73 წლის კასპელი ლევან გელაშვილი შვილმა ციხის გზას გაუყენა
73 წლის მოხუცს, კასპელ ლევან გელაშვილს გორის სასამართლომ 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა! მხცოვანი კაცი ხულიგნად შერაცხეს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამ დანაშაულში საკუთარმა შვილმა ამხილა. სწორედ შვილის ბრალდების საფუძველზე გახდა გელაშვილი პატიმარი, რომელიც ციხეში უკვე რამდენიმე თვეა იმყოფება. საბედნიეროდ, ცოტა ხნის წინ მოხუცს გაუმართლა – თბილისის სააპელაციო სასამართლომ მას ბრალდება მოუხსნა – ხულიგნობა მუქარის მუხლით შეუცვალა და ერთი წლით კვლავ ციხეში დატოვა.
კანონის თანახმად, 65 წლის მამაკაცი საციხედ ხანდაზმულად მიიჩნევა. აქედან გამომდინარე, ალბათ, ძალიან საინტერესოა ასეთი რა ჩაიდინა გელაშვილმა, რომ 73 წლის ასაკში დააპატიმრეს. თუმცა, ყველაზე გამაოგნებელი ისაა, რომ მოხუცი, რომელსაც არავინ მოუკლავს, ვერც შეწყალებულთა სიაში მოხვდა. ეს მაშინ, როდესაც მისი პატიმრობის პერიოდში, საქართველოში რამდენიმე შეწყალების აქტი განხორციელდა.
ლევან, იგივე ლეო გელაშვილს 4 წლით პატიმრობა გორის სასამართლომ 2009 წლის იანვარში მიუსაჯა და რისთვის – მან შვილსა და რძალს აგინა და როგორც გამოძიება ირწმუნება, ხელში ქვაც (და არა ქვები) ეჭირა. მართალია მოხუცს ქვა არავისთვის მოუტყამს, მაგრამ მისმა შვილმა ამხილა – ხელის მტევანში ჩამარტყაო და მამას უჩივლა. რა დაზიანება მიიღო მოხუცის გაზრდილმა უცნობია, ყოველ შემთხვევაში, საქმეში არსადაა დაფიქსირებული პატიმრის შვილმა რა ხარისხის დაზიანება მიიღო. ეს ფაქტორი კი იმაზე მიანიშნებს, რომ მას სერიოზული არაფერი მოსვლია.
საგულისხმოა ის დეტალიც, რომ მოხუცი ხულიგნობისთვის მაშინვე კი არა, მომხდარიდან ერთი თვის შემდეგ დააკავეს. როგორც ირკვევა, მას გირაო შეეფარდა პატიმრობის უზრუნველყოფით (ასეთ დროს ვიდრე დაკავებული ფულს არ გადაიხდის ციხიდან ვერ გამოვა). ცხადია, პენსიონერს ფული არ ჰქონდა და ამიტომ პატიმრობაში დატოვეს. შემდეგ კი 4 წლით ციხის გზას გაუყენეს.
საბედნიეროდ, ცოტა ხნის წინ სააპელაციო სასამართლომ მოხუცის საქმე ხელახლა განიხილა და სასჯელი შეუმსუბუქა. მეორე ინსტანციამ და მოსამართლეებმა გელაშვილს ხულიგნობა მუქარის მუხლით შეუცვალეს – ოთხი წლის ნაცვლად, მოხუცი ციხეში 1 წელს გაატარებს.
ტრაგიკული მამაშვილობა
მამა-შვილი გელაშვილები კასპის რაიონიდან არიან. როგორც ირკვევა, ისინი წლების განმავლობაში სახლის ფართის თაობაზე დავობდნენ. როგორც ჩანს, მომხდარი ინციდენტიც სწორედ ამის გაგრძელება ყოფილა.
გამოძიების მასალების თანახმად: „2008 წლის 30 სექტემბერს ლევან გელაშვილმა სახლში თანასოფლელ გივისთან ერთად დალია და დათვრა. მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, დაახლოებით 19 საათზე, შეამჩნია, რომ მისი შვილი გიორგი არყის გამოსახდელ ქვაბს ამზადებდა. მან უცენზურო სიტყვებით ლანძღვა-გინება დაუწყო შვილსა და რძალს და არყის გამოსახდელი ქვაბი გადააყირავა. შვილმა მეუღლე და მისი მცირეწლოვანი შვილები მამას გაარიდა, ისინი მეზობელთან, ეკა ს-სთან გაიყვანა. ლევან გელაშვილმა კვლავ განაგრძო ხულიგნური მოქმედება, მათ ქვით შეიარაღებული გაეკიდა და მეზობლის ეზოსთან, შვილისა და რძლის მისამართით გინება გააგრძელა. ცდილობდა ქვა დაერტყა მათთვის. მან შვილს მომარჯვებული საგანი, ქვა ჩაარტყა მარჯვენა ხელის მტევანში. შვილმა, გიორგიმ, შიგნიდან დაიჭირა ეზოს ჭიშკარი და არ მისცა საშუალება მამას მათთან მისულიყო, რომელიც ჭიშკარს გარედან ქვას ურტყამდა და აწვებოდა, ცდილობდა ეზოში შეჭრას და ხმამაღლა განაგრძობდა ოჯახის წევრების მისამართით ლანძღვა-გინებას. ყვირილისა და გინების ხმაზე ცუდად გახდა მეზობელი ეკა ს. იქვე მოგროვდნენ სხვა მეზობლები: ივანე ს, რამინ ჯ, მარიამ ბ და გულქან დ, რომელთა თანდასწრებითაც მოხუცი ყველას მიმართ უწმაწური სიტყვებით ლანძღვა-გინებასა და ჭიშკარზე ქვების დარტყმას განაგრძობდა. მისი ხულიგნური ქმედება 30 წუთი გაგრძელდა, რითაც მან უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა ძალადობით, რის შემდეგაც მისი ხულიგნობა აღკვეთეს იქ შეკრებილმა მოქალაქეებმა“.
სასამართლო პროცესზე მოხუცმა ნაწილობრივ ცნო თავი დამნაშავედ – კი ვილანძღებოდი, მაგრამ ქვა არვისთვის გამირტყამსო. თუმცა, სასამართლომ ეს არ გაიზირა: „სასამართლოს წინაშე ცდილობს მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევასო“.
ასე რომ მოხუცს არ დაუჯერეს, რადგან მისმა მომჩივანმა შვილმა, გიორგი გელაშვილმა მამა ამხილა. მისი ჩვენებით, იმ დღეს მინდვრიდან სახლში დაბრუნდა და არყის გამოხდა დააპირა. ამ დროს ნასვამი მამამისი თანასოფლელებთან ერთად ეზოდან ქუჩაში გასულა – მამაჩემი ჩემი და ჩემი ცოლ-შვილის მისამართით იგინებოდა. ამის შემდეგ სახლში შემობრუნდა და თავის ოთახში შევიდა, მაგრამ მალე გამოვარდა, ლანძღვა დამიწყო და არყის ქვაბი ამომიტრიალა, რის გამოც ცოლ-შვილი მეზობელთან გავარიდეო. მისივე თქმით – იმ დროს, როდესაც ეზოში შევდიოდი, კარის მოხურვისას მამაჩემი მომეპარა და ქვა ჩამარტყა მარჯვენა მტევანში, თან ისევ მაგინებდა და ცდილობდა ისიც მეზობლის ეზოში შემოსულიყო. ამ კონფლიქტის გამო მეზობელი, ეკა ს. ცუდად გახდა, ხმაურზე კი სხვა მეზობლებიც შეგროვდნენ, რომლებიც აწყნარებდნენ მამას, მაგრამ ის მაინც განაგრძობდა ჩხუბსა და გინებასო.
ყველა მოწმე, ვინც კი ჩხუბისას უბანში შეგროვდა, სასამართლოზე უკლებლივ დაიკითხა. მათი ჩვენებები „კაპიროვკით“ გადაღებულს უფრო ჰგავს. თუმცა, ისინი ამბობენ, რომ დაინახეს მეზობლის ჭიშკართან ქვით ხელში მყოფი ლევან გელაშვილი, რომელიც ეზოსკენ იწევდა, თან იგინებოდა და ამის გამო შევგროვდითო.
რაც შეეხება ეკა ს-ს, რომელიც გინებაზე ცუდად გახდა, აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ვერ ავიტანე, სახლში შევედი, წამალი დავლიე და წამოვწექი. თუმცა, მეზობლის ხმა გავიგე და ისევ გარეთ გამოვედიო, ანუ, მას სერიოზული არაფერი დამართნია.
ასეთია კანონი – სწორედ იმიტომ, რომ ინციდენტს ამდენი მეზობელი შეესწრო, სამართალდამცველებმა მოხუცს ბრალი ხულიგნობაში დასდეს (სსკ 239-ე მუხლის მესამე ნაწილით). რაც ნიშნავს: „ხულიგნობა ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას ჩადენილი ძალადობით, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით“ (სხვა საგანში ქვა იგულისხმება).
განაჩენში ვკითხულობთ: „განსასჯელს სასჯელის სახედ უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რაც დაკავშირებულია თავისუფლების აღკვეთასთან იმ ზომით, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და მის რესოციალიზაციას“, ანუ 4 წლით პატიმრობა სასამართლომ მოხუცისთვის დამსახურებულად მიიჩნია.
მოხუც გელაშვილს, რომელსაც სახაზინო ადვოკატი იცავდა, როგორც ჩანს გულთან ახლოს მიიტანა მკაცრი სასჯელი და განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ცნობისათვის: როდესაც საქმე, მით უმეტეს ასაკოვან პატიმარს ეხება, თითქმის ყველა შემთხვევაში, ადვოკატები ცდილობენ სასამართლოს წარმოუდგინონ დაავადებების მთელი ნუსხა, რითაც სასამართლოს არწმუნებენ, რომ ასეთი ავადმყოფის ციხეში ყოფნა დაუშვებელია. მოხუცის შემთხვევაში ფაქტი სახეზე იყო. როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა: „ფაქტობრივად, ეს ისეთი შემთხვევაა ჩემს პრაქტიკაში, როდესაც რამე დოკუმენტური მტკიცება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის დასამტკიცებლად საჭიროდ არ მიმაჩნია, რამეთუ მისთვის ვიზუალური შეხედვითაც სრულიად ნათელი სურათი იქმნება მის მდგომარეობაზე“.
გარდა ამისა, ადვოკატმა ხაზი გაუსვა: „რთულია იმაზე საუბარი, რომ საქართველოში დაბადებული და გაზრდილი კაცი საკუთარ მამას ასეთი სასჯელისთვის იმეტებს. არ მგონია არსებობდეს რამე გარემოება, რაც შვილის ასეთ საქციელს გაამართლებდა. მით უმეტეს, ირკვევა, რომ შვილმა ადვოკატი აიყვანა და ადვოკატთან ერთად პატიმარი მამის წინააღმდეგ „საბრძოლველად“ მოემზადა. რა თქმა უნდა, ადვოკატის აყვანა კანონით გარანტირებული უფლებაა, მაგრამ მე, პირადად ეს გარემოება სხვა რამეს მიმანიშნებს – პატიმრის შვილი და რძალი იმდენად იყვნენ დაინტერესებულნი მოხუცის მოცილებით, რომ ამისთვის ყველა კანონიერ თუ უკანონო რესურსს იყენებენ“.
ვინაიდან მოხუცს ბრალი მეზობლების უპატივცემულობაშიც დასდეს, ადვოკატი ასაბუთებდა, რომ პატიმარი მათ არაფერს ერჩოდა: „დიახ, ის შეურაცხყოფას აყენებდა შვილსა და რძალს, მაგრამ ის მოქმედებდა პირადი მოტივით, იგი არ იყო საზოგადოებას დაპირისპირებული. ან როგორ შეიძლება დაუპირისპირდეს საზოგადოებას 73 წლის მოხუცი? თუმცა, საკითხავია, მის შვილს უფრო ამოძრავებდა პირადი მოტივი თუ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს?“
საბოლოოდ ადვოკატმა ითხოვა მისთვის ოთხწლიანი პატიმრობა გაეუქმებინათ, გამამართლებელი განაჩენი გამოეტანათ და მოხუცი დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ. მართლაც, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს ხულიგნობის ბრალდება მოუხსნა და დანაშაული მუქარის მუხლით დააკვალიფიცირა: „სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა“ (სსკ 151-ე მუხლი). გელაშვილი ციხეს რამდენიმე თვეში დატოვებს.
ეკა ბარაბაძე