რა უნდა გაითვალისწინოთ 2011 წელს და რას გპირდებათ კონკრეტულ წლებში დაბადებულ ადამიანებს წლის მბრძანებელი
ახალ წელს ყველა იმედის თვალით შეჰყურებს და სჯერა, რომ მომავალი წელიწადი, უკეთესი იქნება, ვიდრე გასული იყო. თუ რას ჰპირდება 2011 წელი, კონკრეტული წლის სტიქიის ქვეშ დაბადებულ ადამიანს, როდის სჯობს ფულის წარმატებულად დაბანდება და რა სარისკო მოქმედებებია მოსალოდნელი მომავალში, ამაზე ინფორმაციას, ასტროლოგი, ბატონი მიშა ცაგარელი მოგვაწვდის.
მიხეილ ცაგარელი: ახალ წელს, ადამიანები ცდილობენ, გაითვალისწინონ ის რჩევები, რასაც ასტროლოგია სთავაზობს მათ. ეს კი იმის გარანტიაა, რომ მომავალი წელი გაცილებით იღბლიანი და ბედნიერი იქნება. 2011 წელი კურდღლის ანუ კატის წელიწადია და ის სულ მალე შემოაღებს კარს.
– კონკრეტულად, რას გვიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2011 წლისთვის და რა უნდა გავითვალისწინოთ ამ მხრივ?
– აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით, კონკრეტულ წელში დაბადებულმა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს ამ წლის მბრძანებლის გარკვეული რჩევები და რეკომენდაციები. კერძოდ:
ვირთხა (1936, 1948, 1960, 1972, 1984, 1996)
ვირთხის წელში დაბადებული ადამიანები ძალიან ენერგიულები, ექსცენტრულები, შეუპოვრები და თავისუფლების მოყვარენი არიან. სწორედ ამ თვისებებმა შეიძლება, შეუქმნას მათ 2011 წელს პრობლემები. გახსოვდეთ, რომ წლის მმართველი კურდღელი, იგივე კატა, სახლის მოყვარულია და არ უყვარს ექსტრავაგანტურობა. აქედან გამომდინარე, თავი რომ მოაწონოთ წლის მრძანებელს, გირჩევთ, სიტყვები სწორად შეარჩიოთ, მოახდინოთ სწორი მანევრირება და საკუთარი ქმედებების კონტროლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებისგან თანაგრძნობას ნუ ელით. ამ წლის მბრძანებელი, ასევე, არ მოგცემთ საშუალებას, სრულად გამოავლინოთ თქვენი პოტენციალი და შესაძლებლობები. გამოიჩინეთ მოთმინება, კარგად დააკვირდით, რას გთავაზობთ გარემოებები. 2011 წელს, რაც მეტ დროს გაატარებთ წყალთან, მით უკეთ იგრძნობთ თავს. თებერვლის დასაწყისამდე მოერიდეთ ახალ ნაცნობობას და კონფლიქტებს. არ აჰყვეთ პროვოკაციებს. წლის მეორე ნახევარი ხელს შეუწყობს სასიყვარულო ურთიერთობებს და საოჯახო პრობლემების გადაწყვეტას.
ხარი (1937, 1949, 1961, 1973, 1985, 1997)
კურდღლის ანუ კატის წელიწადი თქვენს ცხოვრებაში შემოიტანს ახალ პერსპექტივებს. დაგეხმარებათ გეგმების რეალიზებასა და წარმატების მიღწევაში. არ დასჯერდეთ მიღწეულს და იბრძოლეთ უკეთესი მომავლისთვის. იმოქმედეთ აქტიურად. შესაძლოა, ქმედებამ მომგებიანი ფინანსური დივიდენდი მაშინვე არ მოგცეთ, მაგრამ ნუ იჩქარებთ. ის შედეგს აუცილებლად მოგცემთ. საოჯახო ურთიერთობებში მეტი დრო დაუთმეთ ურთიერთობების გამყარებას და არა ახალი პარტნიორის ძიებას. გამოავლინეთ მაქსიმალური მოთმინება საყვარელი ადამიანის მოულოდნელი ცვლილებების მიმართ. ეცადეთ, 2011 წელს მიიღოთ ახალი ცოდნა, გაისტუმროთ ვალები წლის დაწყებამდე და მოიშოროთ ვალდებულებები. ასევე, ნუ აიღებთ ახალ სესხს.
ვეფხვი (1938, 1950, 1962, 1974, 1986, 1998)
ამ წლებში დაბადებული ადამიანები აქტიურები, აგრესიულები, ავანტიურისტული მიდრეკილებისანი არიან. ეს თვისებები კი 2011 წლის მშვიდი ბუნების მბრძანებელს არ მოსწონს. რასაკვირველია, ის ვეფხვს ვერ მოერევა, მაგრამ მისი მხრიდანაც ნუ ელით მხარდაჭერას. 2011 წელს გქონდეთ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი. ზედმეტად აგრესიული, სულსწრაფი, მოუფიქრებელი მოქმედებები მომავალ წელს მხოლოდ პრობლემებს შეგიქმნით. ამასთანავე, კურდღლის, იგივე კატის წელიწადი დაგეხმარებათ, გარკვეულწილად, კარიერულ წინსვლაში. თუმცა, უნდა იყოთ მომთმენი და კეთილგანწყობილი გარშემო მყოფთა მიმართ. მოუსმინეთ, რას გიკარნახებთ ინტუიცია. ის წარმატებისკენ გიბიძგებთ. წლის პირველი ნახევარი თქვენთვის ფინანსური თვალსაზრისით, მეტად წარმატებული იქნება, ხოლო წლის მეორე ნახევარში კი საჭირო ინფორმაციის მიღება არ გაგიჭირდებათ. იმოქმედეთ სწორად, რომ შეცდომები არ დაუშვათ. არ არის გამორიცხული, წლის დასაწყისში დიდი ხნის ნანატრი ოცნებაც კი აგიხდეთ.
კურდღელი (კატა) (1939, 1951, 1963, 1975, 1987, 1999)
თუ ვეფხვის წელიწადი დაკავშირებული იყო თქვენს ცხოვრებაში ენერგიის დაკარგვასთან, დისჰარმონიულ მოვლენებთან, მელანქოლიურ-დეპრესიულ მდგომარეობასთან, მაშინ იმედი გქონდეთ, რომ 2011 წელს უცებ გადაეწყობა მოვლენები მეტად აქტიურ ცხოვრებაზე. მართალია, წლის დასაწყისი ცოტა რთული იქნება, მაგრამ ეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ და მოთმინებით მიუდგეთ მოვლენებს. 2011 წელს თქვენ ფორტუნას რჩეული ხართ. თქვენ იწყებთ ახალ, განვითარების 12-წლიან ეტაპს. ამიტომ, ეცადეთ, ძველი საქმეები დაასრულოთ და რაიმე ახალი წამოიწყოთ. განიმსჭვალოთ ოპტიმიზმით და საფუძვლიანი საძირკველი ჩადეთ თქვენი 12-წლიანი განვითარების საწყის ეტაპზე. თუ პრობლემები შეგექმნათ, ეს იმის მაჩვენებელია, რომ წინა, განვლილი 12 წელიწადი თქვენ არასწორად იცხოვრეთ. კურდღლის იგივე კატის წელიწადი არის თქვენთვის ცვლილებების, ბედში კორექტივების შეტანის წელიწადი. დასვენების დრო არ დაგრჩებათ. ამიტომ, ენერგიები სწორად ხარჯეთ, რომ წარმატებებს მიაღწიოთ. ეცადეთ არ აყვეთ ცდუნებებს და ეჭვებს. ასევე, ეცადეთ, აღადგინოთ დარღვეული კავშირები.
დრაკონი (1928, 1940, 1952, 1964, 1976, 1988, 2000)
ამ წლებში დაბადებული ადამიანები ინდივიდუალური ცნობიერების ჭეშმარიტი წარმომადგენლები არიან. ასევე, ძლიერები და ყოველთვის ირჩევენ რთულ გზას, თუმცა, ამავდროულად, ცდილობენ, იყვნენ თავისუფლები და დამოუკიდებლები. რადგან კურდღელი ანუ კატაც ინდივიდუალურია ბუნებით, ამიტომ, საერთო ჯამში, მისთვის მისაღებია თქვენი ასეთი პოზიცია. გაითვალისწინეთ, წლის მბრძანებელს არ უყვარს მაქსიმალიზმი. 2011 წელს მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, იყავით ოჯახის წევრების მიმართ მეტად მომთმენი, ყურადღებიანი და დიპლომატი. თქვენი წარმატებები კარიერაში დამოკიდებული იქნება ახლობლებთან ურთიერთობაზე. მიიღეთ ცხოვრება ისეთად, როგორიც არის, ნაკლებად აკრიტიკეთ სხვები. წლის დასაწყისში კარგი იქნება, თუ დროდადრო საკუთარ თავთან მარტო დარჩებით და ყველაფერს გააანალიზებთ.
გველი (1929, 1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001)
ამ წელში დაბადებული ადამიანები თავდაჭერილები, პრაქტიკულები და ბრძენნი არიან. შეუძლიათ, დიდი ზემოქმედება მოახდინონ ადამიანებზე. 2011 წელი გიქადით სასიკეთო პერსპექტივებს. რაც მეტს მოინდომებთ მომავალ წელს, მით მეტს შეძლებთ. არ დაკარგოთ ზომიერების გრძნობა, არ გადაუხვიოთ სხვა მხარეს და არ დაგაბნიოთ შექმნილმა სიტუაციებმა. ნუ აჰყვებით ცდუნებებს, იყავით ფრთხილი და წინდახედული, ასევე, დაეყრდენით ინტუიციას. პატივი ეცით კოსმიურ კანონზომიერებს. საქმიან სფეროში ყური უგდეთ უფროსი, გამოცდილი ადამიანების რჩევებს და გაითვალისწინეთ მათი აზრები. 2011 წელს უფრო მეტად იქნებით დაკავებული საზოგადოებრივი საქმეებით, შესაძლოა, მოგიწიოთ კოლექტიური ინტერესების დაცვა და მაქსიმალურ პროექტებში მონაწილეობის მიღება. ეს თქვენთვის წარმატებების მომტანია მთელი წლის განმავლობაში. მეტი დრო დაჰყავით სახლში.
ცხენი (1930, 1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002)
ცხენი უფრო აქტიური, დინამიკური და ცვალებადი ტოტემია, ვიდრე კურდღელი ან კატა. არ უყვარს წლის მბრძანებელს ცხენის წელში დაბადებული ადამიანების არათანაბარი მოქმედებები. 2011 წელი მეტად ფრთხილად, აქტიურად უნდა განვლოთ. თამამად გამოავლინეთ საკუთარი ინიციატივები. ეცადეთ, არ გაღიზიანდეთ და მშვიდად ჩააბარეთ კოსმიური გამოცდები. დააკვირდით მოვლენათა განვითარებებს. მთავარია, არ გაუშვათ ხელიდან ის მომენტი, როცა სამყარო გიხსნით ახალი შესაძლებლობების კარებს. მომავალ წელს, მოასწარით ჩანაფიქრების რეალიზება. საერთო ჯამში, მომავალი წელი მოგიტანთ ახალ შესაძლებლობებს, ნაცნობობას, საქმიან კავშირებს. კარგია სწავლა, ახალი პროფესიის ათვისება, უცხოეთთან კონტაქტი. 2011 წელი ხელს შეუწყობს მრავალფეროვან რომანტიკულ-სასიყვარულო კავშირების დამყარებას. პოზიტიურია შემოქმედებითი მუშაობა. წლის პირველ ნახევარში მოთოკეთ ამბიციები, წლის მეორე ნახევარში კი – იგრძნობთ მხარდაჭერას მეგობრებისა და საზოგადოების მხრიდან.
თხა (1931,1943,1955, 1967, 1979, 1991, 2003)
2011 წელს შედიხართ იმ ნიშანთა წრეში, რომლებსაც ფორტუნა უღიმის. ამაში წლის მბრძანებელი კურდღელი ანუ კატაც დაგეხმარებათ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ტრადიციებს. გაგიმართლებთ სოფლის მეურნეობაში, მშენებლობაში, ხელსაქმეში. არ გადაუხვიოთ რეფორმატორულ სულისკვეთებას. არ არის გამორიცხული, მოგიწიოთ ურთიერთობათა წრის შეცვლა. ასევე, არ არის გამორიცხული ადგილსამყოფლის შეცვლაც. 2011 წელს შეძენილი ბინა ბედნიერების მომტანი იქნება თქვენთვის. ძალა და ჯანმრთელობა ხელს შეგიწყობთ წარმატების მიღწევაში. წლის მთავარი ხიფათი უკავშირდება საკუთარი შესაძლებლობებისადმი რწმენის შემცირებას, რაც ნეგატიურად აისახება თქვენზე. მეტი დრო დაუთმეთ ახალი ცოდნის მიღებას, უცხო ენების შესწავლას.
მაიმუნი (1932, 1944, 1956, 1968, 1980, 1992, 2004)
ამ წლებში დაბადებული ადამიანები მეტად მოძრავნი, აქტიურები, გონებამახვილები, კომუნიკაბელურები და ცვალებადი ხასიათისანი არიან. ასეთი ფსიქოტიპი ნამდვილად არ მოსწონს 2011 წლის მბრძანებელ კურდღელს ანუ კატას, რის გამოც ზოგიერთ თქვენგანს პრობლემები და სირთულეები შეექმნება. ასევე, ამ წლის მბრძანებელმა შესაძლოა, შეზღუდოს თქვენი სურვილების ასრულების არეალი, შეგიქმნათ დამატებითი წინააღმდეგობები იდეების რეალიზებისას. წელი მოთმინებით განვლეთ და გამოიჩინეთ მეტი წინდახედულობა. ამით გვერდს აუვლით ამ ნეგატიურ მოვლენებს. 2011 წელი ხელს შეუწყობს თქვენი გონებამახვილობის დაფასებას მეგობრულ და თანამოაზრეთა წრეში. არ გაუნაწყენდეთ იღბალს და არ გამოავლინოთ პრეტენზიები სხვების მიმართ. თუ არ იფიქრებთ ცუდზე, მაშინ ძალა და ენერგია ყველაფერში გეყოფათ. უცხოელებთან კონტაქტი უმჯობესია, წლის მეორე ნახევრისთვის დაგეგმოთ. წლის პირველ ნახევარში კი მოაგვარეთ პარტნიორული ურთიერთობები, როგორც კარიერასა და ბიზნესში, ასევე სასიყვარულო სფეროში.
მამალი (1933, 1945, 1957, 1969, 1981, 1993, 2005)
თეთრი კურდღლის ანუ იგივე კატის წელიწადში, ამ წლებში დაბადებულთა უმრავლესობა, დაეყრდნობა ძირითადად საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებს, ვიდრე ფორტუნის კეთილგანწყობას. ნებისმიერმა ადვილად შესრულებულმა საქმემ, შესაძლოა, წინაღობები შეგიქმნათ. თუმცა, სასოწარკვეთაში ნუ ჩავარდებით, რადგან ეს წელიწადი მეტად უწყობს ხელს მიღწეულის შენარჩუნებას და გაძლიერებას. 2011 წელს ნუ დაისახავთ მიზნად მწვერვალების დაპყრობას, მეტი ყურადღება დაუთმეთ მივიწყებულ, დაუსრულებელ პროექტებს და ეცადეთ, მოახდინოთ მათი რეალიზება. ასე თუ მოიქცევით, ეს წელიწადი მშვიდად ჩაივლის და სასიკეთო ელფერს შეიძენს. არ არის სასურველი, რამეს შეცვლა საოჯახო ურთიერთობებში. თუმცა, ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება მოეჩვენოს, რომ კრიზისი უკვე მომწიფდა. არ აჰყვეთ ცდუნებებს ამ მხრივ. ეს წელიწადი გამოცდებს უწყობს საქორწინო, სასიყვარულო ურთიერთობებს და ერთგულებას წყვილებს შორის. წლის მეორე ნახევარში ადვილად გადაწყვეტთ ფინანსურ პრობლემებს. ეცადეთ, საბუთები მუდმივად წესრიგში გქონდეთ, რომ დაბრკოლება არ შეგექმნათ.
ძაღლი (1934, 1946, 1958, 1970, 1982, 1994, 2006)
ძაღლი და კატა ერთმანეთის მტრებიც არიან და მეგობრებიც და ეს კარგად იციან იმ ადამიანებმა, ვისაც ეს ორივე ცხოველი სახლში ჰყავს. ასე რომ, კურდღლის ანუ კატის წელიწადში, ძაღლის წელში დაბადებულ ადამიანებს ამ წლის მბრძანებლის კეთილგანწყობის იმედი უნდა ჰქონდეთ. 2011 წელს ძაღლის წელში დაბადებულ ადამიანებს დაუბრუნდებათ ის დადებითი კარმა, რომელიც მათ წინა 12 წლის განმავლობაში დააგროვეს. თუ განვლილი 12 წელიწადი კეთილსინდისიერად იცხოვრეთ, მაშინ ამ წელს დაჯილდოვდებით ახალი წარმატებებით. თქვენ შეიძლება, აღმოჩნდეთ მოულოდნელი იღბლის, მოგების, საინტერესო წინადადების, სამსახურის ან მატერიალური პერსპექტივის წინაშე. ასევე, სასიკეთოდ შეიცვლება თქვენი როლი და გავლენა ოჯახში. მაგრამ, თუ წინა წლებში დააგროვეთ კარმული ვალები, მაშინ პრობლემები და სირთულეებია მოსალოდნელი. თავი შეიკავეთ გაღიზიანებისა და აგრესიისგან, მშვიდი ურთიერთობა გქონდეთ ადამიანებთან.
ტახი (1935, 1947, 1959, 1971, 1983, 1995, 2007)
ტახის წელიწადში დაბადებული ადამიანებისთვის 2011 წელი გარკვეულად რთული ტენდენციების წელიწადია. ის მეტად რთულია პირადი მიზნებისა და ურთიერთობების თვალსაზრისით, თუმცა ხელს შეუწყობს საქველმოქმედო აქციებში წარმატებების მიღწევას. საქმიანობის ისეთი სფერო მონახეთ, სადაც საზოგადოებისთვის სასარგებლოდ წარმოჩინდებით. წელს ნაკლებად მიიღებთ მატერიალურ დივიდენტებს, სამაგიეროდ, მიიღებთ საზოგადოების სიყვარულსა და მადლიერებას. ეჭვი ნუ შეგეპარებათ იმაში, რომ ეს სამომავლოდ თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს. წლის პირველი ნახევარი მაცდუნებელია თქვენთვის რომანტიკულ ურთიერთობებისა და თავგადასავლების კუთხით, წლის მეორე ნახევარი კი – ხელს შეუწყობს სამსახურებრივ წინსვლას.
– ბატონო მიხეილ, როდის ჯობია 2011 წლის განმავლობაში ფულის საქმეში წარმატებულად დაბანდება, სარისკო მოქმედებები და ზოგადად, რომელი პერიოდებია ამ მხრივ მეტად პოზიტიური და სასარგებლო?
– 2011 წლის გარკვეულ დროში ფულის დაბანდება და სარისკო მოქმედებები გამართლებულია. თუმცა, ეს დრო ზუსტად უნდა იცოდეს ადამიანმა. 1 – 7 იანვარი, 10 ოქტომბერი – 2 ნოემბრის პერიოდში მეტი ურთიერთობა დაამყარეთ საბანკო, სადაზღვევო და საბაჟო ორგანიზაციებთან. ასევე, კონკრეტული ინიციატივის და სარისკო მოქმედების გამოვლენა წარმატების მომტანია. ადვილად არის შესაძლებელი მატერიალური შემოსავლის მიღება, დაბანდება და პარტნიორებისგან დახმარების მიღება. 8 იანვარი – 4 თებერვალისა და 3 – 26 ნოემბრის პერიოდში მომგებიანია ფულის უცხოეთში დაბანდება, ასევე საგამომცემლო სფეროში, პროფესიონალურ სპორტში ან სწავლაში ჩადება. 5 თებერვალი – 2 მარტისა და 27 ნოემბერი-20 დეკემბრის პერიოდებში მეტ შემოსავალს მიიღებთ, თუ გაითვალისწინებთ ხელმძღვანელი პირების მოთხოვნებს. არ არის გამორიცხული, პრემიის სახით მიიღოთ გარკვეული თანხა. 3-27 მარტისა და 21-31 დეკემბრის პერიოდში გელით მოულოდნელი შემოსავლები და წარმატებები. ასევე, იმატებს შემთხვევითი შემოსავლებიც კოლექტიურ საქმიანობაში. 28 მარტი – 21 აპრილის პერიოდში შესაძლებელია, დამატებითი თანხების მიღება. ასევე, იმატებს საიდუმლო ფინანსური გარიგებების, მოლაპარაკებებისა და სანდო წყაროების ალბათობაც. ამიტომ, ნუ აყვებით შანტაჟს და ნურც ავანტიურულ ქმედებებში მიიღებთ მონაწილეობას. 22 აპრილი – 16 მაისის პერიოდი ხელს უწყობს ინიციატივის გამოვლენას, პროექტების სისრულეში მოყვანას, ბიზნესის წარმოებას. გონივრულად ხარჯეთ ფული, რომ არ დაზარალდეთ. 17 მაისი – 9 ივნისის პერიოდი უკავშირდება როგორც ფულის ხარჯვას, ასევე კაპიტალის დაგროვებას. კარგია კაპიტალდაბანდებები, მატულობს შემოსავლების მიღების, ხელფასების ზრდის შესაძლებლობები. 10 ივნისი – 4 ივლისის პერიოდში ადამიანებს ფორტუნა დაეხმარება მიიღონ ის ინფორმაცია, რაც შემდგომში მათ შემოსავლებზე დადებითად აისახება. კარგია მოლაპარაკებები, შეხვედრები და აზრთა გაცვლა-გამოცვლა საქმიან პარტნიორებთან. ასევე, კარგია საქმიანი კონტაქტების დამყარება, ვაჭრობა. 5-28 ივლისის პერიოდში პრობლემები იჩენს თავს უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. არ არის გამორიცხული, ნათესავების მხრიდან მიიღოთ მატერიალური დახმარება. ასევე, მოიმატებს წინასწარ განუსაზღვრელი შემოსავლების მიღების ალბათობაც. 29 ივლისი – 22 აგვისტოს პერიოდში არ არის გამორიცხული ფული ადვილად მოიპოვოთ მოგების ხარჯზე. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ ფულის უმიზნო ხარჯვამ ამ პერიოდში, კრიზისში ჩაგაგდოთ. მატულობს ავანტიურული მოქმედებებისადმი ლტოლვა. კარგი პერიოდია სარეკლამო ბიზნესისთვის, ბიზნესში დამატებითი კაპიტალდაბანდებისთვის. 23 აგვისტო – 15 სექტემბრის პერიოდი შემოსავლის დამატებითი წყაროს ძიების დროა. კარგია ურთიერთობა კოლეგებთან, დამატებითი სამუშაოდან გარკვეული ფინანსების მოდინების კუთხით. 16 სექტემბერი – 10 ნოემბრის პერიოდი წარმატებების მომტანია. კარგია ინვესტიციებისთვის, ასევე, საბუთების გასაფორმებლად და გარიგებების დასაწყებად.