ახალგაზრდა ქალმა საყვარლის გამო საკუთარი ოჯახი ამოწყვიტა
– რა საზიზღარი სუნია, სხვაგან წავიდეთ, – თქვა მეძავმა გოგონამ, რომელიც თავის კლიენტს თბილისის ბოტანიკური ბაღის ტყეში ახლდა და მომსახურებისთვის ემზადებოდა.
წყვილი წამოდგა და მათ ხშირი ბუჩქებისკენ გადაინაცვლეს. თუმცა ათიოდე მეტრში მოულოდნელობისგან გაშეშდნენ. მეძავმა გოგონამ თავზე შემოიწყო ხელები და აკივლდა. ბუჩქებში ნახევრად გახრწნილი გვამი ეგდო. აღნაგობაზე ეტყობოდა, რომ ბავშვი იყო, მაგრამ მღრღნელებისგან სახე სულ მთლად შეჭმული ჰქონდა და ნაკორტნ-ნაგლეჯ ხორცებზე მატლ-ბუზები ირეოდა.
წყვილმა ჯერ გაქცევა სცადა, მაგრამ ბიჭს პასუხისგების შეეშინდა და ყოყმანის შემდეგ, მილიცია გამოიძახა. შემთხვევის ადგილზე მისულ ძალოვნებს, ექსპერტ-კრიმინალისტებს და პათანატომებს თვალწინ საშინელი სურათი გადაეშალათ. მათ პირველი გახრწნილი გვამისგან ათიოდე მეტრში მეორე ბავშვის გვამიც აღმოაჩინეს. მეორე გვამიც გახრწნილი იყო და მასაც მატლები ესეოდა. სისხლის სამართლის საქმე გენერალურ პროკურატურაში აღიძრა განზრახ მკვლელობის მუხლით და მისი გამოძიება გამოცდილ პროკურორს, უჩა ჩხეტიას დაავალეს.
გულმოკლული დედა
ბოტანიკურ ბაღში გვამები 1 აგვისტოს აღმოაჩინეს. იმ პერიოდში სიცხე 40 გრადუსს აღწევდა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებმა ივარაუდეს, რომ ეს საზარელი მკვლელობა, მაქსიმუმ ერთი კვირის წინ, 25 ივლისს იყო ჩადენილი. მოკლული ბავშვები დაახლოებით 8-9 და 11-12 წლისანი იყვნენ. ორივეს მოგუდვის კვალი აჩნდა. ოპერმუშაკებმა იქვე მკვლელობის იარაღიც აღმოაჩინეს. ეს იყო ჩვეულებრივი, გამძლე მასალისგან დამზადებული კანაფი, რომელსაც ჩოგნებისთვის იყენებდნენ. ჩხეტიამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაკარგული ადამიანების სიას გადახედა, მაგრამ იქ ვერც ერთი ბავშვი ვერ აღმოაჩინა. პროკურორმა ბავშვთა სახლებიც გადაამოწმა, რადგან იქიდან ხშირად გარბოდნენ ბავშვები და გამორიცხული არ იყო, რომ მოკლულები სწორედ ბავშვთა სახლის აღსაზრდელები ყოფილიყვნენ. თუმცა, არც ეს ვერსია აღმოჩნდა შედეგიანი. მაშინ ტელევიზიამ პროკურატურის განცხადება გამოაქვეყნა, რომ ორი ბავშვის ცხედარი იყო ნაპოვნი და ვისაც ბავშვები ჰყავდა დაკარგული, სთხოვდნენ გამოხმაურებოდნენ. მეორე დღესვე პროკურატურის მისაღებში ოცდაათიოდე წლის ფეხმძიმე ქალი გამოცხადდა. ის მარინე ებრალიძის სახელით გაეცნო უჩა ჩხეტიას და აღელვებულმა განუცხადა მას:
– ამხანაგო გამომძიებელო, 10 დღის წინ ჩემი შვილები – ნოდარი და ანზორი, დედაჩემმა სოფელში წაიყვანა დასასვენებლად. გუშინწინ საირმეში წავედი და რომ ვერ ვნახე, შევშინდი. შემდეგ თქვენი განცხადება მოვისმინე ტელევიზიით და გადარეულივით თქვენთან გამოვვარდი. მითხარით, რა მოხდა, მხოლოდ ბავშვები იპოვეთ თუ ქალიც?
– მხოლოდ ბაშვები ვიპოვეთ, ქალბატონო. დამშვიდდით და მიპასუხეთ, რა ხნის არიან თქვენი შვილები? – ჰკითხა უჩა ჩხეტიამ მარინე ებრალიძეს?
– ნოდარი 8 წლისაა, ხოლო ანზორი – 12-ის, – უპასუხა ქალმა პროკურორს და ნიკაპი აუკანკალდა.
პროკურორი გაფითრდა, მაგრამ ქალს სახე მოარიდა და როდესაც დამშვიდდა ჰკითხა:
– რამე განსხვავებული ნიშნები თუ ჰქონდათ თქვენს შვილებს სხეულზე? – წამოცდა უჩას და ენაზე იკბინა, რადგან „ჰქონდათ“ მიცვალებულებზე ითქმოდა.
– ნოდარს ნუშის ფორმის ხალი აქვს მარცხენა თეძოზე, ხოლო ანზორს კი მარჯვენა მუხლზე ღრმა იარა ამჩნევია. პატარაობაში სარს წამოეგო მუხლით და იმიტომ, – უპასუხა ქალმა.
ამის გაგონებაზე უჩა ჩხეტია კიდევ უფრო გაფითრდა, შემდეგ ძალა მოიკრიბა და ქალს უთხრა:
– ქალბატონო, პროზექტურაში უნდა წამობრძანდეთ და ჩვენ მიერ ნაპოვნი ცხედრები ნახოთ.
ერთი საათის შემდეგ უჩა ჩხეტია, მარინე ებრალიძე და პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფის წევრები პირველი კლინიკური საავადმყოფოს პროზექტურაში მივიდნენ. უზარმაზარი მაცივრიდან მორიგე სანიტარმა მოკლული და ნახევრად გახრწნილი ბავშვების ცხედრები გამოიღო და მარინე ებრალიძეს მოუხმო.
ქალმა დახედა თუ არა ცხედრებს, ჩაილაპარაკა:
– ესენი არიან, – და ხელებში ჩაუვარდა მისაშველებლად მომზადებული უჩა ჩხეტიას.
გაუჩინარებული ბებია
სანამ მარინე ებრალიძე გამოჩნდებოდა, უჩა ჩხეტია და გენპროკურატურის საგამოძიებო ჯგუფი მანიაკის გამოჩენის ვერსიას ამუშავებდნენ. თუმცა, მარინეს ჩვენების შემდეგ, მათ მიმართულება შეცვალეს და გაუჩინარებულ ბებიაზე მიიტანეს ეჭვი.
– დედაჩემი ყოველთვის მეჩხუბებოდა იმის გამო, რომ შვილები ქორწინების გარეშე გავაჩინე და ორთავეს ნაბიჭვრებს ეძახდა. თუმცა, ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში. აღარ მეჩხუბებოდა და ვიფიქრე, შემირიგდა-მეთქი. რა ვიცოდი, რა ედო გულში, თორემ ბავშვებს ახლოსაც არ გავაკარებდი, – განაცხადა მარინე ებრალიძემ.
– ბავშვების მკვლელობაში დედათქვენს ადანაშაულებთ, ქალბატონო მარინე? – მორიდებით ჰკითხა უჩა ჩხეტიამ ფეხმძიმე შვილმოკლულ დედას.
– ვადანაშაულებ კი არა, უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საშინელება მან ჩაიდინა, – უპასუხა მარინემ ჩხეტიას.
იმ მომენტში გამოძიებაც ასე ფიქრობდა და ქსენია ორბელაშვილზე საკავშირო ძებნა გამოცხადა. 54 წლის ქსენიას ფოტოსურათები მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით დაიგზავნა, ხოლო მარინე ებრალიძემ კი დედამისის შესახებ განსაკუთრებული ნიშნების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა გამომძიებლებს.
– ფოტოსურათები გაქვთ, – უთხრა ქალმა უჩას, – მარჯვენა ფეხზე მას ნოდარის მსგავსად ნუშისებრი ხალი აქვს. დედაჩემს აგრეთვე ბრმა ნაწლავის ოპერაციისგან დარჩენილი იარის კვალი ამჩნევია და მარცხენა ძუძუს ქვევით ოთხი ჯვარის ფორმის ხალი აქვს.
დამატებითი ნიშნების დაფიქსირების ინიციატივა თავად მარინე ებრალიძისგან მომდინარეობდა, რადგან მან უჩას უთხრა:
– დედაჩემი პროფესიით გრიმიორია და ვინიცობაა გარეგნობა შეიცვალოს, ხალებსა და იარებს ვერაფერს მოუხერხებსო.
ნოდარ და ანზორ ებრალიძეები 5 აგვისტოს დაასაფლავეს. ქსენია ორბელაშვილზე ძებნა 9 აგვისტოს გამოცხადდა, ხოლო 11 აგვისტოს აზერბაიჯანიდან უჩა ჩხეტიამ სპეცშეტყობინება მიიღო, რომელშიც ეწერა: „მოგახსენებთ, რომ ამა წლის 10 აგვისტოს მტკვარმა უცნობი ქალის ცხედარი გამორიყა. ექსპერტიზის დასკვნამ ცხადყო, რომ ქალი დაახრჩეს. გარდა ამისა, მას სახე ბასრი საგნით აქვს დასახიჩრებული, შემდეგ კი – თევზებისგან შეჭმული. ცხედრის დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ მას განსაკუთრებული ნიშნები, ან ოპერაციის შედეგად დარჩენილი იარები, არ აქვს სხეულზე. მოკლულის საზაფხულო პიჯაკში აღმოჩენილია საბჭოთა კავშირის მოქალაქის პასპორტი, რომელიც 54 წლის ქსენია ორბელაშვილის სახელზეა გაცემული.
უჩა ჩხეტია განსაკუთრებით იმან დააფიქრა, რომ ორბელაშვილზე გაცემულ პასპორტის მფლობელს სხეულზე არანაირი განსაკუთრებული ნიშანი არ აღმოაჩნდა. ამიტომ, გამოცდილი პროკურორი ღრმად ჩაფიქრდა და სხვა ვერსიებზე დაიწყო მუშაობა.
ახალი ვერსია
აზერბაიჯანიდან მოსული ინფორმაციის შემდეგ უჩა ჩხეტიამ ვერსია შეცვალა და მარინე ებრალიძის ახლობელთა წრის შესწავლა დაიწყო. უპირველესად, მან დაადგინა, რომ მარინე ებრალიძეს მოკლული ბიჭები, გივი კაჭკაჭიშვილისგან ჰყავდა. კაჭკაჭიშვილი მუქთახორა იყო და ამის გამო ორჯერ ციხეში იჯდა. ჩხეტიამ გაიგო, რომ კაჭკაჭიშვილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში სისტემატურად აკითხავდა მარინეს და შერიგებას სთხოვდა. ბოლო ვიზიტისას, დაახლოებით ორი თვის წინათ, როდესაც მას ფეხმძიმე მარინე უნახავს, ასე დამუქრებია: „იცოდე, არ გაგახარებ, გაგამწარებ, შე კახპაო“...
ამ ინფორმაციის საფუძველზე ჩხეტიამ კაჭკაჭიშვილი დააკავა და დაჰკითხა. თუმცა, მან უარყო საკუთარი შვილების მკვლელობა და განაცხადა, რომ 10 ივლისიდან 30 ივლისამდე მოსკოვში იმყოფებოდა და ფიზიკურად ვერ მოახერხებდა დანაშაულის ჩადენას. გამომძიებელმა ეს ინფორმაცია გადაამოწმა და როდესაც დადასტურდა, იძულებული გახდა უდანაშაულო კაჭკაჭიშვილი გაეთავისუფლებინა.
უჩა ჩხეტია მარინე ებრალიძის ახალი პარტნიორითაც დაინტერესდა და გაარკვია, რომ ქალი ვინმე სიმონ ჭუჭულაშვილისგან იყო ფეხმძიმედ. ჭუჭულაშვილი 25 წლის კოხტაპრუწა ახალგაზრდა გახლდათ. როგორც გამომძიებელმა შეიტყო, ჭუჭულაშვილი თავგამოდებული მექალთანე იყო. მას ებრალიძის გარდა სხვა საყვარლებიც ჰყავდა და ქალების ხარჯზე გაჰქონდა თავი. ჩხეტიამ ჭუჭულაშვილი დააკავა და დაჰკითხა, ხოლო შემდეგ ის ბინა გაჩხრიკა, სადაც სიმონი ოთახს ქირაობდა.
ჭუჭულაშვილმა, რა თქმა უნდა, მკვლელობაში მონაწილეობა უარყო და ჩხეტიას დაუმტკიცა, რომ მკვლელობის პერიოდში ის და მისი საყვარელი სოჭში იმყოფებოდნენ და სასტუმრო „სვეტლანაში“ ცხოვრობდნენ. ჩხეტიამ ეს ვერსიაც გადაამოწმა და მიუხედავად იმისა, რომ ჭუჭულაშვილი მართალი აღმოჩნდა, ალფონსი ყმაწვილი მაინც არ გაათავისუფლა.
– ამ ფაქტს როგორღა ახსნით? – ჰკითხა უჩამ ჭუჭულაშვილს და მის ნაქირავებ ბინაში ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი ტალახიანი ფეხსაცმელი დაუდო წინ.
– რა ფაქტს? – მხრები აიჩეჩა სიმონმა.
– ამ სპორტულ ფეხსაცმელზე აღმოჩენილი ტალახი შემთხვევის, ანუ მკვლელობის ადგილზე აეკრა ბოტასებს, – უთხრა უჩამ და თვალი თვალში გაუყარა.
– ბოტასებს ზოგჯერ მარინა იცვამდა და იქნებ ეს მას ჰკითხოთ, – მშვიდად უთხრა გამომძიებელს სიმონ ჭუჭულაშვილმა.
უჩა ჩხეტია მიტკალივით გაფითრდა. შემდეგ ხელებში ჩარგო თავი და დადუმდა.
საზარელი აღიარება
სანამ უჩა ჩხეტია ახალ ვერსიებს ამოწმებდა, მარინე ებრალიძე სოხუმში იყო წასული და ისვენებდა. ქალმა არც დედამისის ცხედრის აღმოჩენის შესახებ იცოდა რამე და არც ჩხეტია ჩქარობდა შეეტყობინებინა. 25 აგვისტოს მარინე ებრალიძე თბილისში დაბრუნდა. ხოლო 26 აგვისტოს ის უჩა ჩხეტიამ დაიბარა თავისთან.
მარინე ებრალიძე მშვიდად შევიდა ჩხეტიას კაბინეტში, სავარძელში ჩაჯდა და გამომძიებელს გაუღიმა:
– გისმენთ, რისთვის მიბარებდით?
– რატომ მოკალით დედათქვენი და თქვენი მცირეწლოვანი შვილები? – პირდაპირ მიახალა ჩხეტიამ მარინე ებრალიძეს.
მარინე წამოწითლდა, შემდეგ წყალი დალია, მოულოდნელად სიგარეტს დასწვდა, გააბოლა და თხრობა დაიწყო:
– სიმონ ჭუჭულაშვილისთანა კაცი მე ჯერ არ მყოლია. ის მე სიგიჟემდე მიყვარს და მას ჩემთან გადმოსვლას ვემუდარებოდი. თუმცა, უარზე იყო და მეუბნებოდა: „შენს ნაბიჭვრებს ვერ შევეგუებიო“. შემდეგ მე შევიტყვე, რომ სიმონს სხვა ქალებიც ჰყოლია და მისი დაკარგვის შემეშინდა. ამიტომ, შვილების მოკვლა გადავწყვიტე. ნოდარი და ანზორი 25 ივლისს ბოტანიკურ ბაღში წავიყვანე სასეირნოდ და ბავშვებს დახუჭობანას თამაში შევთავაზე. პირველად ანზორი დაიხუჭა, მე დრო ვიხელთე, ჩანთიდან ჩოგნის ძუა ამოვიღე და ნოდარი დავახრჩე. შემდეგ ანზორს ჯერ ქვა ჩავარტყი თავში და გავთიშე, მერე კი ისიც დავახრჩე. სახლში რომ მივედი, დედაჩემს ვთხოვე, სასეირნოდ წამომყოლოდა. ჩვენ სოღანლუღში წავედით. მოვატყუე და ვუთხარი, რომ იქ ჩემი მეგობარი ცხოვრობდა მტკვრის პირას. უკვე ბინდდებოდა, როდესაც მე ჯერ ქვა ჩავარტყი დედაჩემს, შემდეგ დავახრჩვე და ბოლოს დანით დავუჩეხე სახე, რადგან თვალები ჰქონდა გახელილი და ვერ გავუძელი ამას. მერე ის წყალში გადავაგდე და თბილისში დავბრუნდი.
მარინე ებრალიძემ სექტემბერში იმშობიარა. მას გოგონა გაუჩნდა, რომელიც ბავშვთა სახლში ჩააბარეს. ქალი უმაღლესმა სასამართლომ გაასამართლა და დახვრეტა მიუსაჯა. პასუხისგებაში მისცეს სიმონ ჭუჭულაშვილიც. მას ჩხეტიამ წაქეზების მუხლი მიუყენა და 6 წლით დააპატიმრეს. თუმცა, სიმონი პატიმრებმა ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი საკანში ჩამოახრჩეს.
ორი შვილისა და დედის მკვლელი მარინე ებრალიძე ციხის სარდაფში დახვრიტეს.