საშიში „მრუდე სარკე“ შავი ხვრელის ირგვლივ
პარიზში ასტროფიზიკის ინსტიტუტის სწავლულებმა კომპიუტერული გრაფიკის დახმარებით გამოსახეს, როგორი იქნებოდა ხილული სამყარო, თუ დამკვირვებელი მას ეგრეთ წოდებული შავი ხვრელის „შესასვლელიდან“ დააკვირდებოდა და ასეთი დასკვნა გამოიტანეს: „ადამიანი იქიდან წარმოუდგენლად უცნაურ და საშიშ სურათს დაინახავდა“.
თეორიის თანახმად, შავი ხვრელები – ეს სივრცე-დროითი არეებია უზარმაზარი მასით და მატერიის წარმოუდგენელი სიმკვრივით. მათ იმდენად ძლიერი გრავიტაცია აქვთ, რომ თავის ხაფანგში იჭერენ ყველაფერს, რაც კრიტიკულ მანძილზე იმყოფება, სინათლის კვანტის ჩათვლით.
შავ ხვრელში მოხვედრილი ობიექტი, მათ შორის სინათლეც, უკან უკვე ვეღარ დაბრუნდება. ეს ხვრელები არც საკუთარ სინათლეს ასხივებს და აბსოლუტურად უჩინარი (შავი) რჩება. ამიტომ დაარქვეს მათ „კოსმოსური ხაფანგები“.
კომპიუტერით გენერირებულ გამოსახულებაზე, შავი ხვრელი, როგორც რაიმე პრიმიტიული მრგვალი ობიექტი ცენტრშია მოთავსებული, ის რაც მის ირგვლივ იმყოფება, ერთი შეხედვით, ღრმა კოსმოსის უკვე ნაცნობი სურათია – ვარსკვლავებით და გალაქტიკებით. სინამდვილეში, ყურადღებით დაკვირვებისას, აღმოჩნდება, რომ მთელი სურათი – ეს ძალზე უცნაური ორმაგი გამრუდებაა, გამოწვეული იმით, რომ სამყაროს სინათლე შავი ხვრელის უმძლავრესი გრავიტაციით მიზიდული, თითქოსდა მრუდდება მის ირგვლივ. ამგვარად, გარდა ხილული ცის ნაწილისა, უშუალოდ, „კოსმოხაფანგის“ ახლოს ჩვენ ვხედავთ მის „სარკულ ანარეკლს“.
შესაბამისად, ობიექტებს, რომლებიც განლაგებულია ამ „სარკის“ ირგვლივ, აქვს საკუთარი ანარეკლი „სარკეში“, მაგრამ ბევრად უფრო პატარა. გადიდებულ კომპიუტერულ სურათზე ჩანს ორი იდენტური, მაგრამ ზომით სხვადასხვა მცირე მაგელანის ღრუბლის გამოსახულება, ცენტავრისა და სამხრეთის ჯვრის კაშკაშა ვარსკვლავები. გამოსახულებაზე ჩანს, აგრეთვე, ირმის ნახტომის სპირალის მცირე ნაწილი, „სარკეში“ კი შავი ხვრელის ირგვლივ გალაქტიკა „გამოსახულია“ მთლიანად.
შავი ხვრელები, ისევე როგორც ანტიმატერია და „ღვთის ნაწილაკი“, წარმოადგენს თანამედროვე ასტროფიზიკის გამოცანას. შავი ხვრელების ერთ-ერთი თეორეტიკოსია ცნობილი ბრიტანელი სწავლული სტივენ ჰოკინგი.
ალბათ, ღირს გავიხსენოთ, რომ დიდი ადრონული კოლაიდერის გაშვებამ, რომლის მიზანი „ღვთის ნაწილაკის“ ძებნა და იმ პირობების შექმნაა, რომელიც 13 მილიარდი წლის წინათ, დიდი აფეთქების შედეგად წარმოიქმნა და სამყარო წარმოქმნა, საკმაოდ დიდი შიში გამოიწვია შავ ხვრელთან დაკავშირებით. ზოგიერთების აზრით, კოლაიდერის მუშაობამ შეიძლება, გამოიწვიოს მასის უნებლიე ზრდის ჯაჭვური რეაქცია, შავი ხვრელის წარმოშობით, სადაც თითქოსდა მიიზიდება ყოველივე ცოცხალი, რაც მის განადგურებას გამოიწვევს.