებისთვის საკუთარი წყაროებით გახდა ცნობილი, რომ თემურ ცერცვაძეს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა ლევან ჯიქურაშვილის დასთან. ამის შესახებ სოფელში არავინ არაფერი იცოდა, მაგრამ, იყო ერთი მოწმე, რომელსაც თემური და ლევან ჯიქურაშვილის და საეჭვო გარემოებაში ჰყავდა ნანახი. სამართალდამცველებმა ამ ვერსიაზე მუშაობა დაიწყეს, დაიკითხა ლევან ჯიქურაშვილიც, რომელიც სოფელში მეგობრის დაკრძალვის დღეს ჩამოვიდა, თუმცა ცერცვაძეების ოჯახში არ მისულა. დაკითხვისას ლევან ჯიქურაშვილმა განაცხადა, რომ თემურ ცერცვაძეს მკვლელობის დღეს სოფელში შემთხვევით შეხვდა, ცოტა ხანს გაესაუბრა და მალე დაშორდა. მისი და კახა კურდღელაშვილის ჩვენებები ცალსახად არ ემთხვეოდა ერთმანეთს. ამას ემატებოდა ანონიმური მოწმის ჩვენებაც, რომელიც ლევან ჯიქურაშვილის დასთან გარდაცვლილის ინტიმურ ურთიერთობას ამტკიცებდა (ცნობისთვის: ანონიმური მოწმე გარდაცვლილის ყოფილი საყვარელი იყო).
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით დადგინდა, რომ მკვლელობამდე ერთი თვით ადრე, თემურ ცერცვაძემ ძალის გამოყენებით დაამყარა ინტიმური კავშირი ლევან ჯიქურაშვილის დასთან, 17 წლის ნათია ჯიქურაშვილთან. ამის შესახებ მოგვიანებით სამართალდამცველებთან ნათია ჯიქურაშვილმა აღიარა, ამონაწერი მისი ჩვენებიდან: „თემურთან კარგი ურთიერთობა მქონდა, ჩემი უფროსი ძმის თანაკლასელია და ყოველთვის ყურადღებას მაქცევდა. რამდენჯერმე მეგობრის სახლში მოვხვდით ერთად და ერთმანეთს უფრო დავუახლოვდით, ვგრძნობდი, რომ ჩემ მიმართ სიმპათიები ჰქონდა. ერთი თვის წინ დაქალთან ვიყავი, სახლში გვიან მომიწია წამოსვლა. ცოტა ნასვამი ვიყავი და წამოსვლისას თემურს დავურეკე, სახლში წამიყვანე-მეთქი. მომაკითხა და გზაში შემომთავაზა, სახლში რა გეჩქარება, სადმე გავისეირნოთო. ჩვენი სოფლის თავზე ძველი მემორიალის მიტოვებული სკვერია და იქ ავედით. მანქანაში მოფერება და კოცნა დამიწყო, მე თავს ვიცავდი, მაგრამ ვერ შევძელი. თემურმა ძალით და წამებით გამაუპატიურა. მთელი ღამე იქ გავატარეთ. სახლში ვერ მივდიოდი, რადგან ტანსაცმელი დახეული მქონდა. მერე თვითონ მომიტანა ტანსაცმელი და სახლში ისე წამიყვანა. მითხრა: რაც მოხდა, არავის უთხრა. ცოლად ვერ მოგიყვან, მაგრამ, ჩემი საყვარელი იქნები და არაფერს მოგაკლებო. თავიდან დავმალე, რაც მოხდა, მარტო ჩემს ერთ მეგობარს მოვუყევი ამის შესახებ, მერე მან მირჩია, რომ სახლში ყველაფერი მომეყოლა. თავიდან დედაჩემს გავანდე, მან კი ეს ამბავი ჩემს ძმას გააგებინა, რადგან, ფიქრობდა, თუ ლევანი ამ საქმეში ჩაერეოდა, თემური ცოლად მომიყვანდა. ლევანი ჩამოვიდა თბილისიდან, ვიცი, რომ თემურს შეხვდა და მოსთხოვა, ჩემი და ცოლად უნდა მოიყვანოო. თემურს ამაზე უარი უთქვამს. ვიცი, რომ ლევანი და თემური შეკამათდნენ და ჩემმა ძმამ საბოლოო პასუხის მისაღებად ლევანს ერთი კვირა მისცა.“
როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, დათქმულ დროს, პირველი შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ, ლევან ჯიქურაშვილმა მეგობარს, კახა კურდღელაშვილს, სთხოვა, რომ დაერეკა თემურ ცერცვაძესთან და მის სახლიდან გამოყვანაში დახმარებოდა. ჯიქურაშვილმა მეგობარს სანადირო თოფის წამოღებაც დაავალა: ანგარიში მაქვს თემურთან გასასწორებელი და იარაღი დამჭირდებაო, – უთხრა. პირველი საუბარი ახალგაზრდებს შორის ავტომანქანაში შედგა. ლევანმა თემურს შესთავაზა: შენი მანქანა აქ დატოვე, ჩემი მანქანით გავიდეთ სოფლიდან და ყველაფერი გავარკვიოთო. ჯიქურაშვილმა მეგობარი სოფლიდან მოშორებით გაიყვანა და დათქმული დრო შეახსენა. თემურ ცერცვაძემ მეგობარს უთხრა: ვიცი, რომ ცუდად მოვიქეცი, მაგრამ, შენი და არ მიყვარს და ცოლადაც ვერასდროს მოვიყვანო. ამის შემდეგ, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ლევანი და კახა თემურ ცერცვაძეს სასტიკად გაუსწორდნენ – წელს ზემოთ გააშიშვლეს და ხეზე მიაბეს. ნაცემი თემურ ცერცვაძე მეგობრებმა სასიკვდილოდაც გაიმეტეს – ლევან ჯიქურაშვილმა სანადირო თოფი პირდაპირ თავში დაახალა. ამის შემდეგ მეგობრებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს: ლევანი მაშინვე თბილისში გაემგზავრა, კახა კი მეზობელ სოფელში გაიხიზნა ახლობელთან, რომ მასზე ეჭვი არ მიეტანათ.
პოლიციამ ლევან ჯიქურაშვილი მკვლელობიდან სამი კვირის შემდეგ დააკავა და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დასდო ბრალი. მასთან ერთად დააკავეს კახა კურდღელაშვილიც, რომელმაც წარდგენილ ბრალდებაში ნაწილობრივ ცნო თავი დამნაშავედ და განაცხადა, რომ მას მხოლოდ სანადირო თოფი ეკუთვნოდა, არ იცოდა, რომ ჯიქურაშვილს მისი მეზობლის მკვლელობა ჰქონდა გადაწყვეტილი და, დარწმუნებული იყო, რომ თოფი მას მხოლოდ შესაშინებლად სჭირდებოდა. სასამართლო პროცესზე ბრალდებული ლევან ჯიქურაშვილი ირწმუნებოდა, რომ მას მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით არ ჰქონდა ჩადენილი და რომ მკვლელობის მომენტში ძლიერ აღელვებულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ, სასამართლომ არ გაიზიარა მისი ჩვენება, რადგან იმ ინციდენტის გაგებიდან, რაც შურისძიების მოტივი გახდა, საკმაოდ დიდი პერიოდი იყო გასული. საქმის არსებითი განხილვის შემდეგ, პროკურატურამ ბრალდება დადასტურებულად ცნო და ლევან ჯიქურაშვილისთვის თავისუფლების 16 წლით აღკვეთა მოითხოვა, სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მოთხოვნა და მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულ ლევან ჯიქურაშვილს ჩადენილი დანაშაულისთვის 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მკვლელობის თანამონაწილეს, კახა კურდღელაშვილს კი ჩადენილი დანაშაულისთვის 10 წლით მოუწევს გისოსებს მიღმა ყოფნა.