ნაცემი ჩემპიონები, განიარაღებული ბანდიტები და ცოლის „ჩმორი“ კაპიტანი
პოდპოლკოვნიკ კოტე ღლონტის
ნაამბობის მიხედვით მოამზადა
ნიკა ლაშაურმა
კაპიტანი ევგენი ზვერევი „მურში“ ერთ-ერთი ყვალაზე მტკიცე, შეუვალ და ვაჟკაცურ პიროვნებად ითვლებოდა. მისი სიტყვაძუნწი და პირქუში სახე ზოგიერთში პატივისცემას იწვევდა, უმრავლესობაში კი – შიშს. მე მას შორიდან ვიცნობდი, არც დიდ პატივს ვცემდი და არც მეშინოდა. თუმცა, მის შესახებ მრავალი ლეგენდა მსმენოდა და ყოველთვის მაინტერესებდა, ეს ყოველივე მართალი იყო, თუ გადაჭარბებული.
ერთხელ მე და ზვერევს ქალაქის ოპერჯგუფში ერთად მოგვიწია მორიგეობა. ჩვენ ოლიმპიური სოფლის მიდამოებში ვპატრულირებდით, ნებისმიერ დარღვევაზე უნდა მოგვეხდინა რეაგირება და ძალიან ბევრი სამუშაო გვქონდა.
ოლიმპიურ სოფელს წრე შემოვუარეთ და უკვე სხვაგან გადანაცვლებას ვაპირებდით, რომ, ერთ-ერთ კორპუსთან ადამიანების ჯგუფი დავინახეთ. შორიდანვე ჩანდა, რომ სპორტსმენები იყვნენ და რაღაცაზე დავობდნენ. მე და ზვერევი ახლოს მივედით და მანქანიდან რომ გადმოვედით, მაშინღა შევნიშნეთ, რომ სამი, ძალიან ცნობილი საბჭოთა სპორტსმენი ვიღაც ახალგაზრდას მეტად უხეშად ელაპარაკებოდა. გაირკვა, რომ ახალგაზრდა კაცი თავის მრუშ ცოლს იმ დროს წამოადგა თავზე, როდესაც ის ცნობილი სპორტსმენების კამპანიაში დროს ატარებდა. სპორტსმენები ქალის უკან დაბრუნებას თავხედურად სთხოვდნენ მის ქმარს, ის კი ცოლს ხელს არ უშვებდა. ყველაფერი რომ გაირკვა, ზვერევმა თავხედ სპორტსმენებს უკან დახევა მოსთხოვა, ხოლო ცოლ-ქმარს კი სახლში წაყვანას შეჰპირდა. ქალიც გაჩერდა და სპორტსმენებთან დაბრუნება აღარ უცდია. სამაგიეროდ, სპორტსმენები ძალიან აგრესიულად იქცეოდნენ და ზვერევის საცემად იწევდნენ. თუმცა, ჩემდა გასაკვირად, ზვერევმა ერთი კისრულზე წამოიღო და ის ისე დაახეთქა ძირს, რომ ვეღარც ადგა. მეორეს – ხელი ჰკრა და კასრივით გააგორა, ხოლო მესამეს – ცაცია ისე ამოჰკრა ნიკაპში, რომ ღრმა ნოკაუტში ჩააგდო. ყველაფერი ეს სულ რაღაც 3-4 წამს გაგრძელდა და კისრულზე დახეთქებული სპორტსმენი ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში, ილია მატე იყო. მეორე სპორტსმენი, ასევე, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მძიმეწონოსანი შტანგისტი ვასილი ალექსეევი, ხოლო „დანოკაუტებული“ სპორტსმენი კი – მძიმეწონოსანი მოკრივე, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი პეტრე ზაევი.
სპორტსმენების განეიტრალების შემდეგ ცოლ-ქმარი მანქანაში ჩავისვით და სახლში მივიყვანეთ. იმავე დღეს ზვერევმა კიდევ ერთი გმირობა ჩაიდინა და ერთ-ერთი სახლიდან ორი შეიარაღებული, განსაკუთრებით საშიში ბოროტმოქმედი გამოათრია. ზვერევის ამ საქციელმა დამარწმუნა, რომ რასაც მასზე ლაპარაკობდნენ, სიმართლე იყო და მისადმი დიდი პატივისცემით განვიმსჭვალე. მორიგეობა რომ დავამთავრეთ რესტორანში დავპატიჟე, სადაც კარგად მოვილხინეთ. იქიდან კი ზვერევის სახლში წავედით.
მივედით, ზარი დავრეკეთ და კარი რომ გაიღო, ოთახიდან ახალგაზრდა ქალი გამოვარდა, რომელმაც სულ საბერტყი ჯოხით სცემა გმირი კაპიტანი... მას კი ხმაც არ ამოუღია. ქალი ურტყამდა და ღრიალებდა:
– რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო, არ დალიო, შე არაკაცო, შე ნაძირალა....
ქალმა მეც გამომლანძღა და უკან კუდამოძუებული დავბრუნდი. როგორც გაირკვა, ის კაპიტან ზვერევის მეუღლე იყო და კაპიტანს სულ ნოტებზე ამღერებდა.
მეორე დღეს ზვერევი კვლავ პირქუში სახით მიაბიჯებდა „მურში“, მაგრამ მე მშვენივრად ვიცოდი, რომ ამ გმირის უკან ცოლის „დაჩმორებული“ კაცი იმალებოდა.